გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001944030
საქმე №2/478-17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნანა გოშნიაშვილი;
მოსარჩელე: ა(ა)იპ „ ს-----–---------------------------------------------------;
წარმომადგენელი: მი---------–-–---–ი;
მოპასუხე: გ---–----------ი;
წარმომადგენელი: მი---------–-–---–ი;
დავის საგანი: შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული თანადაფინანსების თანხის დაბრუნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნები:
მოპასუხე გ---–----------ს მოსარჩელე ა(ა)იპ „ ს-----–---------------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 4 580.82 (ოთხი ათას ხუთას ოთხმოცი ლარი და 82 თეთრი) ლარის გადახდა.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელეს ა(ა)იპ „ ს-----–---------------------------------------------------ს და მოპასუხე გ---–----------ის შორის 2015 წლის 9 აპრილს გაფორმდა შეთანხმება ფიზიკური პირების მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. გ---–----------ის მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა 40 (ორმოცი) სული მეწველი საქონლის შესყიდვა, რომლის შეთანხმების პირობების გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული სსიპ "სურათის ეროვნულ სააგენტოს" მიერ. სააგენტომ გამოიყენა მისთვის კანონმდებლობითა (საქართველოს მთავრობის განკარგულებით) და შეთანხმებით მინიჭებული უფლებამოსილება და განახორციელა სესხის მონიტორინგი. მონიტორინგი განხორციელდა 2016 წლის 20 მაისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორმუღანლოში, სადაც მოხდა მოპასუხესთან შეხვედრა და განმარტების მიღება. ჩატარებული მონიტორინგით გაირკვა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის სესხის თანხა მოხმარდა:
ა) 5 სული მეწველი საქონლის შეძენას – 6150 ლარი;
ბ) 20 სული სანაშენე მოზარდი საქონლის (დეკეულის) შესყიდვას – 14 000 ლარი;
გ) 6 სული მოზარდი საქონლის (მოზვრების) შეძენას – 3 000 ლარი;
დ) 4 სული სანაშენე მოზარდი საქონლის (დეკეულის) შეძენას - 2000 ლარი;
ე) 100 სული დედა ცხვრის შეძენას – 17 000 ლარი;
ვ) 2600 კგ ქერის შეძენას – 1300 ლარი;
ზ) 737 ერთეული თივის პრესის შეძენას – 2211 ლარი;
თ) საქონლის მოვლის ხარჯების (წამლის და მარილის შეძენა) – 2139 ლარის გადაცხდას;
ი) საძოვრის ქირის გადახდის – 2200 ლარის გადახდას.
მოსარჩელის განმარტებით წარმოდგენილი შესყიდვის აქტები არ იყო დამოწმებული ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, რაც ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა. ასევე შესყიდვის აქტებში მითითებული საქონლის ნომრები არის არასრული, შესაბამისად შესყიდული პირუტყვი არ იყო იდენტიფიცირებული.
მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იყო აღნიშნული შეთანხმების მე-14 მუხლისა და დანართის N1 შემდეგი პირობები: ძირითადი საშუალების მიზნობრიობით გაცემული სესხის ნაწილი (7850 ლარი) გამოიყენა საბრუნავი საშუალებისთვის, (შეისყიდა ქერი, თივის პრესი, საქონლის წამალი, მარილი და გადაიხადა საძოვრის ქირა), შეისყიდა მოზარდი საქონელი (მოზვრები) და შესყიდული პირუტყვი არ იყო იდენტიფიცირებული.
მოპასუხეს ეცნობა საველე მონიტორინგის აქტის გასაჩივრების პირობები, თუმცა მოპასუხეს ის არ გაუსაჩივრებია. 2016 წლის 6 ივლისს სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიამ გადაწყვიტა, რომ მსესხებელი მოპასუხეს) შეუწყდეს სააგენტოს თანადაფინანსება და მოეთხოვოს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის – 4 580.82 ლარის დაბრუნება.
2016 წლის 3 აგვისტოს N1/1141 წერილით მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს თანადაფინანსების შეწყვეტისა და სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის 4580.82 ლარის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ, რასაც რეაგირება არ მოყოლია. სააგენტომ დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინება შესახებ, რომელიც შეწყდა მოპასუხის უსაფუძვლო პროტესტის გამო.
