გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.03.2018
საქმის ნომერი
820310017001958665
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
15.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017001958665 ( 3-114/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მარტი, 2018 წელი. ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - ჭი-----------ძე

წარმომადგენელი- ლე-–-----------ძე

მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა,წარმომადგენელი - გი-------------ე, ნა-----------–-ძე,მესამე პირები: სო------------ე, მი----–------ძე

წარმომადგენელი: მუ----------–-----ძე

დავის საგანი - სოფელ ახ--––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სოფელ ახ--––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმი ჭი-----------ძეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში, გაუქმდეს მისი თანმდევი შედეგი-საკომლო წიგნის ჩანაწერი მიწის გამოყოფის შესახებ.

 

თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

მოსარჩელე ჭი-----------ძის მამის რე---- ბ-----ის ოჯახი ხელვაჩაურის რაიონი სოფელ სამებაში (ახ--––--ი) წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომლის უფროსი 1982-1997 წწ იყო ბ-----ე რე----ალი, ხოლო ამ პერიოდში კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ 1.მეუღლე უ---- ბ-----ე, შვილები: ბ-----ე გუ----–ი, ბ-----ე ჭი-----, ბ-----ე მი----–ი, ბ-----ე ტა-----ა,მოგვიანებით კი მიკრულია ბ-----ე მი----–ის შვილი ბ-----ე ს------ და მეუღლე ბ-----ე ნ----. კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი აგებული 1961 წელს.

1992 წელს გარდაიცვალა დედა ბ-----ე უ----ი, 1994წ გარდაიცვალა მამა რე---- ბ-----ე.

კომლის წევრები : ბ-----ე გუ----–ი გასული იყო კომლის შემადგენლობიდან, გათხოვდა. შესაბამისად კომლში დარჩა მოსარჩელე ჭი-----------ძის ოჯახი და მისი ძმა მი----–------ძე თავისი ოჯახით. 2014 წლის 28 ივლისს მი----– ბ-----ემ და სო------------ემ საარქივო ცნობის საფუძველზე კომლის მთელი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრებად დაირეგისტრირეს.

არქივიდან საკომლო ამონაწერების ამოღების შემდგომ აღმოჩნდა, რომ საკომლო წიგნში გადასმული აქვს ხაზი ჭი-----------ძეს კომლის შემადგენლობაში და მიწერილია საფუძველი, რომ არის ცალკე კომლად გამოყოფილი, ცალკე კომლად გამოყოფის საფუძვლად მითითებულია 1988 წლის ოქმი №7. საკომლო წიგნში ცალკე კომლად დაარეგისტრირეს და მიაწერეს თითქოს გამოეყო მიწის ნაკვეთიც.

აღნიშნული ფაქტი მოსარჩელისათვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც სასამართლოდან მიუვიდა შეტყობინება აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან მისი ცოლ -შვილის გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით.

რე---- ბ-----ის კომლის შემადგენლობიდან ჭი-----------ძის ამოწერა იმ საფუძვლით, რომ გამოეყო ცალკე კომლად და ხაზი გადასმა არის ბათილი იმდენად რამდენადაც დღემდე ცხოვრობს კომლის ქონებაში. ჭი-----------ძე ცალკე კომლად რომ ყოფილიყო გამოყოფილი აუცილებლად უნდა არსებობდეს გამოყოფის საფუძველები - განცხადება და აღმასკომის გადაწყვეტილება, ასევე მასვე უნდა მოზომვოდა მიწის ნაკვეთის ზღრული ნორმა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ -სოფელ ახ--––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმი მის მიმართ არის უკანონო, აყენებს ზიანს, რამდენადაც ის კომლიდან არ გამოყოფილა და არც მიწის ნაკვეთი მიუღია, შესაბამისად ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით გამგეობის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ გასაჩივრებული კრების ოქმი კანონის დაცვით არის მიღებული, აღნიშნული ოქმით სხვა პირებსაც გადაეცათ მიწის ნაკვეთები და მისი კანონიერება არ არის სადავო.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირები მი----–------ძე და სო------------ე და მათი წარმომადგენელი წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას არ დაეთანხმნენ სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევენ, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის რამდენიმე საფუძველი. პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული კრების ოქმის ბათილად ცნობისათვის არ არსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რადგანაც აღნიშნული ოქმით არ არის დარღვეული მოსარჩელის უფლებები და ოქმი ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერსს. გარდა აღნიშნულისა, გასულია ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ვადა. ოქმი მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა 2017 წლის 31 იანვრის სასამართლო სხდომაზე. მას არ გაუსაჩივრებია და იმ დროისათვის არ მოუთხოვია ბათილად ცნობა, ამასთანავე, ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაში პირდაპირაა მითითებული, რომ რწმუნებულთა კრების N3 ოქმი ყალბი არაა. ჭი-----------ძე კომლიდან გამოყოფილია 1988 წლის 29 ივლისს, ახ--––--ის საკრებულოს N178 გადაწყვეტილებით, ხოლო მიწის ნაკვეთი გამოეყო 8 წლის შემდეგ 1996 წლის 17 აპრილს. მიწის ნაკვეთის გამოყოფას მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია, სარჩელში მითითებული საკითხები წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს და გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 24 ოქტომბრის N AA 2016075360-03 ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ახ--––--ის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ახ--––--ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ბ-----ე რე----ალი მუ-----ის ძე არის კომლის უფროსი და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე უ---- ბ-----ე, შვილები: ბ-----ე გუ----–ი, ბ-----ე ჭი-----, ბ-----ე მი----–ი, რძალი- ბ-----ე ტა-----ა, შვილი შვილი ბ-----ე ს------ და რძალი ბ-----ე ნ----. კომლის სარგებლობაში არსებული ნიწის ნაკვეთი შეადგენს 1986-1996 წლებში 0.19 ჰა. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1961 წელს 110 კვ. მეტრი ფართობით.

ცნობაში ჭი-----------ძის გასწვრივ აღნიშნულია - გამოეყო ცალკე კომლად, ოქმი N7.

1988 წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხელვაჩაურის არქივის ცნობა ოქტომბრის N AA 2016075360-03. 24.10 2016 წ.

-საკომლო ამონაწერი

 

4.2.2. ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 13 დეკემბრის N AA 2016081826-03 ცნობის მიხედვით, ახ--––--ის თემის საკრებულოს (სასოფლო საბჭოს) 1986-1996 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით ჭი-----------ძეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ აწერია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხელვაჩაურის არქივის ცნობა ოქტომბრის N AA 2016081826-03 . 13.12. 2016 წ.

-საკომლო ამონაწერი

 

4.2.3. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახ--––--ში მდებარე 2128 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადრე წარმოადგენდა ბ-----ე რე----ალის კომლის საკუთრებას, ამჟამად რეგისტრირებულია მი----–------ძისა და სო------------ის სახელზე. აღნიშნულ სახლში რეგისტრირებულ მესაკუთრეებთან ერთად ცხოვრობს მოსარჩელე ჭი-----------ძეც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები.

--ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

4.2.4. სოფელ ახ--––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმით დადგენილი იქნა ,, დამტკიცდეს კომისიის მიერ წარმოდგენილი შერჩევის აქტი და გამოეყოს ჭი-----------ძეს N3 ბრიგადაში აღნიშნული 0.20 ჰა მიწის თავისუფალი ფართობი საკარმიდამოდ სარეფორმო სარეზერვო ფონდიდან. დაევალოს სარეზერვო სარეფორმო მიწების ფონდის გამანაწილებელ კომისიას 15 დღის ვადაში წარმოადგინოს საკარმიდამო ნაკვეთის მიზომვის აქტი სათანადო გამიჯვნით მიწის სარგებლობის წესების ზუსტი დაცვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სოფელ ახ--––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმი.

 

4.2.5 მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს სოფელ ახ--––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმით ჭი-----------ძეზე გამოყოფის საკითხი და შესაბამისად სადავოა აღნიშნულ ოქმის კანონიერება.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს რომ ჭი-----------ძეს არ შეუტანია განცხადება და არ მოუთხოვია მიწის გამოყოფა, კრებაზე არ ყოფილა მოწვეული ჭი-----------ძე და საერთოდ გაურკვეველია ჩატარდა თუ არა აღნიშნული კრება, ჭი-----------ძეს არ გამოყოფია მიწის ნაკვეთი, არ შემდგარა მიღება ჩაბარების აქტი, ჭი-----------ძეს არ აქვს საცხოვრებელი სახლი და მამისეული სახლიდან საცხოვრებლად სხვაგან არ გადასულა.

 

მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ ეთანხმება მოსარჩელის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ ოქმი კანონიერად არის მიღებული და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

საქმეზე ჩართული მესამე პირები და მათი წარმომადგენელი ამტკიცებენ, რომ გასაჩივრებული ოქმით არ დარღვეულა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, მისი ბათილად ცნობა ვერავითარ შედეგს ვერ მოუტანს მოსარჩელეს, გასულია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ყველა მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

სასამართლო, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად და განმარტების გამყარების მიზნით მტკიცებულების სახით წარმოადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 29/12/2016 N05/6827 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ჭი-----------ძე დაბადებიდან დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მამის რე---- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში, ასევე სოფელ სამებაში მიწის ნაკვეთი არ გააჩნია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სოფელ სამებასა და ზედა სამებაში 21/12. 2016 წ. წერილით დგინდება, რომ ჭი-----------ძე დაბადებიდან ცხოვრობს ოჯახთან ერთად სოფელ სამებაში მამის რე---- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში და საკუთრებაში არ გააჩნია მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 დეკემბრის წერილის მიხედვით საჯარო რეესტრის მონაცემებში ჭი-----------ძის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ჭი-----------ძის მეზობლები აქტზე ხელწერით ადასტურებენ, რომ ჭი-----------ძეს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია. ხელვაჩაურის არქივის ცნობით, სოფელ ახ--––--ის კოოპერაციული მეურნეობის 1996 წლის 17 აპრილის რწმუნებულთა კრების ოქმის თანდართული დოკუმენტები(განცხადება, შერჩევა დათვალიერებისა და მიზომვის აქტები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შემოსულა.

 

ამასთანავე მოსარჩელემ თავისი მტკიცების გასამყარებლად წარმოადგინა მოწმეები, სო----------ძე, ია–------------ძე და ნო----------------ძე. სო----------ძემ და ია–------------ძემ დაადასტურეს, რომ ჭი-----------ძე არასოდეს გამოყოფილა მამისეული სახლიდან ცალკე კომლად და არ გააჩნია მიწის ნაკვეთი. მოწმე ნო----------------ძის ჩვენებით, იმ პერიოდისათვის ის მუშაობდა ახ--––--ის საკრებულოს თავმჯდომარედ, სადავო ოქმში თვითონაც არის მითითებული, თუმცა ის ამ კრებას არ დასწრებია, მისთვის მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი აღნიშნული ოქმის შესახებ, მოწმის ჩვენებით, ჭი-----------ძეს არ გამოყოფია და არც ამჟამად გააჩნია მიწის ნაკვეთი, მამისეული სახლიდან ის ცალკე საცხოვრებლად არასოდეს გადასულა.

 

მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელს თავის არგუმენტების გასამყარებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

საქმეზე მესამე პირებად ჩართული მი----–------ძე, სოფო ბ-----ე და მათი წარმომადგენელი მიუთითებენ ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებასა და ამ საქმეში არსებულ, მათი ინიციატივით გამოთხოვილ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ გასაჩივრებული სოფელ ახ--––--ის კოოპერაციული მეურნეობის ოქმი N3 მოსარჩელისთვის ცნობილი იყო 2017 წლის იანვრიდან, სრულყოფილი ოქმი მას ჩაბარდა სასამართლოს მიერ 2017 წლის მარტის თვეში. მოსარჩელეს ოქმი არ გაუსაჩივრებია, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილები დადგენილია, რომ ოქმი ყალბი არ არის და ამ საფუძვლებით ითხოვენ საქმის წარმოების შეწყვეტას.

 

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

რაც შეეხება მოთხოვნას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარეზე ადმინისტრაციული აქტის მიმღები ორგანოს მიერ აქტის ოფიციალურად ჩაბარებიდან, შესაბამისად საქმის განხილვის დროს იმსჯელა აღნიშნულზე და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა განმარტებები,- მოწმეთა ჩვენებები.

- ხელვაჩაურის გამგეობის ცნობა

- სოფლის რწმუნებულის ცნობა

- სოფლის მცხოვრებთა ოქმი.

- საარქივო ცნობა

- ინფორმაცია რწმუნებულთა კრების ოქმის სასამართლოზე გადმოგზავნის შესახებ

- ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ჭი-----------ძის სარჩელის დაკმაყოფილებისა და სოფელ ახ--––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმის ჭი-----------ძეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს კონსტიტუცია

– საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სოფელ ახ--––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმით დაირღვა მისი უფლება, ოქმით მიეცა არ არსებულ მიწის ნაკვეთზე უფლება, რამაც სხვა დავაზე იქონია გავლენა და მიღებული იქნა მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ახ--––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების ქმედება ჭი-----------ძის მიმართ შეფასებული უნდა იქნას მოსარჩელის უფლების დარღვევად. მოსარჩელეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით უფლება აქვს სარჩელი აღძრას ახ--––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების უფლებამონაცვლის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ამჟამად მერიის) მიმართ და მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სოფელ ახ--––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.

 

7.3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების გავრცელების გათვალისწინებით იყოფა სახელმწიფო მიწის ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. ამავე დადგენილების მე-11 პუნქტის მიხედვით, მიწის გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) სამმართველოს ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) სამმართველოს ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების, «საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ» 1-ლი მუხლის თანახმად, მიწის რეფორმის რაიონული კომისია შეარჩევს მიწის ნაკვეთებს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემად. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ შესაბამისი სოფლის გამგეობა (გამგებელი) და მეურნეობის (სასოფლო- სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელები. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე ადგენენ მიწის ნაკვეთის აქტს 5 ცალად, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, აგრეთვე შესაბამისი სოფლის გამგეობისა და მეურნეობის (სასოფლო სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელი. რაიონული კომისია მიწის შერჩევის მასალებს 3 დღის ვადაში წარუდგენს რაიონის გამგეობას განსახილველად. დადგენილების შესაბამისი მუხლებით განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის პროცედურები საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედების თაობაზე» მე-5 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება არ ვრცელდებოდა იმ მიწებზე, რომლებიც მიღებული ჰქონდათ დადგენილი წესის დარღვევით, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ მკვეთრი ზღვარი გაავლო დადგენილი წესის (პროცედურის) დარღვევით მიღებულ მიწებთან დაკავშირებით, რითაც გამოირიცხა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პროცედურის დაცვის გარეშე გაცემულ მიწებზე საკუთრების უფლების გადაცემის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანოები შებოჭილი არიან საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი პოლიტიკით, რის გამოც ვალდებული იყვნენ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეემოწმებინათ მიწის გადაცემის ფორმალური მხარე.

 

7.4. ჭი-----------ძის მიმართ მიწის გამოყოფა მოხდა ზემო დასახელებულ ნორმათა დარღვევით, დადგენილია, რომ ჭი-----------ძეს არ მიუმართავს კომისიისათვის მიწის გამოყოფის შესახებ, არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარება და არ არის შემდგარი შესაბამისი აქტი, გასაჩივრებული კრების ოქმი არ შეესაბამება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ადმინისტრაციული აქტის მიღების წესებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ - დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

7.5. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებმარწმუნებულთა კრებამ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად, საკითხის განხილვაზე არ იყო მოწვეული ჭი-----------ძე, ვის მიმართაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება.

 

მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა მხოლოდ ის გარემოება, რომ ოქმი კანონიერია და არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი, მესამე პირები კი მხოლოდ გასაჩივრების ვადის გასვლაზე მიუთითებენ.

 

7. 6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ჭი-----------ძის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სოფელ ახ--––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი ჭი-----------ძეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში,რამდენადაც იგი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და სახეზეა ამ აქტის შედეგად მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე - ჭი-----------ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჭი-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სოფელ ახ--––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 17 აპრილის N3 ოქმი ჭი-----------ძეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში, გაუქმდეს მისი თანმდევი შედეგი-საკომლო წიგნის ჩანაწერი მიწის გამოყოფის შესახებ.

 

3. მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება ჭი-----------ძის სასარგებლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 358/.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე