გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 340210117001914952
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.07.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე სს "კ------- ბანკი"
მოსარჩელის წარმომადგენელი თ----------------–-
მოპასუხეები: ნო-- ჯა---–-ძე, პა--–- ჯა---–-ძე, ან- ქე---–--ლი, ლე-–- ღვ--–-ძე, შა-–-- ზუ-----–--ლი
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ნო-- ჯა---–-ძეს, პა--–- ჯა---–-ძეს, ან- ქე---–--ლს, ლე-–- ღვ--–-ძეს და შა-–-- ზუ-----–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3.654.50 აშშ დოლარის გადახდა, საიდან-ც ძირი თანხაა- 2.730.39 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 566.87 აშშ დოლარი, დაზღვევა- 58.49 აშშ დოლარი, საკომისიო 25.67 აშშ დოლარი; ჯარიმა- 273.08 აშშ დოლარი
1.2 მოპასუხეებს ნო-- ჯა---–-ძეს, პა--–- ჯა---–-ძეს, ან- ქე---–--ლს, ლე-–- ღვ--–-ძეს და შა-–-- ზუ-----–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე- 267.72 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისთვის- 50 ლარი; მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის და უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯები - 32 ლარის ოდენობით .
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ნო-- ჯა---–-ძემ, პა--–- ჯა---–-ძემ, ან- ქე---–--ლმა, ლე-–- ღვ--–-ძემ და შა-–-- ზუ-----–--ლმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.
2.2. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე დააზუსტეს თავიანთი პოზიცია და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნებს ცნობენ ნაწილობრივ, მხოლოდ ძირითადი დავალიანების - 2.730.39 აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული პროცენტის- 566.87 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო დაზღვევის თანხის- 58.49 აშშ დოლარის, საკომისიო თანხის- 25.67 აშშ დოლარის და ჯარიმის თანხის- 273.08 აშშ დოლარის ნაწილში მოთხოვნებს არ ეთანხმებიან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 26 დეკემბერს სს "კ------- ბანკს" (სამართლებრივი ფორმის შეცვლამდე -შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------) და ნო-- ჯა---–-ძეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 3,000 აშშ დოლარი 48 თვის ვადით, 1.42% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით.
ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
3.1.2. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი. ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად, მსესხებელი იხდის მომსახურების ყოველწლიურ გამოსაქვით გადასახადს.
3.1.3. ნო-- ჯა---–-ძესთან გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით,მოსარჩელესა და მოპასუხეებს : პა--–- ჯა---–-ძეს, ან- ქე---–--ლს, ლე-–- ღვ--–-ძეს და შა-–-- ზუ-----–--ლს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რითაც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა -5413,60 აშშ დოლარით
3.1.4. მსესხებელს 2015 წლის 26 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების თანხა -3000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ, იმდაგვარად, რომ 20.01.2016 წლიდან 29.04.2017 წლამდე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა - 111.74 აშშ დოლარი, რითაც დაიფარებოდა სესხის ძირი თანხა, სარგებელი, სიცოცხლის დაზღვევის და საკომისიოს თანხები.
ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს 29.04.2017 წლამდე, ანუ ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, სულ უნდა გადაეხადა ძირი თანხა-3 000 აშშ დოლარი , პროცენტი- 1033,94 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა- 104 აშშ დოლარი, საკომისიო- 25,67 აშშ დოლარი, სულ ჯამში -4163,61 აშშ დოლარი, რითაც ვალდებულება სრულად იქნებოდა შესრულებული.
3.1.5. დადგენილია, რომ მსესხებელმა 20.01.2016 წლიდან 21.06.2016 წლამდე გრაფიკის მიხედვით გადაიხადა ძირითადი თანხა -269,61 აშშ დოლარი, პროცენტი- 467.07 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა 45.51 აშშ დოლარი, ჯარიმა 0.27 აშშ დოლარი, სულ ჯამში 782,42 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის ივნისიდან ვალდებულების შესრულება შეწყვიტა და თანხა საერთოდ აღარ გადაუხდია .
3.1.6. ვალდებულების დარღვევის თაობაზე მსესხებელი და თავდებები გაფრთხილდნენ როგორც ზეპირად, ასევე გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა მოპასუხეებმა სესხი არ გადაიხადეს.
3.1.7. 2017 წლის 05 მაისს მოსარჩელემ სარჩელით მომართა სასამართლოს , რითაც მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 3.654.50 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 2.730.39 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 566.87 აშშ დოლარი, დაზღვევა- 58.49 აშშ დოლარი, საკომისიო 25.67 აშშ დოლარი; ჯარიმა- 273.08 აშშ დოლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი
- თავდებობის ხელშეკრულებები
- გაფრთხილების წერილები
- გადახდების ისტორია
- ცნობა დავალიანების შესახებ
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადავო არ გამხდარა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „კ------- ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის- 2.730.39 აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული პროცენტის- 566.87 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 26 დეკემბერს მოსარჩელესა და ნო-- ჯა---–-ძეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით და მოსარჩელესა და მოპასუხეებს : პა--–- ჯა---–-ძეს, ან- ქე---–--ლს, ლე-–- ღვ--–-ძეს და შა-–-- ზუ-----–--ლს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მიხედვით მოპასუხეებმა, როგორც სესხის, ასევე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულება იკისრეს. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას კი მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე მსესხებელმა ნო-- ჯა---–-ძემ და სოლიდარულმა თავდებებმა პა--–- ჯა---–-ძეს, ან- ქე---–--ლს, ლე-–- ღვ--–-ძეს და შა-–-- ზუ-----–--ლმა სასარჩელო მოთხოვნები ძირითადი დავალიანების 2.730.39 აშშ დოლარის და სესხზე დარიცხული პროცენტის- 566.87 აშშ დოლარის ნაწილში ცნეს სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს 273.08 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს პირგასამტეხლოს განსაზღვრის თავისუფლებას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
აღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც მათ მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 273.08 აშშ დოლარია, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს მოპასუხეთა მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არაგონივრულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 273.08 აშშ დოლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 50 აშშ დოლარის გადახდა.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო პრემიის თანხის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს
მოსარჩელე მოითხოვს სადაზღვევო პრემის სახით 58.49 აშშ დოლარის დაკისრებას.
სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს. ამავე კოდექსის 852-ე მუხლის თანახმად, თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდება უარის თქმის, მოშლის ან გასაჩივრების გამო, მაშინ მზღვეველი მოვალეა დააბრუნოს შესატანის ის ოდენობა, რომელიც მან მიიღო ამ ხელშეკრულებით. მზღვეველს შეუძლია გააკეთოს შესაბამისი დაქვითვებიც. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დააზღვიოს სიცოცხლე და გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, სადაზღვევო პრემიის თანხა განსაზღვრული იყო 104.00 აშშ დოლარით, მსესხებელმა ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში სადაზღვევო პრემიის თანხა ნაწილობრივ გადაიხადა, გადაუხდელია 58.49 აშშ დოლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ
6.4.მოსარჩელის მოთხოვნა საკომისიო მომსახურების თანხის- 25.67 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს
სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნა საკომისიო მომსახურების თანხის დაკისრების შესახებ. ხელშეკრულების 3.2. მუხლით, მსესხებელი იხდის მომსახურების გადასახდელებს, ხოლო რაში მდგომარეობს მომსახურება, აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არაფერია მითითებული. საკომისიო წარმოადგენს საბანკო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასურს. მოცემულ შემთხვევაში მსესხებლის ნო-- ჯა---–-ძის მიერ არ შესრულდა სესხის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება. მან ვალდებულების შესრულება შეწყვიტა 2016 წლის ივნისში, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის რაიმე მომსახურება არ გაუწევია, რაც გამორიცხავს ამ ვალდებულების დაკისრებას.
6.3. თავდების პასუხისმგებლობა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყონოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებელთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხად გადაცემული თანხის, დარიცხული სარგებლის, სადაზღვევო პრემიის, და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იკისრა. მოსარჩელემ მოპასუხე თავდებებთან კი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები დადო, რომლის საფუძველზეც თავდებებმა მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თავდებები პა--–- ჯა---–-ძე, ან- ქე---–--ლი, ლე-–- ღვ--–-ძე და შა-–-- ზუ-----–--ლი, თითოეული 5413,60 აშშ დოლარის ფარგლებში მსესხებელთან ერთად პასუხისმგებლები არიან ვალდებულების შესრულებაზე .
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელით დავის საგანია 8922,83 ლარი, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 267 ლარი. მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი აღიარა (3297*2.44) 8045,31 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა (248.75*2.44) 606.95 ლარის მოთხოვნაზე , ამიტომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან -267.72 ლარიდან მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს პროპორციული მოცულობის 241,35 ლარი, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 7,94 ლარი, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად, ხოლო დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახ. ბაჟი გადახდილია წინასწარ. მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლებისთვის და შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი 32 ლარის ანაზღაურება .
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სსს კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვიდ, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს ნო-- ჯა---–-ძეს, პა--–- ჯა---–-ძეს, ან- ქე---–--ლს, ლე-–- ღვ--–-ძეს და შა-–-- ზუ-----–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 3405,75 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა- 2.730.39 აშშ დოლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი- 566.87 აშშ დოლარი, დაზღვევა- 58.49 აშშ დოლარი, ჯარიმა- 50 აშშ დოლარი
1.2. მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის“ სარჩელი, 248.75 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს
2. მოპასუხეებს ნო-- ჯა---–-ძეს, პა--–- ჯა---–-ძეს, ან- ქე---–--ლს, ლე-–- ღვ--–-ძეს და შა-–-- ზუ-----–--ლს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკი“ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ასანაზღაურებლად- 7,94 ლარი, მოპასუხეებს ასევე დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის, საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლებისთვის და შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი 32 ლარის ანაზღაურება .
3. მოსარჩელეს ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 241,35 ლარი,4. ძალაში დარჩეს ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 მაისის განჩინება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი