გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/515-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.05.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ნ--- ტ--------ე
წარმომადგენელი თამარ ნებიერიძე
მოპასუხე უ-- ყ------–---–ი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უ-- ყ------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2----–-–------------–- დაბადებული ხატია ყ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 300 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
1997 წლის 11 აპრილს დაქორწინა მოპასუხეზე, ჰყვათ ორი არასრულწლოვანი შვილი. 2009 წელს მოპასუხე გაემგზავრა საქართველოს ფარგლებს გარეთ, საიდანაც თავდაპირველად ეხმარებოდა ოჯახს, ხოლო შემდგომ მოითხოვა განქორწინება და 2012 წლის 21 მარტს მეუღლეები განქორწინდნენ. ამის შემდეგ მოპასუხემ შეწყვიტა ოჯახთან ყოველგვარი კავშირი. შვილების მატერიალური დახმარება. 2012 წელს ოჯახმა მიმართა პოლიციას მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ, რის შემდეგ იგი დააკავეს საბერძნეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა და გადმოსცეს საქართველოს პოლიციას, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 21 მაისს. მოპასუხე ყოველთვის არასაკმარის ყურადღებას იჩენდა შვილების მიმართ, თუმცა პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ მან შეიძინა ავტომობილი, აქვს მშენებარე სახლი, შექმნა ახლი ოჯახი, გახსნა მაღაზია ახალციხეში. ხატია არის მე-10 კლასის მოსწავლე, ემზადება 4 საგანში - ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა და ინგლისური. მოსარჩელეს უწევს მისი სწავლის საფასურის 200 ლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, მას არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, იგი მუშაობდა ახალციხეში ტელეკომპანიაში საბაშვო გადაცემების წამყვანად, მაგრამ ბავშვების აღზრდის ინტერესების გამო სამსახურის მიაყტოვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა 150 ლარის გადახდაზე. მოპასუხის განმარტებით, მას სამეწარმეო საქმიანობიდან სტაბილური შემოსავალი არა აქვს, იგი სეზონური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციით არის დაკავებული და მის შემოსავლის ოდენობა დამოუკიდებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების კარგ მოსავლიანობაზე. პატიმრობიდან ერთი წლის განთავისუფლებულია და თავდაპირველ ეხმარებოდნენ მეგობრები. მათი დახმარებით შეგროვილი თანხით შვილები წაიყვანა დასასვენებლად. ამჟამად ჰყავს ახალი ოჯახი, ელოდებიან შვილს, რის გამოც 150 ლარზე მეტის გადახდა არ შეუძლია.
(01.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკები)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. ნ--- ტ--------ე და უ-- ყ------–---–ი განქორწინებულნი არიან და ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მათ ჰყავთ ორი შვილი. 1997 წლის 22 დეკემბერს დაბადებულია საბა ყ------–---–ი, ხოლო 2----–-–------------–- დაბადებულია ხატია ყ------–---–ი. უმცროსი შვილი ხატია ყ------–---–ის არასრულწლოვანია და ცხოვრობს მოსარჩელესთან ნ--- ტ--------ესთან.
სასამართლო ე6ყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-7. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 35-38. ტომი 1)
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 20-21. ტომი 1).
3.1.2. ნ--- ტ--------ე შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია არ არის, მას სტაბილური , ყოველთვიური შემოსავალის ხელფასის სახით არა აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (01.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.3. უ-- ყ------–---–ი არის ინდ, მეწარმე, აქვს შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან. იგი ჰყიდის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 აპრილის წერილის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ი/მ უ-- ყ------–---–ს დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება, უ-- ყ------–---–ის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვთ, დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 328 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (01.05.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- შემოსავლების სამსახურის წერილი (ს.ფ. 61-62. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 200 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თვაინთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა. ხატია ყ------–---–ი არის 16 წლის ასაკის არასრულწლოვანი. მას საკვებით და სეზონური სამოსით უზრუნველყოფის გარდა, სჭიდება ასევე მატერიალური დახმარება სწავლაში. ხატია ყურმაშვილის ამჟამად სწავლობს მე-10 კლასში, იგი 1 წლის შემდეგ ამთავრებს სწავლას სკოლაში, იგი სკოლის გარდა ასევე დამატებით მეცადინეობს რამდენიმე საგანში, რის გამოც მისი სწავლისათვის დამატებითი მატერიალური სახსრების გადახდაა საჭირო.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 150 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე ყოველთვიურად 150 ლარის დაკისრებაზე თანხმობას აცხადებს იმის გამო, რომ მისი განმარტებით მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა და გააჩნია ფინანსური პრობლემები, ამჟამად შემცირებულია მისი შემოსავალი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს შეუძლია ყოველთვიურად 200 ლარი გადაიხადოს შვილის რჩენისათვის.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელე შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე დასაქმებული არ არის, მას არა აქვს სტაბილური შემოსავალი. მოპასუხისგან განსხვავებით, მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობას არ მისდევს და შემოსავალს მეწარმეობით არ იღებს. ამასთან, მასთან ცხოვრობს ორივე შვილი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია, რის გამოც ყოველდღიურად იგი შვილების საჭიროებებზე ზრუნავს, შვილის აღზრდისას წამოჭრილ ყოველდღიურ საოჯახო საკითხებს ის წყვეტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ბავშვის ის მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მშობლების ერთად ყოფნის დროს ექნებოდა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება მშობლებს ეკისრებათ მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად, რაც გულისხმობს მშობლების მატერიალური შესაძლებლობის კვალობაზე ამ მოვალეობის დაკისრებას. მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვების აღზრდის პირობები არ უნდა გაუარესდეს, შეძლებისდაგავრად უნდა იყო უზრუნველყოფილი ბავშვის აღზრდის ის პირობები, რაც მშობლების ერთად ცხოვრების პირობებში ექნებოდა, თუკი არ არსებობს ამის გამომრიცხავი რაიმე განსაკუთრებული, საპატიო გარემოება (ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, მატერიალური სიდუხჭირე და ა.შ.). მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად კარგი, რის გამოც მოპასუხეს აქვს უნარი დასაქმდეს, გამოიმუშაოს მისი შვილის რჩენისათვის აუცილებელი თანხა და მეორე მშობელს მატერიალურად დაეხმაროს შვილის რჩენაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. ასეთი მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მოპასუხეს არა აქვს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 200 ლარის ოდენობით ალიმენტი, რადგან არ დასტურდება ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების აუცილებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ შვილის რჩენა ორივე მშობლის ვალდებულებაა, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსარჩელეს შეუძლია დასაქმდეს და მიიღოს შემოსავალი შვილის რჩენისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არა აქვს შეზღუდული დასაქმების შესაძლებლობა, იგი ცნობს 150 ლარის დაკისრების მოთხოვნას, ხოლო სხვა თანხის გადახდაზე უარს აცხადებს ფინანსური სიძნელეების და იგი გამო, რომ ჰყავს მეორე მეუღლე და ელოდება შვილის დაბადებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობელს მისი თითოეული შვილის მიმართ აქვს რჩენის და ზრუნვის ვალდებულება თანაბრად. ხატია ყ------–---–ი არის 16 წლის, მას ასაკიდან გამომდინარე ესაჭიროება მატერიალური დახმარება სწავლის დაფინანსებისათვის, რაც მხოლოდ ერთი მშობლის ვალდებულება არ არის.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 28-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ბავშვს აქვს განათლების უფლება. ბავშვის უფლებათაგან ერთერთი მნიშვნელოვანი განათლების უფლება, ბავშვის აღზრდის უმნიშვნელოვანესი ასპექტია განათლების უფლების რეალური განხორციელება, რაც უპირველეს ყოვლისა მშობლების ვალდებულებაა. ბავშვისათვის სწავლაში ხელშეწყობა, მატერიალური შესაძლებლობის შესაბამისად განათლების მიღების პროცესის ფინანსური უზრუნველყოფა ორივე მშობლის ვალდებულებაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი საქმიანობის ხასიათიდან და ოჯახური პირობებიდან გამომდინარე გონივრული თანხაა 200 ლარის ალიმენტის დაკისრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 20 თებერვლიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 2400 ლარს. სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობაა 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი 200 ლარიდან მოპასუხემ ცნო 150 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 75%. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 75% არის 75 ლარი, რომლის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან. ამდენად, საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 25 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გააიხადოს მოპასუხემ. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ--- ტ--------ის სარჩელი;
1.1. უ-- ყ------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2----–-–------------–- დაბადებული ხატია ყ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 200 ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 20 თებერვლიდან;
2. უ-- ყ------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი