გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017002233102
საქმე # 2/927-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.05.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე: ლე-------------–-ძე
წარმომადგენელი: თე--------------ძე
მოპასუხეები: გი-----------------ძე, ოთ--------------ძე, ნუ--------------ძე
წარმომადგენელი: მა---------–---–ი
დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები (დაზუსტებული):
1.1 მოპასუხეებს გი-----------------ძეს, ოთ--------------ძეს და ნუ--------------ძეს აეკრძალოთ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენებით, მოსარჩელე ლე-------------–-ძისთვის, მიწის ნაკვეთზე გამავალი სარწყავი რუთი სარგებლობის ხელშეშლა;
1.2. მოპასუხეებს გი-----------------ძეს, ოთ--------------ძეს და ნუ--------------ძეს, მოსარჩელე ლე-------------–-ძის სასარგებლოდ დაეკისროთ მიყენებული ზიანის 3 000 ლარის ანაზღაურება;
1.3. მოპასუხეებს გი-----------------ძეს, ოთ--------------ძეს და ნუ--------------ძეს, მოსარჩელე ლე-------------–-ძის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 220 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის 261 ლარის, ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი 500 ლარის და მინდობილობის გაფორმებისთვის გადახდილი 13.8 ლარის ანაზღაურება.
(იხ. სასამართლოს 16.05.2018 წლის სხდომის ოქმი 18:50:16-18:52:52 სთ)
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთი მოპასუხეების მფლობელობაშია. სარწყავი რუ ოდითგანვე მათი სახლების უკანა (ჩრდილო-აღმოსავლეთით) ნაწილში გადის და წყალი, მოპასუხეების მიწის ნაკვეთის გავლით, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მიმართულებით მოძრაობს. სწორედ ასე ხდება მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე სარწყავი წყლის მიყვანა. 2017 წლის ივლისის თვეში, როცა მორწყვის სეზონი დადგა, მოსარჩელემ თავის მიწის ნაკვეთზე არსებული ვენახის, მრავალწლიანი ნარგავების და ახალშენი ვაზის მორწყვა გადაწყვიტა, მაგრამ მოპასუხეებმა ამის საშუალება არ მისცეს იმ საფუძვლით, რომ სარწყავი რუ მათ მიწაზე მდებარეობდა და როგორც მესაკუთრეები, მოსარჩელეს წყლის გატარების საშუალებას არ მისცემდნენ. მოსარჩელემ დახმარებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიმართა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვა და წყლის გატარებაზე მოპასუხეების დათანხმება ვერ მოხერხდა. ვინაიდან ნაკვეთში სარწყავი წყლის მიყვანის ალტერნატიული საშუალება არ არსებობს, მაღალი სიცხეების და მოურწველობის გამო, მოსარჩელეს ვენახი დაუზიანდა, ხოლო ახალშენი 600 ძირი ვაზი მთლიანად გახმა. მოპასუხეების უკანონო მოქმედებით მოსარჩელემ 3 000 ლარის ოდენობით ზიანი განიცადა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს შემდეგი საფუძვლით: სოფელში სარწყავი სისტემა არსებობს და იგი თითქმის ყველა ქუჩაზე ჩამოდის. სოფლის მაცხოვრებლებს სარწყავი წყალი თავის ნაკვეთებში შეჰყავთ და წყალს მიმართულებას თავად აძლევენ. მოსარჩელის ეზოს სარწყავი რუ ყველა მხრიდან უდგება და თავის ნაკვეთში შეყვანის ალტერნატიული საშუალება აქვს, თუმცა წყლის მიღება რატომღაც მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან სურს, არადა მორწყვის სხვა გზებიც არსებობს. მოსარჩელეს თავის შეწუხება არ უნდა და უმოკლეს გზებს ეძებს, რითაც მოპასუხეების საკუთრების უფლებას შეურაცხყოფს და მუდმივი დისკომფორტის შექმნა სურს.
ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ სიცრუეა თითქოს მათი ქმედებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და 600 ძირი ახალშენი ვაზი გაუხმა, რადგან მათ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს.
გამომდინარე აქედან, მოპასუხე მხარემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე ლე-------------–-ძის საკუთრებაშია ყვ----–--------–----–----ტის სოფელ ა---–-------–ში მდებარე ორი უძრავი ქონება, კერძოდ: 1) საჯარო რეესტრში №57---------1 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2 852 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით; და 2) №57---------2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 155 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16; 20-21);
3.1.2. მოპასუხეების მფლობელობაშია ყვ----–--------–----–----ტის სოფელ ა---–-------–ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. ეს უძრავი ქონება მოსარჩელე ლე-------------–-ძის კუთვნილი და 3.1.1 ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული ორივე უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარეობს.
მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და საჯარო რეესტრში №57---------1 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2 852 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მოპასუხეების მიწის ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს მდებარეობს, ხოლო №57---------2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 155 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ჩრდილო-დასავლეთის მხარეს მდებარეობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 18; 23-24);
- ნახაზი პირობითი აღნიშვნებით (ს.ფ. 25);
- საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 16.05.2018 წლის სხდომის ოქმი)
3.1.3. მოსარჩელის და მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან გამავალ გზაზე (ქუჩაზე) მოწყობილია სარწყავი არხი, რომელშიც წყალი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიედინება. ქუჩაზე მოწყობილი არხიდან, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსარწყავად საჭირო წყალი, ჯერ გადაკვეთს მოსარჩელის საკუთრებად №57---------2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთს, შემდგომ მოპასუხეების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, შემდეგ კი მოსარჩელის კუთვნილ და საჯარო რეესტრში №57---------1 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში გადადის (თვალსაჩინოებისთვის იხ. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ს. ფ. 18 და ნახაზი პირობითი აღნიშვნებით ს. ფ. 25). სწორედ ამ მიმართულებით ხდებოდა 2017 წლის აგვისტოს თვემდე მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთში სარწყავი წყლის მიყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნახაზი პირობითი აღნიშვნებით (ს.ფ. 25);
- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 18; 23)
- მხარეთა განმარტება (იხ. სასამართლოს 16.05.2018 წლის სხდომის ოქმი 16:22:49-16:25:51 სთ; 16:29:59-16:31:19 სთ;)
3.1.4. მოპასუხეებმა, 2017 წლის ზაფხულში, მოსარჩელეს აუკრძალეს მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში გამავალი რუდან სარწყავი წყლით სარგებლობა და ნაკვეთში წყლის მიყვანის და ნარგავების მორწყვის უფლება აღარ მისცეს. მოსარჩელემ 2017 წლის 04 აგვისტოს განცხადებით მიმართა ყვ----–--------–----–----ტის გამგეობას, სადაც მიუთითა, რომ კუთვნილ მიწის ნაკვეთში აქვს ვენახი, რომელიც ირწყვება მეზობლების მიწის ნაკვეთზე გამავალი რუს გამოყენებით და მორწყვის ალტერნატიული გზა არ არსებობს, მეზობელი გი-----------------ძე კი მის ნაკვეთზე გამავალი რუს გამოყენებით ნარგავების მორწყვის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ვენახი ხმება. მოსარჩელემ გამგეობას სადავო საკითხის გადაწყვეტაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ. 29);
- მხარეთა განმარტება (იხ. სასამართლოს 16.05.2018 წლის სხდომის ოქმი 16:36:28-16:38:40 სთ).
3.1.5. გამგეობის წარმომადგენლების 2017 წლის 11 აგვისტოს ოქმის თანახმად, მოდავე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რადგან გი-----------------ძემ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე წყლის გატარებაზე უარი განაცხადა. მხარეებს განემარტათ, რომ დავის გადასაწყვეტად შეეძლოთ სასამართლოსთვის მიემართათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.08.2017 წლის ოქმი (ს.ფ. 27)
3.1.6. მოსარჩელე ლე-------------–-ძის საკუთრებად საჯარო რეესტრში №57---------1 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და მასზე გაშენებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურები - ვაზი და ხეხილოვანი მცენარეები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 41-49);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 15-16; 20-21).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთში სარწყავი წყლის მიყვანა ალტერნატიული გზით შეუძლია და ამისთვის მათი მიწის ნაკვეთით სარგებლობის აუცილებლობა არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დანაწესი მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს ადგენს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს რომელიმე ფაქტობრივ გარემოებას აფუძნებს, მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება. ამასთან, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. როდესაც მხარეები ფაქტობრივ გარემოებაზე დავობენ, მხარის ვალდებულებაა სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც სასამართლოს ანალიზის საშუალებას მისცემს და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩაითვალოს, თუ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დასტურდება.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმის წარმოებისას დადგენილია პრინციპი, რომლის მიხედვით, როგორც წესი, მტკიცების ტვირთი იმ მხარეს აკისრია, რომელიც ფაქტის არსებობაზე მიუთითებს და არა იმას, რომელიც უარყოფს. განსახილველ შემთხვევაშიც მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრება, ვინაიდან სწორედ იგი უთითებს, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე სარწყავი წყლის მიყვანა მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშეც არის შესაძლებელი. ფაქტობრივად მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელეს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ალტერნატიული საშუალება (გზა) გააჩნია, თუმცა მოპასუხე მხარეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, რაიმე მტკიცებულება რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს აქვს მიწის ნაკვეთზე სარწყავი წყლის მიყვანის ალტერნატიული გზა, არ წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარემ კი უარყო ალტერნატიული გზით სარწყავი წყლის მიწის ნაკვეთში შეყვანის შესაძლებლობა.
ამდენად, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება და სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის განმარტება მოსარჩელის ნაკვეთში სარწყავი წყლის ალტერნატიული გზით მიყვანის შესაძლებლობის შესახებ უსაფუძვლოა.
3.2.2. საქმის განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე გაშენებული 600 ძირი ახალშენი ვაზის გახმობა გამოწვეულია მოპასუხეების ქმედებით (სარწყავი რუთი სარგებლობის აკრძალვით) და დამდგარ ზიანსა და მოპასუხეების ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირი არსებობს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება და ბრალეული პირის განსაზღვრის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარის ვალდებულებას წარმოადგენს.
მოსარჩელე საქმის განხილვის დროს მიუთითა, რომ ახალშენი ვაზი მოურწყველობის გამო გახმა. ამ გარემოების დასადასტურებლად ყვ----–--------–----–----ტის გამგეობის წარმომადგენლების მიერ 2017 წლის 05 სექტემბერს შედგენილ აქტზე და სსიპ ,,ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაზე მიუთითა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყვ----–--------–----–----ტის წარმომადგენლების მიერ 05.09.2018 წელს შედგენილ აქტში მითითებულია შემდეგი - დათვალიერების დღეს დადგინდა, რომ 800 ძირი ვენახიდან 600 ძირი ახალშენია, დაახლოებით 80% გამხმარია ხანგრძლივი გვალვისა და მოურწყველობის გამო. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელემ ექსპერტს მიყენებული ზარალის ოდენობასთან ერთად, ვაზის გახმობის მიზეზის დადგენაც სთხოვა. ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ [...] მიწის ნაკვეთზე გაშენებულ მსხმოიარე ვენახში და ხეხილოვან მცენარეებში ნაწილობრივ შეფერხებულია ინტენსიური განვითარება ნიადაგში ტენის დეფიციტის და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო. მეორე ნაკვეთში, სადაც წარმოდგენილი იქნა მიმდინარე წელს გაშენებული ვენახი, სადაც დარგულია 600 ძირი, ვიზუალური დათვალიერებით მცენარეთა მდგომარეობა ხმელია და საჭიროებს ახლით ჩანაცვლებას, [...] ვენახის გახმობის მიზეზის დადგენას ვიზუალური დათვალიერების გარდა სჭირდება ზუსტი ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. ნაკვეთში არსებული მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების მდგომარეობის შეფასება (არის თუ არა ხმელი) მცენარის ბიოლოგიური თავისებურების გათვალისწინებით რეკომენდირებულია აქტიური ვეგეტაციის პერიოდში, რაც ექსპერტიზის პერიოდისათვის ჩვენს მიერ ვერ დადგინდა. ასევე ჩვენს მიერ ვერ იქნა დადგენილი მსხმოიარე ვენახისათვის ექსპერტიზის პერიოდისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა და წლიური მოცდენის ღირებულება.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ექპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილში აღნიშნულია, რომ ვიზუალური დათვალიერებით ვენახის გახმობის მიზეზის დადგენა შეუძლებელია და ამისათვის ზუსტი ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა საჭირო. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ ექსპერტს ვაზის გახმობის მიზეზის დადგენას სთხოვდა, ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში ვაზის გახმობის მიზეზი მითითებული არ არის და დასკვნითი ნაწილი ინფორმაციას მხოლოდ ზიანის ოდენობის შესახებ შეიცავს. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ყვ----–--------–----–----ტის თანამშრომლების 05.09.2018 წლის აქტს, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ვერ გახდება მიყენებულ ზიანსა (ვაზის გახმობა) და მოპასუხეების ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის დამდგენი სათანადო მტკიცებულება, რადგან მისი შინაარსის მიხედვით, წარმომდგენლებმა ვაზის გახმობის მიზეზი მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით დაადგინეს და რაიმე კვლევა, ან მსჯელობა, რაც სასამართლოს მათი შეფასების რელევანტურობაში დაარწმუნებდა, აქტში არ არის მითითებული. ამავდროულად, აქტით არ დგინდება მისი შემდგენელი პირების კომპეტენცია, ანუ გააჩნიათ თუ არა მათ მცენარის გახმობის მიზეზის დადგენისთვის საჭირო კვალიფიკაცია.
სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის შინაარსის და წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე მიაჩნია, რომ მიყენებულ ზიანში მოპასუხე მხარის ბრალეულობა არ იკვეთება. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევისა და სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდებოდა, რომ ახალშენი 600 ძირი ახალშენი ვაზის გახმობა მოურწყველობამ გამოიწვია. ამ ნაწილში მოსარჩელე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება. ის მტკიცებულება კი რაც მოსარჩელემ წარმოადგინა, ურთიერთგამომრიცხავია და ამიტომ სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხე მხარის ბრალეულობა ზიანის მიყენებასთან მიმართებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.09.2017 წლის აქტი (ს.ფ. 31);
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 41-49);
- სარჩელი; მოსარჩელის მოსაზრება (ს.ფ. 1-14; 79);
- შესაგებელი (ს.ფ. 68-76);
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია და შეისწავლა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, (1) საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება; (2) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი; (3) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციითა და შიდა საკანონმდებლო აქტებით დაცული უფლებაა, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პირობების მიხედვით. ამავე დროს, საკუთრების უფლების შეზღუდვა მკაცრად დაცული წინაპირობების არსებობის შემთხვევებშია შესაძლებელი და ამისათვის მართლზომიერი საფუძველი უნდა არსებობდეს.
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ [...] საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მაგრამ ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1-370).
ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საკუთრების უფლების სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, „მესაკუთრე“ საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის # 2/1-370 გადაწყვეტილება, II. პ.8).
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ექვემდებარება შეზღუდვას მისი სოციალური ფუნქციის გათვალისწინებით და აღნიშნულ უფლებაში ზომიერი ჩარევა დადგენილია მოქმედი სამართლებრივი ნორმებით. ასეთ ნორმას, გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. ამავე კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ [...] დასახელებული ნორმებით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან. [...] სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24.05.2011 წელი; №ას-70-68-2014, 06.04.2015 წელი, სუსგ საქმე №ას-976-937-2014; 08.04.2015 წელი).
სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების შეზღუდვის აუცილებლობა სახეზეა, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვის დაწესებისას დაცული იქნას არა მარტო მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესები, არამედ აუცილებელი კავშირისთვის გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებიც და ბოჭვის ფარგლები განისაზღვროს იმდაგვარად, რომ მისი უფლებები ყველაზე ნაკლებად შეიზღუდოს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი გზით მიწის ნაკვეთის დატვირთვისას, მესაკუთრეების უფლების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხოს აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულება და, ამავდროულად, სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ორივე მიწის ნაკვეთი და მოპასუხეების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი მომიჯნავე ნაკვეთებია. საქმის განხილვის შედეგად ვერ იქნა დადასტურებული, რომ მოსარჩელეს, მოპასუხეების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენების გარეშეც შეუძლია მიწის ნაკვეთში სარწყავი წყლის მიყვანა. მხარეთა განმარტებებისა და სარჩელზე თანდართული ნახაზებით აგრეთვე დადასტურდა (ნახაზებში მითითებული ინფორმაცია მოპასუხე მხარის მხრიდან სადავო არ გამხდარა), რომ სოფელში მოწყობილი სარწყავი არხიდან წყალმა ჯერ მოსარჩელის კუთვნილი და საჯარო რეესტრში №57---------2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი უნდა გადაკვეთოს, შემდგომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული (დაურეგისტრირებელი) მიწის ნაკვეთი და შემდგომ მოსარჩელის კუთვნილ და საჯარო რეესტრში №57---------1 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთში შეიძლება იქნეს შეყვანილი. წყლის ამგვარი დინება გამოწვეულია ნიადაგის რელიეფით და იმ პრინციპით, რომლის მიხედვით წყალი ყოველთვის მაღალი ადგილიდან დაბალი ადგილის მიმართულებით მიედინება და არა პირიქით. საქმის განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მხარეთა შორის წყლით სარგებლობასთან დაკავშირებული დავის მიუხედავად, მოსარჩელეს თავის ნაკვეთზე (ს.კ. №57---------2) წყლის გატარებაზე მოპასუხეებისთვის უარი არასდროს უთქვამს (იხ. სასამართლოს 16.05.2018 წლის სხდომის ოქმი 16:45:18-16:46:56 სთ). მოპასუხე მხარე სარწყავ წყალს სწორედ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის გავლით იღებს. მოპასუხეებმა კი მოსარჩელეს თავის მხრივ მათი კუთვნილი ნაკვეთის გამოყენებით მოსარჩელის მეორე ნაკვეთში წყლის შეყვანის უფლებას არ აძლევენ. თავის მოქმედებას კი ასაბუთებენ დისკომფორტით და რომ უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან. მოპასუხეების განმარტებით დისკომფორტი გამოწვეულია იმით, რომ მათ სახლთან და ეზოში მოსარჩელის სიარული არ სიამოვნებთ, რადგან მას საძინებელი ოთახის ფანჯრებთან უწევს გავლა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამ ნაწილში მოსარჩელის და მოპასუხეების მიერ სასამართლოსთვის მიცემულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მხოლოდ სეზონურად, კერძოდ კი ზაფხულში უწევს, როდესაც გვალვის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ნარგავების მორწყვა აუცილებელია. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს მათთვის არასდროს უთქვამთ, რომ არ სიამოვნებდათ მათ ნაკვეთში საძიებელი ოთახის მხრიდან მისი გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში სარწყავი წყლით სარგებლობის მიზნით მათ ნაკვეთში საძინებელი ოთახის მხრიდან კი არა სახლის უკანა მხრიდან შევიდოდა. მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ მოსარჩელისთვის ეს გარემოება (მიზეზი) სასამართლოში საქმის განხილვამდე არასდროს უთქვამთ. აგრეთვე დაადასტურა, რომ მოსარჩელეს სახლის უკანა მხარეს არსებული ეზოს გამოყენებითაც შეუძლია სარწყავი წყლის რუსთან მისვლა და წყლის მიმართულების შეცვლა ნაკვეთის მოსარწყავად (იხ. სასამართლოს 16.05.2018 წლის სხდომის ოქმი 17:20:09-17:23:28 სთ; 17:29:23). შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ მითითებული დისკომფორტის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა შესაძლებელია თუ კი მოსარჩელე საცხოვრებელი სახლების უკანა მხარეს გადაადგილებით განახორციელებს მოპასუხეების კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებას. ამავდროულად, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეს ნაკვეთით მუდმივი სარგებლობა არ სჭირდება და მხოლოდ ზაფხულში, გვალვის შემთხვევაში, ნარგავების მორწყვის მიზნით უწევს გამოყენება.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ისეთი გარემოება, რაც მოსარჩელეს მოპასუხეების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მართლზომიერი საფუძველი გახდებოდა. მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ პატივსადებ გარემოებაზე, რაც მათი მხრიდან საკუთრების უფლებით ბოროტად სარგებლობაზე მიუთითებს და რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილ პრინციპს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქმის განხილვის შედეგად არ გამოვლენილა ისეთი ობიექტური გარემოება, რაც მოსარჩელის უფლებასთან მიმართებით მოპასუხე მხარის უფლების უპირატესი დაცვის აუცილებელი გარემოება გახდებოდა. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მხრიდან ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დასაბუთებულია და არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თვის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ხოლო 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმყოფებოდა კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში და იგი ვალდებული იყო მოსარჩელისთვის მიეცა მიწის ნაკვეთის გამოყენებით სარწყავი წყლის საკუთარ ნაკვეთში მიყვანის შესაძლებლობა, რაც მოპასუხე მხარემ უკანონოდ აღუკვეთა მოსარჩელეს, თუმცა საქმის განხილვის შედეგად მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული ახალშენი ვაზის გახმობის მიზეზი მოურწყველობა გახდა (იხ. 3.2.2. ფაქტობრივი გარემოება). ამდენად, წარმოდგენილი სარჩელით და თანდართული მტკიცებულებებით მოპასუხეების ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა არ დასტურდება.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანის გამომწვევიც. განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი მოპასუხის მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის ურთიერთკავშირი. შესაბამისად, ვერ დადასტურდა მოპასუხე მხარის ბრალი მიყენებულ ზიანთან მიმართებით. გამომდინარე აქედან, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ მიყენებული ზიანის 3000 ლარის გადახდევინების დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, დავის საგანი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა), სადაც შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4000 ლარს შეადგენს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეშლის აღკვეთა, რისთვისაც წინასწარ გადახდილია სახ. ბაჟი 120 ლარი და მიყენებული ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით, რისთვისაც წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (სულ 220 ლარი). აგრეთვე, მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურებისთვის გადაიხადა 500 ლარი, ექსპერტიზის მომსახურებისთვის 261 ლარი და რწმუნებულების გაფორმებისთვის სანოტარო მომსახურების თანხა 13.8 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ამ ნაწილში გაღებული ხარჯის (საადვოკატო და ექსპერტიზის მომსახურების ხარჯები) მოპასუხეებზე დაკისრების საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების (4000 ლარი) მიხედვით ამ ნაწილში გადახდილი საპროცესო ხარჯების, კერძოდ კი - სახელმწიფო ბაჟის (120 ლარი), საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის (160 ლარი) და რწმუნებულების გაფორმებისთვის გადახდილი 13.8 ლარის ანაზღაურება, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 37-ე, 39-ე, მე-40, 41-ე, 53-ე, 230-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ლე-------------–-ძის სარჩელი მოპასუხეების გი-----------------ძის, ოთ--------------ძის და ნუ--------------ძის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს გი-----------------ძეს, ოთ--------------ძეს და ნუ--------------ძეს აეკრძალოთ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენებით, მოსარჩელე ლე-------------–-ძისთვის, მიწის ნაკვეთზე გამავალი სარწყავი რუთი სარგებლობის ხელშეშლა;
3. მოსარჩელე ლე-------------–-ძის სარჩელი მოპასუხეების გი-----------------ძის, ოთ--------------ძის და ნუ--------------ძის მიმართ, მიყენებული ზიანის - 3 000 ლარის სოლიდარულად ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხეებს გორგი თურმანიძეს, ოთ--------------ძეს და ნუ--------------ძეს მოსარჩელე ლე-------------–-ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120 ლარის, საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 160 ლარის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაფორმებისთვის გადახდილი 13.8 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე