გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.04.2018
საქმის ნომერი
090310018002300848
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(3/6–2018) 090310018002300848

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27.04.2018 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან არჩვაძე

 

მოსარჩელე - ბ---- ნ---–-----ძე

 

მოპასუხე - სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ადმინისტრაციულ –ტერიტორიულ ერთეულებში(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში)

წარმომადგენელი – ზ------ ც-------–ვილი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის პირველი მოადგილის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) 2017 წლის 5 დეკემბრის Nად–56 განკარგულება ბ---- ნ---–-----ძის მიმართ, დისციპლინური წარმოების დაწყების ნაწილში.

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის დასკვნა.

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) 2018 წლის 12 იანვრის Nად–4 განკარგულება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ,, გაფრთხილების’’ შეფარდების შესახებ.

 

1.2. მოსარჩელის არგუმენტაცია

 

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბარნატორის პირველი მოადგილის ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) 2017 წლის 5 დეკემბრის Nად–56 განკარგულებით დაიწყო დისციპლინური წარმოება ბ---- ნ---–-----ძესა და სხვა პირთა მიმართ. ამ განკარგულების საფუძველზე, ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ (რომლის თავმჯდომარეც ისევ გასაჩივრებული განკარგულების გამომცემი პირი – დ----- ღ---------ე გახლავთ) გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს თურმე რეაგირების გარეშე დაუტოვებია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სიტყვიერი დავალება და მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ, გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება.“

 

2017 წლის 5 დეკემბერის განკარგულებაში მითითებულია, რომ იგი საჩივრდება საქართველოს მთავრობაში, ან ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში. 2017 წლის 5 დეკემბერის N ად–56 განკარგულება და ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა დადგენილ ვადაში, გაასაჩივრა საქართველოს მთავრობაში, მაგრამ მიიღო პასუხი, რომ მოსარჩელემ საჩივარი არაუფლებამოსილ ორგანოში შეიტანა და მისი საჩივარი გადაეგზავნა სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) ადმინისტრაციას. ამის შემდეგ, საჩივრის შედეგი მისთვის უცნობია, მაგრამ ჩაბარდა 2018 წლის 12 იანვრის განკარგულება – დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ,,გაფრთხილების“ შეფარდების შესახებ. ამავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიმართ, უკანონოდ დაიწყო დისციპლინური წარმოება და შესაბამისად, დისციპლინური სახდელიც დაედო, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით: სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილის ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) 2017 წლის 5 დეკემბრის Nად–56 განკარგულების საფუძვლად, მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი – ,,სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე,’’ დასაბუთებული ეჭვის არსებობა. განკარგულებაში არ არის მითითებული, სავარაუდოდ რა გადაცდომა ჩაიდინა მან და მითუმეტეს, არც დასაბუთებაა ამგვარი ეჭვის არსებობისა. კანონი კი კატეგორიულად მოითხოვს ( იმავე 88–ე მუხლის მე–4 ნაწილი), რომ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებაში მითითებული იყოს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას. უფრო მეტიც, კანონი, პირველ რიგში, ყურადღებას სწორედ დისციპლინური გადაცდომის არსებობას აქცევს და მხოლოდ შემდეგ ითხოვს სავარაუდო ჩამდენი პირის (რომელიც იმ დროისათვის შეიძლება არც იყოს დადგენილი) მითითებას.

 

დისციპლინური წარმოება არ შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი პირის მიმართ,როცა ამის სურვილი გაჩნდება, ამისათვის უნდა არსებობდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის პირველი ნაწილში ჩამოთვლილი პირობები და დოკუმენტი უნდა შედგეს მე–4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. მოსარჩელის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კანონის მოთხოვნები დაცული არ არის, რის გამოც, ეს განკარგულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამ განკარგულების საფუძველზე, ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ (რომლის თავმჯდომარეც ისევ გასაჩივრებული განკარგულების გამომცემი პირი – დ----- ღ---------ე გახლავთ) გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს თურმე რეაგირების გარეშე დაუტოვებია სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის სიტყვიერი დავალება და მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება“.

 

საქმის გარემოება ასეთია: სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან მიღებულ ზოგიერთ წერილში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სახელი და გვარი მითითებული იყო არასწორად. წერილის შინაარსზე და მის რეკვიზიტებზე პასუხისმგებელია მისი ავტორი, რომელსაც სამსახურებრივად უნდა სცოდნოდა სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ვინაობა. მას არ მუღია წერილობითი დავალება ამ საკითხთან დაკავშირებით. ბ---- ნ---–-----ძეს, გუბერნატორის შეკითხვაზე, რატომ მოდიოდა წერილები ყოფილი რწმუნებულის პ------ მ-------–-ძის სახელზე, უპასუხა მან, რომ გაარკვევდა. მოსარჩელემ ორჯერ დარეკა სააგენტოს ბლანკზე მითითებულ ნომერზე, ამასთანავე, აპარატის თანამშრომელმა ს--–---- დ--------–---მაც ელფოსტით აცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, თუმცა მისი ხელმძღვანელობა ამის შესახებ, საქმის კურსში იყო. ამდენად, ბ---- ნ---–-----ძემ სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებით კი არ მიიღო რაიმე დავალება, არამედ, საკუთარი ინიციატივით, ეცადა საკითხის მოგვარებას.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ არ არსებობდა მის მიმართ, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი, რის გამოც, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ის ყველა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიმართ, დისციპლინური სახდელის დაკისრებას, რაც შეეხება უშუალოდ, დისციპლინური სახდელის დადებას, ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეს განკარგულება უნდა გამოეცა დასკვნის მიღებიდან – 7 დღის განმავლობაში, ანუ, თუ უქმე დღეებსაც გავითვალისწინებთ (25 დეკემბრიდან) მაქსიმუმ 3 იანვრის ჩათვლით, განკარგულება კი მოიცავდა 12 იანვარს. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს კუთვნილ შვებულებაში იმყიფებოდა (4 იანვრიდან – 8 თებერვლამდე).

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოსარჩელემ მოთხოვნას მხარი დაუჭირა სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. იმავდროულად მიუთითა, რომ მან მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების დროს, გამოეკითხათ ს----- ა--------, თუმცა აღნიშნული პიროვნების გამოკითხვა არ მოხდა. ამავე

 

დროს, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან წერილები შემოდის ადმინისტრაციაში, როგორც ფოსტის საშუალებით, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ინფორმაციის სახით, რაც პირველად ეცნობება გუბერნატორის მოადგილეს – დ----- ღ---------ეს და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში, რეაგირება უნდა მოეხდინა მას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ ცნობს შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელე მხარე დღემდე მუშაობს და აგრძელებს თავის სამსახურეობრივ ფუნქციას სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინიტრაციაში, ისევე როგორც, ყველა საჯარო მოსამსახურეებს პირდაპირი წესით, გაწერილი აქვთ უშუალოდ სამუშაოს აღწერილობა და უფლება–მოვალეობები ,,აღნიშნული პრინციპი ვრცელდება მოსარჩელის მიმართ, რაც ასევე კომბინირებულად განიხილება სამსახურის შინაგანაწესით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომლის საფუძველზეც, ადმინისტრაციის თანამშრომლები მოვალენი არიან შეასრულონ უფლებამოსილ პირთა წერილობითი და სხვა სახის დავალებები, ასევე მოსარჩელეს როგორც აპარატის სამსახურის უფროსს, პირადად ევალება კონტროლი გაუწიოს არამხოლოდ მის დაქვემდებარებაში მყოფ ადმინისტრაციის თანამშრომლების საქმიანობის ეფექტურობას, ასევე კეთილსინდისიერი და თანამშრომელთა დავალებების ხარისხიანად შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებაც. მოსარჩელე გახლავთ ვალდებული, როგორც სამსახურის უფროსმა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, რადგან მოსარჩელე საუბრობს 2018 წლის 12 იანვარს მიღებული განკარგულების კანონიერებაზე, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ, მასვე ავიწყდება, რომ როგორც სამსახურის უფროსი ვალდებული იყო თვალყური ედევნებინა მის სამსახურში არსებულ თანამშრომელთა საქმიანობისათვის. რაც შეეხება, 2017 წლის 5 დეკემბრის Nად–56 განკარგულება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე დასაბუთებულია, ვინაიდან კანონის თანახმად, გამოიკვეთა დისციპლინური გადაცდომის თაობაზე, დასაბუთებული ეჭვი, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა, დასაბუთებული ეჭვი დისციპლინური წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველი გახლავთ, რაც გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას, გონივრული ეჭვი წარმოიშვა მას შემდგომ, როდესაც მოსარჩელეს დავალება მიეცა გუბერნატორის მიერ, არ იქნა აღმოფხვრილი არსებული ხარვეზი, მოსარჩელე კი ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებდა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ,რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და სწორედ დისციპლინური წარმოების და საქმის გარემოებების სათანადო შეფასების პროცესში გამოირკვა, რომ

 

მოსარჩელემ მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის 04 დეკემბერს განახორციელა მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი, რასაც წინ უსწრებს არაერთი მოთხოვნა ხარვეზის დროული აღმოფხვრისა (ამონაწერი სატელეფონი ხაზების შესახებ). დისციპლინური წარმოება ფაქტის გამოვლენიდან, დადგენილი ვადის დაცვით წარიმართა, წარმოების პროცესში ჩართულ იქნა თავად მხარე, რომელიც მონაწილეობდა საქმის გარემოებათა გამოკვლევაში, აქვე მინიშნებულია, რომ დისციპლინური წარმოება სურვილის საფუძველზე დაუშვებელია, რის თაობაზეც, ადმინისტრაციული ორგანო კომენტარებისაგან თავს იკავებს, ვინაიდან საქმის გარემოებები საპირისპიროს ადასტურებს. მოსარჩელე სარჩელში აფიქსირებს რომ დავალების მიღების შემდგომ, მან ორჯერ დარეკა სააგენტოს მიერ მითითებულ ნომერზე, ასევე სხვა თანამშრომლის მიერ მოხდა ელექტრონულად სააგენტოსადმი მიმართვაც, თუმცა მოსარჩელეს როგორც ხელმძღვანელს ვალდებულება აქვს კოორდინირება გაუწიოს დავალების შესრულებას, აქვე მოსარჩელე მიუთითებს, რომ საერთოდაც, გუბერნატორის დავალება მან ვერც კი აღიქვა დავალებად და მხოლოდ საკუთარი ინიციატივით სცადა საკითხის მოგვარება, თავად ფაქტი ადასტურებს მოსარჩელის კეთილსინდისიერების და საქმისადმი დამოკიდებულებას, მტკიცება იმისა, რომ დაკისრებულ დავალებას ბ---- ნ---–-----ძე კეთილსინდისიერად, დადგენილ ვადაში და ეფექტურად არ ასრულებდა, მტკიცებას არ საჭიროებს. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ, 2017 წლის 5 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის დასკვნა არის კანონიერი, ვინაიდან დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი ,,გადაცდომის თაობაზე, დასაბუთებული ეჭვის არსებობისა“ სამართლებრივად იქნა დადასტურებული, რაც თავისთავად განაპირობებს შემდგომი სამართლებრივი პროცედურის განხორციელებას, კერძოდ, მომზადდა დასკვნა,რადგან წარმოების პროცესში გამოვლენილი და საქმისათვის სათანადო მტკიცებულებების შეფასების და შესწავლის შემდგომ, ცალსახად გამოიკვეთა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველი.

 

სახელმწიფო – რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში 2018 წლის 12 იანვრიდან Nად–54 განკარგულება მოსარჩელის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ,,გაფრთხილების შეფარდების შესახებ'' კანონიერია, ვინაიდან მოსარჩელე თავად სასარჩელო განცხადებაში საუბრობს, რომ მისთვის გუბერნატორის სიტყვიერი დავალება არ არის მიჩნეული ,,დავალებად’’ და ადეკვატური პასუხისმგებლობა არ იქნა გამოხატული დავალების დროული და ეფექტური შესრულებისათვის, რაც დავალების არაჯეროვან შესრულებას წარმოადგენს, სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს, თუ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადასტურდება დისციპლინური გადაცდომის არსებობა, ან არარსებობა.

 

კანონმდებლობა განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრულია და ჩათვალეს თანაზომიერად,თუმცა მოსარჩელის ქმედება შეიძლებოდა სულაც არ შეფასდეს მეორეს მხრივ მსუბუქად,ვინაიდან არაერთი მოთხოვნის და დავალების მიუხედავად, თავად სარჩელიც მიუთითებს რომ პირველი არაზუსტი ჩანაწერი ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა,მოქმედი გუბერნატორის სახელისა და გვარის არასწორი მითითება, არ იქნება ზუსტი გამონათქვამი, ვინაიდან დოკუმენტაცია როდესაც კვლავ ძველი გუბერნატორის სახელზე და გვარზე იწერება, საერთოდაც არ არის გამართლებული და ამით სწორედაც, რომ თავისუფლად შესაძლებელია ზიანი მიადგეს საჯარო დაწესებულების რეპუტაციას, თუმცა, საჯარო დაწესებულებამ მოსარჩელის მრავალწლიანი ნამსახურეობა სამართლებრივ სფეროშიც გაითვალისწინა, გამოიჩინა რა ჰუმანურობა და შრომითი უფლებებისადმი პატივისცემა, მოსარჩელის ქმედება შეფასდა მარტივ დისციპლინარულ გადაცდომად.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1 სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილის 2017 წლის 05 დეკემბრის N ად–56 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ 88–ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე, დასაბუთებული ეჭვის არსებობის მოტივით, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაიწყო დისციპლინური წარმოება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – აპარატის უფროსის ბ---- ნ---–-----ძის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოადგილის – აპარატის უფროსის მოადგილის ე---------- ლაშხის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – აპარატის უფროსის სპეციალისტის ს--–---- დ--------–---ის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მეოთხე რანგის მეოთხე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – აპარატის სპეციალისტის მ----- ქ-----–---–ის მიმართ. დისციპლინური წარმოების ვადა განისაზღვრა ერთი თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 05 დეკემბრის N ად –56 განკარგულება

 

4.1.2 სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციულ –ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) 2018 წლის 12 იანვრის Nად – 4 განკარგულების თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) პირველი რანგის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სახელმწიფო რწმუნებლის – გუბერნატორის

 

აპარატის უფროსს ბ---- ნ---–-----ძეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ ,,საქართველოს კანონის 96 –ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება’’

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 12 იანვრის N ად – 4 განკარგულება

 

4.1.5 სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში(ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) 2018 წლის 04 იანვრის N შ–6 განკარგულების თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) პირველი რანგის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სახელმწიფო რწმუნებლის – გუბერნატორის აპარატის უფროსს ბ---- ნ---–-----ძეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 62 – ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, მიეცა 2017 წლის კუთვნილი შვებულება მიმდინარე წლის 04 იანვრიდან – 08 თებერვლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 04 იანვრის N შ – 6 განკარგულება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ, მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1 საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ---- ნ---–-----ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები. მოპასუხე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) ადმინისტრაციას უნდა დაევალოს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა საკითხის ხელახალი განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს კანონი ,, საჯარო სამსახურის შესახებ’’;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 7-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს.

 

7.2 ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 12-ე მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მიუკერძოებელი უნდა იყოს და უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელძღვანელობა.

 

7.3 . საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების, ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

7.4.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უნდა უძღოდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამზადებს და გამოსცემს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება

 

მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით, არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ზემოთაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ადმინისტგრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის დასაბუთებულობა უნდა ემყარებოდეს ადმინისტრაციული წარმოებისას, სრულყოფილად გამოკვლეულ და უტყუარად დადგენილ გარემოებებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ, ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კანონის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, იგივე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

7.5 ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია:

ა)სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;

 

ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება, ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;

გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

 

2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი.

 

3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:

ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ, მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;

ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად, ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას;

გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას;

დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად, ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;

ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე;

ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად კი, დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოება ემყარება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს. არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია: მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე, დასაბუთებული ეჭვის არსებობა; გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების, ან/და მონიტორინგის შედეგები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ

 

ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას.

 

ამავე კოდექსის 91-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს, დისციპლინური წარმოების დაწყებიდან, ან პირის იდენტიფიცირებიდან - 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელების ინტერესებს. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს მას დისციპლინური წარმოების წესი და საქმის მასალები. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინურ წარმოებაში ჩართოს ის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ და შეუძლია წერილობით, ან ზეპირად წარადგინოს ახსნა-განმარტება (მოწმე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტების წარდგენა ეწინააღმდეგება ამ პირის (მოწმის), ან მისი ოჯახის წევრის ინტერესებს. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას, ზეპირი მოსმენის ჩატარების შემთხვევაში, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე–112-ე მუხლები.

 

ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს, მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად, ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების, ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან, 7 სამუშაო დღის ვადაში, იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე;

ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე;

გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.

 

განსახილველ საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ დისციპლინური წარმოების განსახორციელებლად შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის დასკვნის მიღებიდან ( დასკვნა მიღებულია 25.12.2017), ადმინისტრაციული ორგანოს მიერ,2018 წლის 12 იანვარს – 7 სამუშაო დღის ვადის დარღვევით – მიიღებული იქნა N ად –4 განკარგულება, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციულ –ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) პირველი რანგის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – სახელმწიფო რწმუნებლის – გუბერნატორის აპარატის უფროსს ბ---- ნ---–-----ძის მიმართ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ ,,საქართველოს კანონის 96 –ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ,,გაფრთხილების’’ შეფარდების თაობაზე, ხოლო მოცემულ განკარგულებაში არ არსებობს დასაბუთება ვადის დარღვევის მიუხედავად, განკარგულების გამოტანისა.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ პუნქტის თანახმად, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე და მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობა;

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილის 2017 წლის 05 დეკემბრის Nად –56 განკარგულების საფუძველზე, ადმინისტრაციაში დაიწყო ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – აპარატის უფროსის ბ---- ნ---–-----ძის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველადი სტრუქტურული ერთეულის მოადგილის – აპარატის უფროსის მოადგილის ე---------- ლაშხის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – აპარატის უფროსის სპეციალისტის ს--–---- დ--------–---ის, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მეოთხე რანგის მეოთხე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – აპარატის სპეციალისტის მ----- ქ-----–---–ის მიმართ და დისციპლინური წარმოების განსახორციელებლად, შეიქმნა ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ,, საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე, დასაბუთებული ეჭვის არსებობა.

 

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის ადმინისტრაციულ –ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) 2018 წლის 12 იანვრის Nად –4 განკარგულების გამოცემის დროს, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეამოწმა და არ გამოიკვლია ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის თანახმად გათვალისწინებული რა დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა ბ---- ნ---–-----ძემ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილის 2017 წლის 05 დეკემბრის Nად –56 განკარგულების მიღების დროს, არ იქნა მითითებული ბ---- ნ---–-----ძის მიერ, თუ რომელი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტის ნორმის დარღვევით გამოიხატა დისციპლინური წარმოების დაწყების სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის დასაბუთებული ეჭვის არსებობა. ასევე არ იქნა მითითებული, 2018 წლის 12 იანვრის N ად–4 განკარგულებაში თუ რომელი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტის ნორმის დარღვევამ გამოიწვია დისცილინური პასუხისმგებლობის ზომის ,,გაფრთხილების’’ შეფარდება.

 

დადგენილია, რომ დისციპლინური წარმოების განსახორციელებლად შექმნილმა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო დასკვნა, სადაც მიუთითა, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან მიღებულ წერილებში (20.11.2017 – 24.11.2017 და 04.12.2017) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სახელი და გვარი მითითებული იყო არასწორად, აღნიშნული შეცდომის გამოსწორებაზე სიტყვიერი დავალება მიეცა აპარატის უფროსს – ბ---- ნ---–-----ძეს. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ბ---- ნ---–-----ძე 2017 წლის 05 დეკემბრის N503 ახსნა – განმარტებით ბარათში განმარტავს, რომ იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელს ორჯერ ესაუბრა ტელეფონით (0322114454), თუმცა მაგთიკომიდან გამოთხოვილი სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერიდან ირკვევა, რომ ზარი არ განხორციელებულა გარდა – 04 დეკემბერისა. კომისიამ აპარატის უფროსის წარდგენილი ახსნა – განმარტებით ბარათისა და ადმინისტრაციის მიერ გამოთხოვილი ბ---- ნ---–-----ძის სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერის განხილვის საფუძველზე, დაადასტურა ბ---- ნ---–-----ძის მიერ, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დავალების რეაგირების გარეშე დატოვება და დისციპლინური გადაცდომის პასუხისმგებლობის თანაზომიერების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია ბ---- ნ---–-----ძის მიმართ, საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 96 –ე მუხლის პირველი პუნქტის,,ა’’ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ,,გაფრთხილების’’ გამოყენება.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დისციპლინური წარმოების განსახორციელებლად შექმნილმა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო დასკვნა, მხოლოდ მაგთიკომიდან გამოთხოვილი სატელეფონო ზარების დეტალური ამონაწერის განხილვისა და ბ---- ნ---–-----ძის მიერ მიცემული 2017 წლის 05 დეკემბრის N503 ახსნა – განმარტებითი ბარათის საფუძველზე, თუმცა, აღნიშნული ახსნა – განმარტებითი ბარათი მოპასუხის მიერ, სასამართლოში წარმოდგენილი არ იქნა. ამასთანავე, კომისიამ დასკვნის მიღებისას, არ მოიკვლია და არ იმსჯელა, თუ რა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტი იქნა დარღვეული მოსარჩელის მიერ. ამავდროულად, გაურკვეველია ბ---- ნ---–-----ძის ქმედებით, თუ რა საფრთხე შეექმნა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეამოწმა და არ გამოიკვლია ბ---- ნ---–-----ძის მიერ, სიტყვიერი დავალების შეუსრულებლობით (თუ ასეთს ჰქონდა ადგილი), შეიძლება თუ არა გამოწვეული ყოფილიყო საჯარო დაწესებულების რეპუტაციის საფრთხის შექმნა. ხოლო რაც შეეხება, სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის

 

მოსაზრებას, რომ იგი ითხოვდა ს----- ა-------ის გამოკითხვას, აღნიშნულთან დაკავშირებით, არ მომხდარა.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის თანახმად: 1) მოხელე ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. 2)მოხელე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე, შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, დაიცვას სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და ნაკისრი ვალდებულების შესრულების დროს, იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობით. 3) მოხელე ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ემსახუროს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს. 4) მოხელეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ, ან არაჯეროვანმა შესრულებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ, სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან, ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც, გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც, ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე, გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ, მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის, არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის

 

შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა ხელახალი განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

8.1.1 ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ბ---- ნ---–-----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო

 

რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) 2017 წლის 5 დეკემბრის Nად – 56 განკარგულება ბ---- ნ---–-----ძის მიმართ, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ.

 

1.2.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) ადმინისტრაციის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2017 წლის 25 დეკემბრის დასკვნა ბ---- ნ---–-----ძის მიმართ.

 

1.3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) 2018 წლის 12 იანვრის Nად –4 განკარგულება ბ---- ნ---–-----ძის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – ,,გაფრთხილების’’ შეფარდების შესახებ.

 

1.4.სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის, ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებში) ადმინისტრაციას დაევალოს სრულყოფილად გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი(აქტები).

 

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა № 13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან – 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე