გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.04.2018
საქმის ნომერი
190210017001671200
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 აპრილი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ-----------ი"

წარმომადგენელი შავლეგო ჯამასპიშვილი

მოპასუხეები შპს “A-----”

ხ---------- მ--------ი

ნ----- ი------------ი

ს------- ი------------ი

მ------- ისმაილოვი

ზაურ გ------ი

წარმომადგენელი ლოტბერდ კუპატაძე

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შპს “A-----”-ს, ხ---------- მ--------ის, ნ----- ი------------ის, ხუდაბა ი------------ის და ზაურ გ------ისათვის 23 305.59 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 20 429.21 აშშ დოლარი, სარგებელი 1851.88 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1024.50 აშშ დოლარი.

 

1.2. შპს “A-----”-ს, ხ---------- მ--------ის, ნ----- ი------------ის, ხუდაბა ი------------ის და ზაურ გ------ისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ყოველთვიურად 268.66 აშშ დოლარის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2017 წლის 5 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2018 წლის 5 იანვრისა 3223.9 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.3. შპს “A-----”-ს, ხ---------- მ--------ის, ნ----- ი------------ის, ხუდაბა ი------------ის და ზაურ გ------ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველდღიურად 20.43 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასმატეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს 2017 წლის 5 იანვრიდან ვალდებულების სრულ შერულებამდე მაგრამ არაუმეტეს 2017 წლის 5 აპრილიდან 1838.63 აშშ დოლარის ოდენობით (2.43*90);

 

1.4. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს მ------- ისმაილოვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მცხეთა, ლისი, სოფელ მსხალდიდში მდებარე 1160 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა კოდი 7----------- და ნ----- ი------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რ-------–---------------------------------. კოდი 0------------------, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონების იძულებით რეალიზაცია.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2013 წლის 9 აგვისტოს სს „თ----------------------–--------------------) და შპს “A-----”-ს, შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N16-3537-000033, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 50 000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 36 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 48%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ----- ი------------ის და მ------- ისმაილოვის უძრავი ქონება.

 

2015 წლის 12 ივნისს სს „თ----------სა“ და შპს “A-----”-ს, შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია 2013 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხდელი სესხის რეფინანსირების მიზნით. სესხის თანხაა 23 800 აშშ დოლარი 60 თვის ვადით, სარგებელი წლიური 16%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით.

 

2015 წლის 12 ივნისს ხ---------- მ--------სა და სს თ----------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება რომლითაც მოპასუხე იკისრა სესხის სოლიდარულად გადახდის ვალდებულება ზღვრული თანხის 24 990 აშშ დოლარის ფარგლებში. 2015 წლის 12 ივნისს სოლიდარულ თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო ასევე ზაურ გ------თან, ნ----- ი------------თან, ს------- ი------------თან, რომლებმაც იკისრეს შპს “A-----”-ს, სესხის დაბრუნების ვალდებულება, თავდებობის ზღვრული ოდენობაა 24 990 აშშ დოლარი.

 

მოპასუხეებმა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. მათი დავალიანებაა 23 305.59 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 20 429.21 აშშ დოლარი, სარგებელი 1851.88 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1024.50 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნეს, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ მათი დავალიანებაა 5000 აშშ დოლარი, რომლის გადახდაზე თანახმა არიან. 2013 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შპს “A-----”-მ, ისესხა 50 000 დოლარი, საიდანაც გადაიხადა 45 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 12 ივნისის შემდეგ სულ გადაიხადა 9000 აშშ დოლარი. ამდენად, თავდაპირველად აღებული სესხიდან გადასახდელად დარჩენილია 5000 აშშ დოლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 9 აგვისტოს სს ბ-----------------ა (უფლებამონაცვლეა სს „თ----------ი“) და შპს “A-----”-ს, შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებულია საკრედიტო ხაზის ფარგლებში ჯამურად 1 000 000 აშშ დოლარის კრედიტის გაცემა. წლიური სარგებელია 48%, გენერალური ხელშეკრულების მოქმედების ვადა 15 წელი. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე შპს აზალაის მიღებული აქვს 50 000 აშშ დოლარი. გადახდის გრაფიკის თანახმად, შპს “A-----”-ს, სესხი უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 25 ივლისამდე. ამ დროის მანძილზე გადასახდელი ძირითადი თანხაა 50 000 აშშ დოლარი, სარგებელი 12 298,78 აშშ დოლარი. ჯამურად 62 298,78 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-26. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)

- შესაგებელი (85-89. ტომი 1)

 

3.1.2. 2013 წლის 12 აგვისტოს სს ბ-----------------ა (უფლებამონაცვლეა სს „თ----------ი“) და ნ----- ი------------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ----- ი------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რ-------–---------------------------------. იპოთეკით უზრუნველყოფილია სს ბ-----------------ა და შპს “A-----”-ს, შორის 2013 წლის 12 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ვალდებულება. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს ბ----------------- (უფლებამონაცვლეა სს „თ----------ი“) იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 27-31. ტომი 1)

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 71-72. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)

- შესაგებელი (85-89. ტომი 1)

 

3.1.3. 2013 წლის 9 აგვისტოს სს ბ-----------------ა და მ------- ისმაილოვს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ------- ისმაილოვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მცხეთა, ლისი, სოფელ მსხალდიდში მდებარე 1160 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა კოდი 7-----------. იპოთეკით უზრუნველყოფილია სს ბ-----------------ა და შპს “A-----”-ს შორის 2013 წლის 12 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ვალდებულება. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს თ----------ის იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 32-36. ტომი 1)

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 73-74. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)

- შესაგებელი (85-89. ტომი 1)

 

3.1.4. 2015 წლის 12 ივნისს სს თ----------სა და შპს “A-----”-ს, შორის დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3412584-7975033 შემდეგი პირობებით: სესხის თანხა 23 800 აშშ დოლარი, სესხის ვადა 60 თვე (2020 წლის 11 ივნისამდე), წლიური სარგებელი 16%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1%-ის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულების მიზნობრიობაა მიმდინარე სესხის რეფინანსირება (რესტრუქტურიზაცია). კერძოდ, საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული კრედიტის თანხა არის 2013 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 37-41. ტომი 1)

 

3.1.5. 2015 წლის 12 ივნისს სს თ----------სა და ნ----- ი------------ს შორის დადებულია თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა პასუხისმგებლობა N3412584-7975033 საკრედიტო ხელშკერულებით გათვალისწიბებული შპს “A-----”-ს, ვალდებულებების შესრულებისათვის. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობის ზღვრული თანხაა 24 990 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თანხის გადახდის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლო ზღვრული პასუხისმგებლობის თანხის 0,5%-ის ოდენობით ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. ასეთივე პირობებით 2015 წლის 12 ივნისს დადებულია თავდებობის ხელშეკრულებები ს------- ი------------თან, ი.მ ხ---------- მ--------თან და ზაურ გ------თან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 42-57)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეებმა სს თ----------ის წინაშე საკრედიტო ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. 2013 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს აზალიას დავალიანება შეადგენს 24 990 აშშ დოლარს, ხოლო 2015 წლის 12 ივნისის ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ძირითადი თანხის დავალიანებაა 20 429,21 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 1851,88 აშშ დოლარი.

 

მოპასუხის განმარტებით, მას 2013 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე რესტრუქტურიზაციამდე გადახდილი აქვს 35 000 აშშ დოლარზე მეტი, ხოლო 2015 წლის 12 ივნისის ხელშეკრულების დადების შემდეგ გადახდილი აქვს 9000 აშშ დოლარზე მეტი.

 

საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გადახდის გრაფიკი, რომლის მიხედვით, შპს “A-----”-ს თანხა ბანკისათვის უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად 1736,32 აშშ დოლარის გადახდით. ხელშეკრულების 7,6 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ დავალიანების დაფარვისას პირველ რიგში დაიფარება ბანკის ყველა საკომისიო, შემდგომ სადაზღვევო პრემია, შემდგომ პირგასამტეხლო, შემდგომ პროცენტი, ბოლოს სესხის ძირითადი თანხა.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ 2013 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის, თუმცა სადაოა ის, თუ რა მოცულობის ფულადი ვალდებულება, გადაუხდელი საკრედიტო დავალიანება ჰქონდა შპს აზალიას 2015 წლის 12 ივნისისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ გარემოების დადასტურება, რომ გადახდილია 35 000 აშშ დოლარი არის მოპასუხის ვალდებულება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მახრემ უდნა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია სს ‘ბ-----------------ათვის“ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, რითიც დადასტურდებოდა სასესხო ანგარიშზე თანხის შეტანა. ამდენად, არ დასტურდება, რომ 2015 წლის 12 ივნისის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაში უსწოროდ არის დაანგარიშებული შესასრულებელი საკრედიტო ვალდებულების ფულადი ოდენობა.

 

სასამართლო ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხის იმ განმარტებას, რომ მას 2015 წლსი 12 ივნისის შემდეგ გადახდილი აქვს 9000 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი, რომლის თანახმად, 2015 წლის 12 ივნისის შემდეგ 2016 წლის 12 ივლისამდე პერიოდში საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად გადახდილია 7004,11 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულების შესასრულებლად ბანკის მიერ მიმართულია 3370,79 აშშ დოლარი, პროცენტის 3581,02 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში მიღებულია 52,30 აშშ დოლარი.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა თანხა არის გადახდილი შპს “A-----”-ს საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად. მოპასუხეს არ წარმოუდგენია თანხის შეტანის შესახებ რაიმე მტკიცებულება, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით კი დასტურდება 7004,11 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ 2015 წლის 12 ივნისამდე მოპასუხეს გადახდილი აქვს სესხის ძირითადი თანხიდან 45 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 12 ივნისის შემდეგ 9000 აშშ დოლარი. მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ საკრედიტო დავალიანების ოდენობის შესახებ მითითებულ გარემოებებს და წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 35. ტომი 1)

- თანხის გადახდის გრაფიკი (ს,ფ. 97-98. ტომი 1)

- ამონაწერი ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ.66-67. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 84-89. ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 325-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 394-ე, 404-ე, 867-ე, 412-ე, 414-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოსარჩელე მოითხოვს 2015 წლის 12 ივნისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულებას, ხოლო ეს ხელშეკრულება დადებულია 2013 წლის 9 აგვიტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს „თ----------ის“ მიმართ არსებული შპს “A-----”-ს, საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით. ამდენად, ამ ხელშეკრულებით შპს “A-----”-ს, ბანკიდან კრედიტის თანხა არ მიუღია, სესხის ხელშეკრულებაში მითითებული ძირითადი თანხა 23 800 აშშ დოლარი არის 2013 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება - ძირითადი თანხის, სარგებლის და კრედიტის გადახდის ვადის დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ რეფინანსირება არის მომხმარებლის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იგივე ან სხვა საფინანსო კომპანიიდან მიღებული ახალი სესხით. ამ შემთხვევაში განხორციელდა შპს „აზალიას“ მიერ სს „თ----------ის“ მიმართ არსებული საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირება სს „თ----------თან“ დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, ხოლო თავად ხელშეკრულებაში კრედიტის მიზნობრიობად მითითებულია რეფინანსირება/რესტრუქტურიზაცია. ამდენად, თავისი შინაარსით ეს ხელშეკრულება არის მხარეებს შორის არსებული შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა 2013 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი საკრედიტო ვალდებულების შესრულების პირობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრავს რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მის მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამ შემთხვევაში მოპასუხეები სარჩელს არ ეთანხმებიან იმ საფუძვლით, რომ რეფინანსირების შედეგად მისი საკრედიტო დავალიანების დაფარვის პირობები არ გაუმჯობესდა, და რესტრუქტურიზაციის დროს არ არის გათვალისწინებული მათ მიერ გადახდილი თანხები სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

 

დასახელებული ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ. საკრედიტო ურთიერთობაში ბანკი არის მხარე, რომელიც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების წარდგენით მხარეებს სთავაზობს საკრედიტო ურთიერთობის პირობებს, მეორე მხარეს ამ არსებითი პირობების შემუშავების და შეცვლის შესაძლებლობა თითქმის არა აქვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, რადგან ხელშეკრულების დადებით მხარეებს სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში აქვთ უფლება-მოვალეობები. სასამართლოს 325-ე მუხლის საფუძველზე მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის უფლება სამართლიანობის პრინციპის დაცვისათვის. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს შეხედულებაზე, მის ნებაზე დამოუკიდებული არ არის და სახელშეკრულებო პირობის სამართლიანობა უნდა შემოწმდეს მოპასუხის მიერ განცხადებული პრეტენზიის შინაარსის გათვალისწინებით.

 

მოპასუხეების მიერ არ არის წარმოდგენილი სესხის რესტრუქტურიზაციამდე თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, მოვალეს არ მიუთითებია, მის მიერ დასახელებული თანხიდან 45 000 აშშ დოლარიდან რამდენია სესხის ძირითადი თანხა და რამდენი სესხის სარგებელი. მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე მის მიერ გადახდილი თანხა არის სესხად მიღებული თანხის დაბრუნების მიზნით გადახდილი, იგი მიიჩნევს, რომ ამ თანხით უნდა შემცირებულიყო სესხის ძირითადი თანხა.

 

სასამართლოს განმარტავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულება სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტო ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშკერულება და ასეთი ხელშეკრულება ყოველთვის ითვალისწინებს უშუალოდ მიღებული თანხის დაბრუნების გარდა სარგებლის გადახდის ვალდებულებასაც. ამდენად, მოვალის მიერ გადახდილი თანხით მხოლოდ ძირითადი თანხის შემცირების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

სესხის ხელშეკრულების ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, შპს “A-----”-ს, მიერ 2015 წლის 12 ივნისის შემდეგ გადახდილია 7004,11 აშშ დოლარი და არა მის მიერ მითითებული 9000 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ გადახდილი თანხით უნდა შემცირდეს ძირითადი თანხა, ხოლო სარგებლის გადახდის შესაძლებლობა მოპასუხის პოზიციაში გათვალისწინებული არ არის. სასამარტლო აღნიშნავს, რომ საკრედიტო ვალდებულება ყოველთვის სარგებლიანია, შესაბამისად, გადახდილი თანხით მხოლოდ ძირითადი თანხის დავალიანების შემცირება უსაფუძვლოა და ეწინააღმედება საკრედიტო ურთიერთობის არსს.

 

მოპასუხეს არ განუცხადებია პრეტენზია რესტრუქტურიზაციის დროს გათვალისწინებული პროცენტის ოდენობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველი სესხის ხელშეკრულებისგან განსხვავებით რესტრუქტურიზაციის შეთახმებით სესხის პროცენტი შემცირებულია, რადგან 2013 წლის 9 აგვისტოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია წლიური მაქსიმალური სარგებელი 48%, ხოლო 2015 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებაში სარგებელია წლიური 16%.

 

ამ შემთხვევაში სს „თ-----------მა“ საკუთარი სახსრებით მოახდინა შპს “A-----”-ს, სესხის სრულად რეფინანსირება, რის შედეგად მხარეებს შორის წარმოიშვა ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა 2015 წლის 12 ივნისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ჯეროვნად შესრულებული არ არის. მოპასუხე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით განსაზღვრული ვადის დარღვევით იხდიდა თანხებს, მას 2016 წლის 16 ივნისის შემდეგ თანხა არ გადაუხდია.

 

ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით სესხის დაბრუნების ვალდებულება, ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

სესხის რეფინანსირების ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ს, ხოლო თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად პირგასმატეხლო შეადგენს გადასახდელი თანხის 0,5%-ს.

 

სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოთხოვნილია არაგონივრულად მაღალი პირგსამტეხლოს დაკისრება.

 

მოსარჩელე მოითხოვს ძირითად თანხასთან და სარგებლთა ერთად 1024,50 აშშ დოლარის დაკისრებას, ასევე სარჩელის აღძვრის დღიდან არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში 1838,63 აშშ დოლარის დაკისრებას. 1851,88 აშშ დოლარი არის ვალდებულების დარღვევიდან 2016 წლის ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე 2017 წლის 5 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო. ყოველდღიურად მოთხოვნილია პირგასამტეხლო 20,43 აშშ დოლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.

 

პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მოვალის ინტერესებში კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლო არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ სადაო ხელშეკრულებით მსესხებელს სესხის თანხა არ მიუღია, ხელშეკრულება დადებულია მანამდე არსებული საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით. შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული სესხის ძირითადი თანხა არის მანამდე არსებული სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს ერთობლიობა. ამდენად, მოპასუხის მიერ ბანკისგან მიღებული თანხის გადახდის დაგვიანებისათვის მოვალეს ხელმეორედ ერიცხება პირგასმატეხლო, რისი გათვალისწინებითაც მოპასუხეებისათვის ყოველდღიურად 20,43 აშშ დოლარის დაკისრება არასამართლიანია.

 

სარჩელით მოთხოვნილი პირგასმატეხლო აშკარად არასამართლიანად მაღალ ოდენობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ სარჩელის აღძვრიდან 90 დღიან პერიოდში გადასახდელი პირგასამტეხლოა 1838,63 აშშ დოლარი. ამდენად, 90 დღიან პერიოდში მოსარჩელე მოითხოვს იმაზე მეტი თანხის პირგასამტეხლოს, რაც მოთხოვნილი აქვს 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის 5 იანვრამდე პერიოდისათვის, რაც შეადგენს 5 თვეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საკრედიტო ვალდებულება წარმოშობილია სესხის რეფინანსირების საფუძველზე, სახეზეა საკრედიტო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, თავდაპირველად აღებული კრედიტოს ნახევარზე მეტი დაბრუნებულია, რის გამოც პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-თ, რაც დღეში შეადგენს 2,05 აშშ დოლარს, ხოლო ვადის გადაცილების პერიოდის 266 დღეში (2016 წლის 12 ივლისიდან 2017 წლის 5 იანვრამდე და 2017 წლის 5 იანვრიდან შემდგომი 90 დღის მანძილზე 2017 წლის 5 აპრილამდე) შეადგენს 543,41 აშშ დოლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის დაკმაყოფილებას მიიღოს ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო, რადგან სარჩელით მოთხოვნილი ასევე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაც, რომლის ანაზღაურების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ შპს “A-----”-ს, დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ხ---------- მ--------თან, ზაირ გ------თან, ნ----- ი------------თან და ს------- ი------------თან დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა შპს “A-----”-ს, საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, რადგან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა,კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

შპს აზალიასთან დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ვადა იწურება 2020 წელს. შესაბამისად, მხარეებს შორის წარმოშობილია გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობა, რომელიც ბანკის მიერ შეწყდა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი).

 

ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში.

 

იმის გამო, რომ მხარეებს შორს არსებობს გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობა, მოპასუხეებისათვის ერთი წლის ფარგლებში მიუღებელი შემოსავლის დაკისრება შეესაბამება მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსს (გრძელვადიანობას), რის გამოც სესხის ძირითადი თანხის დავალიანების წლიური 16%-ის (თვეში 268,66 აშშ დოლარის) გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს არა უმეტეს ერთი წლისა, რაც შეადგენს 3223,9 აშშ დოლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რადგან იგი სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი გარიგება არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ნ----- ი------------ის და მ------- ისმაილოვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს ბ----------------- იპოთეკის უფლება 2013 წლის 9 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი თანხა გამომდინარეობს 2013 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების რესტრუქტურიზაციის შეთანხმებიდან, შესაბამისად, 2013 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით დადებული ხელშეკრულების პირობები ძალაშია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვლდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. იპოთეკის ხელშეკრულების 6,1 პუნქტით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სს თ----------ის წინაშე საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეებს შესრულებული არა აქვთ, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.

 

მოსარჩელე მოითხოვს, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება განხორციელდეს მოვალის და თავდებების სხვა ქონებაზე. იპოთეკის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს დებულებას იმის შესახებ, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისი ოდენობის შემთხვევაში აღსრულება უნდა მიექცეს მოვალეების სხვა ქონებაზე. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა იპოთეკის ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებების მიმართ ამ ნორმის გამოყენების საფუძველი არ არსებობს, თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, თავდები პირადად მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის. თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. ამ შემთხვევაში ხ---------- მ--------ი, ზაურ გ------ი და ნ----- ი------------ი არიან სოლიდარული თავდებები, რადგან მათ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს “A-----”-ს საკრედიტო ვალდებულების შესრულების ვალდებულა მსესხებლის თანაბარწილად. ამდენად, თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროევნული უზრუნველყოფის საშუალების არის ის არის, თავდები ვალდებულების შესრულების საკითხის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თავდებები ხ---------- მ--------ი, ზაურ გ------ი და ნ----- ი------------ი პასუხს აგებეს საკრედიტოს ვალდებულებისათვის მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უნდა განხორციელდეს თავდებების ქონების რეალიზაცია.

უზრუნველყოფისვალდებულების

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 28368,12 აშშ დოლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 26 048,4 აშშ დოლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 92%.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2271,60 ლარი, რომლის 92% არის 2089,87 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გათვალისწინებული უნდა იქნას მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილებისას და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს, ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

5000 აშშ დოლარი არის დაკისრებული თანხის 18%, 2089,87 ლარის 18% კი არის 376,17 ლარი, რომლის ნახევარი 188,09 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საერთო ჯამში მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1901,78 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;

 

1.1. შპს “A-----”-ს, ხ---------- მ--------ს, ზაურ გ------ს, ნ----- ი------------ს და ს------- ი------------ს დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ 22824,45 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა;

 

1.2. შპს “A-----”-ს, ხ---------- მ--------ს, ზაურ გ------ს, ნ----- ი------------ს და ს------- ი------------ს დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად 3223,9 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.3. თავდებების ხ---------- მ--------ის, ზაურ გ------ის, ნ----- ი------------ის და ს------- ისაკანდაროვის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს თითოეულისათვის 24 990 აშშ დოლარი;

 

1.4. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს მ------- ისმაილოვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მცხეთა, ლისი, სოფელ მსხალდიდში მდებარე 1160 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა კოდი 7----------- და ნ----- ი------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რ-------–---------------------------------. კოდი 0------------------, იძულებით რეალიზაცია, ხოლო თუ ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განხორციელდეს თავდებების ქონების რეალიზაცია;

 

2. სს „თ-----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 5 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 188, 09 ლარი (საგადახდო დავალება N6510). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი თღEშGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.

 

3. შპს “A-----”-ს, ხ---------- მ--------ს, ზაურ გ------ს, ნ----- ი------------ს, მ------- ისმაილოვს და ს------- ი------------ს დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1901,78 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი