გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210115001079686
N2-3116/15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - სს „სი-–-----ი“
წარმომადგენელი - და---- ცქ--------–---–ი
მოპასხე - შპს „BA--------A GROUP”
წარმომადგენელი - გელა სი----ე დავის საგანი - სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ანაზღაურება ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი 1. სარჩელო მოთხოვნა: 1.1. დაეკისროს შპს „BA---------------P”-ს, სს „სი-–-----ის“ სასარგებლოდ, მისთვის ხელშეკრულებით და საოქმო გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული მომსახურებებისათვის დარიცხული საფასურის 26787,64 ლარის გადახდა. მოსარჩელის პოზიცია: 2011 წლის 21 ივნისს, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის იჯარა და ტელეფონით მომსაურება. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებდა, არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და მისი დავალიანება შეადგენს 4899,82 ლარს. მხარეს მიეცა ვადა დავალიანების დასაფარავად, თუმცა აღნიშნულს შედეგი არ მოჰყოლია. ამდენად, მხარეებს შორის ხელშეკრულება შეწყდა. თუმცა, სატელეფონო კანალიზაციაში დარჩა მოპასუხის კუთვნილი კაბელები, რომლითაც სს „სი-–-----ი“ ფაქტობრივ მომსახურებას უწევდა მას. 2014 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, სს „სი-–-----ი“ სატელეფონო კანალიზაციაში კაბელის გატარების ფაქტობრივ მომსახურებას უწევდა შპს „BA---------------P”-ს, გაზრდილი ტარიფით. აღნიშნულის შესახებ მოპასუხეს ეგზავნებოდა ყოველთვიური საოქმო გადაწყვეტილებები, რომლებშიც მითითებული იყო გაწეული მომსახურების ანგარიში. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 21887.82 ლარი. მოსარჩელემ განმარტა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოახდინა ოფერტი გაზრდილ ტარიფზე, ვებ.გვერდის საშუალებით, რაც გულისხმობს იმას, რომ მოპასუხე მხარისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მომსახურების გაზრდილი ტარიფის შესახებ. სს „სი-–-----ი“ მომსახურებას სწევდა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების საფუძველზე კანონიერად და საერთო ჯამში, მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის წინაშე შეადგინა 26787.64 ლარი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე სარჩელს არ დაეთანხმა. ახსნა-განმარტებაში მან დაასტურა, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის შეწყვეტილია. თუმცა, სადავოდ გახადა ფაქტობრივი მომსახურების გაწევის ფაქტი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. ასევე, შეცილებული იქნა საოქმო გადაწყვეტილებების ჩაბარების ფაქტი. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაადასტურა, რომ მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 4899,82 ლარს (13/06/18 სხდომის ოქმი). 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. 2011 წლის 21 ივნისს, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად „სი-–-----ი“ („კომპანია“) უზრუნველყოფდა შპს „BA---------------P”-ის („აბონენტი“) კუთვნილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარებას სატელეფონო კანალიზაციაში და ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომსახურებას, ხოლო აბონენტი კისრულობდა ვალდებულებას სრულად გადაეხადა მომსახურების საფასური ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულება მოქმედებდა ხელმოწერის დღიდან ერთი წლის განმავლობაში. ხელშეკრულება ითვლებოდა ავტომატურად გაგრძელებულად იგივე ვადით, თუ რომელიმე მხარე არ შეწყვეტდა ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე. ამავე ხელშეკრულების 5.1 მუხლის შესაბამისად, „აბონენტის“ მიერ მომსახურების ღირებულების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში „კომპანია“ უფლებამოსილი იყო შეეზღუდა ან/და შეეწყვიტა მომსახურება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ (შემდეგში „რეგლამენტი“) შესაბამისად. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -ხელშეკრულება (ს.ფ. 13-16) 3.1.2. ხელშეკრულების დანართების შესაბამისად, სატელეფონო კანალიზაციის იჯარის ტარიფები განისაზღვრა მომსახურების მიწოდების მისამართების მიხედვით: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N55/6-დან ქათამაძის ქ. N16/20-მდე - 70 ლარით, გრიბოედოვის და გორგილაძის კვეთიდან გრიბოედოვის ქ. N5-მდე - 140 ლარით, ჭავჭავაძის 38-დან 49-მდე, პუშკინის 122-დან ბესიკის 49-მდე, ჭავჭავაძის 40-დან პუშკინის 1224-მდე, ჭავჭავაძის 78/88-დან მაიაკოვსკის 11-მდე, ჭავჭავაძის 78/88-დან აბუსერიძის 9-მდე და აბუსერიძის 3-დან აბუსერიძის 4-მდე სატელეფონო კანალიზაციის იჯარა 2 კმ კაბელით შეადგენდა 140 ლარს, 5 კმ კაბელით-350 ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -ხელშეკრულების დანართები (ს.ფ. 17-20) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. მხარეებს შორის სადავოა ფულადი ვალდებულების დარიცხვის მართლზომიერება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს არა მარტო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ფულადი ვალდებულება, არამედ ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ანაზღაურებაც. დავის საგნიდან გამომდინარე, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებებია: გადაიხადა თუ არა საიჯარო ქირის დავალიანება მოპასუხემ ხელშეკრულების პირობების თანახმად; გასწია თუ არა კომპანიამ ფაქტობრივი მომსახურება და მიიღო თუ არა ეს მომსახურება აბონენტმა გაზრდილი ტარიფის პირობში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებები თუ ნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდადაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ვალდებულებაა მიუთითოს და დაამტკიცოს მოთხოვნის წარმოშობის განმაპირობებელი გარემოებები, ე.ი. ვალდებულია მიუთითოს და დაამტკიცოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დავალიანების წარმოშობის საფუძვლები და რაოდენობა, ხოლო მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ დავალიანება გადახდილი აქვს. რაც შეეხება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ანაზღაურების საკითხს, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების თანახმად, საიჯარო სამართლებრივ დავაზე მოთხოვნის წარმომშობ ფაქტზე (ქონების დაბრუნების დაყოვნება) მითითება ევალება მეიჯარეს, ხოლო მითითებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება მოიჯარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს (სსუგ საქმე Nას-2-2-2016, 14 ივნისი, 2016 წ.). 3.2.2. მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ერიცხება დავალიანება 4899,82 ლარის, ხოლო ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფუძველზე - 21887.82 ლარის ოდენობით, საერთო ჯამში 26787,64 ლარი. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, ვალდებულების დარიცხვის ცხრილი, პირადი აღრიცხვის ანგარიშები, რომელზე დაყრდნობითაც მოესარჩელე ადასტურებს ხელშეკრულების შესაბამისად აბონენტზე დარიცხული და მის მიერ გადახდილი თანხის როდენობას. აღნიშნული მტკიცებულებები მოპასუხის მიერ შეცილებული არ ყოფილა. ამ ფაქტის უარსაყოფად მას რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამავე დროს მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, კითხვების ეტაპზე, დაადასტურა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს 4899,82 ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სასამართლო სხდომის ოქმი (13/06/18წ) -ვალდებულების დარიცხვის ცხრილი (ს.ფ. 70) -„აბონენტის“ პირადი ანგარიშის ამონაწერები (ს.ფ. 21-62) 3.2.3. მოსარჩელე უთითებს, რომ 2014 წლის აპრილის თვიდან დეკემბრის ჩათვლით ფაქტობრივ მომსახურეობას უწევდა მოპასუხეს, გაზრდილი ტარიფის შესაბამისად, ვინაიდან აბონენტმა ვერ უზრუნველყო კაბელების ამოღება კომპანიის კუთვნილი საკანალიზაციო ჭიდან. აღნიშნულის შესახებ კომპანია მოპასუხეს უგზავნიდა საოქმო გადაწყვეტილებებს. მისივე განმარტებით, მოპასუხეს ჩაბარდა აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებები, რის გამოც სახეზეა ფაქტობრივი მომსახურების გაწევის ფაქტი. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის აპრილის ბოლოს. 2014 წლის 28 მაისს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს არსებული დავალიანების 4899.82 ლარის გადახდის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეეზღუდებოდა მომსახურება. 2014 წლის 19 მაისს მოსარჩელემ პირველად გაუგზავნა მოპასუხეს საოქმო გადაწყვეტილება აპრილის თვის მომსახურების გაზრდილი ტარიფით დარიცხვის შესახებ. ამ და შემდგომი პერიოდების საოქმო გადაწყვეტილებებზე თანდართული მომსახურების ანგარიშიდან დგინდება, რომ იმავე მიმართულების კაბელების მიხედვით მომსახურების ტარიფი გაიზარდა. რაც შეეხება მომსახურების ფაქტობრივად მიწოდების საკითხს, მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის აპრილიდან იგი უწევდა ფაქტობრივ მომსახურებას მოპასუხეს და ყოველთვიურად უგზავნიდა საოქმო გადაწყვეტილებებს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების დარიცხვის შესახებ. მოპასუხე განმარტავს, რომ მას აღნიშნული გადაწყვეტილებები არ ჩაბარებია, არც გაზრდილი ტარიფის შესახებ ჰქონია ინფორმაცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საოქმო გადაწყვეტილების ჩაბარების დადასტურება ან უარყოფა მოცემული სადავო საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი არაა. მიუხედავად იმისა ჩაბარდა თუ არა აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილებები მოპასუხეს, სასამართლო თვლის, რომ მომსახურების ფაქტობრივად მიწოდების საკითხი უნდა შეფასდეს სამართლებრივად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ტიპისა და შინაარსის გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებას სასამართლო პროცესზე იმის შესახებ, რომ მან ზუსტად არ იცის ვის უწევს მომსახურებას ამ კაბელებით კომპანია და სადავო კაბელები ისევ საკანალიზაციო ჭაშია განთავსებული, თუ მოხდა მისი ჩაჭრა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -საოქმო გადაწყვეტილებები (ს.ფ. 72-95) -უკუგზავნილები (ს.ფ. 105-110) -მხარეების ახსნა-განმარტება ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა. 4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების 4899,82 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდს. 5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ -სამოქალაქო კოდექსი -სამოქალაქო საპროცესო კოდექსი -საქართველოს კანონი „ელექტრონულიკომუნიკაციების შესახებ“ -საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 6. სამართლებრივი შეფასება 6.1 საქმეში წარმოდგენილი უდავო და დადგენილად მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ 2011 წლის 21 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის კუთვნილი სატელეფონო საკანალიზაციო ჭის იჯარა, მასში მოპასუხის კუთვნილი საკომუნიკაციო კაბელის გატარების გზით და სატელეფონო მომსახურეობა. მოცემული დავის საგანს წარმოადგენს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ფულადი ვალდებულება და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გაწეული ფაქტობრივი მომსახურების მართლზომიერება, ასევე, ამ მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების დარიცხვის კანონიერება. სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილით იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო იჯარისა და მომსახურების შერეული ტიპის ხელშეკრულება (ჭის იჯარა და სატელეფონო მომსახურება), რომლითაც განისაზღვრა იჯარის საფასური ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული ტარიფით. დადგენილია, რომ მოპასუხე პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა 2014 წლის აპრილში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, მოპასუხის პირადი ანგარიშებისა და ვალდებულების დარიცხვის ცხრილით დგინდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2014 წლის აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 4899.82 ლარს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე იყო ვალდებული დაემტკიცებინა, რომ ვალდებულება შესრულებული აქვს და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა მისი პროცესუალური ვალდებულება და ვერ დაამტკიცა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, საიჯარო ქირის დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ განიხილავს მოპასუხის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება, წარმოადგენს მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია. აღნიშულის შესახებ მხარეს არ მიუთითებია საქმის მომზადებს ეტაპზე და არც შესაგებელში. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული გარემოება, როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმის საფუველი. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარემ ფაქტობრივად აღიარა მოსარჩელის მიმართ არსებული საიჯარო ქირის დავალიანება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. წარმოდგენილი მტკიცებულებების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაკეთებული აღიარების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 4899,92 ლარის დაკისრების ნაწილში სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.2. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხემ გააგრძელა ფაქტობრივი საიჯარო ურთიერთობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან არ ჩაჭრა საკომუნიკაციო ჭაში განთავსებულილ კაბელები, რის გამოც მოპასუხემ გააგრძელა ჭის იჯარა. ამასთან, მისივე აზრით, მოპასუხეს ყოველთვიურად ბარდებოდა საოქო გადაწყვეტილებები ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურების საფასურის შესახებ, რომელიც გამოანგარიშებული იყო გაზრდილი ტარიფის საფუძველზე, ხოლო გაზრდილი ტარიფის შესახებ ოფერტა მან განახორციელა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის აპრილში. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდა მხარეებს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 602-ე მუხლის შესაბამისად მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ იჯარით აღებული ქონება დააბრუნოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს დაბრუნებამდე არსებული მეურნეობის სათანადოდ გაგრძელებას, ხოლო 591-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც. ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოიჯარე ვალდებულია დაუბრუნოს მის მფლობელობაში გადასული საიჯარო ქონება მოპასუხეს დროულად, ხოლო აღნიშნულის შეუსრულებლობა მასზე საიჯარო ქირის დარიცხვის საფუძველი ფაქტობრივი იჯარის პირობებში. ნორმა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე ფაქტობრივ ბატონობას ახორციელებს საიჯარო ქონებაზე და მეიჯარეს ხელი ეშლება ამ ქონებით სარგებლობაში. მოცემულ შემთხვევაში, საიჯარო ქონება მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში გადასული არ ყოფილა. მოსარჩელის კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციის ჭაში გატარებული იყო მოპასუხის კუთვნილი საკაბელო ხაზი. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საიჯარო ქონების ფაქტობრივი მფლობელის შეცვლას ადგილი არ ჰქონია. ქონება მეიჯარის მფლობელობიდან არ გადასულა მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტისთანავე განეხორციელებინა მოპასუხის კუთვნილი კაბელების დემონტაჟი ან ჩაჭრა, მითუმეტეს, რომ ამ პერიოდისათვის სახეზე იყო ვალდებულების დარღვევის არაერთი ფაქტი მოპასუხის მხრიდან. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნულზე, თავისი ნება მოსარჩელემ ჯერ კიდევ 2018 წლის 25 მაისის წერილით დააფიქსირა მოპასუხესთან. სამართლებრივი თვალსაზრისით, იმისათვის, რომ ფაქტობრივი მომსახურების გაწევის გამო მოიჯარეს დაეკისროს საიჯარო ქირის გადახდა, სახეზე უნდა იყოს საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნება, რომელიც ხელს უნდა უშლიდეს მესაკუთრეს გამოიყენოს კუთვნილი ქონება. ფაქტობრივი მომსახურებისათვის დაკისრებული საიჯარო ქირა, პრაქტიკულად არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებაა და წარმოადგენს მიყენებული ზიანის კომპენსირებას ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნება, მოსარჩელემ, ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, არ მოახდინა მოპასუხის კუთვნილი კაბელის დემონტაჟი, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენელი დარწმუნებით ვერც იმას განმარტავს, კაბელები ისევ სატელეფონო კანალიზაციის ჭაში მდებარეობს თუ არა და რომელ ორგანიზაციას უწევს იგი მომსახურეობას (იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება). ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ არსებული ურთიერთობის დაკვალიფიცირებას ფაქტობრივ მომსახურებად და მისი ღირებულების დაკისრების მართლზომიერებას. 6.4. მოსარჩელე განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომსახურების გაზრდილი ტარიფის შესახებ გამოაქვეყნა ოფერტის შეთავაზება, რის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა შეეტყო აღნიშნული გარემოების შესახებ. მისივე განმარტებით, ფაქტობრივი მომსახურების მიღება გაზრდილი ტარიფით, სწორედ ამ ოფერტის საფუძველზე განხორციელდა. სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლით ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. 2. წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული. მოცემული სამართალურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის განმარტოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ის მუხლები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსარჩელის აზრით განხორციელდა მოპასუხის ოფერტირება. კერძოდ, აღნიშნული კანონის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: ოპერატორის ქსელის ელემენტების, მათი ფუნქციონალური რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების, აგრეთვე დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების შესახებ, რათა მსურველ ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისათვის ან ფუნქციონალური რესურსებისათვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია.3. კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით დაადგინოს, თუ რა არსებით მონაცემებს უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), აგრეთვე დადგენილ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვოს ოპერატორის საჯაროდ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა. კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის ადგილობრივი დაშვების ქსელთან შეუზღუდავი დაშვების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში ადგილობრივი მომსახურების ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) გამოქვეყნება, რომელიც უნდა მოიცავდეს ადგილობრივი დაშვების ქსელთან დაშვების, მათ შორის, ერთობლივი დაშვებისა და კომისიის მიერ დადგენილ სხვა არსებით პირობებს. ამავე კანონის 34-ე მუხლის 4-6 პუნქტების თანახმად ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები. მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ ხელშეკრულება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი ოპერატორის შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) არსებით პირობებს, ან/და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვალა კანონმდებლობა, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა, შესწორება ან გაუქმება. მოცემული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მითითებული პროცედურა ითვალისწინებს ავტორიზებულ მხარეებს შორის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მიზნით, ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას. კანონით რეგლამენტირებულია ავტორიზებული პირის ვალდებულება ოფერტზე მოწვევის გზით განახორციელოს შესაბამისი მომსახურების შეთავაზება, ხოლო მომსახურების მიღების მსურველმა პირმა შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი უნდა მოახდინოს. საბოლოოდ, მხარეთა შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც რაიმე ცვლილების შეტანა ან გადასინჯვა კომისიის კომპეტენციაა. აქედან გამომდინარე, მცდარია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მან ტარიფის გაზრდის შესახებ მხარეს აცნობა ოფერტის გზით. ასეთ შემთხვევაშიც, მითითებული ნორმების საფუძველზე, მხარეებს შესაბამისი უფლება-ვალდებულებები წარმოეშვებოდათ მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვინაიდან, კანონი აქცეპტირებას, სწორედ, ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირებს. ოფერტის და აქცეპტის მეშვეობით ხელშეკრულების დადება არის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ 2014 წლის აპრილიდან, მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში აღარ იმყოფებოდნენ, მოპასუხეს მოწვევის ოფერტზე აქცეპტი არ განუხორციელებია და ხელშეკრულება მხარეებს შორის არ დადებულა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საოქმო გადაწყვეტილებები ფაქტობრივი მომსახურების საფასურის დაკისრების შესახებ, მოპასუხეს ჩაბარდებოდა, მხოლოდ შეცვლილი პირობებით ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ექნებოდა ვარგისი სამართლებრივი საფუძველი 2014 წლის აპრილის შემდეგ დარიცხული თანხების დაკისრებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ფაქტობრივი მომსახურების გაწევის წინაპირობები და შესაბამისად, მოპასუხეზე დავალიანების 21887.82 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 803.63 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით - 150 ლარი. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ, 4899,82 ლარის ნაწილში. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, რაც შეადგენს 144.65 ლარს სახელმწიფო ბაჟიდან და 27 ლარს, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა 1. სს „სი-–-----ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. დაეკისროს შპს „BA---------------P”-ს სს „სი-–-----ის“ სასარგებლოდ 4899,82 ლარის გადახდა; 3. დაეკისროს შპს „BA---------------P”-ს სს „სი-–-----ის“ სასარგებლოდ 144,5 ლარი, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი და 27 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი; 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ. N30) მეშვეობით; 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ირმა ტოგონიძე