გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2018
საქმის ნომერი
190210018002262020
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/162-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 მაისი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ----------ი"

წარმომადგენელი თამარ მაღალაშვილი

მოპასუხეები მ----- მ--------ი

მ--–---- მ--------ა

წარმომადგენელი მაია ქავთარაძე

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ----- მ--------ის და მ--–---- მ--------ისათვის სოლიდარულად 45 619,48 ლარის ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 34 028,09 ლარი, პროცენტი 7564,51 ლარი, ჯარიმა 3802,49 ლარი, სადაზღვევო პრემია 224,39 ლარი;

1.2. მ----- მ--------ის და მ--–---- მ--------ასათვის ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2018 წლის 10 იანვრიდან კრედიტის ძირითად თანხაზე 34 028,09 ლარზე სარგებლის - წლიური 20,5%-ის სოლიდარულად გადახდა ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს, 573,35 ლარს. არაუმეტეს 12 თვისა - 6880,2 ლარისა;

1.3. მ----- მ--------ის და მ--–---- მ--------ასათვის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაზე 41 592,6 ლარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით 90 დღის მანძილზე ყოველდღიურად 41,59 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3743,1 ლარისა;

1.4. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკის საგნის - მ--–---- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე გარდაბნის რაიონი სოფელი მუღანლო, კოდი 8-----------. იძულებით რეალიზაცია. ხოლო თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების მ----- მ--------ის და მ--–---- მ--------ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 13 ივნისს სს „თ----------სა“ და მ----- მ--------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 40 000 ლარი 35 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20,5%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია სადაზღვევო პრემიის გადახდა, რაც შეადგენს 224,39 ლარს.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 13 ივნისს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მ----- მ--------ის სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ--–---- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება- გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოში მდებარე უძრავი ქონება კოდი 8-----------.

 

2016 წლის 13 ივნისს მ--–---- მ--------ასა და სს „თ----------ს“ შორის დადებულია თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მ--–---- მ--------ამ იკისრა მ----- მ--------ის სესხის ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 42 000 ლარი.

 

კრედიტის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არ არის, 2017 წლის 10 მაისის შემდეგ კრედიტი აღარ დაუბრუნებიათ. მოპასუხეებს ელექტრონული ფოსტით გაეგზავნათ წერილები ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა კრედიტი არ დააბრუნდეს, რის გამოც ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ----- მ--------მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი ნაწილობრივ, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდაზე, ხოლო პირგასამტეხლოს შესახებ განმარტა, რომ შეუსაბამოდ მაღალი თანხაა და მოითხოვა შემცირება.

მ--–---- მ--------ამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან არ იცის ქართულ ენა, ვერ საუბრობს და ვერ კითხულობს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებაზე ქართულ ენაზე ხელმოწერა შეასრულა ბანკის წარმომადგენლის დახმარებით, გადაწერა ასოების მოხაზულობა. მისთვის ხელშეკრულების შინაარსი გაუგებარია და არ იცის რაზე მოაწერა ხელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 13 ივნისს სს „თ----------სა“ და მ----- მ--------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 40 000 ლარი 35 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20,5%-ით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია სადაზღვევო პრემიის გადახდა, რაც შეადგენს 224,39 ლარს. ხელშეკრულების 10,1 პუნქტის მიხედვით, ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კლიენტს ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შემცველი სადაზღვევო პოლისის ბანკისთვის წარდგენა. 2016 წლის 13 ივნისს გაცემულია დაზღვევი პოლისი N3357404-8387573, რომელიც ადასტურებს სს „GPI ჰოლდინგსა“ და მ----- მ--------ს შორის დაზღვევის ხელშეკრულების დადებას. ხელშეკრულებით დაზღვეულია საბანკო კრედიტის თანხა 40 000 ლარი, სადაზღვევი რისკია დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზი, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა ამავე პოლისში მითითებული გამონაკლისებისა. 2016 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია რეფინანსირების მიზნით. ხელშეკრულების 2.16 პუნქტით გათვალისწინებულია სესხის გაცემა 2 ტრანშად. 33 000 ლარით უნდა დაიფაროს მიმდინარე სესხი თ----------ში (N83335254) და ლიბერთი ბანკში არსებული სესხები. ამის შემდეგ გაიცეს მეორე ტრანში 7000 ლარი მეურნეობის მიმდინარე ხარჯებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 19-27.36-39. ტომი 1)

- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 54-57. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 5-12. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 69-73. ტომი 1)

 

3.1.2. 2016 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მითებული კრედიტის თანხა მსესხებელს სრულად არ დაუბრუნებია, არ შეასრულა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულება. 2017 წლის მაისის შემდგომ კრედიტის თანხა ბანკისათვის არ დაუბრუნებია. გადაუხდელი დავალიანება შეადგენს ძირითად თანხას 34 028,09 ლარს, ხოლო გადაუხდელი სარგებელია 7564,51 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სარჩელი (ს.ფ. 5-12. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 69-73. ტომი 1)

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები (12.04.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.3. მ--–---- მ--------ასა და სს თ----------ს შორის 2016 წლის 13 ივნისს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მ----- მ--------ის სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ--–---- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოში კოდი 8-----------. 2016 წლის 13 ივნისს მ--–---- მ--------ასა და სს „თ----------ს“ შორის დადებულია თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მ--–---- მ--------ამ იკისრა მ----- მ--------ის სესხის ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 42 000 ლარი. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს თ----------ის იპოთეკის უფლება.

 

მოპასუხე მ--–---- მ--------ას განმარტებით, მან ქართული ენა არ იცის, ქართულ ენაზე წერა-კითხვა არ შეუძლია, რის გამოც ხელშეკრულების შინაარსს არ გასცნობია, ქართულ ენაზე ხელი მოაწერა ბანკის თანამშრომლის დახმარებით, გადაწერა ბანკის თანამშორმლის მიერ დაწერილი მისი სახელი და გვარი.

 

ამდენად, მოპასუხე არ უარყოფს სადაო ხელშეკრულებების ხელმოწერას, თუმცა აცხადებს, რომ ქართული ენის არცოდნის გამო ხელშეკრულების შინაარსს არ გასცნობია.

 

საქმეში წარმოდგენილია მაია ქავთარაძის მიმართ 2018 წლის 30 იანვარს გაცემული რწმუნებულება, რომელსაც მ----- მ--------ი და მ--–---- მ--------ი ხელს რუსულ ენაზე აწერენ. სანოტარო აქტში მითითებულია, რომ მ--–---- მემდოვამ და მ----- მ--------მა განაცხადეს რომ ქართული ენა არ იციან, ამიტომ ნოტარიუსმა მინდობილობა შეადგინა ქართულ და რუსულ ენაზე.

 

მოპასუხე მინდობილობას მიუთითებს მტკიცებულებად, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მ--–---- მ--------ამ არ იცის ქართული ენა და არ შეუძლია ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტის შინაარსის გაგება.

 

მინდობილობის თანახმად, ქართული ენის არცოდნის გამო ორივე მოპასუხისათვის მინდობილობა შედგენილია მათთვის გასაგებ, რუსულ ენაზე, მაგრამ მ----- მ--------მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, საკრედიტო ხელშეკრულების დადების ფაქტი სადაო არ გაუხდია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რწმუნებულების რუსულ ენაზე შედგენის ფაქტი არ მიუთითებს, რომ ქართული ენის არცოდნის გამო მ--–---- მ--------ასთან დადებული ხელშეკრულებების დადებისას მოპასუხის ნების გამოვლენა ნაკლიანი და ბათილია. მოპასუხეს ხელშეკრულების დადების დროს არ განუცხადებია, რომ მას სჭირდებოდა თარჯიმანი ხელშეკრულების შინაარსის გასაცნობად. მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, რაც გარიგების ბათილობის მიზნით მის მოტყუებაზე ან შეცდომაში შეყვანაზე არ მიუთითებს. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ხელშეკრულების დადების დროს ხელშეკრულების მეორე მხარემ სს „თ----------მა“ შექმნა ისეთი ვითარება, როცა მას შეეზღუდა მისი იმ უფლების რეალიზაცია, რომ განეცხადებინა ენის არცდონის შესახებ და ესარგებლა თარჯიმნის მომსახურებით.

 

აღსანიშნავია, რომ საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია მ--–---- მ--------ას მეუღლის მ----- მ--------ის სესხის რეფინანსირების მიზნით, რომელიც აღებული ჰქონდა სს „ლიბერთი ბანკსა და სს „თ----------ში“. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მსესხებელს ბანკში 3 დღის ვადაში უნდა წარედგინა იპოთეკის გაუქმების შეთანხმება და შესაბამისი ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, რის შემდეგ გაიცემოდა კრედიტის მეორე ტრანში. ამდენად, მ--–---- მ--------ას უძრავი ქონება სადაო ხელშეკრულების დადებამდე დატვირთული იყო იპოთეკით მისი მეუღლის სხვა სასესხო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამისად, მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ მის ქონებაზე არსებული იპოთეკის უფლება უნდა გაუქმებულიყო, რაც იყო სს "თ----------იდან" სესხის მეორე ტრანშის მიღების წინაპირობა.

 

შესაბამისად, მოპასუხისათვის ცნობილი იყო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების საკითხები. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩაითვლება, რომ მოპასუხე ხელშეკრულების დადების დროს ხელშეკრულებას არ გასცნობია და ისე მოაწერა ხელი, ეს მის მიმართ მოტყუებაზე და ნების შეცდომით გამოვლენაზე არ მიუთითებს, რადგან ეს გარემოებები მის აშკარა წინდაუხედაობაზე მიუთითებს და არა ხელშეკრულების მეორე მხარის განზრახვაზე მოტყუების გზით ხელშეკრულება დაედო მ--–---- მ--------ას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 30-35. 25)

- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 42-46.)

საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 36-37. ტომი 1)

- მინდობილობა (ს.ფ. 78-82. ტომი 1)

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები (12.04.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 394-ე, 404-ე, 412-ე, 414-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 50-ე, 54-ე, 72-ე, 73-ე, 75-ე, 81-ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

2016 წლის 13 ივნისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს მ----- მ--------ს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის 40 000 ლარის დაბრუნების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდის ვალდებულება, რაც არ შესრულდა.

 

მოპასუხე მ----- მ--------ი ცნობს სარჩელს სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, რაც მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 41 592,6 ლარის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულების დაზღვევის პრემიის გადახდა. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების 10-ე მუხლის თანახმად, ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს თავად უზრუნველყოს კლიენტის და მის ქონების დაზღვევა ბანისთვის მისაღები პირობებით და ამ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება გადაიხადოს სადაზღვევო პრემია ბანკის მიერ შერჩეული სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი პირობებით. დაზღვევის პოლიცის თანახმად სადაზღვევო პრემია შეადგენს მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიურ 1%-ს, ხოლო სადაზღვევო თანხაა 40 000 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სადაზღვევი პრემია 224,39 ლარი, რომლის გადახდის ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით ეკისრება მსესხებელს. ამდენად, მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ასევე უნდა დაეკისროს 224,39 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია ბანკის მოთხოვნა ზიანის ასანაზღაურებლად მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

მოსარჩელის ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გადასაწყვეტად მხედველობაშია მისაღები საკრედიტო ხელშეკრულების იურიდიული ბუნება. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .

 

განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.

 

სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც ბანკმა ვერ მიიღო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების სრულ შესრულებამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, სს „თ----------სა“ და მ----- მ--------ს შორის ხელშეკრულება დადებულია 35 თვის ვადით 2016 წლის 13 ივნისს, შესაბამისად ვალდებულების შესრულების ვადა იწურება 2019 წლის 8 მაისს. სარჩელი კრედიტის დაბრუნების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ბანკმა აღძრა ამ ვადის გასვლამდე, შესაბამისად, ბანკმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვეტა ხელშეკრულება ვალდებულების დარღვევის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება ზიანის ოდენობის შესახებ დებულებას არ შეიცავს, თუმცა კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში კრედიტის დაბრუნების ვადა იწურება 2019 წლის მაისში. შესაბამისად, ბანკისათვის მოსალოდნელი იყო ამ ვადაში სარგებლის მიღება. თავის მხრივ მოვალისათვის ვალდებულების დარღვევის თანმდევ შედეგად გასათვალისწინებელი იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ბანკი სრულად ვერ მიიღებდა სარგებელს. ამდენად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში 2019 წლის მაისამდე მიიღებდა შემოსავალს, რაც კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ვერ მიიღო. აქედან გამომდინარე, მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროთ ერთი წლის მანძილზე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების წლიური 20,5%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 573,35 ლარს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახდელია 6880,2 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა შემცირდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, რადგან მოთხოვნილია არაგონივრულად მაღალი თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს, ასევე გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის ფიქსირებულ თანხას 20 ლარს.

 

სარჩელით მოთხოვნილია ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო 3802,49 ლარის ოდენობით, რაც არის ვალდებულების დარღვევის დღიდან 2017 წლის 10 ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე 2018 წლის 17 იანვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო. ასევე მოთხოვნილი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ 90 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს დარიცხვა დღეში 41,59 ლარის ოდენობით, ჯამურად 3743,1 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს პირგასმატეხლოს გადახდა უნდა დაეკისროთ 2017 წლის 10 ივნისიდან, რადგან 2017 წლის მაისის შემდეგ კრედიტოს დაბრუნების მიზნტ თანხა აღარ არის გადახდილი. კრედიტის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულია ყოველი თვის 10 რიცხვში თანხის დაბრუნება, რის გამოც კრედიტოს დაბრუნების ვალდებულება დარღვეულად ითველა 2017 წლის 10 ივნისიდან, როცა მოვალემ გრაფიკით გათვალისიწნებული შენატანი არ გადაიხადა.

 

პირველ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული პირგასამტეხლო 3802,49 ლარი არის 2017 წლის 10 ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე 2018 წლის 17 იანვრამდე 220 დღის პირგასამტეხლო, ხოლო მე-3 სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულია 90 დღის მანძილზე პირგასამტეხლოს გადახდევინება 3743,1 ლარის ოდენობით. ამდენად, 90 დღეში მოთხოვნილია იმაზე მეტი თანხის პირგასამტეხლო, ვიდრე ვადის გადაცილების უფრო დიდი პერიოდისათვის, რაც სარჩელის აღძვრამდე პერიოდს მოიცავს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია და იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შესაბამისობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის საერთო დავალიანებაა 41 592,6 ლარი, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო საერთო ჯამში 7 545,59 ლარი. ყოველდღიურად მოთხოვნილია 41,59 ლარის დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად ვიდრე კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას. მით უფრო რომ სარჩელით მიუღებელი შემოსავალიც არის მოთხოვნილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრის მთავარი დანიშნულებაა ვალდებულების დარღვევის პრევენცია, მოვალეზე „ზეწოლა“, რათა მომავალში ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით მოვალემ მიიღოს ზომები ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემდეგ პირგასამტეხლო იძენს ასევე ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციას, რადგან ვალდებულების დარღვევის ფაქტის არსებობის გამო მას პრევენციის მნიშვნელობა აღარ აქვს. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დროს შესაძლოა სასამართლოს შეფასების საგანი გახდეს ვალდებულების გარემოებებისადმი შესაბამისი გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა თუ არა მოთხოვნილი. პირგასამტეხლოს გონივრულობისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოვალეს არ დაეკისროს იმ ოდენობის ფინანსური სანქცია, რაც ვალდებულების შესრულებას გაართულებს და მოვალეს მძიმე ტვირთად დააწვება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის დაბრუნების ვალდებულება სხვა სესხის რეფინანსირების მიზნით არის წარმოშობილი, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან 34 000 ლარი მოპასუხის სხვა სესხის დასაფარად არის გამოყენებული, რაც სხვა სასესხო ურთიერთობიდან წარმოშობილი ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს საერთო ოდენობას გულისხმობს. ამასთან, მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულება ნაწილობრივ შესრულებული აქვს.

 

სასამართლო მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანების 41 592,6 ლარის 0,01%-ით, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეში არის 4,15 ლარი. პირველ მოთხოვნაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო დარიცხულია 358 ვადაგადაცილებული დღისათვის. ამ პერიოდის პირგასამტეხლო შეადგენს 1489,01 ლარს, ხოლო 2018 წლის 17 იანვრის შემდგომი 90 დღის პერიოდის პირგასამტეხლო შეადგენს 374 ლარს.

 

ამდენად, მ----- მ--------თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია სესხის ძირითადი თანხა 34028,09 ლარი, სარგებელი 7564,51 ლარი, პირგასამტეხლო 1489,01 ლარი, სადაზღვევო პრემია 224,39 ლარი. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ 90 დღის განმავლობაში გადასახდელი პირგასამტეხლოა 374 ლარი, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანია 6880,2 ლარი. ჯამურად 50 560,2 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- მ--------თან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების შესრულებისათვის ეკისრება მოპასუხე მ--–---- მ--------ას, ასევე ამ თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს მ--–---- მ--------ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის განმარტებები თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება არის ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, ხოლო ნების გამოვლენა ნადვილია თუ იგი გარიგების დადების გადაწყვეტილება მიღებულია მხარის თავისუფალი განსჯის პირობებში. სამართლებრივ შედეგს იწვევს ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მხარის სურვილის და მიზნის გამომხატველია, მიღებულია თავისუფალი განსჯის შედეგად, რაიმე არამართლზომიერი ზეგავლენის გარეშე, მხარისათვის განსაზღვრულია და აღქმადია ნების გამოვლენის შედეგად სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, გაცნობიერებული აქვს ნების გამოვლენის შედეგები და რისკები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

მოპასუხე მასსა და სს თ----------ს შორის დადებულ ხელშეკრულებს ბათილად მიიჩნევს იმ საფუძვლით, რომ ქართული ენის არცოდნის გამო ხელშეკრულებების შინაარსი მისთვის ცნობილი არ იყო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნების გამოვლენა არის კერძო სამართალში ერთერთი მნიშვნელოვანი ქმედება, რადგან ნების გამოვლენა იწვევს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას. ამდენად, ნების გამოვლენის შედეგად მყარდება ყოველი სამართლებრივი ურთიერთობა. ნების გამოვლენა სახელშეკრულებო თავისუფლების რეალიზაციის ძირითადი სამართლებრივი საშუალება.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილი გარიგების დეფინიციიდან გამომდინარე ნების გამოვლენა გარიგების აუცილებელი ელემენტია. ამით სამოქალაქო კოდექსი გარიგების რეგულირებისას ნების თეორიას ეყრდნობა. ნების გამოვლენა არის სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. ნების გამოვლენით გარიგების მონაწილე აფიქსირებს იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურს მისი შინაგანი ნების საფუძველზე.

 

სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები - მატერიალური თუ ფორმალური. მატერიალურ წინაპირობებს განეკუთვნება ნების გამომვლენი პირის გონებრივი შესაძლებლობები (ასაკი,, ჯანმრთელობა), ხოლო ფორმალურს - ნების გამოვლენის კანონით დადგენილი ფორმის დაცვა (ნების გამოვლენა წერილობით, ზეპირად, ნოტარიუსის მონაწილეობით, კანონის შესაბამისად და ა.შ.).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ გარიგების დადებისას არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ გარიგების მხარეთა ნამდვილ ნებას გამოხატავს მხარეების მიერ დადებული ხელშეკრულება. შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოებები უნდა დაადასტუროს იმ პირმა, ვინც გარიგების შეცილებას ახორციელებს, არ მიიჩნევს გარიგების ნამდვილ ხელშეკრულებად.

 

მოპასუხე მის ვალდებულებას წარმოშობილად არ მიიჩნევს იმ გარემოების გამო, რომ ქართული ენის არცოდნის გამო ქართულ ენაზე შედგენილი ხელშეკრულების ტექსტის შინაარსი ვერ გაიგო და შესაბამისი სამართლებრივი შედეგის წარმოშობა მას გაცნობიერებული არ ჰქონდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა. პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ. პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ. არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, 1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. 2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

მოტყუების ან შეცდომის გამო დადებული გარიგება საცილო გარიგებათა რიცხვს მიეკუთვნება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ შემთხვევაშ როცა სარჩელით არის მოთხოვნილი ამ გარიგების შესრულება, მეორე მხარემ გარიგების შეიცილება უნდა განახორციელოს საპროცესო თავდაცვის ისეთი საშულებით როგორიცაა შეგებებული სარჩელი, რადგან გარიგების ბათილობის მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებით შესაძლებელია გარიგების შემცილებელი მხარისათვის სასურველი შედეგის მიღწევა - გარიგების ბათილობა და ამის შედეგედ მისთვის ვალდებულების დაკისრების გამორიცხვა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხეს შეგებებული სარჩელი არ წარმოუდგენია.

 

განსახილველ საქმეში სადაოა წერილობით გაფორმებული ორი ხელშეკრულება - თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, აცნობიერებს ამ ხელშეკრულების სამართლებრივ შედეგებს და სურს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების პირობები და იგი ხელშეკრულების დადებისას მოატყუეს ან შეცდომაში შეიყვანეს.

 

სადაო სესხის ხელშეკრულება დადებულია მ--–---- მ--------ას მეუღლის მ----- მ--------ის სესხის რეფინანსირების მიზნით. სს "თ----------თან" 2016 წლის 13 ივნისს დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სესხი გაიცა ორ ტრანშად. 33 000 ლარით უნდა დაიფაროს მიმდინარე სესხი სს "თ----------ში", ასევე ლიბერთი ბანკში არსებული სესხები. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მ----- მ--------ის ვალდებულება, 3 დღის ვადაში სს „თ----------ში“ წარედგინა საჯარო რეესტრში იპოთეკის გაუქმების შესახებ ინფორმაცია უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი 8-----------. ამ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ გაიცემა სესხის მეორე ტრანში 7000 ლარი.

 

ამდენად, მ--–---- მ--------ას სადაო ქონება 2016 წლის 13 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების დადებამდეც დატვირთული იყო იპოთეკით. აქედან გამომდინარე, მოპასუხისათვის ცნობილი იყო ბანკთან საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

შესაბამისად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის ის განმარტება, რომ იგი ინფორმირებული არ იყო ხელშეკრულების პირობების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, შესაბამისად ნების გამოვლენა წარმოშობს მხარის უფლება-მოვალეობებს, ხელშეკრულება შესაძლოა აკისრებდეს ნების გამომვლენს გარკვეულ ვალდებულებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობით ბოჭვისას, ხელშეკრულების დადების დროს მხარე ვალდებულია გაეცნოს ხელშეკრულებას, ხოლო თუკი მან არ იცის ის ენა, რაზეც ხელშეკრულებაა შედგენილი, უნდა განაცხადოს ენის არცოდნის შესახებ და მოითხოვოს ხელშეკრულების თარგმნა, თარჯიმნის დახმარება.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას რაიმე პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, მას არ მოუთხოვია თარჯიმანი. ორივე ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დაფიქსირებულია ქართულ ენაზე, რაც ქმნის იმის ვარაუდს, რომ მოპასუხისათვის გასაგები იყო ხელშეკრულების პირობები, აცნობიერებდა მის შედეგებს, ეთანხმებოდა, რომ მისი მეუღლის სესხის უზრუნველსყოფად იპოთეკით დატვირთულიყო მისი კუთვნილი უძრავი ქონება და თანხმობას აცხადებდა მეუღლის ვალის თავდებობაზე.

 

სასამართლო მოპასუხის განმარტებასთან დაკავშირებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებაში საქმეზე № ას-620-592-2016 მითითებულია შემდეგი განმარტება: „გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს; განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგების დადებისას გარიგების შინაარსის არცოდნის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა მის გამოუცდელობასა და ქართული ენის უცოდინარობაზე, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მან გარიგებაზე ხელმოწერისას განაცხადა პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით.“ ამავე განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კასატორის მხოლოდ მითითება, რომ მან არ იცის ქართული ენა და ამის გამო მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი, როგორც მოტყუებით დადებული გარიგება, არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებებს, რომელიც ადასტურებს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას მისი მოტყუების ფაქტს.

განსახილველი საქმის მსგავს საქმეზე განმარტება მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებაში საქმე №ას-272-272-2018; 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაში საქმეზე №ა-932-872-2017 .

 

მოპასუხის განმარტებით, იგი მისთვის ხელმოსაწერად წარდგენილი ხელშეკრულებების შინაარსის შესახებ ქართული ენის არცოდნის გამო ინფორმირებული არ იყო, რაც სასამართლოს აზრით ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობა არ არის. მოსარჩელეს არ განუცხადებია, თუ რატომ არ მოითხოვა ხელშეკრულებების თარგმნა თუკი მათი შინაარსი გაურკვეველი იყო, ხოლო თუკი ხელშეკრულებებს ისე მოაწერა ხელი, რომ მათ შინაარსს არ გასცნობია, ეს მისი მეუღლის ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენდა, რაც გარიგების ბათილობას საფუძვლად ვერ დაედება. მოპასუხემ ვერ მიუთითა ისეთ ობიექტურ გარემოებაზე/ვითარებაზე, რის გამოც, მოტყუვდა და ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა წაერთვა. მან ვერ განმარტა ხელშეკრულების დადების დროს რატომ არ მოითხოვა თარჯიმნის მომსახურება, ან რა ობიექტური ვითარება შექმნა ხელშეკრულების მეორე მხარემ, რამაც მოსარჩელეს ხელი შეუშალა სასურველი ნების გამოვლენაში.

 

ამდენად, მ--–---- მ--------ასთან დადებული თავდებობის და იპოთეკის ხელშეკრულებები ბათილად გარიგებებად ვერ ჩაითვლება, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ მ----- მ--------მა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში მ--–---- მ--------თან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა მ----- მ--------ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მ--–---- მ--------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს თ----------ის იპოთეკის უფლება 2016 წლის 13 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვლდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. იპოთეკის ხელშეკრულების 6,1 პუნქტით გათვალისწინებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სს თ----------ის წინაშე საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეებს შესრულებული არა აქვთ, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 7.2 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკარის მიერ იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის იპოთეკის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 7,5 მუხლის თანახმად, იპოთეკარს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე (მოვალის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, მათ შორის ქონებაზე, რომელსაც მოვალე შეიძენს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ) მიუხედავად იმისა, უზრუნველყოფილია თუ არა მოვალის ვალდებულება სანივთო უფლებით.

 

ამდენად, იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით ბანკის მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილდება, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით და ვალდებულება სრულად შეწყვეტილად არ მიიჩნევა, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოვალის სხვა ქონების რეალიზაცია.

 

სასამართლო აღნიშნავს, თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, თავდები პირადად მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის. თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. მ--–---- მ--------ა არის სოლიდარული თავდები, რადგან მან თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა მ----- მ--------ის კრედიტის დაბრუნების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. ამდენად, თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების არსი ის არის, რომ თავდები ვალდებულების შესრულების საკითხში პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თავდები პასუხს აგებს საკრედიტო ვალდებულებისათვის მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაცია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 56 242.78 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეებს დაეკისრათ 50 560,2 ლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 90%. ამდენად, მოსარჩელეს აუნაზღაურდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ამ პროპორციით, რაც შეადგენს 1518,55 ლარს. დაკისრებული თანხიდან ერთმა მოპასასუხემ ცნო 41 592,59 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 78%. მოპასუხემ ეს მოთხოვნა ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაგებელში, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ორივე მხარე თავისუფლდება. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 78% არის 1184,46 ლარი, რომლის მოსარჩელისთვის ანაზღაურება მ----- მ--------ს არ ეკისრება, რადგან მან ნაწილობრვ ცნო სარჩელი. მ----- მ--------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მისთვის დაკისრებული იმ თანხის პროპორციულად, რაც მან არ ცნო. შესაბამისად, მ----- მ--------ის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 334,09 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხის სოლიდარულად გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, რადგან მოპასუხეების მიმართ აღძრულია საერთო მოთხოვნა და ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სოლიდარულია. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის 1184,46 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მ--–---- მ--------ას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ საქმეზე გაწეული სხვა საპროცესო ხარჯები – საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიღებისათვის გადახდილი 15 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ----------ის“ სარჩელი;

1.1. მ----- მ--------ს და მ--–---- მ--------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----------ისათვის“ 43 306 ლარის გადახდა;

 

1.2. მ----- მ--------ს და მ--–---- მ--------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----------ისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 573,35 ლარის გადახდა 2018 წლის 18 იანვრიდან არაუმეტეს 12 თვისა - 6880,2 ლარის ოდენობით;

 

1.3. მ----- მ--------ს და მ--–---- მ--------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----------ისათვის“ პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2018 წლის 18 იანვრიდან 90 დღის განმავლობაში 374 ლარის ოდენობით;

 

1.4. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკის საგნის - მ--–---- მ--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების -გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ნაგებობის (კოდი 8-----------) რეალიზაცია, ხოლო ამონაგები თანხა თუ საკმარისი არ იქნება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განხორციელდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაცია;

1.5. მ--–---- მ--------ას პასუხიმგებლობის ოდენობა განისაზღვროს 42 000 ლარით;

 

2. მ--–---- მ--------ოსა და მ----- მ--------ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „თ----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 334,09 ლარის გადახდა;

 

3. მ--–---- მ-----ოოვას დაეკისროს სს თ----------ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1184,46 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი