გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
010210016001323595
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001323595

2-1173/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13/03/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო ს

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე- შპს ბ---------------------------–------–---------ა

წარმომადგენელი - ნ-------------------------------–---–-

მოპასუხე - შპს ,,ა-----“

წარმომადგენელი - პ------–-----

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა

შპს “ბ---------------------------–-----ლმა ქარხანამ” სარჩელი აღძრა შპს ,,ა-----ს“ მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 24 354 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

1999 წლის 14 ივლისს, ბათუმის ,,დ----ოს” სტადიონის ტრიბუნების ქვეშ მდებარე სასტუმროს მშენებლობისათვის, შპს ,,ბ---------------------------–-----ლმა ქარხანამ” შპს ,,ა-----ს” მიაწოდა 940 კვ.მ. კერამიკული ფილა. მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მისი ღირებულება, მაგრამ არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 24 354 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში უდაო ფაქტობრივი გარემოებები არარსებოს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა ხანდაზმულობის საკითხი. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან, სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი დრო.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. ფაქტობრივად, ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მითითებული ფაქტების არსებობას ან არასებობას.

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. ასეთი პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძვლებიდან, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის, ხანდაზმულობის ვადაში აღძვრა მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს. ხანდაზმულობის დასადგენად უნდა დადგინდეს მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის თარიღები. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება.

 

3.2.5. უდაოა, რომ 940 კვ.მ. კერამიკული ფილა შპს ,,ბ---------------------------–-----ლმა ქარხანამ” შპს ,,ა-----ს” მიაწოდა 1999 წლის 14 ივლისს. საქონლის მიწოდება დგინდება საგადასახადო ანგარიშფაქტურით. მისი ღირებულების, 24 354 ლარის გადახდა მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა1999 წლის 14 ივლისს და თანხის გადახდისათვის დაუნიშნა ერთი თვის ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე ნასყიდობის ღირებულება მოპასუხეს უნდა გადაეხადა 1999 წლის 14 აგვისტომდე ვადაში. შესაბამისად თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 1999 წლის 14 აგვისტოდან.

იხ. საგადასახადო ანგარიშფაქტურა.ს.ფ. 14-15

შპს ,,ბ---------------------------–------–---------ის” 1999 წლის 14 ივლისის მიმართვა.ს.ფ.18

3.2.6. საქმეში არაა წარმოდგენილი მოპასუხის მიერ თანხის გადახდის მტკიცებულება. ასეთ სიტუაციაში ივარაუდება, რომ მოპასუხეს 1999 წლის 14 აგვისტოს შემდეგ მოსარჩელისათვის თანხები გადახდილი არ აქვს. შესაძლებელია მოპასუხემ რაღაც პერიოდში თანხა გადაიხადა, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს. თუ არსებობს ასეთი მტკიცებულება, მაშინ ის მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს და ამით გააქარწყლოს მოპასუხის შესაგებელი ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. გადახდის მტკიცებულების არარსებობის გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს 1999 წლის 14 აგვისტოდან სარჩელის აღძვრამდე, ნასყიდობის ღირებულება გადახდილი არ აქვს.

3.2.5. 1999 წლის 14 აგვისტოდან, ანუ მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე - 2016 წლის 19 აპრილამდე გასულია დაახლოებით 17 წელი.

იხ. სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს მიყიდა 940 კვ.მ. კერამიკული ფილა, მაგრამ მოპასუხემ ნასყიდობის ღირებულება არ გადაუხადა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა ნასყიდობის საგნის ღირებულება, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მოპასუხისათვის თანხების დაკისრება.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად ნასყიდობის საგნის ხარისხი, ვადების დაცვა და ა.შ.), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა ნასყიდობის ღირებულების დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოთხოვნა არის თუ არა ხანდაზმული და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა საკითხების დადგენას ეკარგება მნიშვნელობა.

 

6.3. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ნასყიდობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები არიან სამეწარმეო სუბიექტები და მათი მიზანია გარიგებათა დადებით გარკვეული მოგების მიღება. მოსარჩელეს შეეძლო დაინტერესებულ პირებისათვის მიეწოდებინა კერამიკული ფილა. თავის მხრივ მოპასუხეს ბათუმის ,,დ----ოს” სტადიონის ტრიბუნების ქვეშ მდებარე სასტუმროს მშენებლობისათვის სჭირდებოდა 940 კვ.მ. კერამიკული ფილა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, რაც საფუძველი გახდა შპს ,,ბ---------------------------–-----ლ ქარხანას” და შპს ,,ა-----ს” შორის კერამიკული ფილების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა 940 კვ.მ. კერამიკული ფილა. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ ნასყიდობის ღირებულება გადაეხადა შეთანხმებულ ვადაში. მას მომსახურების ღირებულება უნდა გადაეხადა 1999 წელის 14 აგვისტომდე. მიუხედავად ამისა მან დაარღვია ვალდებულება და მომსახურების ღირებულება არ გადაიხადა.

 

6.5. მოპასუხე ამტკიცებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ შეისწავლა ხანდაზმულობის საკითხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის არგუმენტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. კერძოდ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია უსასრულო მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავთ სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.

მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

დადგენილია, რომ მოპასუხეს ნასყიდობის ღირებულება უნდა გადაეხადა 1999 წლის 14 ავისტომდე. შესაბამისად მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოცემული პერიოდებიდან ანუ 1999 წლის 14 ავისტოდან. თუ მომოპასუხე ამ ვადაში თანხას არ გადაიხდიდა, მაშინ მოსარჩელეს გაუჩნდებოდა მოთხოვნის უფლება და მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.

გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არასებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.

 

6.9. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1999 წლის 14 ავისტოს. სარჩელი აღძრა 2016 წლის 19 აპრილს. შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო. ანუ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 730.62 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სახ. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი.

 

7.2. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქმეზე მოპასუხეს მოუხდა კერძო საჩივრის წარდგენა, რისთვისაც გადაიხადა სახ. ბაჟი 50 ლარი. მისი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ბაჟის ხარჯის განაწილების საკითხი გათვალისწინებული იქნა შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად. დასახელებული ბაჟი საპროცესო ხარჯია და იგი უნდა დაეკისროს წაგებულ მხარეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. შპს ,,ბ---------------------------–-----ლი ქარხნის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. შპს ,,ბ---------------------------–-----ლ ქარხანას“, შპს ,,ა-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს კერძო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე