გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №N3-111-2017
(130310017002187935)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 მარტი 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - შპს „ნ------------“
წარმომადგენელი - ხ------- მ-–-------ე, ნ----- ჯ-----–---–ი
მოპასუხე - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ნ------- ნ---------ე
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს 2016 წლის 21 მარტის N007597 საჯარიმო ქვითარი შპს „ნ------------“-ის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის N08163 შესაბამისობის შეფასების აქტი.
მოსარჩელემ 2016 წლის 29 მარტს მომართა სასამართლოს და მიუთითა, რომ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და ახორციელებს მის კუთვნილ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების და მიწის ფართის გაქირავებას და იჯარით გაცემას. სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (საჯარიმო ქვითარი N007597) დაჯარიმდა 1000 ლარით სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში არ არის დაუსაბუთებული, რომ სურსათი მავნეა, როგორ დადგინდა, რომ იგი შპს „ნ------------“-ს ეკუთვნის, ან რა დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე უნდა ევარაუდა საწარმოს, რომ არსებობდა მავნე სურსათი, რომლის გატანის ვალდებულებაც მას ეკისრებოდა. შპს „ნ------------“ არანაირ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, გარდა უძრავი ქონების გაქირავება/იჯარით გაცემისა.
მოსარჩელემ 2016 წლის 23 ივნისს მომართა სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ და მიუთითა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გეგმიური ინსპექტირებისას შემოწმებულ იქნა შპს „ნ------------“ და 2016 წლის 24 მაისს შედგენილ იქნა N08-163 აქტი შესაბამისობის შეფასების შესახებ, რომლითაც არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსასწორებლად განესაზღვრა 2 თვის ვადა.
მოსარჩელის მითითებით, შესაბამისობის შეფასების აქტი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. მასში მითიებულია 23 ერთგვაროვანი არაკრიტიკული შეუსაბამობა, რომლებიც მოიცავს სხვა ბისნესოპერატორის ვალდებულებებს, კერძოდ, ყველისა და ხორცის სარეალიზაციო სექციაში ყველა მოვაჭრე თვითონ არის ბიზნესოპერატორი. შპს „ნ------------“-თან მათ დადებული აქვთ სავაჭრო ფართზე საიჯარო ხელშეკრულებები. შესაბამისობის შეფასების აქტის შემდგენმა არ გაითვალისწინა, რომ შპს „ნ------------“-სა და სხვა მოვაჭრეთა (ბიზნესოპერატორთა) შორის გამიჯნულია ვალდებულებები და აქტში მითითებული მოთხოვნები არ უნდა იყოს მიმართული შპს „ნ------------“-ის მიმართ. ეს მოვაჭრები არ არიან საწარმოს თანამშრომლები, რომლებათაც მოხსენიებული არიან აქტში. ამ პირთა მიმართ არსებული არაკრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების ვალდებულება შპს „ნ------------“-ის ვალდებულებას არ წარმოადგენს, ხოლო ზოგიერთი მათგანისა საერთოდ შეუძლებელია (მაგ. მოვაჭრე ბისნესოპერატორთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გარდა იმისა, რომ მოსარჩელე აქირავებს ფართებს, საჯარო რეესტრში იგი რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად, საქმიანობის ტიპებია: ხორცი და ხორცის პროდუქტები, ბაზარი (ბაზრობა), მეორადი ლაბორატორიული შემოწმება. შპს „ნ------------“-ის ტერიტორიაზე მოწყობილია აგრარული ბაზარი, იგი წარმოადგენს ბაზრის მომწყობს. შემოწმების აქტისა და ფოტომასალის საფუძველზე დადგინდა, რომ ბაზარში იყიდებოდა შეუმოწმებელი ხორცი, ბაზრის მომწყობი კი ვალდებულია არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
2.2. შესაბამისობის შეფასების აქტთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა, რომ ვინაიდან, მოსარჩელე არის ბისნესოპერატორი, ბაზრის მომწყობი, ვალდებულია უზრუნველყოს თავისი საქმიანობის და ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სურსათის/ცხოველის საკვების შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. იგი ვალდებულია არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, ასევე, უზრუნველყოს ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე (საწყობებში, მაცივრებში, პავილიონებსა და ა. შ.) კანონმდებლობით დადგენილი ჰიგიენის წესების დაცვა, ბაზარზე/ბაზრობაზე განთავსებული ცხოველის ან/და სურსათის შენახვა/რეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და კონტროლი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებულ იქნა შპს „ნ------------“-ის საქმიანობა, რა დროსაც გამოვლენილ იქნა 23 არაკრიტიკული შეუსაბამობა, შედგენილ იქნა შესაბამისობის შეფასების აქტი N08-163, რომელიც კანონიერია და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. საქმეში მესამე პირი არ ჩართულა.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2016 წლის 29 იანვარს სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორის მიერ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N005699) და შპს „ნ------------“ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია) დაჯარიმდა 1000 ლარით, იმ საფუძლით, რომ შპს „ნ------------“-ის ბაზარში სარეალიზაციო დახლზე აღმოჩენილ იქნა ცხვრის ხორცი ვეტერინარული შემოწმების გარეშე.
(ტ.2. ს.ფ. 108).
4.2. შპს „ნ------------“-ის საჩივრის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2016 წლის 18 მარტის ბრძანებით საჯარიმო ქვითარი N005699 გაუქმდა. ადმინისტრაციული წარმოებისას სააგენტომ დაადგინა, რომ ხორცი ეკუთვნოდა ბაზარში მოვაჭრე მ------- ა-----ეს, რომელიც თვითონაც რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად და ამ უკანასკნელს უნდა დაკისრებოდა პასუხისმგებლობა ხორცის ვეტერინარულ შემოწმებაზე. რაც შეეხება შპს „ნ------------“-ს მისი პასუხისმგებლობა უნდა განსაზღვრულიყო სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე განთავსებული ან მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა)
(ტ.1. ს.ფ. 71-79).
4.3. 2016 წლის 19 მარტს სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორის მიერ შედგენილ იქნა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N007597) და შპს „ნ------------“ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდა 1000 ლარით, იმ საფუძლით, რომ შპს „ნ------------“-ის ბაზარში მოხდა მავნე სურსათის განთავსება.
(ტ.1. ს.ფ. 6).
4.4. საქმის სასამართლოში განხილვისას საჯარიმო ქვითრის შემდგენმა მხარემ ვერ დაადასტურა, რომ 2016 წლის 29 იანვარს შპს „ნ------------“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე ნამდვილად იყიდებოდა ცხვრის ხორცი ვეტერინარული შემოწმების გარეშე და რომ საქმეზე წარმოდგენილ ფოტომასალაზე აღბეჭდილია ნამდვილად ცხვრის ხორცი. თვითონ მ------- ა-----ემ, რომელსაც ოქმის შემდგენის განმარტებით, გასაყიდად ჰქონდა ხორცი გამოტანილი, მოწმედ დაკითხვისას უარყო ცხვრის ხორცის ქონის ფაქტი. მან განაცხადა, რომ ჰქონდა ხბოს ხორცი. გარდა ამისა, ფოტომასალაზე ისეა გამოსახული ხორცი, რომ ვერ დგინდება არის თუ არა მასზე ვეტერინარის მიერ დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება. ოქმის შემდგენის მიერ ხორცი ამოღებული არ არის. შსს ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ წარმოებული მასალების ურთიერთშეჯერებით ვერ დგინდება მ------- ა-----ის მიერ 2016 წლის 29 იანვარს ცხვრის ხორცის სარელიზაციოს გამოტანის ფაქტი. ბაზრის ტერიტორიაზე დაკლული პირუტყვის შემოტანის აღრიცხვის ჟურნალში მითითებულია, რომ მ------- ა-----ემ 2016 წლის 29 იანვარს შეიტანა 1 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი (ტ. 1. ს.ფ. 65, 69-70, შსს ხაშურის რაიონული სამმართველოდან შემოსული ადმინისტრაციული საქმის მასალები, ასევე, 2018 წლის 5 მარტის სხდომის ოქმი 13:09:35-13:23:54).
4.5. სასამართლო არ იზიარებს ოქმის შემდგენი ორგანოს მითითებას, რომ ხორცი ვერ იქნა ამოღებული მოვაჭრეთაგან წინააღმდეგობის გაწევის გამო, რადგან ჯერ ერთი, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო არცერთი პირი არ არის დაჯარიმებული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 70-ე მუხლით სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ხელის შეშლისათვის. რატომ არ მოხდა ამ პირების დაჯარიმება ამის დამაჯერებელი ახსნა ოქმის შემდგენმა ვერ წარმოადგინა. გარდა ამისა, რაიმე სხვა უტყუარი მტკიცებულება ამ კუთხით არ არის წარმოდგენილი. საყურადღებოა მოსარჩელის მითითებაც, რომ თუ ოქმის შემდგენმა მოასწრო ხორცისათვის ფოტოსურათების გადაღება და დოკუმენტური შემოწმების აქტის შედგენა, რატომ ვერ მოხერხდა ხორცის ამოღებაც.
4.6. სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის 2016 წლის 4 აპრილის N213-2 ბრძანებით, ამავე სამმართველოს ინსპექტორების მიერ, 2016 წლის 24 მაისს ჩატარდა შპს „ნ------------“-ის გეგმიური ინსპექტირება სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების დაცვის კუთხით. ინსპექტირების შედეგად შედგენილ იქნა შესაბამისობის შეფასების აქტი N08-163, რომლის მიხედვითაც დაფიქსირდა 23 არაკრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ:
1. ხორცის და ყველის სარეალიზაციო სექცია არ არის უზრუნველყოფილი საკმარისი რაოდენობის ხელსაბანი ნიჟარებით (პუნქტი 8.1.);
2. შენობაში, კერძოდ, ხორცის სარეალიზაციო სექციებში ხდება ჭუჭყის დაგროვება (პუნქტი (8.3.);
3. ხორცის სარეალიზაციო სექციის ზოგიერთ უბანზე არ არის დაცული სურსათის სათანადო ტემპერატურით დამუშავებისა და შენახვის პირობები. არ არის საკმარისი რაოდენობის დახლმაცივრები. ტემპერატურა არ არის გაკონტროლებული. ხორცის ტემპერატურა 2-3 გრადუსით აღემატება კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას (პუნქტი 8.7.);
4. ზოგიერთი ხელსაბანი არ არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (ერთჯერადი ხელსახოცი, თხევადი საპონი) (პუნქტი 8.8.);
5. კამერა მაცივარში გასანათებელი მოწყობილობები არ არის დაფარული დამცავი ფარებით (პუნქტი 8.11.).
6. დეზინფექციის ყოველი პროცედურა არ არის აღრიცხული თარიღის მითითებით (პუნქტი 8.12.);
7. სრულყოფილად არ ხდება სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადენინსექციო სამუშაოების ჩატარება და ამ სამუშაოების აღრიცხვა (პუნქტი 8.15.);
8. ხორცის და ყველის სარეალიზაციო დარბაზის კედლების ნაწილი არ არის ადვილად გასაწმენდი (პუნქტი 9.2.1.);
9. ყველის და ხორცის სარეალიზაციო დარბაზის ჭერი არ არის ადვილად გასაწმენდი. ზოგიერთ უბანზე ხდება ჭუჭყის დაგროვება (პუნქტი 9.4.1.);
10. ფანჯრები ან სინათლის ღიობები არ არის დაფარული მწერებისაგან დამცავი ბადეებით (პუნქტი 9.5.1.);
11. არ ხდება წყლის სამარაგე ავზის დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოს აღრიცხვა (პუნქტი 10.3.);
12. ხორცის სარეალიზაციო მაგიდები არ არის ადვილად გასაწმენდი, სარეალიზაციო ხორცი განთავსებულია მუყაოს ზედაპირზე (პუნქტი 11.1.);
13. სრულყოფილად არ ხდება ზედაპირების და აღჭურვილობების დეზინფიცირება. ხორცის დასაჭრელი კუნძების ზედაპირები არ არის სუფთა (11.2.);
14. ხორცის და ყველის სარეალიზაციო მაგიდის ზედაპირები არ არის ისეთი მასალისაგან დამზადებული, რომლიც მინიმუმადე შეამცირებს დაბინძურების რისკს (ზედაპირები ხისაა), არ იძლევა რეცხვა-დეზინფიცირების საშუალებას (პუნქტი 11.3.);
15. ტანხორცების შესანახ მაცივარში არსებული ხარიხები, რომლებიც უშუალო შეხებაში არ არის სურსათთან, კოროზიულია (პუნქტი 11.3.);
16. ბიზნესოპერატორმა ვერ წარადგინა რძისა და რძის პროდუქტების კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პუნქტი 12.1.);
17. ზოგიერთ მაცივარში არ არის განცალკევებული არაერთგვაროვანი პროდუქცია (თევზი, საქონლის და ქათმის ხორცი) (პუნქტი 12.5.)
18. მზა პროდუქციის ზოგიერთი სახეობის (გატარებული ხორცი, აფხაზურა, კუპატი) ეტიკეტი არასრულყოფილია (პუნქტი 12.9.);
19. ხორცის და ყველის სარეალიზაციო დახლებში არ არის ნარჩენების გასატანი ადვილად რეცხვად-დეზინფეცირებადი თავდახურული ურნების საკმარისი რაოდენობა (პუნქტი 14.2.);
20. დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები არ ინახება იზოლირებულ სათავსებში (პუნქტი 15.1.);
21. ბიზნესოპერატორმა ვერ წარადგინა სარეცხი, სადეზინფექციო საშუალებების არატოქსიკურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (პუნქტი 15.3.);
22. მომსახურე პერსონალი სრულყოფილად არ იყენებს დამცავ ტანსაცმელს (პუნქტი 17.2.);
23. ბიზნესოპერატორი არ აკონტროლებს მომსახურე პერსონალის (ხორცის და ყველის რეალიზატორები) ჯანმრთელობას (პუნქტი 17.3.).
შეფასების აქტის ხელს აწერენ მისი შემდგენი ინსპექტორები და შპს „ნ------------“-ის დირექტორი ხ------- მ-–-------ე)
(ტ. 2. ს.ფ. 123-136).
4.7. შესაბამისობის შეფასების აქტი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გაასაჩივრა შპს „ნ------------“-ის წარმომადგენელმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 ივნისის ბრძანებით საჩივარი განუხილველად დარჩა და მის ავტორს განემარტა, რომ ქვემდებარებობის შესაბამისად, უნდა მიემართა სასამართლოსათვის.
(ტ.2. ს.ფ. 120-122).
4.8. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ ხორცისა და ყველის მოვაჭრეები არ იყვნენ ბიზნესოპერატორები შესაბამისობის აქტის შედგენის დროს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ისინი არიან ბიზნესოპერატორები და წარმოადგინა მტკიცებულებები ინდივიდუალურ მეწარმეთა ბიზნესოპერატორებად რეგისტრაციის შესახებ.
(ტ.2. ს.ფ. 53-62).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით; სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N417-ე დადგენილებით დამტკიცებული „აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათის და ცხოველის რეალიზაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით“; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტით - სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესით“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
7.2. სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-181 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. იმავე კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მე-181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე განთავსებული ან მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
7.3. სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 63-ე მუხლის (თავი XV) პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად, პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით; ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს სააგენტოს უფლებამოსილ პირს; ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნის დარღვევაზე სამართალდამრღვევს სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
7.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ნ------------“ ისე იქნა დაჯარიმებული სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილით მავნე სურსათის ბაზარზე განთავსებისათვის, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი მავნე სურსათის განთავსების ფაქტი. აღნიშნული გარემოება მოპასუხემ ვერც სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა.
7.5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებს, კერძოდ აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით.
7.6. იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
7.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მართალია კონსტიტუციის დასახელებულ მუხლში საუბარია ბრალდებულის სასარგებლოდ ყოველგვარი ეჭვის გადაწყვეტაზე, თუმცა ამ ნორმის შინაარსი უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის ან არარსებობის დასადგენად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შინაარსთან მიმართებაში, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
7.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ შპს „ნ------------“-მა მავნე (ვეტერინარულად შეუმოწმებელი) ცხვრის ხორცი განათავსა ბაზარზე. აღნიშნული კი მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს მის ქმედებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას. შესაბამისად, სარჩელი მოცემულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
7.9. რაც შეეხება 2016 წლის 24 მაისის N08-163 შესაბამისობის შეფასების აქტს, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ნ------------“ არის ბიზნესოპერატორი - აგრარული ბაზრის მომწყობი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N417-ე დადგენილებით დამტკიცებული „აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათის და ცხოველის რეალიზაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აგრარული ბაზარი/ბაზრობა არის მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია სურსათის ან/და ცხოველის რეალიზაციისათვის; აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი არის ბიზნესოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია აგრარული ბაზრის/ბაზრობის საქმიანობიდან/ფუნქციონირებიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის. იმავე რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია: ა) არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს; გ) უზრუნველყოს ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე (საწყობებში, მაცივრებში, პავილიონებსა და ა.შ.) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჰიგიენის წესების დაცვა; დ) უზრუნველყოს ბაზარზე/ბაზრობაზე განთავსებული ცხოველის ან/და სურსათის შენახვა/რეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და კონტროლი.
7.10. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი სახეა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. იმავე კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 261 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მექანიზმია ინსპექტირება, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე და რომელიც მოიცავს: ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე; ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას; გ) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარებას.
7.11. დადგენილია, რომ შპს „ნ------------“-ის საქმიანობის შემოწმება განხორციელდა გეგმიური ისპექტირების ფორმით და შემოწმდა სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების შესაბამისობა.
7.12. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N533 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-4 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების თანახმად: 1. უფლებამოსილ პირს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ინსპექტირების განხორციელებისას უფლება აქვს:
ა) შევიდეს საწარმოში და შეამოწმოს:
ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ადგილი, საწარმო, საწარმოს მიმდებარე ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალებები, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობა და გამოყენების პირობები;
ა.ბ) ნედლეული, ინგრედიენტები, ნახევარფაბრიკატები, ტექნოლოგიური საშუალებები და სხვა პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების დასამზადებლად და საწარმოებლად; საბოლოო სურსათის/ცხოველის საკვები, მასალები და საგნები, რომლებსაც შეხება აქვთ სურსათთან/ცხოველის საკვებთან;
ა.გ) სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც იყენებს ბიზნესოპერატორი;
ა.დ) ეტიკეტირება, რომელიც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენით;
ბ) ამ წესის მე-11-მე-16 მუხლების შესაბამისად, აიღოს ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევისათვის;
გ) გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები ან სხვა მონაცემები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სურსათის/ცხოველის საკვების შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწერები;
დ) შეამოწმოს პერსონალის ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური შეფასების შედეგების საფუძველზე გააკეთოს ჩანაწერი შესაბამისობის შეფასების აქტის სათანადო ნაწილში;
ვ) კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს უფლებამოსილ მოხელეს ინსპექტირების განხორციელებაში.
3. ინსპექტირებისას უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს ორ ეგზემპლარად.
4. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირება ხორციელდება „ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებთან ბიზნესოპერატორის შესაბამისობის დადგენის მიზნით, უფლებამოსილი პირი ადგენს წესის დანართი №1-ის ფორმის შესაბამისობის შეფასების აქტს.
7.13. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესის“ პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ეს წესი ადგენს ზოგად ჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის/ცხოველის საკვების მიმართ და ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, მათ შორის, პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სავალდებულოა ბიზნესოპერატორებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, მათ შორის, პირველად წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას.
7.14. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ და „ც“ პუნქტების თანახმად, ბიზნესოპერატორია პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის; წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებია პროცესის ყოველი ეტაპი, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის იმპორტის, ექსპორტის, პირველადი წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეგროვების, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით.
7.15. დადგენილია, რომ შპს „ნ------------“ არის ბიზნესოპერატორი, მისი საქმიანობის ერთ-ერთი სახეა სურსათის შენახვა (საერთო მაცივრები) და ვეტერინარულ კონტროლი (აქვს ვეტერინარული ლაბორატორია), რაც წარმოადგენს სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებს და ამდენად, მასზე ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადო მოთხოვნები.
7.16. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესის“ მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმო არის ადგილი, სადაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, გადამუშავება ან/და დისტრიბუცია. სადავო არ არის, რომ შპს „ნ------------“-ის კუთვნილ ტერიტორიაზე ხდება სურსათის გადამუშავება და დისტრიბუცია. ამავე რეგლამენტის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, საწარმოს ტერიტორიის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყარო. ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობები, ინვენტარი, აღჭურვილობა და სხვა მასალა, ასევე ტერიტორიაზე დარგული მწვანე ნარგავები უნდა გამორიცხავდეს სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურებას. საწარმოს ტერიტორია უნდა სუფთავდებოდეს რეგულარულად.
საწარმოს შენობა მოწყობილი უნდა იყოს იმგვარად, რომ:
ა) იძლეოდეს მის ადეკვატურად სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნების შესაძლებლობას;
ბ) იძლეოდეს დასუფთავების, დეზინფიცირების, ჰაერიდან დაბინძურების თავიდან აცილების ან მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობას;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს ჰიგიენური პირობების დაცვა და არსებობდეს ადეკვატური სამუშაო სივრცე;
დ) არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, სურსათის/ცხოველის საკვების კონტაქტი ტოქსიკურ მასალებთან, სურსათში/ცხოველის საკვებში უცხო ნაწილაკების მოხვედრა და ზედაპირზე კონდენსატის ან არასასურველი ობის სოკოს წარმოქმნა;
ე) ხელს უწყობდეს ჰიგიენის კარგი პრაქტიკის დანერგვას, მათ შორის, დაბინძურებისაგან დაცვას, კერძოდ, მავნებლების კონტროლს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს სურსათის/ცხოველის საკვების სათანადო ტემპერატურით დამუშავებისა და შენახვის პირობების დაცვა, ამასთან, იძლეოდეს ტემპერატურის კონტროლის და, საჭიროების შემთხვევაში, მისი აღრიცხვის შესაძლებლობას;
- შენობაში უნდა იყოს შესაბამის ადგილას განთავსებული საკმარისი რაოდენობის ხელსაბანი, აღჭურვილი სათანადო ჰიგიენური საშუალებებით, ცხელი და ცივი წყლით. საჭიროების შემთხვევაში, სურსათის/ცხოველის საკვების გასარეცხი მოწყობილობა განცალკევებული უნდა იქნეს ხელის დასაბანი მოწყობილობისაგან;
- სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად განკუთვნილ შენობებს უნდა ჰქონდეთ ადეკვატური ბუნებრივი ან/და ხელოვნური განათება. გასანათებელი მოწყობილობები უნდა იყოს იმგვარად დაცული, რომ ნათურის, მათ შორის, აღჭურვილობების შიდა ზედაპირის დათვალიერებისთვის დასაშვები გადასატანი ნათურის ან გასანათებელი მოწყობილობის გატეხის შემთხვევაში, თავიდან იქნეს აცილებული სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურება;
- საწარმოში უნდა იყოს უზრუნველყოფილი სათანადო სისუფთავე ყველა უბანზე. ფანჯრები, ფანჯრის მინები, სივრცეები, გამათბობელი მოწყობილობები, სავენტილაციო კამერები და არხები უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში.
7.17. იმავე ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის თანახმად, სათავსი, სადაც ხდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და გადამუშავება, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ იძლეოდეს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურებისაგან დაცვის საშუალებას, კერძოდ:
- იატაკის ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას;
- კედლის (ტიხრების) ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას;
- ჭერი მოპირკეთებული უნდა იყოს ისე, რომ ადვილად იწმინდებოდეს, არ ხდებოდეს ჭუჭყის დაგროვება, არასასურველი ობის წარმოქმნა, ნაწილაკების ცვენა და მინიმუმამდე იქნეს შემცირებული კონდენსატის წარმოქმნა;
- ფანჯრები და სინათლის სხვა ღიობები (მათ შორის, სარკმლები, სანათი მოწყობილობები) უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ჭუჭყის დაგროვება. ის ფანჯრები, რომლებიც გადის გარეთ, უნდა დაიფაროს მწერებისაგან დამცავი და ადვილად გასაწმენდი ბადით. თუ ღია ფანჯრები შეიძლება გახდეს დაბინძურების წყარო, წარმოების დროს ისინი უნდა იყოს დახურული;
- ზედაპირები (მათ შორის, მოწყობილობის ზედაპირი), რომლებიც უშუალო შეხებაშია სურსათთან/ცხოველის საკვებთან, უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, საჭიროების შემთხვევაში, იძლეოდეს დეზინფიცირების საშუალებას, ამისათვის რეკომენდებულია, ზედაპირი დამზადდეს გლუვი, რეცხვადი, კოროზიისადმი მდგრადი და არატოქსიკური მასალით. ბიზნესოპერატორს უფლება აქვს, სააგენტოსთან შეთანხმებით გამოიყენოს სხვა მასალა;
- სათავსში, რომელშიც ხდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და გადამუშავება, ყველა სახის დაკიდებული კონსტრუქციები დამონტაჟებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ არ მოხდეს სურსათის/ცხოველის საკვების დაბინძურება კონდენსატით. დაკიდებული კონსტრუქციები ადვილად უნდა სუფთავდებოდეს.
7.18. ტექნიკური რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლების თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების საწარმოებლად ბიზნესოპერატორი უნდა იყენებდეს ისეთი ხარისხის სასმელ წყალს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აუცილებლობის შემთხვევაში, საწარმოში შესაძლოა არსებობდეს მოწყობილობები წყლის შენახვისა და მიწოდებისათვის, რომლებიც დაცული იქნება დაბინძურებისაგან. საჭიროების შემთხვევაში, უნდა ხდებოდეს ასეთ მოწყობილობათა დეზინფიცირება. ყველა საგანი, აღჭურვილობა და მოწყობილობა, რომლებიც შეხებაშია სურსათთან/ცხოველის საკვებთან უნდა სუფთავდებოდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი დეზინფიცირება. დასუფთავება და დეზინფიცირება უნდა მოხდეს ისეთი სიხშირით, რომელიც საკმარისია ნებისმიერი დაბინძურების რისკის თავიდან ასაცილებლად; იმ მოწყობილობისა და კონტეინერის კოროზიის თავიდან ასაცილებლად, რომლებიც უშუალო შეხებაში არ არიან სურსათთან/ცხოველის საკვებთან, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქიმიური საშუალებები.
7.19. ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად, წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე სურსათი/ცხოველის საკვები დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ისეთი სახის დაბინძურებისაგან, რომელმაც შესაძლოა ის ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობისათვის სახიფათოდ აქციოს, ან ისე დააბინძუროს, რომ არამიზანშეწონილი გახდეს მისი მოხმარება. ნედლეულის, ინგრედიენტების, შუალედური და საბოლოო სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე უზრუნველყოფილ უნდა იქნეს კონკრეტული სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისათვის დადგენილი ტემპერატურის, ტენიანობის, აერაციის სათანადო რეჟიმი, საკმარისი რაოდენობის სამაცივრე დანადგარები, რაც გამორიცხავს მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებას, პარაზიტების გამრავლებასა და ტოქსინების წარმოქმნას. სურსათის/ცხოველის საკვების შენახვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არაერთგვაროვანი პროდუქციის განცალკევება ისე, რომ ცალკეულმა სურსათმა/ცხოველის საკვებმა არ დაკარგოს მისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებები.
7.20. ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ნარჩენები, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტები, დაგროვების თავიდან აცილების მიზნით, გატანილი უნდა იქნეს იმ საამქროდან, რომლებშიც სურსათი/ცხოველის საკვებია განთავსებული. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ნარჩენების, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების გატანა უნდა მოხდეს ისეთი საშუალებით, რომ გამოირიცხოს ნარჩენების გატანის პროცესში საწარმოს დაბინძურება. კონტეინერებით ნარჩენების გატანის შემთხვევაში, ეს კონტეინერები ადვილად უნდა იწმინდებოდეს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მათი დეზინფიცირება. საწარმოს საჭიროების შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ნარჩენების გატანის ეფექტიანი სისტემა.
7.21. ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის მიხედვით, დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, აგრეთვე სადეზინფექციო საშუალებების დასამზადებელი ქიმიური ნივთიერებები უნდა ინახებოდეს ისე, რომ არ მოხდეს მათი შეხება შესაფუთ მასალასა და სურსათთან/ცხოველის საკვებთან. დასუფთავებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურა, მისი დამთავრების შემდეგ, უნდა აღირიცხოს თარიღისა და დროის მითითებით. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაში გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები არ უნდა ქმნიდეს რისკს სურსათის/ცხოველის საკვებისათვის. სადეზინფექციო საშუალებები უნდა იქნეს რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თანმხლები დოკუმენტაციის თანახმად დასაშვები სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება/გადამუშავებაში
7.22. ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის თანახმად, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება/გადამუშავებასთან შეხებაში მყოფი პერსონალი განსაკუთრებით უნდა იცავდეს სისუფთავეს. უნდა ეცვას შესაფერისი, სუფთა და, საჭიროების შემთხვევაში, დამცავი ტანსაცმელი, საფრთხით გამოწვეული არასასურველი ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის. დაუშვებელია პერსონალმა, რომელიც ინფიცირებულია ისეთი დაავადებით, რომლის გავრცელება შესაძლებელია სურსათის/ცხოველის საკვებით (მაგალითად, ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.), მონაწილეობა მიიღოს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება/გადამუშავების პროცესში, თუკი არსებობს სურსათის/ცხოველის საკვების პირდაპირი ან არაპირდაპირი დაბინძურების რისკი.
7.23. სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაბამისობის შეფასების აქტის ნაწილი, კერძოდ, მისი 11.1. პუნქტი (ხორცის სარეალიზაციო მაგიდები არ არის ადვილად გასაწმენდი, სარეალიზაციო ხორცი განთავსებულია მუყაოს ზედაპირზე), 11.2. პუნქტი (სრულყოფილად არ ხდება ზედაპირების და აღჭურვილობების დეზინფიცირება. ხორცის დასაჭრელი კუნძების ზედაპირები არ არის სუფთა), 11.3. პუნქტის პირველი ნაწილი (ხორცის და ყველის სარეალიზაციო მაგიდის ზედაპირები არ არის ისეთი მასალისაგან დამზადებული, რომლიც მინიმუმადე შეამცირებს დაბინძურების რისკს (ზედაპირები ხისაა), არ იძლევა რეცხვა დეზინფიცირების საშუალებას), 12.5. პუნქტი (ზოგიერთ მაცივარში არ არის განცალკევებული არაერთგვაროვანი პროდუქცია (თევზი, საქონლის და ქათმის ხორცი), 12.9. პუნქტი (მზა პროდუქციის ზოგიერთი სახეობის (გატარებული ხორცი, აფხაზურა, კუპატი) ეტიკეტი არასრულყოფილია) და 17.3. პუნქტი (ბიზნესოპერატორი არ აკონტროლებს მომსახურე პერსონალის (ხორცის და ყველის რეალიზატორები) ჯანმრთელობას) არ პასუხობს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
7.24. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სურსათის ჰიგიენის მოთხოვნების დაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ სურსათის გადამუშავება-დისტრიბუციას, რადგან ისინი თვითონაც არიან რეგისტრირებული ბიზნესოპერატორებად, მათ დაქირავებული აქვს კონკრეტული ფართი შპს „ნ------------“-ისაგან და დამოუკიდებლად აწარმოებენ თავის საქმიანობას. ხორცის და ყველის სარეალიზაციო მაგიდები, დასაჭრელი კუნძები და დახლმაცივრები უშუალოდ კერძო მოვაჭრე ბიზნეოპერატორების მიერ დაქირავებულ ფართში მდებარეობს, თევზის, საქონლისა და ქათმის ხორცი განცალკევების გარეშე, ასევე, არაეტიკეტირებული პროდუქციაც მოცემულ დახლმაცივრებშია განთავსებული, შესაბამისად, ეს კერძო მოვაჭრე-ბიზნესოპერატორები არიან სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვაზე პასუხიმგებელი. აქტში, აგრეთვე, საუბარია ხორცის და ყველის რეალიზატორების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ეს პირებიც არიან კერძო მოვაჭრეები და ამავე დროს ბიზნესპერატორები, ისინი არ წარმოადგენენ შპს „ნ------------“-ის თანამშრომლებს. აქედან გამომდინარე, შპს „ნ------------“-ის მიმართ შესაბამისობის აქტის შედგენა ამ კონკრეტული მითითებებით კანონმდებლობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
7.25. რაც შეეხება შესაბამისობის შეფასების აქტს დანარჩენ ნაწილში, სასამართლო ამ ნაწილში არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას. შესაბამისობის შეფასების აქტს ხელს აწერს შპს „ნ------------“-ის დირექტორი ხ------- მ-–-------ე იმ გრაფაში, რომელშიც ხელს აწერს ბიზნესოპერატორი თუ ეთანხმება ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ ნაწილში საქმე ეხება კერძო ბიზნესოპერატორების მიერ დაქირავებული ტერიტორიის გარეთ არსებულ საერთო სივრცეს, რომელიც შპს „ნ------------“- ეკუთვნის და შესაბამისად, სურსათის უვნებლობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა შპს „ნ------------“-ის ვალდებულებაა, კერძოდ,- ხორცის და ყველის სარეალიზაციო სექცია არ არის უზრუნველყოფილი საკმარისი რაოდენობის ხელსაბანი ნიჟარებით (პუნქტი 8.1.). მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება ხორცის და ყველის სარეალიზაციო დარბაზში არსებულ საერთო ხელსაბან ნიჟარებს.
- შენობაში, კერძოდ, ხორცის სარეალიზაციო სექციებში ხდება ჭუჭყის დაგროვება (პუნქტი (8.3.). მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება ხორცის სარეალიზაციო დარბაზში არსებულ საერთო ტერიტორიას.
- ხორცის სარეალიზაციო სექციის ზოგიერთ უბანზე არ არის დაცული სურსათის სათანადო ტემპერატურით დამუშავებისა და შენახვის პირობები. არ არის საკმარისი რაოდენობის დახლმაცივრები. ტემპერატურა არ არის გაკონტროლებული. ხორცის ტემპერატურა 2-3 გრადუსით აღემატება კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას (პუნქტი 8.7). საქმე ეხება როგორც დახლმაცივრებს, ასევე, ღია სივრცეს, რადგან ხორცი ჩამოკიდებულია მაცივრის გარეთაც.
- ზოგიერთი ხელსაბანი არ არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (ერთჯერადი ხელსახოცი, თხევადი საპონი) (პუნქტი 8.8). მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება ხორცის და ყველის სარეალიზაციო დარბაზში არსებულ საერთო ხელსაბანებს.
- კამერა მაცივარში გასანათებელი მოწყობილობები არ არის დაფარული დამცავი ფარებით (პუნქტი 8.11). საქმე ეხება ტან-ხორცების შესანახ საერთო მაცივარს.
- დეზინფექციის ყოველი პროცედურა არ არის აღრიცხული თარიღის მითითებით (პუნქტი 8.12). საწარმოს ჟურნალში არ არის შესაბამისი მითითება.
- სრულყოფილად არ ხდება სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადენინსექციო სამუშაოების ჩატარება და ამ სამუშაოების აღრიცხვა (პუნქტი 8.15.). საწარმოს ჟურნალში არ არის შესაბამისი აღრიცხვა.
- ხორცის და ყველის სარეალიზაციო დარბაზის კედლების ნაწილი არ არის ადვილად გასაწმენდი (პუნქტი 9.2.1.). მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება ხორცის და ყველის სარეალიზაციო საერთო დარბაზის კედლებს.
- ყველის და ხორცის სარეალიზაციო დარბაზის ჭერი არ არის ადვილად გასაწმენდი. ზოგიერთ უბანზე ხდება ჭუჭყის დაგროვება (პნქტი 9.4.1.). მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება ხორცის და ყველის სარეალიზაციო საერთო დარბაზის ჭერს.
- ფანჯრები ან სინათლის ღიობები არ არის დაფარული მწერებისაგან დამცავი ბადეებით (პუნქტი 9.5.1.). მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება ხორცის და ყველის სარეალიზაციო საერთო დარბაზის ფანჯრებს.
- არ ხდება წყლის სამარაგე ავზის დეზინფექცია და ჩატარებული სამუშაოს აღრიცხვა (პუნქტი 10.3.). საქმე ეხება საერთო წყლის ავზს და არ არის ჟურნალში შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აღრიცხული.
- ტანხორცების შესანახ მაცივარში არსებული ხარიხები, რომლებიც უშუალო შეხებაში არ არის სურსათთან, კოროზიულია (პუნქტი 11.3.). საქმე ეხება ტანხორცების შესანახ საერთო მაცივარს.
- ბიზნესოპერატორმა ვერ წარადგინა რძისა და რძის პროდუქტების კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პუნქტი 12.1). შპს „ნ------------“-მა ბაზარში სარეალიზაციოდ დაუშვა შეუმოწმებელი რძის პროდუქტი.
- ხორცის და ყველის სარეალიზაციო დახლებში არ არის ნარჩენების გასატანი ადვილად რეცხვად-დეზინფეცირებადი თავდახურული ურნების საკმარისი რაოდენობა (პუნქტი 14.2.). მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება როგორც კერძო ბიზნესოპერატორების, ასევე, ხორცის და ყველის სარეალიზაციო დარბაზში არსებულ საერთო ურნებს.
- დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები არ ინახება იზოლირებულ სათავსებში (პუნქტი 15.1.). იზოლირებული სათავსები არ არსებობს და ცოცხი და დასალაგებელი ინვენტარი მიყუდებულია დარბაზში.
- ბიზნესოპერატორმა ვერ წარადგინა სარეცხი, სადეზინფექციო საშუალებების არატოქსიკურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (პუნქტი 15.3.). ვერ იქნა წარდგენლი სადეზინფექციო საშუალების სერთიფიკატი, რომელიც დაადასტურებდა ამ საშუალების გამოყენების დასაშვებობას სურსათთან.
- მომსახურე პერსონალი სრულყოფილად არ იყენებს დამცავ ტანსაცმელს (პუნქტი 17.2.). საქმე ეხება შპს „ნ------------“-ის მომსახურე პერსონალს, მათ შორის ვეტექიმს და დამლაგებლებს.
(ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია შესაბამისობის შეფასების აქტის, მხარეთა განმარტებების და მოწმე ბ---- მ-------–-–---–ის ჩვენების ანალიზის შედეგად).
7.26. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
7.27. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 24 მაისის N08-163 შესაბამისობის შეფასების აქტის ნაწილი (მისი 11.1. პუნქტი, 11.2. პუნქტი, 11.3. პუნქტის პირველი ნაწილი, 12.5. პუნქტი, 12.9. პუნქტი და 17.3. პუნქტი) კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და იგი ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარეს, რის გამოც აქტი ამ ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. დანარჩენ ნაწილში შესაბამისობის შეფასების აქტი არც კანონს ეწინააღმდეგება და არც მისი მომზადებისა და გამოცემის მოთხოვნებია დარღვეული, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალდაწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული
აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ნაწილის 60 ლარის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 22-ე, 32-ე, სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ნ------------“-ის სარჩელი;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს 2016 წლის 21 მარტის N007597 საჯარიმო ქვითარი შპს „ნ------------“-ის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 65-ე მუხლის პირველი ნაწილით 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ;
3. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 მაისის N08-163 შესაბამისობის შეფასების აქტი, კერძოდ, 11.1. პუნქტი, 11.2. პუნქტი, 11.3. პუნქტის პირველი ნაწილი, 12.5. პუნქტი, 12.9. პუნქტი და 17.3. პუნქტი;
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. დაეკისროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შპს „ნ------------“-ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით შეტანილი თანხის 100 ლარის ნაწილის 60 (სამოცი) ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას 15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი