გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2018
საქმის ნომერი
120210118002245596
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2245596-2/012-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 მაისი 2018 წელი ქ. ა---––---

 

შესავალი ნაწილი

 

ა---––---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე - დ-----ი კ------ე

წარმომადგენელი - ი--------------–---–ი

მოპასუხე - ჯ--–--ა ლ---------ე

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

 

დავის საგანი - ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, ალიმენტის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დ-----ი კ------ე (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს ჯ--–--ა ლ---------ესთან (პ/ნ 0----------) რეგისტრირებულ ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ.ა---––---, ზ--------–ის ქ.N- სართული N2, ბინა N- (ს.კ.6------------------), 2/3 წილის მესაკუთრედ.

 

1.2. ჯ--–--ა ლ---------ეს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილების დ--ი კ------ის (დაბ. 1---------წ.) და მ------ კ------ის (დაბ. 2---------–.) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

დ----- კ------ე 2002 წლის 22 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯ--–--ა ლ---------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: დ--ი კ------ე, დაბადებული 2----–-–------------ და მ------ კ------ე, დაბადებული 2----–-–---------------ს. თანაცხოვრების პერიოდში 2006 წელს შეიძინეს უძრავი ქონება - საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ა---––---, ზ--------–ის ქ.N-, სართული N2, ბინა N- (ს.კ. 6------------------), რომელიც დღეის მდგომარეობით ირიცხება მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ის საკუთრებაში. უძრავი ქონების შეძენის შემდგომ მოსარჩელემ და მისმა მშობლებმა სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან აიღეს სასესხო ვალდებულებები და მიღებული თანხა, ასევე სოფლის მეურნეობიდან მიღებული თანხები მთლიანად მოახმარეს საცხოვრებელი სახლის რემონტსა და მასში საცხოვრებელი პირობების შექმნას, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების ღირებულება.

2017 წლის 03 ოქტომბერს მხარეებს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება, რაზეც გაცემული იქნა განქორწინების მოწმობა. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან მამასთან დ----- კ------ესთან, დედა მათ მოვლა-პატრონობაში მონაწილეობას არ იღებს. ჯ--–--ა ლ---------ე დასაქმებულია ქ.ა---––---ს კერძო სკოლა ,,მ-----ში“, მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 600 ლარს, რომლითაც თავისუფლად შეუძლია მატერიალურად უზრუნველყოს და მონაწილეობა მიიღოს ბავშვების მოვლა-პატრონობაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო ალიმენტის ნაწილში და განმარტა რომ თითოეულ ბავშვზე გადაიხდის 50 ლარს. მას შვილებისთვის მზრუნველობა არასდროს მოუკლია, პირიქით მამა არანაირ მონაწილეობას არ იღებდა მათ მოვლაში. რაც შეეხება უძრავ ქონებას, სარჩელი ამ ნაწილში არ ცნო და განმარტა, რომ დ----- კ------ესთან თანაცხოვრების პერიოდში მისმა მშობლებმა ბ------- ლ---------ემ და თ---------------–---–-ა უყიდეს სადავო უძრავი ქონება, რისი თანხაც 10-12 წლის განმავლობაში უკან უნდა დაებრუნებინათ, თუმცა ბოლოს აღნიშნული ბინა დაუტოვეს როგორც მზითვი. აღნიშნული ბინის რემონტში არანაირი თანხა არ გადაუხდიათ, ვინაიდან რემონტი გაუკეთა ახლობელმა. მოპასუხე ასევე უთითებს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო რა მიზნით იღებდა სესხებს დ----- კ------ე, არც სახლზე და არც რემონტზე არანაირი თანხა მას არ დაუხარჯავს, ვინაიდან არსად არ მუშაობდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დ----- კ------ე და ჯ--–--ა ლ---------ე დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.2. არასრულწლოვანი მ------ და დ--ი კ------ეები ცხოვრობენ დ----- კ------ესთან ა---––---ს რაიონის, სოფელ ანში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.3. მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ე მუშაობს სსიპ ქალაქ ა---––---ს N- საჯარო სკოლაში პედაგოგად და მისი ყოველთვიური ხელფასი ხელზე ასაღები შეადგენს 170 ლარს და 73 თეთრს. ჯ--–--ა ლ---------ე ასევე მუშაობს ქ. ა---––---ში შპს ,,ხ--------" დამოუკიდებელ სკოლაში ,,მ-----" და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 207,37 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

- ქალაქ ა---––---ს N- საჯარო სკოლის მიერ 01.05.2018 წელს გაცემული ცნობა;

- შპს ,,ხ--------" მიერ 24.01.2018 წელს გაცემული ცნობა;

 

3.1.4. მოსარჩელე დ----- კ------ე მუშაობს დაცვის პოლიციაში და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 450 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

- სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის 16.03.2018 წ. დასკვნა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 დ----- კ------ე 2002 წლის 30 აპრილიდან 2017 წლის 03 ოქტომბრამდე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ჯ--–--ა ლ---------ესთან.

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ქორწინების მოწმობა N5----------;

-განქორწინების მოწმობა N5----------;

 

3.2.2. დ----- კ------ეს და ჯ--–--ა ლ---------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–----------ს დაბადებული დ--ი კ------ე და 2----–-–--------------ოს დაბადებული მ------ კ------ე.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა ნკN8------

- დაბადების მოწმობა N5-----------

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.3. უძრავი ქონება, მდებარე ქ.ა---––---, ზ--------–ის ქ.N-, სართული 2, ბინა N- (ს.კ.6------------------) რეგისტრირებულია ჯ--–--ა ლ---------ის საკუთრებაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება N--258, დამოწმების თარიღი: 26.01.2006წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.2.4. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ.ა---––--- ზ--------–ის ქ.N- ს.კ.6------------------ შეძენილია მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, მათი თანაცხოვრების დროს და წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

მოპასუხე მხარის განმარტებით, ქორწინების განმავლობაში სადავო უძრავი ქონების შეძენა მოხდა მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ის მამის, ბ------- ლ---------ის ჯერ ნასესხები, ხოლო შემდგომ ნაჩუქარი თანხით. დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

 

სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2006 წლის 26 იანვარს სადავო უძრავი ქონების შეძენისას მან გადაიხადა მამის ნასესხები/ნაჩუქარი თანხა. მოწმე ბ------- ლ---------ე, როგორც მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ის მამა, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მქონე პირს. იგი დაინტერესებულია საქმის განხილვის შედეგით და მისი ჩვენების შინაარსი ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნოდ იმ პორობებში, როდესაც მოსარჩელე მხარე მას სადავოდ ხდის, ხოლო სხვა ობიექტური მტკიცებულებით ბ------- ლ---------ის ჩვენება არ დასტურდება. ასეთ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობით შედგენილი შეთანხმება თანხის გადაცემის შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ მხოლოდ მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ე და მისი მშობლები, არ არის დამოწმებული სანოტარო წესით და არ დასტურდება მისი ავთენტურობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. შესაბამისად, მხოლოდ მხარის განმარტება არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადგენად, რომ 2006 წლის 26 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დღეს, უძრავი ქონების გამყიდველს სწორედ მოპასუხის მამის მიერ ნასესხები/ნაჩუქარი თანხა გადაეცა ნასყიდობის საგნის ღირებულების ანგარიშში. მითუმეტეს თავად მოპასუხე მხარე და მისი მამა ბ------- ლ---------ე განმარტავენ, რომ თავდაპირველად ბინის შესაძენი თანხა ბ------- ლ---------ემ ჯ--–--ა ლ---------ეს და დ----- კ------ეს ასესხა, რაც თავისთავად გამორიცხავს ქონების შეძენის მომენტისათვის თანხის ჩუქების ფაქტს.

 

ის გარემოება, რომ ბინის წინა მესაკუთრეს გ--------------ეს ნასყიდობის თანხა გადასცა ბ------- ლ---------ემ, თავისთავად არ ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა ბ------- ლ---------ეს ეკუთვნოდა. მითიმეტეს გ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მოლაპარაკების და ბინის შეძენის პროცესს ყოველთვის ესწრებოდა დ----- კ------ე.

 

მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ მან მამისგან, ბ------- ლ---------ისაგან მიიღო თანხა საჩუქრის სახით და შემდეგ, სწორედ ეს თანხა გამოიყენა სადავო ქონების შესაძენად. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული მოწმე დ------------------ის ჩვენება, რომლისთვისაც აღნიშნულის თაობაზე ცნობილია მოპასუხე მხარის გადმოცემით, იგი უშუალოდ არ ესწრებოდა მოპასუხე მხარისათვის თანხის გადაცემას, ამ თანხით ბინის შეძენას და შესაბამისად, არ შეუძლია საწრმუნოდ მიუთითოს, რომ სწორედ ეს თანხა გადაიხადა მოპასუხემ სადავო საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის საფასურად.

 

საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლივი შეფასებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ.ა---––--- ზ--------–ის ქ.N-, ს.კ.6------------------, წარმოადგენს ჯ--–--ა ლ---------ის და დ----- კ------ის ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო ქონებას. მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელი ბინა შეძენილია მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ის მამის, ბ------- ლ---------ის ნაჩუქარი თანხით, საქმეში წარმოდგენილი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან სადავო ქონება შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრების დროს, არსებობს 1/2 წილზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 1122-ე, 1106-ე, 1212-ე, 1213-ე, 1198-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანსაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს : ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას და ამ უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარს.

 

დადგენილია, რომ მხარეები, დ----- კ------ე და ჯ--–--ა ლ---------ე დაქორწინდნენ 2002 წლის 30 აპრილს. მხარეები განქორწინდნენ 2017 წლის 03 ოქტომბერს. უძრავი ქონება, მდებარე ქ.ა---––--- ზ--------–ის ქ.N-, ს.კ.6------------------, შეძენილია მათი თანაცხოვრების პერიოდში 2006 წლის 26 იანვარს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე.

 

ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით - ქორწინების სააქტო ჩანაწერით დ----- კ------ის მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა, დ----- კ------ის და ჯ--–--ა ლ---------ის თანასაკუთრების რეჟიმში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. არ არის აუცილებელი, შეძენაში მეორე მეუღლის დამოუკიდებელი შემოსავლით მონაწილეობა და შეძენილის ორივე მეუღლის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა.

 

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით, მიუხედავად იმ გარემოებისა ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა. ამდენად, დ----- კ------ის, როგორც ჯ--–--ა ლ---------ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ იგი წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრეს, ხოლო აღნიშნული პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლება ჯ--–--ა ლ---------ის ვალდებულებაა, რაც მისი მხრიდან სათანადო დასაბუთებულობით არ განხორციელებულა.

 

საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლომ სარწმუნოდ და უტყუარად ვერ მიიჩნია მოპასუხის მამის ბ------- ლ---------ის მიერ სადავო უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი, 2 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხის ჯ--–--ა ლ---------ისათვის საჩუქრის სახით გადაცემა, ვინაიდან ხსენებული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული ვერ იქნა. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხის მამის, ბ------- ლ---------ის მხრიდან სადავო უძრავი ქონების შეძენისას თანხობრივი მონაწილეობის არსებობის ფაქტის დადასტურებაც კი ვერ გამოიწვევს სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი სპეციალური ფორმის დაცვით ხელშეკრულება დადებულია მხოლოდ ჯ--–--ა ლ---------ესა და ბინის გამყიდველს შორის, რის საფუძველზეც საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოეშვება მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ეს.

 

ამასთან, აღსანიშნავია რომ სასამართლოს მხრიდან ზემოხსენებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, მოპასუხის სასარგებლოდ არ შეიცვლება დავის სამართლებრივი შედეგი. სასამართლო მიუთითებს, რომ ჯ--–--ა ლ---------ისათვის სადავო უძრავი ნივთის შესაძენად მამის მიერ გადაცემული თანხა და მისით შეძენილი საცხოვრებელი სახლი, დასაჩუქრებულის ინდივიდუალურ საკუთრებად ვერ იქნება მიჩნეული. ამ შემთხვევაში, ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიერ საჩუქრად მიღებული თანხის, მისი მოხმარების მიზნის გათვალისწინებით, ქონების საკუთრების ფორმის (ინდივიდუალური, თუ საერთო) განსაზღვრისათვის, აუცილებელი და გადამწყვეტია დადგინდეს მჩუქებლის ნება. მხარეთა მიერ უდავოდაა მიჩნეული, რომ 2006 წლისათვის ჯ--–--ა ლ---------ე და დ----- კ------ე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ზრდიდნენ არასრულწლოვან შვილებს, რის გამოც, მჩუქებლის არსებობისა და თანხის მისი მხრიდან გადაცემის შემთხვევაშიც, ივარაუდება, რომ მჩუქებლის ნება მიმართული იყო ჯ--–--ა ლ---------ის ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვისაკენ და ემსახურებოდა ოჯახის საერთო მიზნებს. სასამართლოს ამ მხრივ შინაგან რწმენას უმყარებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ქონების შეძენის შემდეგ ჯ--–--ა ლ---------ე ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა აღნიშნულ სახლში და იქ განაგრძო ცხოვრება. შესაბამისად, სადავო საცხოვრებელი სახლის შესაძენად ნაჩუქარი თანხა, ფაქტის არსებობის პირობებშიც კი, განკუთვნილი იყო მთლიანი ოჯახისათვის და როგორც საჩუქარი, მოკლებული იყო ინდივიდუალური მოხმარების ხასიათს. ამგვარი პრეზუმირებული ფაქტის უარყოფისა და გაქარწყლების ვალდებულება ეკისრება ფაქტის უარმყოფელ მხარეს, ხოლო ჯ--–--ა ლ---------ემ იმ გარემოების მტკიცების ტვირთის რეალიზაცია, რომ ბინისთვის გადაცემული თანხა წარმოადგენდა პირადად, მხოლოდ ჯ--–--ა ლ---------ის ინდივიდუალურ საჩუქარს, ვერ უზრუნველყო.

 

ამასთან, სასამართლოს მიერ მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გაზიარებისა და ნივთის ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევის შემთხვევაშიც, გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი, რომლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.

 

კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლით ადგენს რა ქონების მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების შესაძლებლობას, განსაზღვრავს ამისათვის საჭირო წინაპირობებს. მოცემული სამართლებრივი ნორმა განსაზღვრავს ერთმნიშვნელოვნად, რომ ქორწინების პერიოდში საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდისა და ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის ხარჯის გაწევა უნდა მოხდეს მეუღლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარებისათვის უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ქონების ღირებულების მნიშვნელოვან გაზრდაზე იმ ხარჯების შედეგად, რაც ქორწინების განმავლობაში იქნა გაწეული. ქონებაზე ქორწინების პერიოდში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და გაწეული ხარჯი, რომლის შედეგად გაიზარდა ქონების ღირებულება, არ არის საკმარისი სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის. აუცილებელია ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა. ქონების ღირებულების მნიშვნელოვან გაზრდად ითვლება გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება, ე.ი. კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო ქონების ღირებულების გაზრდაზე, არამედ ამ ღირებულების მნიშვნელოვან გაზრდის თავისებურებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მხარეთა რეგისტრირებული ქორწინებისა და ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში, რის შედეგადაც უძრავი ნივთის ღირებულება გაიზარდა. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, რომლის თანახმად 2017 წლის 08 დეკემბრის მდგომარეობით სადავო ქონების ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. საქმეში კი უდავოდაა დადგენილი, რომ 2006 წელს ქონება შეძენილი იქნა 2 000 დოლარად, ბინა იყო სარემონტო, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში ჩაუტარდა რემონტი და მიყვანილი იქნა საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში, რის შედეგად სახეზეა ქონების საბაზრო ღირებულების გაუმჯობესება სულ მცირე 5 ჯერ. შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთი ამ სამართლებრივი საფუძვლითაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნას მოდავე მხარეთა თანასაკუთრებად.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება ჯ--–--ა ლ---------ის და დ----- კ------ის თანასაკუთრებას წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.

 

ამრიგად, აღნიშნულმა ნორმამ მხედველობაში მიიღო ბავშვის უფლებათა დაცვისაკენ მიმართული არა ერთი საერთაშორისო აქტი, გაითვალისწინა არასრულწლოვანი შვილების უპირატესი ინტერესები, რათა ბავშვებს ნორმალურ პირობებში აღზრდისათვის სათანადო საბინაო პირობები გააჩნდეს და განსაზღვრა, რომ თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფისას, მეუღლეთა წილის თანაბრობის პრეზუმფციიდან გადახვევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ მეუღლესთან საცხოვრებლად რჩებიან არასრულწლოვანი შვილები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მართალია ამჟამად მოსარჩელესთან ცხოვრობენ მისი არასრულწლოვანი შვილები, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე შვილებთან ერთად სადავო ბინაში არ ცხოვრობს, იგი ცხოვრობს მშობლების სახლში, სადაც ბავშვებისათვის უზრუნველყოფილია ყველა საჭირო პირობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება არასრულწლოვანი შვილების ისეთი ინტერესი, რაც მეუღლეთა წილთა თანაბრობის პრინციპის გადახვევის საფუძველი გახდებოდა.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებული სადავო ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი, სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია, რის გამოც არსებობს ერთ მეორედ ნაწილზე მოსარჩელე დ----- კ------ის მესაკუთრედ აღიარების საფუძველი.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა. შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ დ--ი და მ------ კ------ეები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან მამასთან, რომელიც უზრუნველყოფს მათ ფინანსურად, რაც არ არის საკმარისი მათი ასაკისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. არასრულწლოვნები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით. დედა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები.

 

დადგენილია ასევე, რომ ჯ--–--ა ლ---------ის ყოველთვიური შემოსავალი ჯამში შეადგენს 378,1 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი მ------ და დ--ი კ------ეების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, განვითარების, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ რჩენაზე მყოფი პირებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობის შეფასების გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულისათვის თვეში 80 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 05 იანვრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 80-80 ლარის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მათ სრულწლოვანებამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში მოსარჩელე დ----- კ------ის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის და სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 400 (ოთხასი) ლარის გადახდა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი 2/3 წილზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 1/2 წილის ნაწილში, მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ეს მოსარჩელე დ----- კ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით 300 (სამასი) ლარი და ასევე, 50 (ორმოცდაათი) ლარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამდენად ჯ--–--ა ლ---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 6------------------, მდებარე ქ. ა---––---, ზ--------–ის ქ.N-, სართული N2, ბინა N-) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დ----- კ------ის სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების პერიოდში შეძენილი მესაკუთრედ ცნობის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დ----- კ------ის სარჩელი ჯ--–--ა ლ---------ის მიმართ ალიმენტის დაკისრებისა და თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. დ----- კ------ე (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნას ჯ--–--ა ლ---------ის (პ/ნ 0----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ.ა---––---, ზ--------–ის ქუჩა #1, ბინა 1, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 6-------------1.0--, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ;

 

3. დაეკისროს მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ეს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–----------ს დაბადებული დ--ი კ------ის და 2----–-–---------------ს დაბადებული მ------ კ------ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულზე 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 05 იანვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;

 

4. მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ეს მოსარჩელე დ----- კ------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 300 (სამასი) ლარის, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

 

5. მოპასუხე ჯ--–--ა ლ---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---––---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---––---ს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლუიზა თოდუა