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელდა თანადაფინანსების თანხის – 4580.82 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ და ითხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ---–----------მა როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით არ ცნო სარჩელი. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ს-----–---------------------------------------------------სა და გ---–----------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება იაფი კრედიტების ფარგლებში. ამ შეთანხმების პირობების მიხედვით, კრედიტი მიღებულ იქნა ს. ს. "ვ---------------------------" 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. შეთანხმების მიზნობრიობა იყო 40 სული ძროხის შეძენა. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები ნაწილობრივ იქნა შესრულებული, რაც სააგენტოსთვის ცნობილი იყო.
2016 წლის 3 აგვისტოს სააგენტომ უკანონოდ შეწყვიტა შეთანხმება იმ მოტივით, რომ გ---–----------ის მიერ აგროკრედიტის თანხით არამიზნობრივად იქნა შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები (17000+7850) ლარი.
მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ აკრძალვა მოზარდი საქონლისა ან ცხვრის შეძენასთან დაკავშირებით პირდაპირ არ არის ასახული მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რის გამოც კონტრაქტორ მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს იმ ვალდებულების შესრულება, რომელზეც მხარეები შეთანხმებულნი არ ყოფილან.
მოპასუხის წარმომადგენელი ასევე უთითებს, რომ შესაძლებელია ადგილი ქონდა ხელშეკრულების ნაწილობრივ დარღვევას, რადგან მოპასუხის მიერ შეძენილი იქნა მოზარდიც და მეწველი საქონელიც და შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ თანხის ნაწილის დაბრუნება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის N139 განკარგულებით დამტკიცებული ,,შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი “, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელეს ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს და მოპასუხე გ---–----------ის შორის 2015 წლის 9 აპრილს გაფორმდა შეთანხმება ფიზიკური პირების მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. 2015 წლის 9 აპრილის (ID 10234822) შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა 40 სული მეწველის საქონლის (ძროხის) შეძენა 50 000 (ორმოც და ათი ათასი) ლარის ფარგლებში და საქონელი შეთანხმების პირობების გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული სსიპ „ სურათის ეროვნულ სააგენტოს" მიერ.
მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად შეღავათიანი აგრო კრედიტი გაიცა განსაზღვრული მიზნობრიობით, ხოლო სააგენტო უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განეხორციელებინა მსესხებლის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ამასთან, თუკი მონიტორინგისას დადგინდებოდა მიმღების მიერ მიზნობრიობის დარღვევა, სააგენტოს უფლება ენიჭებოდა შეეწყვიტა პროცენტის თანადაფინანსება და მოეთხოვა გადახდილი თანხების უკან დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
– 2015 წლის 9 აპრილს შეთანხმება;
– შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N139 განკარგულება; შესყიდვა აქტები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
საქმეში წარმოდგენილი შეთანხმების შესაბამისად გ---–----------ის მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის (50 000 ლარის) მიზნობრიობას წარმოადგენდა 40 (ორმოცი) სული მხოლოდ მეწველი საქონლის (ძროხების) შესყიდვა, და ეს საქონელი პირობების გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული სსიპ "სურათის ეროვნულ სააგენტოს" მიერ.
წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის თანხით შეძენილი მეწველი საქონელი არ იყო იდენტიფიცირებული სსიპ "სურსათის ეროვნულ სააგენტოს" მიერ და საქონლის შეძენის ნასყიდობის აქტები არ იყო დამოწმებული გამყიდველი ან მყიდველი მხარის ტერიტორიული ორგანოს თვითმმართველობის მიერ, რაც შეთანხმების თანახმად სავალდებულო იყო.
ასევე დადგენილია და მოპასუხე არ უარყოფს, რომ მის (გ---–----------ის) მიერ 5 მეწველი საქონლის შესყიდვის გარდა განხორციელდა მოზარდი საქონლის (მოზვრების) და ცხვარის შეძენა.
გარდა ამისა, ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით გაცემული სესხით მოპასუხემ შეისყიდა საბრუნავი საშუალებები (საძოვრის სადგომის ქირის გადახდა, შეისყიდა საქონლის წამლი და საკვები), რასაც მოპასუხე არ უარყოფს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
– 2015 წლის 9 აპრილს შეთანხმება;
– შესყიდვა აქტები
3.2.2. მოპასუხეს ეცნობა საველე მონიტორინგის აქტის გასაჩივრების პირობები, თუმცა მოპასუხეს ის არ გაუსაჩივრებია. 2016 წლის 6 ივლისს სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიამ იმსჯელა საკითხის შესახებ და გადაწყვიტა (კომისიის სხდომის ოქმი N07), რომ მსესხებელი მოპასუხეს) შეუწყდეს სააგენტოს თანადაფინანსება და მოეთხოვოს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის – 4 580.82 ლარის დაბრუნება.
მოპასუხეს შეუწყდა სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება შეღავათიანი აგროკრედიტის არამიზნობრივად გამოყენების გამო და 2016 წლის 3 აგვისტოს N1/1141 წერილით მოსარჩელემ აცნობა მოპასუხეს თანადაფინანსების შეწყვეტისა და სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის 4580.82 ლარის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–(ა)იპ "ს-----–---------------------------------------------------ს" პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 2016 წლის 6 ივლისის სხდომის ოქმის N7 ამონარიდი.
–2016 წლის 8 აგვისტოს N1/1141 წერილი.
3.2.3. სულ (ა)იპ "ს-----–---------------------------------------------------ს" მიერ განხორციელდა თანადაფინანსება 4580.82 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სს "ვ-----------------------ს" 2017 წლის 16 მაისის წერილი
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.4. მოსარჩელემ დაიწყო გამარტივებული წარმოება მოპასუხის მიმართ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინება შესახებ, რომელიც შეწყდა მოპასუხის პროტესტის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს" 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება 161115961/258515. დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ; მოსარჩელის მიერ სააპლიკაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი გამარტივებული წარმოებასთან დაკავშირებით;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრული მოცულობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 394-ე, 405-ე, 408-ე მუხლები. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულება ,,შეღავათიანი აგრო კრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ “.
6.სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას. სწორედ, ამ პრინციპიდან გამომდინარე ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს მიერ ხორციელდება შეღავათიანი აგრო კრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ახდენს პროექტის ბენეფიციართა თანადაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება ბენეფიციარის მიერ კომერციულ ბანკში შესაბამისი მიზნობრიობით აღებული შეღავათიანი აგრო კრედიტის თანხის წლიური საპროცენტო განაკვეთის სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებაში. პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლს, რომლის თანახმად, ვალდებუ-ლების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება მონაწილეებს შორის. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შეღავათიანი აგრო კრედიტი გაიცემა მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით, ხოლო სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს მსესხებლის მიერ მიღებულის სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ამასთან, თუკი მონიტორინგისას დადგინდება, რომ კრედიტის მიმღებმა დაარღვია შეთანხმების (ხელშეკრულების) მიზნობრიობა სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს მსესხებლის მიზნობრივი თანადაფინანსება, და აღნიშნულის შესახებ აცნობებს ბანკს, ასევე სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმღებს გადაცემული თანხების უკან დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ 2015 წლის 09 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება ფიზიკური პირების მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. გ---–----------ის მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის (50 000ლარის) მიზნობრიობას წარმოადგენდა 40 (ორმოცი) სული მხოლოდ მეწველი საქონლის (ძროხის) შესყიდვა და ეს საქონელი უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული სსიპ "სურათის ეროვნულ სააგენტოს" მიერ.
მხარეთა განმარტებებით და წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილი იქნა, რომ მოპასუხემ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხით, ნაცვლად ხელშეკრულებაში მითითებული 40 (ორმოცი) სული ძროხისა შეიძინა შემდეგი ქონება: ა) 5 სული მეწველი საქონლი – 6150 ლარის, 24 სული სანაშენე მოზარდი საქონლი – 16 000 ლარის, 6 სული მოზარდი საქონლი (მოზვრები) – 3000 ლარის, 100 სული დედა ცხვრი – 17 000 ლარის, 2600 კგ ქერი – 1300 ლარის, 737 ერთეული თივის პრესი – 2211 ლარის და ასევე გადაიხადა საქონლის მოვლის ხარჯები (წამლის და მარილის შეძენა) – 2139 ლარის და საძოვრის ქირის გადახდი – 2 200 ლარის.
ამრიგად, მოპასუხის მხრიდან ადგილი ქონდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევას, კერძოდ:
1.სესხის ნაწილი – 7850 ლარი მოპასუხემ გამოიყენა საბრუნავი საშუალებისთვის, კერძოდ შეისყიდა ქერი, 737 ერთეული თივის პრესი, საქონლის წამალი, მარილი და გადაიხადა საძოვრის ქირის გადასახადი;
2.შესყიდულ იქნა მოზარდი საქონელი (მოზვრები), რაც დაშვებული არ იყო პროექტით.
3. შესყიდული პირუტყვი არ იყო იდენტიფიცირებული, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.
4. შესყიდული იქნა წვრილფეხა პირუტყვი (ცხვარი) 17 000 ლარის ღირებულების, რის უფლებაც არ ქონდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მეორე მუხლით ბენეფიციარი განმარტებულია, როგორც პირი/მხარე, რომელიც დასახელებულია მატერიალური სარგებლის მიმღებად, ხოლო კრედიტის მიზნობრიობა განიმარტება, როგორც კონკრეტულ პროდუქტზე, პროექტის მიხედვით წინასწარ დადგენილი სესხის გაცემის მიზანი. სესხის მიზნობრივი თანადაფინანსება განმარტებულია როგორც - სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში გადახდილი მიზნობრივი თანხები. ამავე განკარგულებით სესხი/კრედიტი განიმარტება, როგორც საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული ფულადი სახსრები წინასწარ განსაზღვრული ვადით, პროცენტით და მიზნობრიობით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს 2014 წლის 24 სექტემბერს „ შეღავათიანი აგრო კრედიტის ” ფარგლებში სააგენტოსა და მოპასუხის შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლის მიზნობრიობა მოიცავს ძირითადი საშუალებების - 40 სული მეწველი მსხვილფეხა მეწველი პირუტყვის შეძენას 50 000 ლარის ფარგლებში, რა დროსაც მოხდებოდა სააგენტოს მხრიდან პროცენტის თანადაფინანსება. „ შეღავათიანი აგრო კრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 მეორე მუხლის ც) ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი საშუალება − მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია; ამავე მუხლის პ) ქვეპუნქტის თანახმად კი, საბრუნავი საშუალებები – ის მიმდინარე აქტივები, რომელთა ფულად ქცევა შესაძლებელია ერთი საოპერაციო ციკლის განმავლობაში.
მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები აგროკრედიტის ხარჯვასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ დაადასტურა, თუმცა მიიჩნია, რომ ეს ფაქტები თანადაფინანსების შეწყვეტის საკმარის საფუძველი არ არის, რადგან ეს შესყიდვები გამოწვეული იყო ბაზრის კონიუქტურიდან და მოპასუხე კეთილსინდისიერად იხდის საბანკო პროცენტებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131–ე თანახმად: ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სასამართლომ იზიარებს მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს პოზიციას, რომ გ---–----------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროქტის ფარგლებში მხარეთო შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსებითი პირობის – მიზნობრიობის დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,, ა ” პუნქტის თანახმად კი არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.
,,შეღავათიანი აგრო კრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მე-8 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპონენტის ფარგლებში გაცემულ სესხებს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე. მონიტორინგის განხორციელების დრო და ფორმა განისაზღვრება სააგენტოს მიერ. პროექტით განსაზღვრული პირობების ან/და მიზნობრიობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო იმოქმედებს საფინანსო ინსტიტუტებსა და ბენეფიციარებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და სააგენტოში მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ამასთან, მიზნობრიობის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ ძირითადი საშუალებებისთვის აღებული სესხის თანხის ათვისება განხორციელდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიზნობრიობის ჩამონათვალის ფარგლებში.
სასამართლო მიუთითებს, რომ ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------სა და მოპასუხის შორის 2015 წელს გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე, სააგენტომ უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ბანკის მიერ მიმღებზე გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, კანონიერად შეწყვიტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე შეწყვიტა მოპასუხის თანადაფინანსება, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის გამო.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების თანახმად, თუკი მონიტორინგისას დადგინდება, რომ მიმღების მიერ სესხის ხარჯვის მიზნობრიობა დარღვევა, თანადაფინანსების შეწყვეტასთან ერთად, სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმღებს გადაცემული თანხების უკან დაბრუნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–---------------------------------------------------ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა 138 ლარი, გამარტივებული წარმოებისათვის გაღებული იქნა ხარჯი 100 ლარი. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. მოპასუხე გ---–----------ს მოსარჩელე ა(ა)იპ „ ს-----–---------------------------------------------------ს “ სასარგებლოდ დაეკისროს 4 580.82 (ოთხი ათას ხუთას ოთხმოცი ლარი და 82 თეთრი) ლარის გადახდა.
3.მოპასუხე გ---–----------ს მოსარჩელე ა(ა)იპ „ ს-----–---------------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 138 (ას ოცდათვრამეტი) ლარის გადახდა და გამარტივებული წარმოებისათვის გაღებული ხარჯის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე