გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001428140
№2-2168/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე რ------------------–--ე
წარმომადგენელი ა-----–-------–---
მოპასუხე ბ-------–--ე
წარმომადგენელი ნ--------------
დავის საგანი თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ბ-------–--ე დავალდებულდეს დაუბრუნოს რ------------------–--ეს დროებით სარგებლობაში გადაცემული ნოუთბუქი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში გადაუხადოს ნოუთბუქის ღირებულება 2000 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხე ბ-------–--ეს დაეკისროს რამაზ თავართქილაძის სასარგებლოდ სესხის თანხის, 1200 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 15 ივლისს მოსარჩელე რ------------------–--ემ, მოპასუხე ბ-------–--ეს დროებით სარგებლობაში გადასცა ნოუთბუქი: მოდელი ასერ ასპირე, მწარმოებელი - ჩინეთი, პროცესორი - ცპუ ი5, ოპერატიული მეხსიერება - რამ 8გბ, ვინჩესტერი-ჰდდ 1 ტბ, ვიდეო კარტა- სვგა 2გბ, ეკრანი - 15,6.
შპს „ეკონომიკა აუდიტის“ 2016 წლის 23 მაისის დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული ნოუთბუქის ღირებულება შედგენს 2000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოწმის ჩვენება.
- შპს „ეკონომიკა აუდიტის“ 2016 წლის 23 მაისის დასკვნა.
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა ბ-------–--ეს დღემდე არ აქვს დაბრუნებული ზ/აღნიშნული ნოუთბუქი მოსარჩელისათვის.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე იოსებ ხოზრევანიძის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ბ-------–--ემ დაუბრუნა ნოუთბუქი მოსარჩელეს. მოწმე აღნიშნავს, რომ მან დაინახა როგორ შევიდა მოსარჩელის ოფისში მოპასუხე ბ-------–--ე ნოუთბუქის ჩანთით და იქედან ჩანთის გარეშე გამოვიდა, სხვა რაიმე გარემოებას მოწმე ვერ ადასტურებს. თავად მოპასუხე კი საგამოძიებო ორგანოსათვის მიცემულ ჩვენებაში მიუთითებს, რომ ვინაიდან გაუფუჭდა ნოუთბუქი, მან გამოიწერა ახალი სხვა ფირმის ნოუთბუქი ინტერნეტის საშუალებით და დაუბრუნა რ------------------–--ეს, თუმცა ვერც აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას მოპასუხე ვერ მიუთითებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოპასუხე ბ-------–--ის მიერ რ------------------–--ეზე სადო ნოუთბუქის დაბრუნების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოწმეთა ჩვენება.
- საქართველოს შსს ქ. ბათუმის სამმართვეოს პოლიციის მე-2 განმყოფილებიდან გამოთხოვილი მასალები. გასაუბრების შესახებ ოქმები.
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მან ბ-------–--ეს ასესხა 1200 აშშ დოლარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთან დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან 1200 აშშ დოლარი ასესხა მოპასუხე ბ-------–--ეს, საქმეში წარმოდგენილი სს „ლიბერთი ბანკის“ შემოსავლის ორდერით კი დასტურდება, რომ რ------------------–--ის მიერ 1200 აშშ დოლარი გადარიცხულია არა ბ-------–--ის, არამედ ხათუნა კახიძის სახელზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ხათუნა კახიძე იყო მოპასუხის ყოფილი მეუღლე და მასზე თანხის გადარიცხვა განხორციელდა ლაშა აბაშიძის თხოვნით. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სს „ლიბერთი ბანკის“ შემოსავლის ორდერი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ: ბ-------–--ეს უნდა დაეკისროს რ------------------–--ის სასარგებლოდ დროებით სარგებლობაში გადაცემული ნოუთბუქის ღირებულების ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით; რ------------------–--ეს უარი ეთქვას ბ-------–--ეზე სესხის სახით თანხის დაკისრებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 615-ე, 621-ე, 623-ე, 624-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ------------------–--ემ ბ-------–--ეს დროებით სარგებლობაში გადასცა ნოუთბუქი: მოდელი ასერ ასპირე, მწარმოებელი - ჩინეთი, პროცესორი - ცპუ ი5, ოპერატიული მეხსიერება - რამ 8გბ, ვინჩესტერი-ჰდდ 1 ტბ, ვიდეო კარტა- სვგა 2გბ, ეკრანი - 15,6. შპს „ეკონომიკა აუდიტის“ 2016 წლის 23 მაისის დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული ნოუთბუქის ღირებულება შედგენდა 2000 ლარს.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივად დაიდო თხოვების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ------------------–--ემ ბ-------–--ეს დროებით სარგებლობაში გადასცა ქონება და შესაბამისად მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615 მუხლის თანახმად თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის. ამავე კოდექსის 621 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მონათხოვრე მოვალეა თხოვების ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს. თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება.
ამ შემთხვევაში გამნათხოვრებელს წარმოადგენს რ------------------–--ე, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი ნივთის უკან დაბრუნება, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ დაუბრუნა იგი გამნათხოვრებელს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლი კი იმპერატიულად მიუთითებს, რომ „თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება“.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და აღნიშნულს მოპასუხეც ადასტურებს შსს საგამოძიებო ორგანოებში მიცემული ჩვენებითაც, რომ ის ნოუთბუქი, რომელიც მას გადასცა რ------------------–--ემ გაფუჭდა და შესაბამისად მისი დაბრუნება შეუძლებელია.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სადაო ნოუთბუქის დაბრუნება შეუძლებელია, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ნათხოვარი ნოუთბუქის ღირებულების ანაზღაურება, რაც წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 2000 ლარს.
6.2. სასამარათლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელე რ------------------–--ის მოთხოვნას მოპასუხეზე 1200 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხე ბ-------–--ეზე 1200 აშშ დოლარის დაკისრებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, მან მოპასუხეს ასესხა თანხა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623 მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ------------------–--ის მიერ სადაო 1200 აშშ დოლარი გადარიცხული იქნა სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით არა ბ-------–--ის, არამედ ხათუნა კახიძის სახელზე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ხათუნა კახიძეზე თანხის გადარიცხვა განხორციელდა ლაშა აბაშიძის თხოვნით. ამდენად მხარეებს შორის არ დასტურდება სესხის ხელშეკრულების დადების თაობაზე შეთანხმება, შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ მხარეებს შორის არ ჩამოყალიბებულა არანაირი ვალდებულებითი ურთიერთობა. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად კი იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ მხოლოდ ვალდებულების ძალით არის კრედიტორი უფლებამოსილი მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. გარდა აღნიშნულისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელე რ------------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ ბ-------–--ეს უნდა დაეკისროს რ------------------–--ის სასარგებლოდ დროებით სარგებლობაში გადაცემული ნოუთბუქის ღირებულების ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე რ------------------–--ეს უარი ეთქვას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 144 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. რ------------------–--ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ბ-------–--ეს დაეკისროს რ------------------–--ის სასარგებლოდ დროებით სარგებლობაში გადაცემული ნოუთბუქის ღირებულების ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით;
1.2. რ------------------–--ის მოთხოვნა ბ-------–--ეზე სესხის სახით თანხის დაკისრებაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ბ-------–--ეს დაეკისროს რ------------------–--ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე