გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
080210017001799618
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/325-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მალხან ჩუბინიძე

სხდომის მდივანი გიორგი ესაძე

მოსარჩელე - ც----ა ფ-----ე

წარმომადგენელი - ნ-------ი ნე---–------ე

მოპასუხეები - ა--------ლ ჭ-------ე; მაკა მ-------–-–---–ი

წარმომადგენელი - გია გ---------ე

დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2014 წლის 01 დეკემბრის №141311013 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

1.2. ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 23 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელის გაუქმება.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის ნოემბრის ბოლოს სესხის ასაღებად მიმართა მაკა მ-------–-–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ წინასწარ გაეფორმებინათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო ორ დღეში თანხას გადაცემდა.

 

2014 წლის 01 დეკემბერს ც----ა ფ-----ესა და მაკა მ-------–-–---–ს შორის გაფორმდა №141311013 სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება 12.500 აშშ დოლარზე ერთი წლის ვადით, თვეში 3.68% დარიცხვით. სესხის გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ, მოსარჩელემ მიმართა მაკა მ-------–-–---–ს, მან კიდევ ორი დღე ითხოვა თანხის გადასაცემად. ამ დროისათვის უკვე თანხის აღების საჭიროება ც----ა ფ-----ეს აღარ ჰქონდა, ამიტომ მოსარჩელემ მაკა მ-------–-–---–ს უთხრა, რომ სესხი აღარ სჭირდებოდა და დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაეუქმებინა, მასაც უარი არ უთქვამს. სამწუხაროდ, მოსარჩელემ აღნიშნულს სათანადო ყურადღება აღარ მიაქცია. ამის შემდეგ, 2016 წლის 30 მაისს, ც----ა ფ-----ისთვის აღმასრულებლიდან ცნობილი გახდა აუღებელ სესხთან დაკავშირებით აღსრულების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა, ა--------ლ ჭ-------ემ და მაკა მ-------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ ხელშეკრულების ბათილობისა და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს და სარჩელის მიზანი მხოლოდ აღსრულების ხელშეშლაა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ სადავოდ არის ქცეული.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1.დადგენილია, რომ 2014 წლის 01 დეკემბრის № 141311013 ხელშეკრულებით სესხისა და იპოთეკის შესახებ, ერთის მხრივ მაკა მ-------–-–---–ი და მეორეს მხრივ ც----ა ფ-----ე თანხმდებიან, რომ იპოთეკარი მაკა მ-------–-–---–ი მესაკუთრეს, ც----ა ფ-----ეს გადასცემს სესხს 12 500 აშშ დოლარის ოდენობით, თვეში 3.68% სარგებლის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 01 დეკემბერს, ერთი წლის ვადით და ხელშეკრულება ძალაშია 2015 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით.

მტკიცებულება:

№ 141311013 ხელშეკრულება სესხისა და იპოთეკის შესახებ (ტ.1. ს.ფ.18-22).

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 21 მარტის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მაკა მ-------–-–---–ი გამოხატავს ნებას 2014 წლის 01 დეკემბრის № 141311013 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნის უფლებას, 12 500 აშშ დოლარზე, დარიცხულ პროცენტთან ერთად, უთმობს ა--------ლ ჭ-------ეს.

მტკიცებულება:

- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.27-28).

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 23 მაისს ნოტარიუს მერაბ ჯიხვაშვილის მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი 2014 წლის 01 დეკემბერს დამოწმებული სესხისა და იპოთეკის №141311013 ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე დამოწმებულ მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგებიდან გამომდინარე, წარმოშობილ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

მტკიცებულება:

სააღსრულებო ფურცელი (ტ.1. ს.ფ.23-25).

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ც----ა ფ-----ის საკუთრებაში არის უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქუთაისი, ქ. ჩკალოვი №10, აღნიშნულ ქონებაზე მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, იპოთეკარს წარმოადგენს ა--------ლ ჭ-------ე.

მტკიცებულება:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ.29-30).

 

3.2.5. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია და შესაბამისად უსაფუძვლოა, როგორც იპოთეკა, ასევე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ხოლო მოპასუხის მტკიცების საგანია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მისთვის არ გადაუცია და უსაფუძვლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი პირველ ყოვლისა, ემსახურება აღსრულების გაჭიანურებას და უსაფუძვლოა, რადგან მოსარჩელემ მიიღო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და რამდენიმე თვე პროცენტსაც იხდიდა.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 01 დეკემბრის №141311013 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მაკა მ-------–-–---–მა გადასცა და მეორეს მხრივ ც----ა ფ-----ემ მიიღო სესხი 12500 აშშ დოლარი თვეში 3.68% სარგებლის დარიცხვით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ც----ა ფ-----ის საკუთრებაში არის უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქუთაისი, ქ. ჩკალოვი №10, ს/კ.03.01.21.219.01.001. ხელშეკრულება ძალაშია 2015 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

იმავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების სახით.

 

კერძოდ:

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე ც----ა ფ-----ე, ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მაკა მ-------–-–---–ი, შეთანხმებულნი არიან 2014 წლის 01 დეკემბრის №141311013 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მოსარჩელე ც----ა ფ-----ეს და მაკა მ-------–-–---–ს შორის, წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხე მაკა მ-------–-–---–მა არ შეასრულა 2014 წლის 01 დეკემბრის №141311013 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული არსებითი პირობა სესხის თანხის 12.500 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ, რადგან იმავე ხელშეკრულების 1.2. პუნქტში მითითებულია, რომ ,,აღნიშნული სესხი გაიცა 2014 წლის 1 დეკემბერს, ერთი წლის ვადით და ძალაშია 2015 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით“. სასამართლოს მიჩნია, რომ ხელშეკრულების მითითებული ჩანაწერი ადასტურებს მაკა მ-------–-–---–ის მიერ ც----ა ფ-----ეზე, 2014 წლის 01 დეკემბრის №141311013 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის - 12.500.00 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს.

ნიშანდობლივია, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დამტკიცებულია ნოტარიუსის მიერ. ხელშეკრულების 8.4. პუნქტში მითითებულია, რომ ,,ნოტარიუსმა მხარეებს წაუკითხა ეს ხელშეკრულება, მხარეებმა წაიკითხეს ეს ხელშეკრულება და მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავს მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი“.

 

საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები წერილობითი ხელშეკრულების დადებით ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიას, როდესაც რეალური ქმედების ამსახველ წერილობით დოკუმენტში აღწერენ სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების, მაკვალიფიცირებელი ქმედების განხორციელებას, კერძოდ, სესხის სახით თანხის გადაცემის ფაქტს. წერილობითი დოკუმენტის ანალიზის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, რომლის შესაბამისადაც, ხელშემკვრელ მხარეთა ნება დგინდება როგორც სიტყვასიტყვითი აზრიდან, ასევე გონივრული განსჯის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ ისესხა 12.500 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით თვეში თვეში 3.68% დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ რომ ,,აღნიშნული სესხი გაიცა 2014 წლის 1 დეკემბერს, ერთი წლის ვადით და ძალაშია 2015 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით“. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც სიტყვასიტყვითი განმარტების, ასევე გონივრული განსჯის შედეგად გულისხმობს, რომ სესხის ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელი ქმედება, კერძოდ, ფულის დროებით საკუთრებაში გადაცემა უკვე განხორციელებულია, მითუმეტეს, რომ აღნიშნული სამოქალაქო სამართალურთიერთობისათვის გარანტიები უკვე შექმნილია და იპოთეკა ხსენებული სესხისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია. ამდენად, სესხის წერილობითი ხელშეკრულების დადებისას, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა ც----ა ფ-----ემ თანხა ისესხა, საპირისპიროს დადასტურებამდე, იგულისხმება, რომ სესხება, როგორც რეალური ქმედება, უკვე განხორციელდა, მითუმეტეს, თუ აღნიშნული ქმედების უზრუნველყოფის გარანტიებიც იურიდიულად ქმედითია, ანუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია.

 

6.4. ვინაიდან, მოცემულ საქმეში მოსარჩელეს მოპასუხედ გამოჰყავს მოთხოვნის დათმობის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები ა--------ლ ჭ-------ე, სასამართლო მოკლედ შეეხება მოთხოვნის დათმობის იურიდიულ შინაარსს. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის დათმობის გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში გადადის ახალი კრედიტორის ხელში, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მოთხოვნა კრედიტორს ეკუთვნოდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). ამდენად, კანონი აწესებს რა მოთხოვნის დათმობის თავისუფლების სტანდარტს, ითვალისწინებს ასევე რიგ შემთხვევებს, როდესაც მოთხოვნის დათმობა შეუძლებელია, კერძოდ, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან როდესაც მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს ან თუ ხელშეკრულების მხარეთა ურთიერთშეთანხმებით მოთხოვნის დათმობა გამორიცხულია.

 

-წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 21 მარტის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მაკა მ-------–-–---–მა, 2014 წლის 01 დეკემბრის №141311013 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნის უფლება 12 500 აშშ დოლარზე, დარიცხულ პროცენტთან ერთად, დაუთმო ა--------ლ ჭ-------ეს.

 

6.5. გარდა ამისა, მოსარჩელე ვინაიდან სადავოდ ხდის სესხთან ერთად უზრუნველყოფის საშუალებას, იპოთეკას, სასამართლო მოკლედ განმარტავს, იპოთეკის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების იურიდიულ შინაარსს.

-იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც, იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. ამდენად, დასახელებული ნორმით განმტკიცებული ქცევის წესის თანახმად, მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც, ვინაიდან იპოთეკა აქცესორული უფლებაა, დაუშვებელია უზრუნველყოფილი მოთხოვნის და იპოთეკის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გადაცემა. ამდენად, დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებასთან ერთად გადაცემის ვალდებულება და არა უზრუნველყოფილი მოთხოვნის ნაწილობრივ დათმობის აკრძალვა.

 

6...როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის განხილვისას, მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის სწორად განაწილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებს, რომ მოპასუხე მაკა მ-------–-–---–მა არ შეასრულა 2014 წლის 01 დეკემბრის №141311013 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 1.1. პუნქტში მითითებული არსებითი პირობა სესხის თანხის 12.500 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ. ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხეები შესაგებელში უთითებენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნამდვილობაზე და ადასტურებენ მოსარჩელის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულების არსებობაზე.

 

მოსარჩელემ მოპასუხეების მიერ მითითებულ წერილობით მტკიცებულებას დაუპირისპირა მხოლოდ ახსნა-განმარტება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ თანხა არ მიუღია, საკმარისი არ არის. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს მოპასუხეების მიმართ არ აქვს ვალდებულება. მხოლოდ ახსნა-განმარტება ვერ გახდება წერილობით და ნოტარიულად დადასტურებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძველი.

 

ამასთან-საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაზე საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

 

კერძოდ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის (მოქალაქის) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებად მიიჩნევს საკუთრების უფლებას. (პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლი).

ამასთან, სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ საკუთრება მოიცავს როგორც მოძრავ, ისე უძრავ ქონებას, ასევე აქციებსა და პატენტებს, სახელშეკრულებო უფლებებსა და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალებს. ,,სარკსის“ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 1 ოქმის 1 მუხლი იცავს ამა თუ იმ პირის არსებულ ქონებას და არა ქონების შეძენის უფლებას. მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ითვლება საკუთრების უფლებად, ვიდრე ის სადავო არ გახდება. სასამართლო საკუთრებად მიიჩნევს ასევე ხელშეკრულებიდან თუ დელიქტიდან გამომდინარე სხვა სახის ფულად მოთხოვნებს.

პირველი დამატებითი ოქმის 1 მუხლის თანახმად, 1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის.

საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: ,,მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს პირველ ნორმასთან ერთად“.

პირველი ოქმის 1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას.

ამდენად, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე ევროპის სასამართლო, საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში უმნიშვნელოვანეს როლს სწორედ სასამართლოს აკისრებს. სწორედ სასამართლოა მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფოს სახელით მიიღოს გადაწყვეტილება და არ დაუშვას საკუთრებით სარგებლობის უსაფუძვლოდ შეზღუდვა.

 

6.7. „სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).

 

6.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

როგორც აღინიშნა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 01 დეკემბრის №141311013 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მაკა მ-------–-–---–მა გადასცა და მეორეს მხრივ ც----ა ფ-----ემ მიიღო სესხი 12.500 აშშ დოლარი თვეში 3.68% სარგებლის დარიცხვით, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ც----ა ფ-----ის საკუთრებაში არის უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქუთაისი, ქ. ჩკალოვი №10, ს/კ.03.01.21.219.01.001. ხელშეკრულება ძალაშია 2015 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ მაკა მ-------–-–---–მა მოთხოვნა დაუთმო ა--------ლ ჭ-------ეს. დადგენილია, რომ ც----ა ფ-----ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 23 მაისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ყოველივე მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 1000 (ათასი) ლარი. სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახ. ბაჟი 1000 ლარი. სარჩელის ფასია - 33.285.00 ლარი, ხოლო სახ. ბაჟი შეადგენს 998.55 ლარს. ე.ი ზედმეტად გადახდილი აქვს 1.45 ლარი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს შესაბამისი ანგარიშიდან (სსს კოდექსის 42-ე მუხლი. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი).

 

სსკ-ის 55.2-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი 998.55 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი უნდა ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

8.2. მოცემულ საქმეზე 2017 წლის 01 თებერვლის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს მერაბ ჯიხვაშვილის მიერ 2016 წლის 23 მაისს გაცემული N160544985 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ც----ა ფ-----ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.ც----ა ფ-----ეს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 998.55 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. ც----ა ფ-----ეს დაუბრუნდეს სახ.ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 1.45 ლარი.

 

4.გაუქმდეს 2017 წლის 01 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს მერაბ ჯიხვაშვილის მიერ, 2016 წლის 23 მაისს გაცემული N160544985 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე