გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2018
საქმის ნომერი
611210414515530
კატეგორია
დავის ტიპი
მოქალაქის უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

611210414515530

№2/109-14

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში

ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

განმცხადებელი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარნეულის სამსახური

წარმომადგენელი - ნი-----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - ემ--–------------–ი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - ომ----------------–---ი

დაინტერესებული პირი - ელ---------------–ი

თარჯიმანი - ნა--–-------------ა

განმცხადებლის მოთხოვნა - პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა

 

1.1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც შუ-----------------–ი (დაბადებული 1968 წლის 17 აპრილს, დაბადების ადგილი ქ. მარნეული) გამოცხადებული იქნა გარდაცვლილად.

 

განმცხადებლის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 1968 წლის 17 აპრილს საქართველოში, მარნეულში დაბადებული შუ-----------------–ის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შუ-----------------–იმ 2017 წლის 02 მარტს განცხადებით მიმართა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი სამართლებრივი სტატუსის დადგენის შესახებ. წარმოდგენილი და მოძიებული დოკუმენტების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, 2014 წლის 09 ივლისს რეგისტრირებული იქნა 1968 წლის 17 აპრილს მარნეულში დაბადებული, შუ-----------------–ის გარდაცვალების N37147000597 აქტის ჩანაწერი. გარდაცვალების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N2/109-14 გადაწყვეტილება, რომლითაც შუ-----------------–ი გამოცხადდა გარდაცვლილად. გარდაცვალების დღედ აღიარებული იქნა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

 

2018 წლის 27 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი ომ----------------–---ი დაეთანხმა განცხადებას.

 

21. დაინტერესებული პირის პოზიცია

 

2018 წლის 27 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დაინტერესებული პირი ელ---------------–ი დაეთანხმა განცხადებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მოქალაქე შუ--------–------------------------–-, დაბადებული 1968 წლის 17 აპრილს, მცხოვრები ქ. მარნეული, წერეთლის ქ. N5, 2013 წლის 18 დეკემბრიდან შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 11);

 

3.1.2. 2014 წლის 04 ივნისს, მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს განცხადებით მიმართა ემ--–------------–იმ და მოითხოვა შუ--------–------------------------–-ს, დაბადებული 1968 წლის 17 აპრილს, გარდაცვლილად გამოცხადება. განმცხადებელი ემ--–------------–ი არის შუ-----------------–ის შვილი. საქმეში დაინტერესებული პირის სახით ასევე მონაწილეობდა შუ-----------------–ის მეორე შვილი ელ---------------–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 1-2);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 4, 17).

 

3.1.3. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ემ--–------------–ის განცხადება და შუ-----------------–ი (დაბადებული 1968 წლის 17 აპრილს, დაბადების ადგილი ქ. მარნეული) გამოცხადებული იქნა გარდაცვლილად. შუ-----------------–ის გარდაცვალების დღედ აღიარებული იქნა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 24.06.2014 წლის ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან (ს.ფ. 41-42);

 

3.1.4. 2017 წლის 02 მარტს, 1968 წლის 17 აპრილს დაბადებულმა შუ-----------------–იმ განცხადებით მიმართა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი სამართლებრივი სტატუსის დადგენის მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 65);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გამხდარა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენის ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო ახალი გადაწყვეტილებით აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას. ახალი გადაწყვეტილება არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების აქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.

 

ამავე კოდექსის 3211 მუხლის თანახმად, მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით.

 

სსსკ-ის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.

 

საქმის განხილვის შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ ემ--–------------–ის განცხადების საფუძველზე შუ-----------------–ი (დაბადებული 1968 წლის 17 აპრილს, დაბადების ადგილი ქ. მარნეული) გამოცხადებული იქნა გარდაცვლილად. შუ-----------------–ის გარდაცვალების დღედ აღიარებული იქნა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. დადგენილია, რომ შუ-----------------–იმ, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა გარდაცვლილად, 2017 წლის 02 მარტს განცხადებით მიმართა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მისი სამართლებრივი სტატუსის დადგენის მოთხოვნით. ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით გარდაცვლილად გამოცხადებული პირი და განმცხადებელი ერთიდაიგივე პიროვნებაა, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელმა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გარდაცვლილად გამოცხადებული პირის გამოჩენა ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა წარმოადგენს სასამართლოს მიერ წინანდელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 23-ე მუხლის არსიდან გამომდინარე გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნება ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენა წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

ამდენად, ვინაიდან სახეზეა პირი, რომელიც სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით აღიარებული იქნა გარდაცვლილად, განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შუ-----------------–ი (დაბადებული 1968 წლის 17 აპრილს, დაბადების ადგილი ქ. მარნეული) გამოცხადებული იქნა გარდაცვლილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე, 311-ე, 321-ე, 3211, 243-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარნეულის სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება შუ-----------------–ის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება არის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გარდაცვალების აქტის ჩანაწერის გაუქმების საფუძველი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ია ლაბაძე