გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
190210017002199013
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2762-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.03.2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თ----- კობაიძე

მოსარჩელე თ----- გ------–--ე

წარმომადგენელი ბელა ბერაძე

მოპასუხე ა------- გ-------ი

წარმომადგენელი ნანა ჯახველაძე

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ა------- გ-------ისათვის არასრულწლოვანი შვილების 2008 წლის 2----------- დაბადებული ნიკოლოზ გ-------ის და 2015 წლის 1-----–--- დაბადებული ანასტასია გ-------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 500 ლარის გადახდა;

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც მშობლების განქორწინების შემდეგ იზრდებიან მოსარჩელის ოჯახში. მოპასუხე განუქორწინებელი გამეგზავრა აშშ-ში ქალბატონთა ერთად და ამჟამად მესამე შვილს ელოდება. მოპასუხე არ ზრუნავს ბავშვებზე, მატერიალურად არ ეხმარება შვილების გაზრდაში.უმცროსი შვილი დადის საბავშვო ბაღში, სადაც ყოველთვიური გადასახადია 250 ლარი. მოპასუხეს აქვს სოლიდური შემოსავალი, იგი არის მეწარმე, მის ოჯახს საკუთრებაში აქვს კომერციული ფართი, რომლს გაქირავებით ამჟამადაც იღებს შემოსავალს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა 200-200 ლარის გადახდაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ა------- გ-------ი ემიგრაციაშია და ცხოვრობს აშშ-ში, სადაც არ მუშაობს და რაც სოციალურ დახმარებას იღებს. საქართველოში მისი სამეწარმეო საზოგადოება გაკოტრებულია და შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

(02.03.2018წ და 13.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკები)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. თ----- გ------–--ესა და ა------- გ-------ი განქორწინებულნი არიან და ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილები ნიკოლოზ გ-------ი და ანასტასია გ-------ი ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე თ----- გ------–--ესთან.

 

სასამართლო ე6ყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 27-30. ტომი 1)

 

3.1.2. თ----- გ------–--ე დასაქმებულია ფარმაცევტულ კომპანიაში და მის შემოსავალია თვეში 400 ლარამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მოსარჩელის განმარტება (13.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. თ----- გ------–--ესა და ა------- გ-------ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.

 

დაბადების მოწმობის თანახმად, 2015 წლის 1-----–--- დაბადებულია ანსტასია გ-------ი, ხოლო 2008 წლის 2----------- დაბადებულია ნიკოზლ გ-------ი. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა თ----- გ------–--ე, მამა – ა------- გ-------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 14-15. ტომი 1).

 

3.2.2. ა------- გ-------ი საქართველოში არის სამეწარმეო საზოგადოების დამფუძნებელი და დირექტორი, საიდანაც აქვს მზარდი შემოსავალი.

 

ა------- გ-------ი საქართველოში არ ცხოვრობს და საცხოვრებლად წასულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჰყავს ახალი ოჯახი, მეუღლე და ელოდება შვილის დაბადებას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ბრუკლინის სოც უზრუნველყოფის ცენტრის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ა------- გ-------ს აცნობებენ, რომ მას უარი ეთქვა სოციალური უზრუნველყოფის ბარათის გაცემაზე, რადგან არა აქვს აშშ-ში მუშაობის ნებართვა და დამაკმაყოფილებელი მიზეზი იმისათვის, რომ მიიღოს არასამუშაო სოციალური უზრუნველყოფის ნომერი.

 

მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ იგი აშშ-ში დასაქმებული არ არის და არც სოციალური უზრუნველყოფა გააჩნია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთმითითებული მტკიცებულება მოპასუხის ფინანსური სიძნელეების დასადასტურებლად საკმარისი არ არის, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით დასტურდება, რომ მოპასუხეს საქართველოში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.

 

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 5 მარტის ცნობის თანახმად, ფიზიკური პირის ა------- გ-------ის დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 თებერვლის ჩატვლით არის 4500 ლარი. შემოსავალის მიღებულია დამსაქმებლის ილონა გრიგორიანისაგან ყოველთვიურად 750 ლარის ოდენობით, საიდანაც დაკავებულია საშემოსავლო გადასახადი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით. შემოსავლის ტიპია სხვა სახის შემოსავალი.

 

მოსარჩელის შუამდგილობით სასამართლომ შემოსავლებს სამსახურიდან გამოითხოვა ა------- გ-------ის შემოსავლების ინფორმაცია 2016 -2017 წლებში. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის წერილში მითითებულია, რომ ფიზიკური პირის ა------- გ-------ის 2016 წელს მიღებული შემოსავალია 17 606.25 ლარი, ხოლო 2017 წელს მიღებული დასაბეგრი შემოსავალია 20 198.21 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია გადასახადის გადამხდელის შედარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 5 იანვრამდე პერიოდში შპს გ--------ის მიერ გადასახდელი მოგების გადასახადია 22 203 ლარი, მათ შორის დამატებით დარიცხულია 27743 ლარი, გადაანგარიშებით დარიცხული 22207.66 ლარი, ბიუჯეტში გადახდილია 682.66 ლარი.

 

სამეწარმეო რეესტრში არსებული ინფორმაციით შპს „გ--------ი“ დაფუძნებულია 2004 წლის 3 თებერვალს. მისი დამფუძნებლები არიან ა------- გ-------ი და ბადრი გ-------ი თანაბარ წილად. დირექტორია ა------- გ-------ი. სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, საზოგადოების მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის უფლება.

 

ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ა------- გ-------ი საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. იგი არის შპს "გ--------ის" ერთერთი დამფუძნებელი და ამავე დროს ხელმძღვანელი. მართალია იგი ცხოვრობს აშშ-ში, მაგრამ ამავდროულად იგი არის საქართველოში მისი მონაწილეობით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით დასტურდება რომ შპს „გ--------ი“ არის აქტიური საქმიანობის მქონე იურიდიული პირი, რადგან საზოგადოების მიერ გადასახდელი მოგების გადასახადია 22 207,66 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, ორგანიზაციის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. მოგების გადასახადი შეადგენს შემოსავლის 20%-ს.

 

ამდენად, ა------- გ-------ი მართავს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო იურიდიული პირს შპს „გ--------ს, რომლის 2017 წლის შემოსავალი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. შპს "გ--------ის" სამეწარმეო საქმიანობის შედეგად შემოსავალი არ მცირდება და იგი წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია. მას აქვს სოლიდური შემოსავალი, რადგან მოგების გადასახადის სახით ერთ წლის მანძილზე დარიცხული აქვს 22 207,66 ლარი, რაც საზოგადოების სერიოზულ შემოსავალზე მიუთითებს და არა კომპანიის გაკოტრებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ფინანსურ სიძნელეებზე არ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ა------- გ-------ს აქვს საკრედიტო ვალდებულება, ხოლო შპს გ--------ს აქვს გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება.

 

სს „თიბისი ბანკის“ მიერ 2018 წლის 7 მარტის გაცემული ინფორმაციის თანახმად, ა------- გ-------ს აღებული აქვს სამომხმარებლო სესხი 26 000 ლარი, რომლის ნაშთია 20 427.23 ლარი. სესხზე პირგასამტეხლო დარიცხული არ არის. კრედიტის დაფარვის გრაფიკის თანახმად, სესხი გაცემულია 2016 წლის 27 სექტემბერს 2021 წლის 20 სექტემბრამდე.

 

შპს გ--------ის საგადასახადო შედარების აქტის თანახმად, შპს გ--------ის მიერ გადასახდელია ჯამურად გადასახადი 45 917,56 ლარის ოდენობით, ხოლო არაღიაებული დავალინებაა 188 737,23 ლარი, რაც კომპანიის ფინანსური სიძნელეების მტკიცებისათვის საკმარისი მტკიცებულება არ არის.

 

ა------- გ-------ს სს თიბისი ბანკიდან აღებული აქვს კრედიტი 26 000 ლარი, თუმცა მას გადაუხდელი დავალიანება არ გააჩნია. საკრედიტო ვალდებულების შესრულების ვადა ამოწურული არ არის, რადგან ბანკის ინფორმაციით 2018 წლის 7 მარტის მდგომარეობით ვადამოსული საპროცენტო ვალია 125.92 ლარი. ჯარიმა დარიცხული არ არის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კრედიტის დაფარვის ვადა დარღვეული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 91-93. ტომი 1)

- სს თიბისი ბანკის ცნობა (ს.ფ. 90. ტომი 1)

- შემოსავლების სამსახურის 05.03.2017წ ცნობა (ს.ფ. 64-95. ტომი 1)

- საგადასახადო შედარების აქტი (ს.ფ. 75. ტომი 1)

- შემოსავლების სამსახურის 09.02.2018 წერილი (ს.ფ. 61. ტომი 1)

- აშშ-ს სოციალური მომსახურების სამსახურის ცნობის ასლი (ს.ფ. 73-74. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 300-300 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.

გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თვაინთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.

 

მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვს მცირეწლოვანი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები.

 

ანასტასია გ-------ი დადის საბავშვო ბაღში, რუსთავის არასახელმწფო ინტეგრირებულ საბავშვო სკოლა-ბაღში „ბალავარი“, სადაც ყოველთვიური გადასახადია 250 ლარი.

 

მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 200-200 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე ყოველთვიურად 200-200 ლარის დაკისრებაზე თანხმობას აცხადებს იმის გამო, რომ მისი განმარტებით მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა და გააჩნია ფინანსური პრობლემები, მკვეთრად შემცირებულია მისი შემოსავალი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რაც მის ფინანსურ სიძნელეებზე მიუთითებს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 200-200 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეუძლია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს შეუძლია 200-200 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილების რჩენისათვის.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.

 

ამდენად, შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელე დასაქმებულია, თუმცა მას აქვს მოპასუხეზე ნაკლები შემოსავალი. მოპასუხისგან განსხვავებით, მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობას არ მისდევს და შემოსავალს მეწარმეობით არ იღებს. ამასთან, მასთან იზრდება ორი არასრულწლოვანი შვილი, რის გამოც ყოველდღიურად იგი ზრუნავს ბავშვზე, მას უწევს ბავშვის რჩენისათვის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის რჩენის ვალდებულების მოცულობა არ იცვლება მშობლების განქორწინების შედეგად. ოჯახის შექმნით და შემდგომ ბავშვის დაბადებით მეუღლეებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა შვილის მიმართ. განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილების აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.

 

განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ბავშვის ის მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მშობლების ერთად ყოფნის დროს ექნებოდა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეუსაბამო ალიმენტის თანხაა 200-200 ლარი, რადგან მოპასუხეს აქვს შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან.

 

მხარეების უმცროსი შვილი ანასტასია გ-------ი დადის საბავშვო ბაღში, სადაც ყოველთვიური გადასახადია 250 ლარი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ბავშვი დაჰყავს ძვირადღირებულ ბაღში, რისი აუცილებლობა არ არის. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება მშობლებს ეკისრებათ მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად, რაც გულისხმობს მშობლების მატერიალური შესაძლებლობის კვალობაზე ამ მოვალეობის დაკისრებას. მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვების აღზრდის პირობები არ უნდა გაუარესდეს, შეძლებისდაგავრად უნდა იყო უზრუნველყოფილი ბავშვის აღზრდის ის პირობები, რაც მშობლების ერთად ცხოვრების პირობებში ექნებოდა, თუკი არ არსებობს ამის გამომრიცხავი რაიმე განსაკუთრებული, საპატიო გარემოება (ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, მატერიალური სიდუხჭირე და ა.შ.). მხარეთა მატერიალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად კარგი, რის გამოც მოპასუხეს აქვს მატერიალური შესაძლებლობა არასრულწლოვან ბავშვს შეუნარჩუნდეს ფასიან საბავშვო ბაღში სწავლის შესაძლებლობა.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს იმას, რომ მოპასუხის საკრედიტო ვალდებულების არსებობა შვილის რჩენის ვალდებულების შემცირების საფუძველი არ არის, რადგან საბანკო კრედიტო აღებულია არა განსაკუთრებული საჭიროების გამო (მაგ: ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მკურნალობის მიზნით), არამედ აღებულია სამომხმარებლო კრედიტი, რომლის გადახდის ვალდებულება მნიშვნელოვნად დარღვეული არ არის. სასამართლო განმარტავს, კომუნალური ხარჯების ანაზღაურება, ასევე საკრედიტო ვალდებულების არსებობა ადამიანის ყოფა-ცხოვრებისათვის ჩვეულებრივი ვალდებულებებია და მათი არსებობა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პირობებშიც შვილის რჩენის ვალდებულებას არ ამცირებს. შესაბამისად, განქორწინების შემდეგაც მშობლის ფინანსური ვალდებულებები შვილის რჩენის საკითხში მინიმალური ვალდებულების დაკისრებას არ იწვევს. განქორწინების შემდეგადაც მშობელს ევალება შვილის სათანადოდ რჩენა მისი უნარების და მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. ასეთი მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მოპასუხეს არა აქვს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 300-300 ლარის ოდენობით ალიმენტი, რადგან არ დასტურდება ყოველთვიურად ორივე შვილისათვის საერთო ჯამში 1000 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების აუცილებლობა ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 4 დეკემბრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 7200 ლარს. სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 216 ლარი (დავის საგნის ღირებულების 3%).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი 600 ლარიდან მოპასუხემ ცნო 400 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 68%. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 68% არის 146,88 ლარი, რომლის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან ამდენად, საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 69,12 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გააიხადოს მოპასუხემ. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თ----- გ------–--ის სარჩელი;

 

1.1. ა------- გ-------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2008 წლის 2----------- დაბადებული ნიკოლოზ გ-------ის და 2015 წლის 1-----–--- დაბადებული ანასტასია გ-------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის 300 ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2017 წლის 4 დეკემბრიდან;

 

2. ა------- გ-------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 69,12 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი