გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2018
საქმის ნომერი
221210017002207230
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
11.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №221210017002207230

№2-48/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.01.2018 წელი დაბა ქედა

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს

ქედის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი გურამ ლამპარაძე

მოსარჩელე: ბე-------- ფუ-------ძე

მოპასუხე: ლუ---- ბე----ე

დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს მოსარჩელე ბე-------- ფუ-------ძესა და მოპასუხე ლუ---- ბე----ეს შორის, სსგს ქ. ბათუმის ქორწინების სახლის მიერ 2015 წლის 19 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №8----------.

 

მოსარჩელე ბე-------- ფუ-------ძემ სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები 2015 წლის 19 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ხასიათის შეუთავსებლობის გამო გამოწვეული მუდმივი კონფლიქტისა და უთანხმოების გამო 2017 წლის მაისის თვიდან მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. მის მოთხოვნას, რომ მოეხდინათ განქორწინება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, მოპასუხე არ დაეთანხმა. აღნიშნულიდან გამომდინარე ის მოითხოვს, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე შესაგებელში მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მეუღლეებს შორის არ იყო ისეთი კონფლიქტი, რაც შეიძლება გახდეს მათ შორის ქორწინების შეწყვეტის საფუძველი და სურს ოჯახის შენარჩუნება. ამასთან მოსარჩელეს, კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა სარჩელის აღძვრის უფლება ვინაიდან ჰყავთ ერთ წლამდე ასაკის შვილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ბე-------- ფუ-------ძე და მოპასუხე ლუ---- ბე----ე დაქორწინდნენ და რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2015 წლის 19 დეკემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15);

სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-14).

 

3.1.2. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - ალ---------- ფუ-------ძე (დაბადებული 0--------- წელს).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის მაისის თვიდან მოსარჩელე ბე-------- ფუ-------ძე და მოპასუხე ლუ---- ბე----ე აღარ არიან ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში და ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მხარეთა განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-14).

 

3.2.2. მოსარჩელე ბე-------- ფუ-------ძის მიერ განქორწინების თაობაზე სარჩელი აღიძრა 2017 წლის 22 სექტემბერს თბილისი საქალაქო სასამართლოში, ხოლო 2017 წლის 18 დეკემბერს საქმე განსჯადობით შევიდა ქედის მაგისტრატ სასამართლოში და ამ პერიოდის განმავლობაში მხარეებს არ მიუღიათ არავითარი ზომა შესარიგებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მხარეთა განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა ნებაზე დამყარებული ქორწინების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის შესაბამისად ქორწინების შეწყვეტის საფუძველია განქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ბე-------- ფუ-------ძის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე და 1123-ე მუხლების საფუძვლებიდან, რომლის მიხედვითაც ქორწინება შეიძლება შეწყდეს განქორწინებით. განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს არსებობს თუ არა ხსენებული მუხლებით გათვალისწინებული განქორწინების დაუშვებელი გარემოება, რომლის საფუძვლის შემოწმებით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება დასახელებული ნორმით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოება.

 

საქმის განხილვის მომენტისათვის შვილს ალ---------- ფუ-------ძეს, დაბადებულს 0--------- წელს, უკვე შეუსრულდა ერთი წელი. ასევე სასამართლო საქმის განხილვის შედეგად დარწმუნდა, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან მხარეებმა ვერ გამონახეს ოჯახის შენარჩუნების გზა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, განქორწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ბე-------- ფუ-------ძის მიერ განქორწინების თაობაზე სარჩელი აღიძრა 2017 წლის 22 სექტემბერს თბილისი საქალაქო სასამართლოში, ხოლო 2017 წლის 18 დეკემბერს საქმე განსჯადობით შევიდა ქედის მაგისტრატ სასამართლოში და ამ პერიოდის განმავლობაში მხარეებს არ მიუღიათ არავითარი ზომა შესარიგებლად. მოსარჩელე კატეგორიული წინააღმდეგია, რომ მიეცეთ ვადა შესარიგებლად.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბე-------- ფუ-------ძესა და ლუ---- ბე----ეს შორის მხარეთა ნებაზე დამყარებული ქორწინების გაგრძელების საფუძველი არ არსებობს ოჯახის შენარჩუნების შეუძლებლობის გამო, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ დაკმაყოფილებული უნდა იყოს და რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერით №8---------- უნდა შეწყდეს.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.

 

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) პრეამბულა მიუთითებს, რომ „ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს, გენერალური ასამბლეა აცხადებს ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო....“ მითითებული დეკლარაციის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით, ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.“

 

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 03 აგვისტოდან) 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახი საზოგადოების და სახელმწიფოს ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნის და განქორწინების დროს მეულეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ემუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ლუ---- ბე----ეს მოსარჩელე ბე-------- ფუ-------ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარისა და იურიდიული მომსახურების თანხის - 650 (ექვსასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წინამდებარე საქმეში გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 37-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 250-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ბე-------- ფუ-------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს ბე-------- ფუ-------ძესა (პირადი №1----------, დაბადებული 2--------- წელს, მცხოვრები დედოფლისწყარო, სოფელი სა----–----ო) და ლუ---- ბე----ეს (პირადი №6----------, დაბადებული 2--------- წელს, ფაქტობრივად მცხოვრები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი მო---–---–--ი მე-3 ქ. №7-ში) შორის 2015 წლის 19 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №8---------- (ქორწინების მოწმობა №8----------, გაცემული 19.12.2015 წელს სსგს ქ. ბათუმის ქორწინების სახლის მიერ).

 

3. მოსარჩერლის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

 

4. მოპასუხე ლუ---- ბე----ეს (პირადი №6----------, დაბადებული 2--------- წელს, ფაქტობრივად მცხოვრები ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი მო---–---–--ი მე-3 ქ. №7-ში) მოსარჩელე ბე-------- ფუ-------ძის (პირადი №1----------, დაბადებული 2--------- წელს, მცხოვრები დედოფლისწყარო, სოფელი სა----–----ო) სასარგებლოდ დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარისა და იურიდიული მომსახურების თანხის - 650 (ექვსასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების შესახებ, მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, გაეგზავნოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქ. ბათუმის ქორწინების სახლს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ქედის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (დაბა ქედა, ჭავჭავაძის ქ. №5).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქედის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი