გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210017001890240
№2/1283-2017 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.02.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომისმდივანი - თამარ ევგენიძე
მოსარჩელე - სს „ლ-------ი ბ---ი“
წარმომადგენელი - ხ------ა დ------ე
მოპასუხე - მ--–--ზ ხ--–--–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ--–--ზ ხ--–--–ისათვის, სს „ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ, 3255 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საიდანაც 1649.47 ლარი სესხის ძირი თანხაა, 806.36 ლარი - სარგებელი, 800 ლარი - პირგასამტეხლო.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს, მხარეთა შორის 2015 წლის 9 თებერვალს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ერიცხება დავალიანება 3255 ლარის ოდენობით, საიდანაც 1649.47 ლარი სესხის ძირი თანხაა, 806.36 ლარი - სარგებელი, 800 ლარი - პირგასამტეხლო. მოპასუხემ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ უზრუნველყო მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება და დარიცხული დავალიანების დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე მ--–--ზ ხ--–--–მა სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის 1649.47 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 9 თებერვალს სს „ლ-------ი ბ---სა“ და მახაზ ხ--–--–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2015/10126, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 2000 ლარის ოდენობით, კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 40%-ით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რაც განისაზღვრა დავალიანების 1 %-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გასცა სესხი მოპასუხეზე 2000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - ს. ფ. 13;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2015/10126 - ს. ფ. 14-16;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 17-18;
3.2.2. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ 08.01.2016 წლიდან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაფარვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №0002/2015/10126 - ს. ფ. 14-16;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 17-18;
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 19;
- ამონაწერი მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 20-21;
- მიმართვა - ს. ფ. 22-23;
3.2.4. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს დაერიცხა დავალიანება 3255 ლარის ოდენობით, საიდანაც 1649.47 ლარი სესხის ძირი თანხაა, 806.36 ლარი - სარგებელი, 800 ლარი - პირგასამტეხლო. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თუმცა მიიჩნევს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეადგენს 3255 ლარს. მოპასუხე მხარეს, აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ანუ საფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2014 წლის 25 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხე მ--–--ზ ხ--–--–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი - 2000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიურად 40%-იანი სარგებლის დარიცხვით.
ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ მ--–--ზ ხ--–--–მა კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების გამო, მოსარჩელემ მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და მოითხოვა კრედიტის სახით გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველო სსკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველო სსკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულება წყდება თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორკვირიანი დამატებითი ვადის დანიშვნაც.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ--–--ზ ხ--–--–მა მოსარჩელე კომპანიისაგან აიღო კრედიტი, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით გადახდის ვალდებულებით, თუმცა კრედიტის დაფარვა ვერ უზრუნველყო, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, რომ მოპასუხემ გარკვეული პერიოდის შემდეგ საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, არაერთი გაფრთხილებისა თუ თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, არ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაერთხელ დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა კრედიტის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა თანხის ერთიანად დაბრუნება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის ძირი თანხის - 1649.47 ლარისა და სარგებლის - 806.36 ლარის დაკისრების ნაწილში.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ემუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების 0.5%-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავისუფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არმოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 1 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ყოველ მხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსურ ზარალზე არ აპელირებს. ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში 80.00 ლარით უნდა განისაზღვროს, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, 80.00 ლარის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 100 ლარი, ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ სცნო სარჩელის მოთხოვნა, სესხის ძირი თანხის - 1649.47 ლარის დაკისრების ნაწილში. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 2535.83 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის თანხიდან უნდა დაუბრუნდეს 50.66 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 27.22 ლარის ანაზღაურება მოპასუხის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო 22.12 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ლ-------ი ბ---ის“ სარჩელი მოპასუხე მ--–--ზ ხ--–--–ის მიმართ.
1.1. მოპასუხე მ--–--ზ ხ--–--–ს სს „ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2535.83 ლარის ანაზღაურება, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 1649.47 ლარი, სარგებელი - 806.00 ლარი, პირგასამტეხლო - 80.00 ლარი.
2. მოპასუხე მ--–--ზ ხ--–--–ს სს „ლ-------ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 27.22 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3. სს „ლ-------ი ბ---ს“ (ს/ნ 203828304) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 12 აპრილს სს „ლ-------ი ბ---ის“ #5128161682 საგადახდო დავალებით გადახდილი ბაჟის 100 ლარის ნაწილი, 50.66 ლარის ოდენობით, რაც ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდით - 300693150.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი