გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001858918
საქმე №2/ 281-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 აპრილი, 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე სს ,, ლ-------- ბანკი";
წარმომადგენელი: გ--------------;
მოპასუხეები: ბ---------------------; ი---------------ი; ი-–----------------ი;
წარმომადგენელი: გ-----------–---–-- ;
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეებს ბ---------------------ს, ი---------------ს და ი-–----------------ს სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროს 25 301.44 (ოცდახუთი ათას სამას ერთი ლარი და 44 თეთრი, აქედან ძირი-15 000 ლარი, პროცენტი- 5 801.44 ლარი, ჯარიმა -4 500 ლარი) ლარის გადახდა.
სარჩელის დასაბუთება
2015 წლის 27 იანვარს სს ,, ლ-------- ბანკის “ და ბ---------------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (აგრო კრედიტი) №8-----, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, წლიური პროცენტის განაკვეთი განისაზღვრა 24%-თ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 24 თვე, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ი. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი. საკრედიტო ხელშეკრულების უზურნველყოფის მიზნით 2015 წლის 27 იანვარს გაფორმდა ორი თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, თავდებებმა - ი---------------მა და ი-–----------------მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. ხელშეკრულებით თითოეული თავდების პასუხისგებლობის მაქსიმალური ლიმიტი ცალ-ცალკე განსაზღვრულ იქნა 15450 ლარით. მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა არ უზრუნველყო სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხით და საპროცენტო სარგებლით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა.
ბანკმა 2016 წლის 14 თებერვალს წერილობით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებებს და განუმარტა მათ, რომ ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველყონ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს არც მსესხებლის და არც თავდების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე მხარეების მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ იქნა დაბრუნებული საკრედიტო თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადებში. ამასთან ბანკის მიერ მხარეები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებულნი არსებული დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვასთან დაკავშირებით, რამაც არსებითი შედეგი არ გამოიღო, ბანკი იძულებული გახდა მიემართა სასამართლოს და მოითხოვოს თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება სასამართლო წესით.
მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა გადახდის პირობები და მოპასუხეებს ბანკის მიმართ ერიცხებათ დავალიანება 25 301.44 ლარის ოდენობით, რასაც მხარე ნებაყოფლობით არ იხდის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 301-ე, 302-ე მუხლების შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ---------------------ს წარმომადგენელმა გ-----------–---–--მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 13 000 ლარის ფარგლებში და განმარტა, რომ მოპასუხეს პროცენტის სახით გადახდილი აქვს 1500 ლარი, რომელიც ასახული არ არის დავალიანების ცნობაში.
მოპასუხეები (თავდებები) ი---------------ი და ი-–----------------ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ და არც შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წლის 27 იანვარს სს ,, ლ-------- ბანკის “ და ბ---------------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (აგრო კრედიტი) №8-----, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, წლიური პროცენტის განაკვეთი განისაზღვრა 24%-თ, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 24 თვე, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ი. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 27 იანვარს გაფორმდა ორი თავდებობის ხელშეკრულება ი---------------თან და ი-–----------------თან, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ცალ-ცალკე 15 450 ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
-მხარეთა განმარტებები;
-თავდებობის ხელშეკრულებები;
3.2. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი და მოპასუხეებს ბანკის მიმართ ერიცხებათ დავალიანება 25 301.44 ლარის ოდენობით, რასაც მხარე ნებაყოფლობით არ იხდის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- ამონაწერი მსესხებლის პირადი ანგარიშიდან;
3.3. მსესხებელს და თავდებ პირებს ბანკის მიერ გაეგზავნათ გაფრთხილებები, რასაც რეაგირება არ მოყოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 403, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლით: თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 896-ე მუხლით: თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრებიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
როგორც ზ/აღინიშნა მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 15 000 ლარის ოდენობით. მოპასუხემ დაადასტურა, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეებს ვალდებულების შესრულება.
6.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის 13 000 ლარის ფარგლებში და შესაბამისად სარჩელის მოთხოვნა 13 000 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მოპასუხემ ცნო ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულება და შესაბამისად მას ეკისრება პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, რადგან საბანკო კრედიტი არ არსებობს საბანკო პროცენტის გარეშე და მისი შემადგენელი ნაწილია. ამავე დროს მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს სესხის სახით 1500 ლარი, მაგრამ მოხდა თუ არა ამ თანხის ასახვა დავალიანების შესახებ გაცემულ ცნობაში მოსარჩელემ ვერ ახსნა. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ეს თანხა უნდა გამოაკლდეს მოთხოვნილი პროცენტის ოდენობას და პროცენტის სახით მოპასუხეს საბოლოოდ დაეკისროს 4 301.44 ლარის გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს ხუთჯერ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფასი შეადგენს 25 301.44 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 759.05 ლარი. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელის მოთხოვნები მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 216 ლარის გადახდა და მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი იმ თანხის პროპორციულად, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი მოსამზადებელ სხდომაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,, ლ-------- ბანკის ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხეებს ბ---------------------ს, ი---------------ს და ი-–----------------ს სს ,, ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 20 201.44 (ოცი ათას ორას ერთი ლარი და 44 თეთრი, აქედან ძირი-15 000 ლარი, პროცენტი- 4 301.44 ლარი, ჯარიმა -900 ლარი) ლარის გადახდა, რა დროსაც მოპასუხეების (თავდებების) ი---------------ის და ი-–----------------ის პასუხისგებლობა განისაზღვროს 15 450 (თხუთმეტი ათას ოთხას ორმოც და ათი) ლარის ფარგლებში.
1.2. დარჩენილი პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე სს ,, ლ-------- ბანკს “ ეთქვას უარი.
2.მოსარჩელე სს ,, ლ-------- ბანკს ’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 390 ( სამას ოთხმოც და ათი) ლარი.
- საგადახდო დავალება N5---------- თარიღი - 24.03.2017წ. გადამხდელის ბანკი - „ ლ-------- ბანკი“; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300523150; ბანკის კოდი -TRESGE22; გადახდილი თანხა - 759.05 (შვიდას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარი; გადამხდელის დასახელება - სს ,,ლ-------- ბანკი“ ს/ნ 203828304; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე.
3. მოპასუხეებს ბ---------------------ს, ი---------------ს და ი-–----------------ს სს ,, ლ-------- ბანკს ’’ სასარგებლოდ დაეკისროს 216 (ორას თექვსმეტი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე