გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210018002315655
საქმე #2/144-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07.06.2018 წელი ქ. გურჯაანი
(შესავალი ნაწილი )
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელეები - ნუ---------–---–ი, ვა---------–---–ი, ნუ------------–---–ი
წარმომადგენელი- ნო------------–--ლი
მოპასუხე - მე--–---------------–---–ი
წარმომადგენელი - მა----–----------–---–-------–-ძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე მე--–---------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას მოსარჩელეების ნუ---------–---–ის, ვა---------–---–ის და ნუ------------–---–ის საკუთრებაში არსებული, ყვ----–----------ის სოფე-–-------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №57---------2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეთ მოსარჩელეებს.
მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფე-–-------ში მდებარე 6008 კვ. მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №57---------2, მოსარჩელეების საკუთრებას წარმოადგენს. საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღრიცხულია. მოსარჩელეების კუთვნილ უძრავ ქონებას მოპასუხე მე--–---------------–---–ი ფლობს და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მის გამოთავისუფლებაზე და მოსარჩელეებისათვის დაბრუნებაზე უარს აცხადებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთს 1992 წლიდან ფლობს და მასზე 25 წლის წინ თხილის ბაღი გააშენა. მიწის ნაკვეთი თავდაპირველად იჯარით ჰქონდა აღებული და შემდეგ მოხდა მისი საკუთრებაში მიღება. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეების საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძველს სოფლის რწმუნებულის მიერ 2013 წელს გაცემული ცნობა წარმოადგენს. საინტერესოა როგორ ფლობს მოსარჩელე მხარე უძრავ ქონებას, მაშინ როდესაც მასზე მოპასუხის მიერ გაშენებული თხილის ხეებია დარგული. მოსარჩელეებმა სადავო მიწის ნაკვეთი შეცდომით დაირეგისტრირეს. თავდაპირველად მათ სხვა მიწა ჰქონდათ რეგისტრირებული და შემდეგ შეცვალეს კოორდინატები და მოტყუებით დაირეგისტრირეს ის ნაკვეთი, რომელიც მოპასუხის მფლობელობაშია. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე მე--–---------------–---–ის მფლობელობაშია საჯარო რეესტრში №57---------2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფე-–-------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-12);
- შესაგებელი (ს.ფ. 28-36);
- მოპასუხის განმარტება (სასამართლოს 07.06.2018 წლის სხდომის ოქმი 10:45:47-10:46:20 სთ)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში №57---------2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფე-–-------ში, მოსარჩელეების საკუთრებას წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე თანდართულია საჯარო რეესტრის მიერ 2018 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერი, რომლის მიხედვით საჯარო რეესტრში №57---------2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებაზე მოსარჩელეების თანასაკუთრების უფლებაა რეგისტრირებული. უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №1349, საარქივო ცნობა №36/7556, დამოწმებული 24.01.2017 წელს და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს გავაზის რწმუნებულის სამსახურის მიერ 15.08.2013 წელს გაცემული ცნობა №361.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-312-ე მუხლების თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება და რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს წარმოდგენილი აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც უძრავი ქონების მესაკუთრეებად ნუ---------–---–ი, ვა---------–---–ი და ნუ------------–---–ია მითითებული. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა მოსარჩელეების მესაკუთრედ ყოფნის ფაქტი, თუმცა ვერ წარმოადგინა მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება კი ვერ მოხდება რეესტრის მონაცემის მიმართ დადგენილი სისრულის პრეზუმფციის გამაბათილებელი მტკიცებულება, ვინაიდან იჯარის ხელშეკრულებით შეიძლება მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის და არა საკუთრების ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო რეესტრის ჩანაწერის მიმართ კანონით დადგენილი სისწორის პრეზუმფციის გამაბათილებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 13-14);
- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 118-127).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ [...] საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მაგრამ ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1-370).
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება მაშინ, როცა ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა შელახულია და მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამივე წინაპირობის არსებობა დადგინდება, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა შესაძლებელი გახდება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფე-–-------ში მდებარე, საჯარო რეესტრში № 57---------2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 6008 კვ მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მოსარჩელეების თანასაკუთრებას წარმოადგენს. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეების საკუთრების უფლება დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს. აგრეთვე დადგენილია, რომ უძრავი ქონება მოპასუხე მევლუდი ბეგაშვილის მფლობელობაშია და იგი უარს აცხადებს მოსარჩელეებისათვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ნივთის მფლობელს შეუძლია მესაკუთრეს უარი უთხრას ნივთის დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ ნივთის მართლზომიერი მფლობელს წარმოადგენს. ნივთის მესაკუთრის მხრიდან ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, საკუთრების უფლების და მოპასუხის მხრიდან ნივთის ფლობის ფაქტის დადასტურება მოსარჩელის ვალდებულებაა. მფლობელობის არამართლზომიერებაზე კი მხოლოდ მითითებაც საკმარისია. თავის მხრივ მოპასუხე, რომელსაც სადავო ნივთის ფლობის ფაქტი უდასტურდება, ვალდებულია სათანადო მტკიცებულებით დაადასტუროს, რომ იგი უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელს წარმოადგენს. ამ გარემოების დასადასტურებლად მოპასუხემ სასამართლოს რელევანტური მტკიცებულება უნდა წარუდგინოს, რადგან მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რომელსაც მოსარჩელე არ ეთანხმება, უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება ვერ მოხდება. მართლზომიერი ფლობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში კი სადავო ნივთის მოპასუხისგან გამოთხოვა გარდაუვალია.
მოპასუხე მხარემ, უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტის დასადასტურებლად ყვ----–----------ის გამგეობასთან 1997 წლის 13 მარტს დადებული ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის ხელშეკრულება“ წარმოადგინა და მიუთითა, რომ სადავო მიწა მის მფლობელობაში 1992 წლიდან იმყოფება. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, ვინაიდან, იგი დადებულია არა მოპასუხე მე--–---------------–---–თან, არამედ მიხ---–----------–---–თან. ამასთან, მხარემ ვერ დაადასტურა, რომ იჯარის ხელშეკრულებაში მითითებული 9.4 ჰა ფართობი მოიცავს მოსარჩელეების საკუთრებად რეგისტრირებულ 6008 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთსაც. ამავდროულად, მხარემ განაცხადა, რომ იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილია და მან საიჯარო ფართის ნაწილი ფართი შეისყიდა და საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული, ხოლო სადავო 6008 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთის შესყიდვა არ მომხდარა, რადგან ეგონა, რომ მომდავებელი არავი ჰყავდა(იხ. სასამართლოს 07.06.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:10:03-11:11:50 სთ).
ამდენად, მოპასუხე მხარის განმარტებით დგინდება, რომ წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილია (იხ. სასამართლოს 07.06.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 10:50:31-10:50:60 სთ; 11:02:16-11:02:36 სთ) ამავდროულად, როგორც ზემოთ აღნიშნა, მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით გადაცემული მიწის ნაკვეთი ამჟამად მოსარჩელეების საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსაც მოიცავდა (იხ. სასამართლოს 07.06.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:03:06-11:09:11 სთ). მხარემ აგრეთვე ვერ წარმოადგინა სხვა მტკიცებულება, რომლითაც სადავო ფართზე მისი მართლზომიერი ფლობის უფლება დადასტურდებოდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელეების საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას და ამდენად, სახეზეა ყველა წინაპირობა (ა)მოსარჩელეები უძრავი ნივთის მესაკუთრეები არიან; ბ) მოპასუხე ფლობს უძრავ ნივთს; გ) მოპასუხეს არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება), რაც ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოთხოვნის და მოსარჩელეებისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებისთვის უნდა არსებობდეს.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობას სასამართლო მხარის მოთხოვნის შემთხვევაში იხილავს. ეს უფლება მატერიალური სამართლის ნორმებით დაცულ უფლებას არ წარმოადგენს. ამიტომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს მისი დასაბუთების ვალდებულება ეკისრება, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილისა. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა კი ამ შუამდგომლობის მინიმალურ დონეზე დასაბუთებულობაზეც არ იზრუნა. სარჩელში მხოლოდ მოთხოვნაა მითითებული და რაიმე არგუმენტაციას შუამდგომლობა არ შეიცავს. ამასთან, შუამდგომლობის დასაბუთება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც არ მომხდარა და მხოლოდ პაექრობის ეტაპზე მითითებული გარემოება იმდენად ზოგადი ხასიათისაა, რომ იგი ვერ ჩაითვლება ამ უფლებით მართლზომიერად სარგებლობის საფუძვლად. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) განისაზღვრება 4 000 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით. გამომდინარე აქედან, მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591,2681-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელეების ნუ---------–---–ის, ვა---------–---–ის და ნუ------------–---–ის სარჩელი მოპასუხე მე--–---------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე მე--–---------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელეების ნუ---------–---–ის, ვა---------–---–ის და ნუ------------–---–ის საკუთრებაში არსებული, ყვ----–----------ის სოფე-–-------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №57---------2 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეთ მოსარჩელეებს.
3. მოპასუხე მე--–---------------–---–ს მოსარჩელეების ნუ---------–---–ის, ვა---------–---–ის და ნუ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -120 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელეებს ნუ---------–---–ს, ვა---------–---–ს და ნუ------------–---–ს უარი ეთქვათ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში საჩივრდება კერძო საჩივრთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე რომან კუპატაძე