გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001639175
2-3848/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01/03/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე- შპს ბ---------------------------–------–---------ა
წარმომადგენელი - ნ-------------------------------–---–ი
მოპასუხე - შპს ‘’ს------–----’’
წარმომადგენელი - ვლ---------------ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა
შპს “ბ---------------------------–------–----------ამ” სარჩელი აღძრა შპს”ს------–----”-ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 82 506.94 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს “ბ---------------------------–------– ქარხანას“ და შპს ”ს------–----”-ს შორის 1998 წლის 15 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება №119, რომლის საფუძვლებზეც შპს “ბ---------------------------–------–----------ამ” იკისრა ვალდებულება შპს ”ს------–----”-ს რკინიგზის საშუალებით მომსახურება გაუწიოს 200 000 ტ. Nნედლი ნავთობის მიღებაში, შენახვასა და საზღვაო გემებით მისი ექსპორტზე გაშვებაში. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და მოპასუხეს გაუწია შესაბამისი მომსახურება. შესრულებული მომსახურების სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა მომსახურების თანხა. მოპასუხემ ნაკისრი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა და არ გადაიხადა მომსახურების ღირებულება. მას გადასახდელი აქვს 82 506.94 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს ყველა ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 1998 წლის 15 აპრილს შპს “ბ---------------------------–------– ქარხანას“ და შპს ”ს------–----”-ს შორის გაფორმდა ნედლი ნავთობის გადასაზიდად ტერმინალების გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება №119, რომლის საფუძვლებზეც შპს “ბ---------------------------–------–----------ამ” იკისრა ვალდებულება შპს ”ს------–----”-ს რკინიგზის საშუალებით მომსახურება გაუწიოს 200 000 ტ. Nნედლი ნავთობის მიღებაში, შენახვასა და საზღვაო გემებით მისი ექსპორტზე გაშვებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
ნედლი ნავთობის გადასაზიდად ტერმინალების გამოყოფის შესახებ xelSekrუleba #119. ს.ფ. 21-30.
3.1.2. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და მოპასუხეს გაუწია 200 000 ტ. ნედლი ნავთობის მიღებაში, შენახვასა და საზღვაო გემებით მისი ექსპორტზე გაშვებაში მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შედარების აქტი. ს.ფ.18-20
მხარეთა განმარტებები.
3.1.3. ხელშეკრულების მიხედვით შესრულებული მომსახურების ღირებულება Sps ”ს------–----”-s უნდა გადაეხადა მომსახურების გაწევამდე წინასწარ. წინასწარ გადახდის გარეშე მოსარჩელემ გაუწია მომსახურება. მოპასუხეს 1998 წლის 21 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი ჰქონდა 422 475 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შედარების აქტი.ს.ფ. 19.
- მხარეთა განმარტებები.
3.1.4. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 1998 წლის 15 აპრილის №119 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების სანაცვლოდ შპს ,,ს------–- - 95“-ს გადასახდელი აქვს გადასახდელი 82 506.94 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადაო ფაქტობრივი გარემოებაა ხანდაზმულობის საკითხი. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას მომსახურების საფასური მოსარჩელისათვის გადახდილი არ აქვს 1998 წლის შემდეგ. შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან, სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი დრო.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის, ხანდაზმულობის ვადაში აღძვრა მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს. ხანდაზმულობის დასადგენად უნდა დადგინდეს მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის თარიღები. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება.
3.2.3. უდაოა, რომ გარიგება დაიდო 1998 წლის 15 აპრილს. მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით უნდა გადახდილიყო მომსახურებამდე წინასწარ. დადგენილია, რომ მომსახურებამდე სამომავლო მომსახურების ღირებულება გადახდილი არ ყოფილა. ასევე დადგენილია, რომ მომსახურება შედგა 1998 წელში. შესაბამისად თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 1998 წელს.
იხ. ხელშეკრულება.ს.ფ. 21-30
3.2.4. საქმეში არაა წარმოდგენილი მოპასუხის მიერ თანხის გადახდის მტკიცებულება. ასეთ სიტუაციაში ივარაუდება, რომ მოპასუხეს 1998 წლის შემდეგ მოსარჩელისათვის თანხები გადახდილი არ აქვს. შესაძლებელია მოპასუხემ რაღაც პერიოდში თანხა გადაიხადა, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს. თუ არსებობს ასეთი მტკიცებულება, მაშინ ის მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს და ამით გააქარწყლოს მოპასუხის შესაგებელი ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. გადახდის მტკიცებულების არარსებობის გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს 1998 წლიდან სარჩელის აღძვრამდე, მომსახურების თანხა გადახდილი არ აქვს.
3.2.5. მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია დაახლოებით 18 წელი.
იხ. სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს მომსახურება გაუწია და მიღებული მომსახურების სანაცვლოდ მას უნდა გადაეხადა თანხები. მან ნაკისრი მოვალეობა არ შეასრულა და მომსახურების ღირებულება არ გადაუხადა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა მომსახურების ღირებულება, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მოპასუხისათვის თანხების დაკისრება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად მომსახურების ხარისხი, ვადების დაცვა, ჯეროვანი მომსახურება და ა.შ.), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა მომსახურების ღირებულების დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოთხოვნა არის თუ არა ხანდაზმული და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი. თუ სარჩელი ხანდაზმულია, სხვა საკითხების დადგენას ეკარგება მნიშვნელობა.
6.3. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ნარდობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები არიან სამეწარმეო სუბიექტები და მათი მიზანია გარიგებათა დადებით გარკვეული მოგების მიღება. მოსარჩელეს შეეძლო დაინტერესებულ პირებს ნედლი ნავთობის გადაზიდვისათვის გამოუყოს ტერმინალი, ასევე მომსახურება გაეწია ნედლი ნავთობის მიღებაში, შენახვასა და საზღვაო გემებით მისი ექსპორტზე გაშვებაში. თავის მხრივ მოპასუხეს სჭირდებოდა ნედლი ნავთობის გადაზიდვისათვის ტერმინალის გამოყოფა, ნედლი ნავთობის მიღებაში, შენახვასა და საზღვაო გემებით მისი ექსპორტზე გაშვებაში მომსახურების მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს რაც საფუძველი გახდა ის ნედლი ნავთობის გადასაზიდად ტერმინალების გამოყოფის შესახებ 1998 წლის 15 აპრილის №119 ხელშეკრულების დადებისა. შპს “ბ---------------------------–------–----------ამ” იკისრა ვალდებულება შპს ”ს------–----”-ს რკინიგზის საშუალებით მომსახურება გაუწიოს 200 000 ტ. Nნედლი ნავთობის მიღებაში, შენახვასა და საზღვაო გემებით მისი ექსპორტზე გაშვებაში. ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს ,,ს------–----“-მა შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა მომსახურების გაწევა. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ მომსახურების ღირებულება გადაეხადა შეთანხმებულ ვადაში. მას მომსახურების ღირებულება უნდა გადაეხადა 1998 წელში. მიუხედავად ამისა მან დაარღვია ვალდებულება და მომსახურების ღირებულება არ გადაიხადა.
6.5. მოპასუხე ამტკიცებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ შეისწავლა ხანდაზმულობის საკითხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის არგუმენტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია უსასრულო მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავთ სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.
მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ნარდობის ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
დადგენილია, რომ მოპასუხეს მომსახურების ღირებულება წინასწარ უნდა გადაეხადა. მას მომსახურების ღირებულება წინასწარ არ გადაუხდია. თუმცა მომსახურება მიიღო 1998 წელში. შესაბამისად მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოცემული პერიოდებიდან ანუ 1998 წლიდან. მომსახურების მიღებისთანავე მას უნდა გადაეხადა ღირებულება. თუ მომოპასუხე ამ ვადაში თანხას არ გადაიხდიდა მოსარჩელეს გაუჩნდებოდა მოთხოვნის უფლება და მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:
ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);
ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;
გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;
დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.
გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არასებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.
6.9. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.
6.10. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1998 წელში. სარჩელი აღძრა 2016 წლის 9 დეკემბერს. შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო. ანუ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 2475.21 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სახ. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ბ---------------------------–------–ი ქარხნის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე