გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2018
საქმის ნომერი
010210017001798736
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
24.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017001798736

№2/415-2017 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24.01.2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ევგენიძე

 

მოსარჩელე - სს „ლ-------ი ბ---ი“

წარმომადგენელი - ხ----------------ე

 

მოპასუხეები - გ------ი ი-------ე, ნ------რ თ----–--ე, პ----ა შ-----ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. სს „ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის - გ------ი ი-------ისათვის, ნ------რ თ----–--ისათვის, პ----ა შ-----ისათვის სოლიდარულად 7803.53 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც 5890.37 ლარი სესხის ძირი თანხაა, 1413.16 ლარი სარგებელი, 500 ლარი - პირგასამტეხლო.

 

1.2. სს „ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ მოპასუხე - გ------ი ი-------ისათვის, 182.85 არის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებს საბანკო კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ერიცხებათ დავალიანება 7803.53 ლარის ოდენობით. მოპასუხე გ------ი ი-------ეს ასევე ერიცხება დავალიანება 182.85 ლარის ოდენობით, ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე გ------ი ი-------ემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 5890.37 ლარის, ასევე, ოვერდტაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 182.85 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

2.2. მოპასუხეებმა ნ------რ თ----–--ე და პ----ა შ-----ე სარჩელის მოთხოვნა ცნეს დავალიანების ძირი თანხის - 5890.37 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 3 აპრილს გ------ი ი-------ესა და სს "ლ-------ი ბ---ს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #0002/2014/14110, რომლის საფუძველზე მსესხებელზე (გ------ი ი-------ეზე) გაიცა კრედიტი - 6800 ლარის ოდენობით, 72 თვის ვადით. სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები ;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - ს. ფ. 17;

- თანხმობა - ს. ფ. 18;

- ხელშეკრულება #0002/2014/14110 - ს. ფ. 19-20;

- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 21-22;

 

3.2.2. #0002/2014/14110 ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 3 აპრილს ნ------რ თ----–--ეს და სს "ლ-------ი ბ---ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება #0002/2014/14110–1, რომლის საფუძველზე ნ------რ თ----–--ემ იკისრა სრული სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებელ გ------ი ი-------ის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ - ს. ფ. 23;

- თავდებობის ხელშეკრულება - ს. ფ. 24;

 

3.2.3. #0002/2014/14110 ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 3 აპრილს პ----ა შ-----ესა და სს "ლ-------ი ბ---ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება #0002/2014/14110-2, რომლის საფუძველზე პ----ა შ-----ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებელ გ------ი ი-------ის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ - ს. ფ. 25;

- თავდებობის ხელშეკრულება - ს. ფ. 26;

 

3.2.4. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი ლ-------ი ანგარიშიდან - ს. ფ. 29-34;

- შეტყობინებები დავალიანების დაფარვის თაობაზე - ს. ფ. 35-38;

 

3.2.5. მოპასუხე გ------ი ი-------ემ 2015 წლის 9 თებერვლიდან დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც დაერიცხა დავალიანება, რაც 2017 წლის 6 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 7803.53 ლარს, საიდანაც 5890.37 ლარი სესის ძირი თანხაა 1413.16 ლარი სარგებელი 500 ლარი კი ჯარიმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი ლ-------ი ანგარიშიდან - ს. ფ. 29-34;

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 27;

 

3.2.6. მსესხებელმა გ------ი ი-------ემ სს "ლ-------ი ბ---ში" გაააქტიურა ოვერდრაფტი #711174349195000, რომლის დაფარვის გრაფიკი დაარღვია 06.04.2015 წლიდან და წარმოეშვა დავალიანება, რაც 2017 წლის 6 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 182.85 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი ლ-------ი ანგარიშიდან - ს. ფ. 29-34;

- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 28;

 

3.2.7. სესხისა და ოვერდრაფტის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 7803.53 ლარი, საიდანაც 5890.37 ლარი სესის ძირი თანხაა, 1413.16 ლარი სარგებელი 500 ლარი კი ჯარიმა. გ------ი ი-------ეს ასევე ერიცხება ოვერდრაფტის დავალიანება 182.85 ლარის ოდენობით. მოპასუხეები სადავოდ არ მიიჩნევენ ის გარემოებას, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა მიიჩნევენ, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა სოლიდარული დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეადგენს 7803.53 ლარს. მოპასუხე მხარეს, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხეთა მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს "ლ-------ი ბ---ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 895-ე, 896-ე, 898-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ ის შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე გ------ი ი-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი - 6800 ლარის ოდენობით, 72 თვის ვადით. სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19%-ით.

 

ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ მსესხებელმა სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და მოითხოვა სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულება წყდება თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშვნაც.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ------ი ი-------ემ მოსარჩელე კომპანიისაგან აიღო სესხი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, კომპანიაში თანხა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, რომ მან გარკვეული პერიოდის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, არაერთი გაფრთხილებისა თუ თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, არ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაერთხელ დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებს.

 

6.3. საქართველოს 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ გ------ი ი-------ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა ნ------რ თ----–--ისა და პ----ა შ-----ის სოლიდარული თავდებობით ძირითადი მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული მოცულობის ფარგლებში.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რასაც შედეგი არ მოყოლია. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა თანხის ერთიანად დაბრუნება, რაც საბანკო კრედიტის #0002/2014/14110 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და დარიცხული სარგებლის სახით შეადგენს 7303.53 ლარს, ხოლო #7111743449195000 ოვერდრაფტის შეთანხმებიდან გამომდინარე 182.85 ლარს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა ვადაგადაცილებული თნხის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში 50 ლარით უნდა განისაზღვროს, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ 50 ლარის ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 265 ლარი, ხოლო ოვერდრაფტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში - 50 ლარი. მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა (შეამცირა) სასარჩელო მოთხოვნა, რის გამოც მას სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 30.89 ლარი, შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა მოსამზადებელი ეტაპიდან ცნეს ნაწილობრივ, რის გათვალისწინებითაც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი მოპასუხეების მიერ აღიარებული მოთხოვნის პროპორციულად - 226.71 ლარის ოდენობით (რაც მოიცავს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 176.71 ლარს, ოვერდრაფტიდან გამომდინარე - 50 ლარს) , მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 43.89 ლარის ანაზღაურება, ხოლო 13.51 ლარი კი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტიში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 2681-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს "ლ-------ი ბ---ის" სარჩელი მოპასუხეების გ------ი ი-------ის, ნ------რ თ----–--ისა და პ----ა შ-----ის მიმართ.

 

1.1. მოპასუხეებს გ------ი ი-------ეს, ნ------რ თ----–--ეს და პ----ა შ-----ეს მოსარჩელის - სს "ლ-------ი ბ---ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7353.53 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხი ძირი თანხაა 5890.37 ლარი, სარგებელი - 1413.16 ლარი, პირგასამტეხლო - 50.00 ლარი.

 

1.2. მოპასუხე გ------ი ი-------ეს მოსარჩელის - სს "ლ-------ი ბ---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 182.85 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოსარჩელე სს "ლ-------ი ბ---ს" სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 6 თებერვალს #5125563402 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 257.60 ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდით - 300693150.

 

3. მოპასუხეებს გ------ი ი-------ეს, ნ------რ თ----–--ეს და პ----ა შ-----ეს მოსარჩელის - სს "ლ-------ი ბ---ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 43.89 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი