გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.06.2018
საქმის ნომერი
050210018002278473
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050210018002278473 (N2/87-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 ივნისი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - დო--------------–--ე

 

წარმომადგენელი - გო--------------–---–ი

 

მოპასუხე - ი.მ ნე--------------ე

 

წარმომადგენელი - ნა----–---------–-ა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი.მ. ნე--------------ეს მოსარჩელის დო--------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს, სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4800 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

20---–-–----- ივლისს დო--------------–--ესა და ი.მ ნე--------------ეს შორის გაფორმდა N1--- სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დო--------------–--ემ დააგირავა ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით, სრული წონა 3.50 გრ, ხელშეკრულების მიხედვით დამგირავენელს სესხად გადაეცა 45.05 აშშ დოლარი.

 

20---–-–----- ივლისს დო--------------–--ესა და ი.მ ნე--------------ეს შორის გაფორმდა N1--- სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დო--------------–--ემ დააგირავა ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, სრული წონით 19.20 გრ, საგირავნო ხელშეკრულების მიხედვით დამგირავენელს სესხად გადაეცა 156.25 აშშ დოლარი;

 

მოსარჩელემ მოპასუხეს დამატებით კიდევ ერთი ნივთი გადასცა, კერძოდ ბაჯაღლოს ბეჭედი, წონით 12 გრ;

 

მოსარჩელის მითითებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მისი მხრიდან შესრულებულია, დროულად იხდიდა პროცენტს, ასევე ძირი თანხაც სრულად არის დაფარული, თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედვად მოპასუხის მიერ ნივთები არ იქნა დაბრუნებული;

 

სარჩელით მოთხოვნას წარმოდგენდა, მოპასუხის მფლობელობიდან მოძრავი ნივთების, კერძოდ, ბრილიანტის თვლით ოქროს ბეჭდის (სინჯი 585, სრული წონა 3.50 გრ), ოქროს ჯაჭვის (სინჯი 585, სრული წონა 22 გრ), ოქროს ჯვრისა (სინჯი 585, სრული წონა 5.00 გრ) და ბაჯაღლოს ბეჭდის (12 გრ) მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა;

 

2018 წლის 15 მაისს სასამართლოს მოსამზადებელ სხომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა საარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, ნივთების საბაზრო ღირებულების სახით 4800 ლარის მოპასუხისადმი დაკისრება, საიდანაც ბრილიანტის თვლით ოქროს ბეჭდის (სინჯი 585, სრული წონა 3.50 გრ) საბაზრო ღირებულებაა - 3000 ლარი, ოქროს ჯაჭვის (სინჯი 585, სრული წონა 22 გრ) 1500 ლარი და ოქროს ჯვრის (სინჯი 585, სრული წონა 5.00 გრ) 300 ლარი, ხოლო 12 გრ ბაჯაღლოს ბეჭდის ნაწილში შეამცირა მოთხოვნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ მხარეთა შორის 20---–-–----- ივლისს დადებული N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დო--------------–--ემ დააგირავა არა ბრილიანტის თვლით, არამედ ჩვეულებრივი თვლით ოქრის ბეჭედი, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება დოდო სიხარულის მიერ შესრულებულია და ნივთიც დაბრუნებული აქვს, ხოლო 20---–-–----- ივლისს გაფორმებული N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დო--------------–--ეზე სესხად გადაეცა არა 156.25 აშშ დოლარი, არამედ 471.43 აშშ დოლარი, დაგირავებული ნივთების ოქროს ჯაჭვისა და ჯვარი, (სრულის წონით 19.20 გრ) სანაცვლოდ, რაც დასტუდება მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით, N1--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოხდა ნივთების რეალიზაცია, რისი უფლებაც ხელშეკრულების თანახმად ჰქონდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 20---–-–----- ივლისს დო--------------–--ესა და ი.მ ნე--------------ეს შორის გაფორმდა N1--- სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დამგირავებელს სესხად გადაეცა 45.05 აშშ დოლარი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით, ამავე ხელშეკრულებით სესხი უზრუნველყოფილ იქნა მფლობელობითი გირავნობით, კერძოდ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს გადაეცა ოქროს ბეჭედი თვლით, სინჯი 585, სრული წონა 3.50 გრ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (ს.ფ. 1-15)

- N1--- სალობარდო ხელშეკრულება (ს.ფ. 114)

- მხარეთა ასხნა-განმარტება (2018 წლის 01 მაისის სხდომის ოქმი; 2018 წლის15 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.2.2. დადგენილია, რომ 20---–-–----- ივლისს დო--------------–--ესა და ი.მ ნე--------------ეს შორის დადებული N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელის მიერ სრულად არის შესრულებული, სესხი დაფარულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- N1--- სალობარდო ხელშეკრულება (ს.ფ. 114)

- გადახდის ქვითარი (ს.ფ. 113);

- მხარეთა ასხნა-განმარტება (2018 წლის 01 მაისის სხდომის ოქმი; 2018 წლის15 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ 20---–-–----- ივლისის N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დო--------------–--ის მიერ ვალდებულის შესრულების შემდეგ, მოხდა 585 სინჯის მქონე 3.50 გრამი ოქროს ბეჭდის დაბრუნება, ვინაიდან გარდა მოპასუხის ახსნა-განმარტებისა, მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.4. ამასთან, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, იმის შესახებ, რომ 20---–-–----- ივლისის N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გირავნობის საგანს წარმოადგენდა ოქროს ბეჭედი ,,ბრილიანტის" თვლით, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3000 ლარს, ვინაიდან N1--- ხელშეკრულებაში მითითებულია ბეჭედი თვლით (სინჯი 585, სრული წონა 3.50 გრ) და არა კონკრეტულად სახეობის თვალი, რომელიც ხელშეკრულებით შეფასებულია 68.04 აშშ დოლორად, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტენა არ არის გასაზიარებელი, მითუფრო როცა აღნიშნული გარემოება მოპასუხის მიერ სადაოდ არის გამხდარი;

 

საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი N0028855718 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომ 1 გრ ოქროს საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 70 (სამოცდაათ) ლარს, ამდენად სასართლოს მიაჩნია, რომ 20---–-–----- ივლისის N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დოდო სიხარულის მიერ დაგირავებული ოქროს ბეჭედი თვლით, სრული წონა 3.50 გრ, საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 500 ლარს;

 

- N0028855718 ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 179)

- მხარეთა ასხნა-განმარტება (2018 წლის 29 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.2.5. 20---–-–----- ივლისს დო--------------–--ესა და ი.მ ნე--------------ეს შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება N1---, რომლის საფუძველზე დო--------------–--ემ დააგირავა ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, სრული წონით 19.20 გრ, N1--- საგირავნო ხელშეკრულების მიხედვით დამგირავენელს სესხად გადაეცა 471.43 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი (ს.ფ. 1-15)

- ხელშეკრულება (ს.ფ. 115)

- მხარეთა ასხნა-განმარტება (2018 წლის 01 მაისის სხდომის ოქმი; 2018 წლის15 მაისის სხდომის ოქმი;);

 

3.2.6. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, 20---–-–----- ივლისს N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების, ან შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების მოუპოვებლობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოა 20---–-–----- ივლისს დო--------------–--ესა და ი.მ ნე--------------ეს შორის გაფორმდა N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების ფაქტი, მოქმედი კანონმდებლობა ფულადი ვალდებულების შესრულების მიმართ მხოლოდ რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს.

 

სასამართლო თვლის, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შესაძლებელია ემყარებოდეს ასევე სხვა მტკიცებულებებსაც (მაგ. მოწმეთა ჩვენებას). თავის მხრივ, მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელი, ასევე მოწმე ქეთევან ყაჭეიშვილი მიუთითებენ, რომ N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შესრულებულია, კერძოდ 2016 წლის 14 მარტს, დო--------------–--ის მიერ 480 ლარის გადახდით, საქმეზე თანდართული გადახდის ქვითრებით არ დასტურდება N1--- ხელშეკრულებიდან ვალდებულების სრულად დაფარვის ფაქტი, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული სადავო გარემოება, რომ დო--------------–--ეს N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულბა შესრულებული აქვს წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით მხოლოდ ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად, ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად, ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და რთულდება ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებაც.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი ახსნა-განმარტებითა და მოწმის ჩვენებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დოდო სიხარულის მიერ N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სრულად არის შესრულებული და უკანონოდ მოხდა ნივთების რეალიზაცია, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ არის, ხოლო მოპასუხე აღნიშნულს უარყოფს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურებოდა დო--------------–--ის მიერ N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფაქტი;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დო--------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 140-ე, 254-ე, 257-ე, 260-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 278-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 429-ე, 431-ე 623-ე, 625-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინაარმდეგ).

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. დასახელებული კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 257-ე მუხლი პირველი თანახმად, მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20---–-–----- ივლისს დო--------------–--ესა და ი.მ ნე--------------ეს შორის გაფორმდა N1--- სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დამგირავებელს სესხად გადაეცა 45.05 აშშ დოლარი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით, ამავე ხელშეკრულებით სესხი უზრუნველყოფილ იქნა მფლობელობითი გირავნობით, კერძოდ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს გადაეცა ოქროს ბეჭედი თვლით, სინჯი 585, სრული წონა 3.50 გრ; ასევე დადგენილია, რომ 20---–-–----- ივლისს იმავე მხერეებს შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება N1---, რომლის საფუძველზე დო--------------–--ემ დააგირავა ოქროს ჯაჭვი და ჯვარი, სრული წონით 19.20 გრ, N1--- საგირავნო ხელშეკრულების მიხედვით დამგირავენელს სესხად გადაეცა 471.43 აშშ დოლარი;

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს.

 

ამავე კოდექსის 275-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია მის მფლობელობაში არსებული საგანი დაუბრუნოს დამგირავებელს.

 

დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 20---–-–----- ივლისის N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოსარჩელე დო--------------–--ის მიერ სრულად არის შესრულებული, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ ვერ დადასტურდა გირავნობის საგნის (ოქროს ბეჭედი თვლით, სინჯი 585, სრული წონა 3.50 გრ) დაბრუნების ფაქტი;

 

ასევე, დადგენილია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება 20---–-–----- ივლისის N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გირავნობის საგანის (ოქროს ბეჭედი თვლით, სრული წონა 3.50 გრ) 3000 ლარად შეფასების თაობაზე, სათანადო მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო და საშუალო საბაზრო ღირებულებად განსაზღვრა - 500 ლარი;

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა 20---–-–----- ივლისის N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხისადმი 500 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე დო--------------–--ემ 20---–-–----- ივლისის N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არ შეასრულა სრულად და ჯეროვნად;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

აღსანიშნავია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულებას, გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ისმის კითხვა, წარმოადგენს თუ არა ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის საკმარისსა და სათანადო მტკიცებულებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება - მოწმეთა ჩვენება. დასახელებულ კითხვებზე პასუხი უარყოფითია. მართალია, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის დადასტურება შესაძლებელია ასევე ემყარებოდეს მოწმეთა ჩვენებასაც, თუმცა, მოწმის ჩვენება, როგორც მტკიცებულების ნამდვილობა, არაა აბსოლუტური ხასიათის და მხოლოდ აღნიშნული უტყუარად არ უნდა იქნას გაზიარებული (მოწმე გადმოსცემს ამა თუ იმ ვითარებაში შეტყობილი ფაქტის მის მიერ ობიექტურად აღქმულ რეალობას). თავის მხრივ, მოწმის ჩვენების ნამდვილობა, მსგავსად მტკიცების ტვირთისა, შედავების შემთხვევაში თუ არ იქნა გამყარებული სხვა მტკიცებულებითაც, არ შეიძლება გახდეს სადავო გარემოების უტყუარად მიჩნევის წინაპირობა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე - ქეთევან ყაჭეიშვილის ჩვენებას თანხის გადახდასთან დაკავშირებით და განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ, მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესაბამისად, დო--------------–--ეს უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით 20---–-–----- ივლისის N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა;

 

20---–-–----- ივლისის N1--- სალომბარდო ხელშეკრულების მეექვსე პუნქტის თანახმად, თუ დამგირავებლის მიერ არ მოხდებოდა ამავე ხელშეკრულების მეხუთე პუნქტში მითითებულ ვადაში სავალო-ვალდებულებების სრულად დაფარვა, მოგირავნეს ნითვის მესაკუთრისგან ანუ დამგირავებლისგან ეძელოდა უფლება მოეხდინა მისი სახელით მის საკუთრებაში არსებული მოგირავნის მფდლობელობაში მყოფი გირაოს ნივთის საკომისო წესით რეალიზაცია და შესაბამისად მიღებული ამონაგებიდან მოეხდინა რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯებისა და მოგირავნეს სავალო-ვალდებულებების სრულად დაფარვა მოქმედი კანონის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება, მოგირავნეს აქვს, მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ვადებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოპასუხის მიერ განხორციელდა N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამოდინარე სესხის უზრუნველსაყოფათ დაგირავებული მოძრავი ნივთების, კერძოდ ოქროს ჯაჭვისა და ოქროს ჯვარის, (სრული წონით 19.20 გრ) რელიაზაცია, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 180 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავა მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შეთხვევაში მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 1200 ლარით, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 180 ლარიდან - 36 ლარი, ხოლო მოპასუხეს დო--------------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 180 ლარიდან - 15 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დო--------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხსე ი.მ. ნე--------------ეს დო--------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს, N1--- სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 500 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე ი.მ. ნე--------------ეს დო--------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 180 ლარიდან - 15 ლარის გადახდა.

4. დო--------------–--ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 180 ლარიდან - 36 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: 300893150, საგადასახადო დავალება N15539182, დანარჩენი თანხა - 129 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე