გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/110-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29.06.2018 წელი ქ. მცხეთა
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივნები - ბელა ოჩიაური, დიანა რთველიაშვილი
მოსარჩელე - ლ--–-----------
წარმომადგენელი - თ---–------–-–---–-
მოპასუხე - თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
წარმომადგენლები - თ-------------–---–------------------–-–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის #------------ბა, კერძოდ აღნიშნული ბრძანების მე-5 პუნქტის „დ“ და „ე „ ქვეპუნქტები ;
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის #------------ა, კერძოდ აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის „გ“ და „დ „ ქვეპუნქტები ;
1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის #--- ბრძანება, კერძოდ აღნიშნული ბრძანების 1-ლი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 და მე-4 პუნქტები.
1.4 ბათილად იქნეს ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 მარტის #--- ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე;
1.5 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან აღდგენამდე;
1.6. გადაწყვეტილება აღდგენის შესახებ მიაქციოთ დაუყონებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი 2015 წლის 16 ივნისიდან კონკურსის წესით დაინიშნა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. 2017 წლის 11 დეკემბრის თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება N32, რომლითაც გაიზარდა შტატების რაოდენობა საკრებულოს აპარატში 2 ერთეულით. იმავე წელს, 22 დეკემბერს მიღებულია დადგენილება N-- საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ. მოსარჩელე მხარეს 2017 წლის 19 დეკემბერს აცნობეს საკრებულოს აპარატში შტატების შესაძლო შემცირების შესახებ. აღნიშნული დადგენილებები ძალაში შედიოდა 2018 წლის 15 იანვარს. 2018 წლის 22 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება N2/ს და N 3/ს რომლითაც დაიწყო და დაიგეგმა რეორგანიზაცია თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში
2018 წლის 26 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #--- ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 მარტამდე.
2018 წლის 01 მარტს მოსარჩელე განთავისუფლდა სამსახურიდან ,,რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატის შემცირების გამო.“
მოსარჩელის განმარტებით, რეალურად შტატების შემცირება არ მომხდარა, რადგან რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის შემდეგ ადმინისტრაციულ სამსახურში - ოთხი საშტატო ერთეულიდან გაიზარდა 6 საშტატო ერთეულამდე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ რეორგანიზაცია პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სრულდება ახალი საშტატო ნუსხის ძალაში შესვლით, ფაქტობრივად რეორგანიზაცია დასრულდა 2018 წლის 15 იანვარს და შემდგომი დადგენილებებით მხოლოდ სახელწოდებები იქნა შესწორებული, რაც მისი თქმით რეორგანიზაციას არ ნიშნავს.
მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ მან თავისი უფლებების დასაცავად მიმართა საკრებულოს, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარემ ვერ დამალა, რომ თავს არიდებს მასთან თანამშრომლობას, რაც მისთვის არ დაუსაბუთებიათ.
2018 წლის 11 აპრილის საოქმო განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმეები საქმე #3/2-18 და საქმე #3/03-18 გაერთიანდა ერთ წარმოებად ერთად განხილვის მიზნით და საქმეს მიენიჭა ნომერი #3/2-18. გაერთიანებული საქმე მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის მიერ თიანეთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით განსჯადობით განსახილველად გადმოიგზავნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და საქმეს მიენიჭა #3/110-18.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, უდავოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე 2015 წლის 16 ივნისიდან 2018 წლის 01 მარტამდე მუშაობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, ასევე უდავოა ის ფაქტიც, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო 2017 წლის 11 დეკემბერს N 32 და 2017 წლის 22 დეკემბერს N-- დადგენილებები შესაბამისად საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ. მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, თითქოს ზემოხსენებული დადგენილებები კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 15 იანვარს, რადგან თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 22 იანვრის N10 დადგენილებით შევიდა ცვლილება 2017 წლის 11 დეკემბრის N32 დადგენილებაში და მისი ამოქმედების ვადად , ნაცვლად 15 იანვრისა განისაზღვრა 2018 წლის 01 მარტი, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2018 წლის 01 მარტამდე მოქმედებდა 2017 წლის 27 ივნისის N10 დადგენილება, რომლის საშტატო ერთეულით განსაზღვრული იყო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (IIIრანგი ) ერთი საშტატო ერთეულიც, შესაბამისად შტატების შემცირების გამო მოსარჩელე ვერ განთავისუფლდებოდა 2018 წლის 01 მარტამდე. წარმოდგენილ შესაგებელში მითითებულია, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს თავისი რეგლამენტი და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2018 წლის 22 იანვარს გამოსცა ბრძანება N 2/ს რეორგანიზაციის დაწყების შესახებ და 2018 წლის 22 იანვარს ბრძანება N 3/ს რეორგანიზაციის დაგეგმვის შესახებ, რაც შეეხება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის N 5/ს ბრძანებას, რომლის თანახმად მოხდა გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის წესში ჩართვა, გამოცემულია კანონის სრული დაცვით. რეორგანიზაციის დასრულების თარიღად მიეთითა 2018 წლის 01 მარტი.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ მიღებული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტები დამტკიცებულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
3.1 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 2017 წლის 11 დეკემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულია დადგენილება N32 საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლითაც იმავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ 2017 წლის 27 ივნისის N10 დადგენილება, დადგენილების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 15 იანვარი .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 11.12.2017 წლის დადგენილება #--
-მხარეთა ახსნა განმარტებები
3.1.2. მოსარჩელე ლ--–----------- 2015 წლის 16 ივნისიდან 2018 წლის 01 მარტამდე მუშაობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობა N----- , 19.02.2018წ.
-მხარეთა ახსნა -განმარტებები
3.1.3. 2017 წლის 22 დეკემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულია დადგენილება N-- საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ, რომლითაც იმავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ 2017 წლის 11 აგვისტოს N--7 დადგენილება, დადგენილების ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 15 იანვარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 11.12.2017 წლის დადგენილება #--
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.4. 2017 წლის 19 დეკემბერს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოიცა N---- ბრძანება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლების შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ გაფრთხილების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 19.12.2017 წლის #---- ბრძანება -მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 01 მარტის #--- ბრძანებით მოსარჩელე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2018 წლის 01 მარტის #--- ბრძანება, მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2.2. 2018 წლის 22 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა დადგენილება #-- რომლითაც ცვლილება შევიდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ N--- დადგენილებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის #9 დადგენილება .
3.2.3 2018 წლის 22 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება #--, რომლითაც ცვლილება შევიდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ N 32 დადგენილებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვარის დადგენილება N10
3.2.4 2018 წლის 22 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა დადგენილება #--- რომლითაც ცვლილება შევიდა თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ N--7 დადგენილებაში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვარის დადგენილება #13
3.2.5. 2018 წლის 22 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოიცა ბრძანება #--ს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეორგანიზაციის დაწყების შესახებ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვარის #--ს ბრძანება ;
3.2.6. 2018 წლის 22 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოიცა ბრძანება #--- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეორგანიზაციის დაგეგმვის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვარის #------------ა
3.2.7. 2018 წლის 26 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოიცა ბრძანება #--- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობის დაწყების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვარის #--- ბრძანება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ--–-----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. A
6.4.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პირობებში, აქტის გამოცემის შემთხვევაშიც, შეზღუდული იყო კანონის მოთხოვნათა ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
6.5. განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოპასუხე მიუთითებს, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი გახდა სამსახურში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირება.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან შტატების შემცირების გამო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტით მოხდა მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების (კერძოდ, შრომითი საქმიანობის სტაბილურად, უწყვეტად განხორციელების, ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლების, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების და ა.შ. ინტერესების) შეზღუდვა, იმისთვის, რომ შემოწმდეს შეზღუდვის კანონიერება იგი უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისად, კანონშესაბამისი. დასაბუთების ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ასევე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული აქტის კანონიერების შემოწმებისას, ვინაიდან, დასაბუთება იძლევა ამ აქტში გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს შემზღუდველი ხასიათის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის შემოწმების საფუძველს.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ’’წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული, ხოლო ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
6.9 სასამართლო მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2014 წლის 02 ოქტომბრის საქმე #ას-106-101-2014-ზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობას, რომ ’’მეტად მნიშვნელოვანია მაგალითისათვის მივმართოთ ’’დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმების შეწყვეტის შესახებ’’ 1982 წლის #158 კონვენციას, რომელიც აწესრიგებს დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის მითითებული კონვენცია ძალაში არ არის, საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ მიუერთდა ამ კონვენციას, შრომით ურთიერთობებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დამსაქმებლის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულებას, საწარმოს წარმოების აუცილებლობას ან სამსახურს. ამასთან ერთად, მითითებული კონვენციის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნა, რაც უკავშირდება მის სამუშაოს ან ქცევის წესს, სანამ, მას არ მიეცემა (დასაქმებულს) თავის გამართლების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინება მოკლებულია გონივრულ აზრს (კონვენციის მე-7 მუხლი).
6.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.
6.11. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, რა დროსაც, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი.
როგორც მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხორციელებულ რეორგანიზაციას, შტატების შემცირება არ ახლდა თან, რადგან თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის განსაზღვრის შესახებ დადგენილებით არ შეცვლილა მანამდე არსებული შტატების ზღვრული ოდენობა და ასევე არ მომხდარა იმ ფუნქცია მოვალეობის გაუქმება, რომელსაც მოსარჩელე ასრულებდა მის განთავისუფლებამდე.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ კანცელარიის მეშვეობით და საქმეზე თანდართული 2018 წლის 27 აპრილის #----- საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის წერილის შინაარსზე, რომელიც ეხება თიანეთის მუნიციპლიტეტის საკრებულოში დაწყებულ რეორგანიზაციას, სადაც ყურადღება არის გამხვილებული იმ გარემოებაზე, ;2018 წლის 22 იანვარს გამოცემული #--ს ბრძანებით განისაზღვრა იურიდიული განყოფილების შექმნა, (თუმცა 2017 წლის 11 დეკემბრის #-- დადგენილებით ;თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ; უკვე შექმნილი იყო მოცემული განყოფილება) და აპარატის უფროსი სპეციალისტის პიარის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში საშტატო ერთეულის დამატება. ასევე 2018 წლის 22 იანვარს #-- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ;თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ; თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის #-- დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; რომლითაც მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის (იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი) 2 საშტატო ერთეულიდან 1 საშტატო ერთეული განისაზღვრა მე-3 რანგის მე-3 კატეგორიად. ასევე მოხდა მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის (აპარატის უფროსი სპეციალისტი პიარის საკითხებში) კორექტირება როგორც მე-3 რანგის მე-3 კატეგორია (აპარატის უფროსი სპეციალისტი პიარის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში) აღნიშნული ადასტურებს, რომ რეალურად განხორციელდა არსებული შტატის კატეგორიის კორექტირება და სახელწოდების ცვლილება, რაც რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების მოტივით პირის გათავისუფლების საფუძველს (აპარატის უფროსი სპეციალისტი პიარის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში) არ წარმოადგენდა. ვინაიდან რეორგანიზაციად არ ითვლება საჯარო დაწებულების ან მის სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვალა ან/და საჯარო დაწესებულების სრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციების დაკისრება. ამასთან 2015 წელს კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობის ფუნქციებისა (მთვარი სპეციალისტი) და 2018 წელს კონკურსის წესით გამოცხადებულს #48176 ვაკანსიაზე (უფროსი სპეციალისტი პიარის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში) განსაზღვრული ფუნციების შედარებით ირკვევა, რომ არსებითად არ განხორციელებულა ფუნქციების შეცვალა რეალურად მხოლოდ შინასობრივად უფრო მეტად დაკონკრეტებული იქნა რიგი საკითხები. 2017 წლის 11 დეკემბრის #-- დადგენილებით ;თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ; ამოქმედდა 2018 წლის 15 იანვრიდან რომლის თანახმადც შეიქმნა განყოფილების უფროსი შტატი და ახლებურად ჩამოყალიბდა მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის სახელწოდება. ხოლო 2018 წლის 22 იანვარს კი ცვლილება შევიდა მოცემულ დადგენილებაში და ახალი საშტატოს ამოქმედების ვადად 2018 წლის 01 მარტის განისაზღვრა. წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება 2018 წლის 15 იანვრიდან 22 იანვრამდე პერიოდში თუ რა სამართლებრივი სტატუსით იყვნენ მოხელეები დასაქმებული, ვინაიდან მხოლოდ 2018 წლის 22 იანვარს გამოცემული სამართლებრივი აქტებით იწყება რეორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის წინა პერიოდში გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან. (იხ.2018 წლის 27 აპრილის #----- წერილი)
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ყურადღება უნდა გამახვილდეს შტატების შემცირებასა და მათ გაუქმებასთან დაკავშირებით არსებულ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-683-675(2კ-15), აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს: „საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, რომ ახალი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ, ხოლო ის გარემოება რომ პირის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა ამგვარი სახელწოდებით აღარ არსებობს, არ წარმოადგენს საფუძველს ვარაუდისთის, რომ ფუნქციურად სხვა საშტატო ერთეული რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სტრუქტურაში, იმავე სახის უფლება-მოვალეობებით არ არის აღჭურვილი.“
შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ახალი საშტატო ნუსხით გათვალისიწინებულია ის საშტატო ერთეული, რაზეც მუშაობდა მოსარჩელე აღნიშნული გარემოება ნათლად ადასტურებს, რომ შტატი არ გაუქმებულა და მოსარჩელის თანამდებობა დღემდე არსებობს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
მოპასუხე მხარემ, ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება, კერძოდ: „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის თანახმად შტატების შემცირებაა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხით განსაზღვრული საშტატო თანამდებობების ზღვრული ოდენობის შემცირება ან/და არსებული საშტატო ერთეულისათვის დადგენილი ფუნქციის გაუქმება .
ამავე დადგენილების მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
გარდა ზემოთ ხსენებულისა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით, რაც დაერთო საქმეს ვაკანსია #------ის მიხედვით გამოცხადებული იქნა ღია კონკურსი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მესამე რანგის საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეცილისტის თანამდებობაზე პოზიციის დასახელება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი პიარის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თანამდებობრივი სარგო 800 ლარის ოდენობით რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება რომ შტატების შემცრებას ადგილი არ ჰქონია და აღნიშნული თანდებობრივი სარგო ოდენობა ისეთივეა რასაც მოსარჩელი იღებდა გათავისუფლებამდე. (იხ. ამონაწერი ვაკანსია #----- და 2018 წლის 19 თებერვლის #------–ნობა)
სასამართლო მიუთითებს რომ, დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ურთიერთობა ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ გამორიცხა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების დისკრიმინაციული საფუძვლების არსებობა, რის გამოც მოსარჩელე მხარის სამსახურიდან გათავისუფლება არამართლზომიერად იქნა მიჩნეული. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოცემულ მომენტში მოსარჩელე მხარისგან მის მობილობასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემა, როგორც საქმის მასალებით, ისე მხარეთა ახსნა განმარტებებით დადასტურებული არ არის.
6.12. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. შრომითი დავის განხილვისას სასამართლო აფასებს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამათუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, დარღვეულია, თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ადგილი ხომ არ აქვს დისკრიმინაციის ფაქტს და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია დავის წარმოშობის მიზეზი. შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცულ უნდა იქნეს როგორც მითითებული, ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარი ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები როგორიცაა, შრომით ურთიერთობაში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვა, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების გამო. შესაბამისად, პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, აღნიშნულს საფუძვლად ხომ არ დაედო შრომის კოდექსის მე-2 მუხლით დისკრიმინაციულად მიჩნეული რომელიმე საფუძველი, ამასთან, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში დამსაქმებელს ეკისრება, კერძოდ, თუ დასაქმებული უთითებს, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დისკრიმინაციული ქმედება იყო, სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს საკუთარი ნების გამოვლენის მართლზომიერება და გათავისუფლების არადისკრიმინაციული საფუძვლის არსებობა.
6.13. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განმარტებას საქმეზე №ბს-69-67(კ-14) - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მიზანი არის საჯარო სამსახურისა და მთლიანად საჯარო მმართველობის დაცვა სამსახურებრივი შეუთავსებლობის შემთხვევებისაგან. ეს სამართლებრივი ინსტიტუტი, როგორც საზოგადოებრივი ინტერესების კეთილსინდისიერი მსახურების სტანდარტი, თანაბრად ვრცელდება საჯარო სამსახურის ორივე სახის - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურის მიმართ. სადავო ბრძანებით დარღვეულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დანაწესი. საჯარო მოსამსახურეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, აღმოფხვრას განთავისუფლების მიზეზები, საფუძვლები, რომ მისი საჯარო-სამსახურებრივი საქმიანობა კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში მოექცეს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შრომა თავისუფალია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, პროფესია, თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული და სად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სარჩელი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
6.14. სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
6.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
6.16 მოპასუხე მხარეებს არ წარმოუდგენიათ და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. კანონის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია უფლებამოსილებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დააფუძნოს უკვე გაუქმებულ ან შეცვლილ ნორმებს.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება, მოსარჩელის მიერ მოთხოვნის წარდგენა, საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას.
რაც შეეხება სადავო აქტების ბათილად ცნობასთან მიმართებაში, 1.1. 1.2. და 1.3 სარჩელის მოთხოვნების ან ნაწილში, ამ ეტაპზე სასამართლო ვერ იმსჯელებს მათ კანონიერებაზე, გამომდინარე იქედან, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი 1.4. სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 118 მუხლის შესაბამისად, 1. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 3. ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). (22.12.2017. N1826 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. (22.12.2017. N1826 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 მარტის ბრძანება #--- ლ--–-----------ს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი.
ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 მარტის ბრძანება #--- ლ--–-----------ს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების და გადაწყვეტილების აღდგენის შესახებ დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12-ე, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ლ--–-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნეს ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 01 მარტის ბრძანება #--- ლ--–-----------ს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე და დაევალოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, იმსჯელოს მოსარჩელე ლ--–-------------- მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟი გადახდისგან;
5. მოსარჩელე ლ--–----------- (პ/ნ. 01022006992) დაუბრუნდეს უკან საქმე #3/2-18-ზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1-------- ლარი რომელიც მის მიერ გადახდილია 12.03.2018 წელს ბანკის დასახელება სს; ლიბერთი ბანკი; სახაზინო კოდი 300143150 ბანკის კოდი TRESGE22.
6. მოსარჩელე ლ--–----------- (პ/ნ. 01022006992) დაუბრუნდეს უკან საქმე #3/03-18-ზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1-------- ლარი რომელიც მის მიერ გადახდილია 12.03.2018 წელს ბანკის დასახელება სს; საქართველოს ბანკი ბანკი; სახაზინო კოდი 300143150 ბანკის კოდი TRESGE22.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ. №17 ) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე: კობა გოცირიძე