გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.05.2018
საქმის ნომერი
100310018002300958
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310018002300958

საქმე №3/7-2018წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21.05. 2018 წელი. ქ. საჩხერე

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: დარეჯან ღამბაშიძე

 

მოსარჩელე: ნოდარი ასანიძე

წარმომადგენელი: ნანა ღუღუნიშვილი

მოპასუხე: ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: მაია არსენაძე

მოპასუხე: ომარი დეკანოიძე, თინა კაპანაძე, თამარ დეკანოიძე

მესამე პირი: მიხეილ დეკანოიძე

წარმომადგენელი: ანა გუდაძე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ზედდების ნაწილში ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ (ხარვეზის გასწორება)

 

მოსარჩელე ნოდარ ასანიძე სარჩელში მიუთითებს, რომ მიწის რეფორმის შედეგად 1995 წლის 3 ოქტომბერს მის კომლზე გაიცა მიწის მიღება -ჩაბარების აქტი N1344 და გამოიყო მიწა 4 ნაკვეთად. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს დღესაც ფლობს მოსარჩელე. აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდებარეობს სოფელ ჩიხის ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება საჩხერის რაიონის სოფელ ივანწმინდას. (მერჯევის საკრებულო)

მოსარჩელე მიუთითებს, რომ კანონით დადგენილი წესით წარდგენილი იქნა რეგისტრაციის მასალები საჯარო რეესტრში თუმცა ერთ ნაკვეთზე ს/კ 35.02.56.318 დაფიქსირდა ზედდება.

აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე საჯარო რეესტრის სამსახურში დარეგისტრირებული იყო ო. დეკანოიძის, თ . კაპანაძის, თ. დეკანოიძის, მ. დეკანოიძის სახელზე ის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განხორციელდა ზედდება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა იცოდნენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მისი კომლის საკუთრება იყო და არასოდეს მოპასუხეები არ ფლობდნენ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. ჩიხის კომისიის წევრების მიერ იქნა აზომილი და გადმოცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნის სოფელ ჩიხის ტერიტორიას.

 

სარჩელით , ხარვეზის განცხადებით და ასევე სხდომაზე საბოლოოდ დაზუსტდა მოსარჩელის მოთხოვნა და საბოლოოდ მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ .

1.2. სასამართლოს მიერ განჩინების საფუძველზე მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩართული იქნა მიხეილ დეკანოიძე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხე საჯარო რეესტრის სააგენტომ სადაც მიუთითებს , რომ სარჩელს არ ცნობს. მოპასუხე განმარტავს, რომ 2017 წლის 03 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N882017926807 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა დალი გიორგაძემ და მოითხოვა დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 35.02.20.139 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია. N882017926807-03 (09.10.2017) გადაწყვეტილებით N35.02.56.318 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებს , შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე. მედიაცია ვერ შედგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

2017 წლის 31 მაისს ომარი დეკანოიძემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია 389 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე, მდებარე საჩხერე სოფ. ივანწმინდა.

საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 22 ივნისის N53/85094 წერილის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა კომლის შემადგენლობის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით განხორციელდა ომარი დეკანოიძის, თინა კაპანაძის და თამარ დეკანოიძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკადასტრო კოდით 35.02.56.318

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ომარ დეკანოიძის განცხადება ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე და მესაკუთრეთა გრაფაში ხსენებული მესაკუთრეების გარდა მიეთითა ასევე მიხეილ დეკანოიძე.

მოპასუხე საჯარო რეესტრი მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში ინსტრუქციის შესაბამისად საკადასტრო აგეგმვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისათვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე. მოპასუხის მოსაზრებით ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადაო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი. სხდომაზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლის განმარტებით არ შეიძლებოდა ტერიტორიული ორგანოს კომისიას გაეცა მიწის ნაკვეთი სხვა ტერიტორიული ორგანოს კუთვნილი მიწის ფართობზე.(იხ.ოქმი)

 

2.2. მოპასუხეები ომარი დეკანოიძე, თინა კაპანაძე, თამარ დეკანოიძე და მესამე პირი მიხეილ დეკანოიძე სარჩელს არ ცნობენ და განმარტავენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, რომლის დაზუსტებული ფართობია 389 კვადრატული მეტრი 1996 წლის 01 მარტს საჩხერის რაიონის სოფელ მერჯევის კომისიის წევრებმა N13688 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ომარ დეკანოიძეს გადასცეს 0,75 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ხუთ ნაკვეთად. მიღება-ჩაბარების აქტზე ერთ -ერთი მიწის ნაკვეთი დატანილია, როგორც სათბური, რომელიც წარმოადგენს ზუსტად იმ მიწის ნაკვეთს, რომლის მისაკუთრებასაც ცდილობს მოსარჩელე მხარე. ვინაიდან მოსარჩელე მხარემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვერ წარუდგინა ის აუცილებელი სარეგისტრაციო, რომელიც საკმარისი იქნებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ამიტომ სააგენტოს მიერ დადგინდა ზედდება. მოპასუხეები მიუთითებენ რომ მოცემული მიწის ნაკვეთზე დაახლოებით 1988-1990 წლებში განთავსებული იყო კოოპერატივის კუთვნილი საბუთი და აღნიშნული კოოპერატივის წევრები იყვნენ ომარი დეკანოიძე, მიხეილ დეკანოიძე, ჯამბული ენუქიძე და ანზორ დვალი. სათბურის გამოყენება ხდებოდა წლების მანძილზე. მოსარჩელის მიღება -ჩაბარების აქტზე მითითებული არ არის სათბურის არსებობის თაობაზე რაიმე გარემოება. მოპასუხე და მესამე პირი თვლიან , რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2007 წლის18 ოქტომბერს გაცემული დოკუმენტით ჩიხის საკრებულოს სოფელ ჩიხის 1995-2000 წლებისა და 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში ნოდარი ასანიძის კომლში ირიცხება : ნოდარ ასანიძე, დალი გიორგაძე მეუღლე, თეა ასანიძე-შვილი, ირაკლი ასანიძე-შვილი, გიორგი ასანიძე-შვილი.

დადგენილია, რომ ნოდარი ასანიძის ოჯახის სახელზე 1995 წლის 03 ოქტომბერს საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხის მიწის რეფორმის კომისიის , რომლის შემადგენლობაში შედიოდა კომისიის თავმჯდომარე გურამ იაკობაშვილი, წევრები სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი სოზარ იაკობაშვილი და საჩხერის რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის უფროსი რომანი ქურდაძე, წარმომადგენელი გოჩა ჭიღლაძე, მიერ გაცემულია მიღება ჩაბარების აქტი N1344, რომელზედაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

დადგენილია, რომ N1344 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციისას მოხდა ზედდება უკვე რეგისტრირებულ მოპასუხეთა მიწის ნაკვეთზე წარმოადგენს მეოთხე ნაკვეთს, ყანა ვარიანში, 996 კვადრატულ მეტრს და მოსაზღვრე ნაკვეთის მესაკუთრეები არიან ჩრდილოეთით ვაჟა ჭიღლაძე, სამხრეთით გელა კავთელაძე, აღმოსავლეთით არხი და დასავლეთით გზა.

საქმეში წარმოდგენილი ვაჟა ჭიღლაძის კუთვნილი მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც ასევე ჩიხის რეფორმის კომისიის მიერაა გაცემული ე.წ. ვარიანში არსებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მითითებული გზა, სათბური, არხი და გზა. ორივე მხარე ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი დასახელებით ,,სათბური“ წარმოადგენს სწორედ სადაო მიწის ნაკვეთს.

ნოდარ ასანიძის მიერ სადაო მიწის ნაკვეთზე ასევე წარდგენილია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია 2000 წლის 21 აპრილს განაცხადის რეგისტრაციის თარიღი 5 აპრილი 2000 წელი სარეგისტრაციო ზონა საჩხერე კოდი 35 კვარტლის N20 ქონების ადგილმდებარეობა ჩიხა ნაკვეთის ნომერი 139 სექტორი ჩიხა კოდი 02, დატანილია ასევე ნაკვეთის პარამეტრები

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 121-122)

- საარქივო ცნობა (ს.ფ.123)

-სარეგისტრაციო მოწმობა(ს.ფ.119)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ივნისს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად 1995-2000 წლებისა და 2001-2006 წლების საკომლო წიგნებით ომარი დეკანოიძის კომლში ირიცხებიან თვით ომარი დეკანოიძე, თინა კაპანაძე -მეუღლე, მიხეილ დეკანოიძე - შვილი, თამარ დეკანოიძე-შვილი.

დადგენილია, რომ 1996 წლის მარტის თვეში საჩხერის რაიონის სოფელ მერჯევის მიწის რეფორმის კომისიის, რომლის შემადგენლობაში შედიოდა კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ქავთარაძე წევრები სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი ვიტალი კეკენაძე და საჩხერის რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის უფროსი რომანი ქურდაძე, წარმომადგენელი ამირან კიკვიძე , მიერ გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტი N13688 სადაც მე-5 ნომრად მითითებულია სადაო მიწის ნაკვეთი 0,04 ჰა . ამ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად მითითებულია ჩრდილოეთით ჩიხა, სამხრეთით ჩიხა, აღმოსავლეთით გზა და დასავლეთით ჩიხა.

დადგენილია, რომ დოკუმენტები მიწის ნაკვეთების შესახებ სხვადასხვა მიწის რეფორმის კომისიების მიერ არის გაცემული, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხის ტერიტორიაზეა განთავსებული, რასაც ასევე ადასტურებს მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და განმარტება, კერძოდ მოპასუხე ომარ დეკანოიძის განმარტებით მას სხვა პიროვნებებთან ერთად ჰქონდა კოოპერატივი და სადაო მიწის ნაკვეთზე გააშენა სათბური. იგი ადასტურებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იჯარით ჰქონდა აღებული კოოპერატივს ჩიხის კოლმეურნეობიდან, რომელიც შემდეგ სახელმწიფო საწარმოდ გადაკეთდა და ამ საწარმოს ხელმძღვანელთან გრძელდებოდა ურთიერთობა. მოწმის სახით დაკითხულმა ჩიხის სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელმა-სოზარ იაკობაშვილმა, რომელიც ასევე ხელს აწერს ნოდარი ასანიძის მიღება-ჩაბარების აქტს ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ სადაო მიწის ნაკვეთი არის სოფელ ჩიხის ტერიტორია და სოფელ მერჯევის ტერიტორია არასოდეს ყოფილა. მას ურთიერთობა ჰქონდა სასათბურე მეურნეობის მფლობელ კოოპერატივთან , რადგან აღნიშნულ კოოპერატივს იჯარით ჰქონდა აღებული სადაო მიწის ნაკვეთი. მოცემული მიწის ნაკვეთი რეფორმის წესით უნდა განაწილებულიყო ჩიხის კომისიის მიერ.

მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის -საჩხერის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 28 ივლისის N186 გადაწყვეტილების მიხედვით აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ გატარებული იქნა რეგისტრაციაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების კიტრის და პამიდვრის წარმოების ,,ბაღჩეული“ ჩიხის კოლმეურნეობასთან საიჯარო ხელშეკრულებით მყოფი სოფელ ჩიხაში. მაშასადამე ამ დოკუმენტიდანაც ნათლად ჩანს სოფელ ჩიხისადმი სადაო მიწის კუთვნილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- არქივის ცნობა (ს.ფ. 73)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.76 )

- მოწმე სოზარ იაკობაშვილის ჩვენება (იხ.ოქმი)

- საჩხერის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება(ს.ფ.202)

- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)

 

3.3. საჯარო რეესტრის სააგენტოს 2018 წლის 17 იანვრის წერილით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურში, საჩხერის რაიონის მიწის მიღება-ჩაბარების აქტების მასალაში ომარ მიხეილის ძე დეკანოიძის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი არ არის დაცული, მაგრამ აღნიშნულ საარქივო მასალებში დაცულია ნოდარ ასანიძის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტიN1344

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი(ს.ფ.10)

- მხარის განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.4. დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N882017926807 სარეგისტრაციო განცხადებით მომართა დალი გიორგაძემ და წარმოდგენილი დოკუმენტებით მოითხოვა დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ ნაკვეთზე ს/კ35.02.20.139 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 9 ოქტომბრის N882017926807-03 გადაწყვეტილებით სააგენტომ გამოითხოვა უფლების დამდგენი დოკუმენტაცია ასევე განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 35.02.56.318 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიწის ნაკვეთის კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ან/და მხარეთა შორის დავის დადასტურების თაობაზე განცხადების წარმოუდგენლობის შემთხვევაში რეესტრი მიმართავდა მედიაციას. აღნიშნული ფორმით განმცხადებელს განემარტა ასევე 2017 წლის 24 ოქტომბრის N882017926807 გადაწყვეტილებით. ნოტარიუსის 2017 წლის 11 დეკემბრის წერილით მედიაცია შეწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. დადგენილია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ნახაზის მიხედვით სარეგისტრაციო ფართობი მთლიანად ფარავს ომარი დეკანოიძის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით 35.02.56.318.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ზედდება (ს.ფ.28)

- განცხადება (ს.ფ.116)

- რეესტრის გადაწყვეტილება 24.10.2017წ(ს.ფ.16)

-რეესტრის გადაწყვეტილება 09.10.17 წ(ს.ფ.15)

-რეესტრის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე(ს.ფ.19)

- მხარის განმარტებები (იხ. ოქმი);

 

3.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის სარეგისტრაციო მონაცემების ზედდება განხორციელდა ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 35.02.56.318. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალურ ოფისს 2017 წლის 31 მაისს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ომარი დეკანოიძემ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია 389 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე . 2017 წლის 06 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ გამოთხოვილი იქნა არქივიდან ომარი დეკანოიძის კომლის შესახებ ინფორმაცია.

დადგინდა კომლის შემადგენლობა, რის შემდგომაც აღნიშნულ უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი და სააგენტოს მიერ მოძიებული მასალების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილებით განხორციელდა ომარი დეკანოიძის , თინა კაპანაძის და თამარ დეკანოიძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რეგისტრაცია განხორციელდა დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი ნახაზისა და საარქივო ცნობის საფუძველზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ომარ დეკანოიძის განცხადება ხარვეზის გასწორების თაობაზე და მესაკუთრეთა გრაფაში ომარ დეკანოიძესთან, თინა კაპანაძესთან, თამარ დეკანოიძესთან ერთად მიეთითა მიხეილ დეკანოიძე.

მაშასადამე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მოცემული რეგისტრაციის მიმდინარეობის დროს და საბოლოოდ მითითებულია საარქივო ცნობა . მიღება-ჩაბარების აქტი , რომელიც საქმეშია წარმოდგენილი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად არ არის მითითებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ.101,110)

- განცხადება (ს.ფ.116)

- რეესტრის გადაწყვეტილება 6.06.2017წ(ს.ფ.102)

- რეესტრის გადაწყვეტილება 28.06.17 წ(ს.ფ.103)

- რეესტრის გადაწყვეტილება13.0717წ(ს.ფ.111)

- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ. 107)

- მხარის განმარტებები (იხ. ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ ნოდარი ასანიძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ (ხარვეზის გასწორება)

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;

- სამოქალაქო კოდექსი.

- სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ თითოეული პირის ინტერესი, რომელიც დავას აღძრავს სასამართლოში, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მას სურს დაიცვას უფლება, რომელიც მიაჩნია, რომ დაარღვია მოწინააღმდეგ მხარემ. ცხადია, რომ დარღვეული უფლების აღდგენა ყოველთვის უკავშირდება გარკვეული ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებების რეალურად და სრულად აღდგენასს წარმოადგენს კიდეც თავდაპირველ ინტერესს სასამართლოში დავის აღძვრისა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

ნოდარ ასანიძეს სრული უფლება აქვს განახორციელოს მოცემული საქმის წარმოება სხვა თანამესაკუთრეთა სასარგებლოდ.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

6.3. მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციას ახორციელებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ-ლ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, ხოლო ამავე მუხლის ,,კ” პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

6.4. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, კერძოდ: ა) საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო სამუშაოების სისტემურად შესრულება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სპორადული რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად; გ) მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების მათ ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; დ) საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ე) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და მათი ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.

ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ი“, ,,მ“ ,,ნ“პუნქტის შესაბამისად ი) მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;

მ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;

ნ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;

 

ო) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი – მიწის ნაკვეთის საზღვრების, კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობა, საჭიროების შემთხვევაში, დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

 

ომარ დეკანოიძემ და ნოდარ ასანიძემ სწორედ აღნიშნული კანონის ფარგლებში მიმართეს საჯარო რეესტრს . საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ომარი დეკანოიძის მიერ წარდგენილია საარქივო ცნობა, რომელიც მიწის ნაკვეთის მფლობელობაზე 1994 წლამდე ზოგად ინფორმაციას იძლევა, ხოლო ნოდარი ასანიძის მიერ წარდგენილი იქნა მიღება- ჩაბარების აქტი , რომელიც კონკრეტულად შესაბამისი მახასიათებლებით მიუთითებს სადაო მიწის ნაკვეთის თაობაზე.

 

6.5. მოსარჩელის უფლება სადაო მიწის ნაკვეთზე დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით და სარეგისტრაციო მოწმობით. დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ 2007 წლის18 ოქტომბერს გაცემული დოკუმენტით ჩიხის საკრებულოს სოფელ ჩიხის 1995-2000 წლებისა და 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში ნოდარი ასანიძის კომლში ირიცხება : ნოდარ ასანიძე, დალი გიორგაძე მეუღლე, თეა ასანიძე-შვილი, ირაკლი ასანიძე-შვილი, გიორგი ასანიძე-შვილი.

დადგენილია, რომ ნოდარი ასანიძის ოჯახის სახელზე 1995 წლის 03 ოქტომბერს საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხის მიწის რეფორმის კომისიის , რომლის შემადგენლობაში შედიოდა კომისიის თავმჯდომარე გურამ იაკობაშვილი, წევრები სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი სოზარ იაკობაშვილი და საჩხერის რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის უფროსი რომანი ქურდაძე, წარმომადგენელი გოჩა ჭიღლაძე , მიერ გაცემულია მიღება -ჩაბარების აქტი N1344, რომელზედაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

დადგენილია, რომ N1344 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მიწის ნაკვეთი, რომლის რეგისტრაციისას მოხდა ზედდება უკვე რეგისტრირებულ მოპასუხეთა მიწის ნაკვეთზე წარმოადგენს მეოთხე ნაკვეთს, ყანა ვარიანში, 996 კვადრატულ მეტრს და მოსაზღვრე ნაკვეთის მესაკუთრეები არიან ჩრდილოეთით ვაჟა ჭიღლაძე, სამხრეთით გელა კავთელაძე, აღმოსავლეთით არხი და დასავლეთით გზა.

საქმეში წარმოდგენილი ვაჟა ჭიღლაძის კუთვნილი მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც ასევე ჩიხის რეფორმის კომისიის მიერაა გაცემული ე.წ. ვარიანში არსებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ მითითებული გზა, სათბური, არხი და გზა. ორივე მხარე ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთი დასახელებით ,,სათბური“ წარმოადგენს სწორედ სადაო მიწის ნაკვეთს.

ნოდარ ასანიძის მიერ სადაო მიწის ნაკვეთზე ასევე წარდგენილია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც გაცემულია 2000 წლის 21 აპრილს განაცხადის რეგისტრაციის თარიღი 5 აპრილი 2000 წელი სარეგისტრაციო ზონა საჩხერე კოდი 35 კვარტლის N20 ქონების ადგილმდებარეობა ჩიხა ნაკვეთის ნომერი 139 სექტორი ჩიხა კოდი 02, დატანილია ასევე ნაკვეთის პარამეტრები.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრი არქივში ომარი დეკანოიძის მიღება-ჩაბარების აქტი არ იძებნება, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ 1996 წლის მარტის თვეში საჩხერის რაიონის სოფელ მერჯევის მიწის რეფორმის კომისიის, რომლის შემადგენლობაში შედიოდა კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ქავთარაძე წევრები სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი ვიტალი კეკენაძე და საჩხერის რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის უფროსი რომანი ქურდაძე, წარმომადგენელი ამირან კიკვიძე , მიერ გაცემულია მიღება-ჩაბარების აქტი N13688 სადაც მე-5 ნომრად მითითებულია სადაო მიწის ნაკვეთი 0,04 ჰა . ამ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად მითითებულია ჩრდილოეთით ჩიხა, სამხრეთით ჩიხა, აღმოსავლეთით გზა და დასავლეთით ჩიხა.

დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების აქტები სხვადასხვა მიწის რეფორმის კომისიების მიერ არის გაცემული, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხის ტერიტორიაზეა განთავსებული, რასაც ასევე ადასტურებს მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და განმარტება, კერძოდ მოპასუხე ომარ დეკანოიძის განმარტებით მას სხვა პიროვნებებთან ერთად ჰქონდა კოოპერატივი და სადაო მიწის ნაკვეთზე გააშენა სათბური. იგი ადასტურებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იჯარით ჰქონდა აღებული კოოპერატივს ჩიხის კოლმეურნეობიდან, რომელიც შემდეგ სახელმწიფო საწარმოდ გადაკეთდა და ამ საწარმოს ხელმძღვანელთან გრძელდებოდა ურთიერთობა. მოწმის სახით დაკითხულმა ჩიხის სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელმა-სოზარ იაკობაშვილმა, რომელიც ასევე ხელს აწერს ნოდარი ასანიძის მიღება-ჩაბარების აქტს ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ სადაო მიწის ნაკვეთი არის სოფელ ჩიხის ტერიტორია და სოფელ მერჯევის ტერიტორია არასოდეს ყოფილა. მას ურთიერთობა ჰქონდა სასათბურე მეურნეობის მფლობელ კოოპერატივთან , რადგან აღნიშნულ კოოპერატივს იჯარით ჰქონდა აღებული სადაო მიწის ნაკვეთი. მოცემული მიწის ნაკვეთი რეფორმის წესით უნდა განაწილებულიყო ჩიხის კომისიის მიერ.

მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის -საჩხერის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 28 ივლისის N186 გადაწყვეტილების მიხედვით აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ გატარებული იქნა რეგისტრაციაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების კიტრის და პამიდვრის წარმოების ,,ბაღჩეული“ ჩიხის კოლმეურნეობასთან საიჯარო ხელშეკრულებით მყოფი სოფელ ჩიხაში. მაშასადამე ამ დოკუმენტიდანაც ნათლად ჩანს სოფელ ჩიხისადმი სადაო მიწის კუთვნილება.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითადი საფუძველი. მოპასუხე ნოდარ ასანიძის სახელზე არსებობს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N1344 და სარეგისტრაციო მოწმობა, არსებობს ომარი დეკანოიძის სახელზე მიწის მიღება-ჩაბარების აქტიN13688, თუმცა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად არ არის მითითებული უფლების რეგისტრაციისას არსებობს საარქივო ცნობები კომლის შემადგენლობის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი შეიცავს, სარეგისტრაციო მოწმობა შეიცავს სადაო ნაკვეთის პარამეტრებს - სიგრძე, სიგანე, ფართობი, ინფორმაცია მოსაზღვრე ნაკვეთების შესახებ, მასშტაბი და ა.შ. წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილი გარემოებებიდან სადაო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ჩიხის ტერიტორიაზე და რეფორმის ფარგლებში მისი პრივატიზაციაზე უფლებამოსილი ორგანო იყო სოფელ ჩიხის მიწის რეფორმის კომისია, შესაბამისად ნოდარი ასანიძის კუთვნილი მიღება- ჩაბარების აქტი წარმოადგენს საკუთრების უფლების დამდგენ საბუთს სადაო მიწის ნაკვეთზე.

6.6. საჯარო რეესტრის სააგენტოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სადავო აქტის გამოცემამდე. ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2005 წელს უძრავი ქონების საკუთრების და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს. სარეგისტრაციო მოწმობა ასახავს ამ ქონების საკუთრების ან იჯარის უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის. 2000 წლის აპრილისათვის ნოდარ ასანიძეს გააჩნდა სარეგისტრაციო მოწმობა და მიღება-ჩაბარების აქტი N1344 , რომელიც ინახებოდა საჯარო რეესტრის არქივში სადაო მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული წარმოადგენდა ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს, რომელშიც აისახებოდა უფლებაზე გავლენის მქონე ინფორმაცია. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი და სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს.

დადგენილია, რომ ომარი დეკანოიძის მიღება-ჩაბარების აქტი N13688 საჯარო რეესტრის არქივში არ იძებნება. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც აღინიშნა არც სადაო რეგისტრაციისას საფუძვლად არის გამოყენებული.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 28.06.1993წ. №503 დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად მიწის მიმღებ მოქალაქეს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი მიეცეს მას შემდეგ, რაც მოქალაქე შესაბამის მმართველობით ადგილობრივ ორგანოებში წარადგენს..... ღირებულების გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს. მოცემული ნორმის შინაარსიდანაც ნათლად ჩანს, რომ სოფელ მერჯევის კომისიას არ შეეძლო რეფორმის წესით გაეცა სოფელ ჩიხის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი. ერთმნიშვნელოვანია, რომ ნაკვეთი სოფელ ჩიხის ტერიტორიაზეა განთავსებული და სოფელ ჩიხის მიწის რეფორმის კომისიას მართებულად აქვს გაცემული N1344 მიღება-ჩაბარების აქტი სადაო მიწის ნაკვეთზე.

მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ1 “ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.

6.7. საჯარო რეესტრს 2017 წლის 28 ივნისის (N8------------05 გადაწყვეტილება ) უძრავი და 2017 წლის 13 ივლისის (N8------------03 გადაწყვეტილება) სადაო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე ომარი , თამარ , მიხეილ დეკანოიძეების და თინა კაპანაძის სახელზე, უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ მიღება-ჩაბარების აქტებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა არსებული ზედდება. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

ნოდარი ასანიძემ საჯარო რეესტრს მიმართა დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია.

 

ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო გეგმა არ გაიცემა, თუ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები დაუზუსტებელია. რეგისტრაციის მიზნებისთვის უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები ნიშნავს ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საკადასტრო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად.

 

ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად თუ საჯარო რეესტრში უფლება რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემებში მიწის ფართი მითითებულია როგორც დაზუსტებული და ტერიტორიულ სამსახურში დაცულია რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი, ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის შესაბამისი საკადასტრო ინფორმაცია, საკადასტრო მონაცემები მიიჩნევა დაუზუსტებლად, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში შეასწოროს რეგისტრირებული მონაცემები, გასცეს შესაბამისი ამონაწერი და საკადასტრო გეგმა.

ამდენად მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლო (საქმე #ბს-367-363(კ-12) ) განმარტავს, რომ რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს, ის არის ტიტულის, პირის უფლებების სახელმწიფო დაცვის ფორმალური პირობა.

 

6.8. ერთმნიშვნელოვანია, რომ ქრონოლოგიურად მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების აქტები სარეგისტრაციო მოწმობები , საკადასტრო აზომვითი ნახაზები შეიცავენ ინფორმაციას მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მესაკუთრეთა შესახებ. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26.5 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტები სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს ინფორმაციას მოსაზღვრე უძრავი ნივთის მფლობელის ან მესაკუთრის შესახებ.

სადაო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო აზომვითი ნახაზს თან უნდა ერთვოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის უფლებამოსილი პირის, უძრავი ნივთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობების აღწერილობის და დაინტერესებული პირის შესახებ. დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოცემული მდგომარეობით ომარი დეკანოიძის კუთვნილი მიღება-ჩაბარების აქტით არსებული საზღვრები შესაბამისად მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა მონაცემები განთავსებულია სოფელ ჩიხის ტერიტორიაზე, რაც ასევე დადასტურებულია კომისიის წევრთა ჩვენებებით, კოოპერატივ ,,ბაღჩეულის“ დოკუმენტით. საჯარო რეესტრის წარმომადგენლის განმარტებით არ შეიძლებოდა ტერიტორიული ორგანოს კომისიას გაეცა მიწის ნაკვეთი სხვა ტერიტორიული ორგანოს კუთვნილი მიწის ფართობზე.

სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილების გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე - 7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განაცხადით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისად მოპასუხეს არსებითი გამოკვლევის შემთხვევაში შეეძლო დაედგინა ნაკვეთის მესაკუთრე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო გამოერკვია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე სხვა პირის უფლების რეგისტრაციის არსებობა.

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას, რეესტრის სამსახური ვალდებული იყო გამოეკვლია ნაკვეთზე სხვა რეგისტრაციის არსებობა.

6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის - ნოდარ ასანიძისათვის ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, კერძოდ ნოდარი ასანიძის სახელზე გაცემული რეესტრის მიღება-ჩაბარების აქტი, სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა დოკუმენტები, მის სახელზე საჯარო რეესტრის განხორციელებული ჩანაწერი. ერთმნიშვნელოვანია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი განთავსებულია იმ ტერიტორიულ ერთეულში სადაც ცხოვრობდა და ცხოვრობს ნოდარი ასანიძის ოჯახი. რეგისტრაციისას ომარი დეკანოიძის მიერ წარდგენილი არ ყოფილა მიღება-ჩაბარების აქტი და სადაო რეგისტრაცია განხორციელებულია მხოლოდ საარქივო ცნობისა და აზომვითი ნახაზის საფუძველზე. ცალსახაა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და სარეგისტრაციო მოწმობა შედარებით უპირატესი ხარისხის მტკიცებულებაა ვიდრე ხსენებული დოკუმენტები.

 

6.10 ინსტრუქციის 26-ე მუხლის შესაბამისად საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადსტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე 0.15 მ-ისა.

 

სასამართლო თვლის, რომ ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. სასამართლო თვლის, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას.

6.11. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ნოდარ ასანიძეს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის ძირითადი იურიდიული საფუძველი - მიღება-ჩაბარების აქტი, სარეგისტრაციო მოწმობა ნოდარ ასანიძის სახელზე არ გამხდარა სადავო, ძალაშია და მოქმედებს. ომარი დეკანოიძის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი N13688 კი სადაო რეგისტრაციის საფუძვლად არ არის მიჩნეული

სასამართლო განმარტავს , რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. არ შეიძლება , როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად.

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეცნობებინა დაინტერესებული პირისათვის ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს........ ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

6.12. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოკვლეულია ყველა ის გარემოება, რაც უნდა გამოეკვლია, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. სასამართლომ დაადგინა, რომ სადაო აქტები ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ (ხარვეზის გასწორება) , ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ სასამართლომ დაადგინა, რომ საკომლო ამონაწერების მიხედვით ნოდარ ასანიძის ოჯახი ცხოვრობს სოფელ ჩიხის ტერიტორიაზე, ხოლო ომარი დეკანოიძის ოჯახი ცხოვრობდა და ცხოვრობს სოფელ მერჯევის ტერიტორიაზე. მიწის რეფორმის კომისია, რომელიც მიწის რეფორმის შესაბამისად განკარგავდა სახელმწიფოს კუთვნილ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებს სოფელ ჩიხის ტერიტორიაზე და სოფელ მერჯევის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოს წარმოადგენდა. ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი განთავსებულია ჩიხის ტერიტორიაზე. დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე სათბური იყო გაშენებული და იჯარით ჰქონდა გაცემული ჩიხის კოლმეურნეობას, ხოლო შემდეგ საწარმოს. ამდენად ყველა გარემოებით სადაო მიწის ნაკვეთი ნოდარ ასანიძის ოჯახის საკუთრებაა. სადაო რეგისტრაცია ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრის შესახებ კანონს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონს, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციას და სხვა სამართლებრივ აქტებს.

 

6.13.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

ამდენად ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ნოდარი ასანიძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ (ხარვეზის გასწორება)

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნოდარი ასანიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის N8------------05 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ და ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება უძრავი ქონების -ს/კ 35.02.56.318 რეგისტრაციის შესახებ (ხარვეზის გასწორება)

 

2. მოპასუხე ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაეკისროს გადასახდელად მოსარჩელის- ნოდარ ასანიძის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი