გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2018
საქმის ნომერი
270210018002344096
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270210018002344096 (2/42-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - თეა მოსიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,აკა---------------------------–-------------------–------------–-------–------ი“

წარმომადგენელი - ზუ------------–---–ი

 

მოპასუხე - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნა---------–---–-ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების - 1000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ შესაგებლით სარჩელი ცნო (იხ. შესაგებელი, 19.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.19.09.2017 წლის საგარანტიო წერილით მოპასუხემ აიღო ვალდებულება დაეფინანსებინა შპს ,,აკა---------------------------–-------------------–------------–-------–------ში’’ პაციენტის დაზმერ აბრალავასათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულება - 1000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საგარანტიო წერილი (ს.ფ. 14);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2.მოსარჩელემ შეასრულა რა ვალდებულება, სამედიცინო მომსახურება გაუწია პაციენტს, ხოლო მოპასუხემ პირიქით დაარღვია ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, რის გამო მისი დავალიანება შეადგენს - 1000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-ანგარიშ-ფაქტურა და მასზედ თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 15-19);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება საქმეზე არ არის

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა.

 

5.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რასაც წარმოადგენს მოვალის ანუ მოპასუხის მიერ მოსარჩელის ანუ კრედიტორისათვის მესამე პირის - დაზმერ აბრალავასათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების სანაცვლოდ მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. 5.3.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი სრულად, რაც წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 5.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

6.საპროცესო ხარჯები

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზე სრულად ცნო სარჩელი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

6.2.რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სასამართლოს გარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, ამ კუთხით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს, რომ ეს ხარჯები ფაქტობრივად და უდავოდ გასწია და რომ ეს თანხა გონივრული იყო (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Nilsen and Johnsen v. Norway [GC], no. 23118/93, §62, ECHR 1999-VIII, შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს ეკისრება სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, რისი გაღების ფაქტი დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით.

 

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი

 

8.1.წინამდებარე გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

 

აღნიშნული კოდექსის საქმის განხილვის დროს მოქმედი 365-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ნორმას შინაარსობრივად ავსებს მითითებული ნორმატიული აქტის 2571 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ იმ საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამასთანავე, განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს, რაც ცვლის გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. მოსამართლის განმარტება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული არ არის, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

აღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ რამდენადაც სარჩელზე ქონებრივ-სამართლებრივი დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, წინამდებარე გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შევიდა კანონიერ ძალაში და იგი არ საჩივრდება. ამის მიუხედავად, 2571 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გამოეტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 2571-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.შპს ,,აკა---------------------------–-------------------–------------–-------–------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,აკა---------------------------–-------------------–------------–-------–------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1000 ლარის გადახდა;

 

3.მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პროცესის ხარჯის ჯამში - 158.74 ლარის ანაზღაურება;

 

4.მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 06.03.2018 წელს №1520320927 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 50 ლარი, რაც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,თიბისი ბანკი”, სახაზინო კოდი: 300393150, ბანკის კოდი: TRESGE22;

 

5.გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა