გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2018
საქმის ნომერი
330210117001952388
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/14319-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ივლისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - ინ----------ა

წარმომადგენელი - თე------------------ე

მოპასუხე - შპს „გლ-----------–-----ს“

წარმომადგენლები - არ----------–---ი (დირექტორი), და-----–-–--–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „გლ-----------–-----სს“ ინ----------ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სწავლების საფასურის - 1500 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად.

 

1.2. შპს „გლ-----------–-----სს“ ინ----------ას სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 35 531.69 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის აგვისტოში ინ----------ას დაუკავშირდა შპს „გლ-----------–-----სის“ თანამშრომელი და შესთავაზა სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა და მიიპატიჟა ოფისში პრეზენტაციისათვის. პრეზენტაციის ფარგლებში მას აცნობეს, რომ შპს „გლ-----------–-----ს“ არის საერთაშორისო კომპანია „ტე-–---------ის“ წარმომადგენლობა საქართველოში, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბირჟა „ფო-------ე“ ვაჭრობის დიდი გამოცდილება და შესთავაზეს აღნიშნული კომპანიის მეშვეობით საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა. ამასთან განუცხადეს, რომ ვაჭრობისათვის მინიმალური დეპოზიტი უნდა ყოფილიყო 10 000 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ ამ საკითხის მიმართ ინტერესის გამოხატვის შემდგომ, მოპასუხემ ინ----------ას შესთავაზა ამ სფეროში 1500 აშშ დოლარის ღირებულების მასტერკლასის კურსის გავლა. ამასთან, აღუთქვა, რომ ამ კურსის ფარგლებში მოსარჩელე მიიღებდა კვალიფიციურ, შეიძლება ითქვას, ექსკლუზიურ ცოდნას, რომელიც მკვეთრად გაზრდიდა წარმატებული ვაჭრობის პერსპექტივას. მოსარჩელე აღნიშნულს თათანხმდა. შესაბამისად, 2015 წლის 20 აგვისტოს გადაიხადა მასტერკლასის კურსის ღირებულება და მიმართა მოპასუხეს მომსახურების მისაღებად.

 

შპს „გლ-----------–-----სის“ თანამშრომელმა ერთჯერადი მოკლე თეორიული ლექციისა და სავაჭრო ტერმინალის ტექნიკური მახასიათებლების მოსარჩელისათვის გაცნობის შემდგომ, მოსარჩელეს შესთავაზა სავაჭრო ანგარიშზე მინიმალური დეპოზიტის განთავსება და თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინქრონულად წარმოება. ამიტომ, 2015 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელემ მის სავაჭრო ანგარიშზე შეიტანა 10 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა და კვლავ მიმართა მოპასუხეს სწავლების გასაგრძელებლად. შპს „გლ-----------–-----სის“ თანამშრომელმა პირველი, მოკლე შესავალი თეორიული ლექციის რეზიუმირების შემდგომ, შესთავაზა პრაქტიკულ ვაჭრობაზე გადასვლა, რომლის პარალელურადაც კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე გააგრძელებდა თეორიულ კურსსაც. ამ სფეროში ცოდნის უქონლობისა და მოპასუხის მიმართ ნდობის გამო, მოსარჩელე დათანხმდა, რის შემდგომაც მოპასუხემ ინ----------ას სახლზე, მის მიერვე შერჩეულ ლოტზე გახსნა ვაჭრობა. არც პირველი ვაჭრობის პროცესში და მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, არც შემდგომ არ წარმოებდა არანაირი სწავლება ინ----------ასათვის არ იქნა განმარტებული ბაზრის ანალიზის მეთოდები, რისკების მართვისა და დაზღვევის თუნდაც მინიმალური სტანდარტები, მისი დეპოზიტიდან გამომდინარე ვაჭრობაში დასაბანდებელი კაპიტალის ოპტიმალური ოდენობა და ა.შ.

 

პირველი მსხვილი ზარალის შემდგომ, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და სწავლების კურსის გაგრძელებასთან ერთად, მოსთხოვა დამდგარი ზიანის ანაზღაურება. მოპასუხემ აღუთქვა, რომ დეპოზიტის შევსების შემდგომ, ვაჭრობის განახლების შემთხვევაში, ერთობლივად აღმოფხვრიდა ზარალს და მოგებაზეც კი გავიდოდა. მოსარჩელემ კვლავ შეავსო მისი სავაჭრო დეპოზიტი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელისა და მოპასუხის ურთიერთობა გამოიხატა მხოლოდ მათ მიერ შერჩეულ ლოტებზე ვაჭრობის გახსნითა და დახურვით, ხოლო რაიმე სწავლება არ ჩატარებულა. რა თქმა უნდა, ვაჭრობის ამ ეპიზოდის შედეგადაც მოსარჩელემ მიიღო ზარალი. ასეთი რამ განმეორდა რამდენჯერმე, მანამ მისი მთელი დანაზოგი არ ამოიწურა. საერთო ჯამში სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის შემდეგ მოსარჩელის ზარალმა შეადგინა 36 000 აშშ დოლარი.

 

მოპასუხის ქმედებამ მოსარჩელეს გაუჩინა გარკვეული ეჭვი, ამიტომ მიმართა ექსპერტს, რომლის დასკვნის მიხედვითაც, მოპასუხემ არ გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება. ექსპერტის დასკვნის მიხედვით ,,არსებული მონაცემებით მკვეთრად გამოხატულია მაღალი რისკებით ვაჭრობა... არ არის გათვალისწინებული რისკის მართვის ელემენტარული მეთოდი, რომლის მიხედვითაც წაგების დაფიქსირება ხდება დროულად... ვაჭრობა მიმდინარეობს მაღალი ლოტებით, რაც რამდენჯერმე ზრდის რისკსა და მსხვილი თანხის წაგების ალბათობას... ელემენტარული ტექსტიდან დადგინდა, რომ ინ----------ას არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია მიღებული მინიმალური მოთხოვნებით საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობისათვის... ინ----------ას მსხვილი ბიუჯეტით ვაჭრობისას არ ჰქონდა ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე არსებულ რისკებთან დაკავშირებით, იმაზე, თუ როგორ ხდება რისკების დაზღვევა და მართვა... განხილული ფაქტებიდან გამომდინარე, ინ----------ას არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია, განათლება და კვალიფიკაცია, რომ ევაჭრა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვალუტის კურსის ცვლილებაზე, რის გამოც მან მიიღო ფინანსური ზარალი."

 

ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მოპასუხე დაინტერესებული იყო მოსარჩელის წაგებით ვაჭრობაში, კერძოდ: ,,მოთხოვნისმიერი შესრულების პირობებში არსებობს იმის ალბათობა, რომ კლიენტის ორდერი არ გადის სავალუტო ბაზარზე, ან მისი ვაჭრობა მიმდინარეობს საბროკერო კომპანიის კაპიტალის შიგნით, სადაც კლიენტის და საბროკერო კომპანიის ინტერესები იკვეთება. მოგების შემთხვევაში კლიენტს გააქვს თანხა კომპანიის კაპიტალიდან, ხოლო წაგების შემთხვევაში წაგებული თანხა ემატება საბროკერო კომპანიის კაპიტალს... 697648 ანგარიშზე 21579198 გარიგება არღვევს საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის პრინციპებს, მათ შორის, რისკების მათვისა და გარიგების (ორდერის) მთავარ საკითხებს... საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე გავრცელებული რისკის საპროცენტო განაკვეთია 3%, შესაბამისად გარიგება 21579198 უნდა დახურულიყო საშუალოდ - 300 აშშ დოლარის ფარგლებში. ამასთან, ლოტი 2.0 არ შეეფერება ინ----------ას დეპოზიტს. რისკების გათვალისწინებით მაქსიმალური ლოტი შეადგენდა 0.5 (2.0-ზე 4-ჯერ ნაკლებს) ... (კომპანია ,,ტე-–---------ის’’ სავაჭრო ტერმინალის) სურათებზე ჩანს განსხვავება ბაზარზე არსებულ ფასებსა და ტე-–---------ის ფასებს შორის... სასაწავლო პერიოდში კომპანია/სასწავლო კურსის მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიუთითოს შეცდომებზე და აარიდოს მას დიდი ზარალი. არსებულ შემთხვევაში ინ----------ას პირველი მსხვილი წაგება შესაძლებელი იყო თავიდან აერიდებინათ მისთვის და სწავლის პროცესში აეხსნათ, რომ ბიუჯეტის 3-10%-ზე მეტი წაგებაში გასვლა არღვევს რისკების მართვის პრინციპებს... არსებულ გარემოებებში მკვეთრად გამოიხატება კომპანიის ინტერესები კლიენტის წაგებაზე, რაც დასტურდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანით და რისკების შესახებ ინფორმაციის დამალვით.“

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე არ გეგმავდა და შეგნებულად არ გაუწია მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება - საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მასტერკლასის ჩატარება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ინ----------ას დიდი ხანია დაწყებული აქვს შპს „გლ-----------–-----სის“ წინააღმდეგ ბრძოლა, რაც გამომდინარეობს იმაში, რომ ცდილობს ყველა საშუალებით, თავისი ბრალით გახარჯული თანხა გადაახდევინოს მოპასუხეს. ინ----------ასთვის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა არ იყო ახალი. მანამ სანამ შპს „გლ-----------–-----სში“ მივიდოდა სავაჭრო ტექნოლოგიების შესასწავლად, იგი ვაჭრობდა სხვადასხვა სავაჭრო პლათფორმებზე. შესაბამისად იმისი მტკიცება, რომ მან არ იცოდა ვაჭრობა სიცრუეა.

 

ინ----------ა 2015 წლის აგვისტოში მივიდა შპს „გლ-----------–-----სში“ მენეჯერ მარ----------–---–თან. საუბრის დროს ახსენა, რომ მას ჰქონდა გამოცდილება ამ სფეროში და ფულიც ჰქონდა დაკარგული. თუმცა, მიუხედავად წარუმატებელი გამოცდილებისა, არ სურდა თავი დაენებებინა ამ სფეროსთვის და მზად იყო კიდევ ეცადა ბედი. თავად დაასახელა საწყისი თანხაც 1000 აშშ დოლარი. შესაბამისად, 24 აგვისტოს გახსნა ანგარიში კომპანია ტე-–---------ში და ჩარიცხა 1000 აშშ დოლარი. ანგარიშის გახსნის შემდგომ დადიოდა ოფისში და აქტიური ურთიერთობა ჰქონდა მენეჯერებთან. ამასთან, შეიტყო რა, რომ კომპანია ატარებდა ფასიან მასტერკლასებს სურვილი გამოთქვა, რომ გაევლო ეს კურსიც, რისთვისაც ჩარიცხა 1500 აშშ დოლარი შპს „გლ-----------–-----სის“ ანგარიშზე. იგი რისკების თაობაზე არაერთხელ იყო გაფრთხილებული კომპანიის მხრიდან. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ტე-–---------ის საიტზეც. ამას გარდა, რისკების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ტე-–---------ის ხელშეკრულებაშიც და მანამ სანამ მომხმარებელი დეტალურად არ გაეცნობა რისკების შესახებ ინფორმაციას, იგი ფიზიკურად ვერ გახსნის ანგარიშს. შესაბამისად, ინ----------ამ, ისევე როგორც სხვა ყველა კონტრაქტორმა, წინასწარ, ანგარიშის გახსნამდე იცოდა დეტალურად თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა აღნიშნულ საქმიანობას. მიუხედავად ამისა, იგი თვითონ ვაჭრობდა თავის ანგარიშზე, თვითონ წყვეტდა რა მოცულობით შესულიყო და რომელ წყვილზე ევაჭრა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ინ----------ა მიდიოდა სოფელში გარკვეული პერიოდით, გახსნილს ტოვებდა თავის პოზიციებს და კომპანიის მხრიდან არაერთ გაფრთხილებაზე, იმის თაობაზე რომ ასეთ დროს იყო მინუსის გაზრდის რისკი, იგი პასუხობდა, რომ სოფელში იყო და ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში იგი სთხოვდა კომპანიის თანამშრომლებს, რომ ეტყოდა თავის მონაცემებს და ისინი შესულიყვნენ და გამოერთოთ მისი პოზიცია, რაზეც კომპანიისაგან ყოველთვის კატეგორიულ უარს იღებდა, რადგან თანამშრომლებს ამის უფლება არ აქვთ. შესაბამისად, კომპანიას არც ერთხელ არ ჰქონია წვდომა ინ----------ას ანგარიშთან. ინ----------ას არასოდეს არ გამოუთქვამს უკმაყოფილება კომპანიის თანამშრომლების მიმართ. არც თავისი მენეჯერის მარ----------–---–ის და არც ტრენერის ლე--------------–---–ის მიმართ.

 

რაც შეეხება მოპასუხის სწავლების კულტურას, ამ კომპანიაში არასოდეს არ ხდება კლიენტის არასწორი ინფორმირება სწავლების შესახებ. სწავლება მიმდინარეობს პლათფორმების სიმულატორებზე, სადაც ე.წ. სტუდენტი ითვისებს პრაქტიკულ და ასევე თეორიულ მასალას. არასოდეს არ ხდება კლიენტის იძულება, ან რაიმე სახის დარწმუნება, რომ სტუდენტმა აუცილებლად მხოლოდ ტე-–---------ის პლატფორმაზე ივაჭროს იმიტომ, რომ ასეთ ვაჭრობას სტუდენტი ნებისმიერ სხვა პლათფორმაზე შეძლებს.

 

ინ----------ამ არასწორი გათვლების გამო, მთლიანი თანხა გაფლანგა რის შესახებაც შპს „გლ-----------–-----სმა“ არაფერი იცოდა. კლიენტი თავიდანვე იყო ინფორმირებული თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მის მიერ მიღებულ ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას, ამის შესახებ კომპანია ყოველთვის აფრთხილებს სტუდენტებს შესაბამისი დანართი ხელშეკრულებით და ასევე ხელშეკრულების მეშვეობით. მოსარჩელემ, კი შეგნებულად არ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, მაგრამ დანართზე, გაფრთხილებაზე არსებობს მისი ხელმოწერა.

 

ინ----------ას არაერთხელ უთქვამს შპს „გლ-----------–-----სში“, რომ არის საკმაოდ აზარტული და მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიებშიც აქვს დანაკარგები სურდა ფულის დაბანდება ტე-–---------ში.

 

წარმოუდგენელია იმისი მტკიცება მოპასუხის მხრიდან, თუ რა ლოტებით, რა პრინციპებით ვაჭრობს ადამიანი ბირჟაზე, ვინაიდან ყველა მოვაჭრე თვითონ ახდენს ინდივიდუალურად სავაჭრო სტრატეგიის განსაზღვრას. სავაჭრო სტრატეგია იმდენად კონსპირაციულია, არავის არ შეუძლია ეს ნახოს მოთამაშე, მოვაჭრე ადამიანის გარდა. შესაბამისად, რა სტრატეგიით გაფლანგეს ინ----------ამ და მისმა ტრენერმა ეს თანხები, რა თქმა უნდა, მოპასუხისათვის უცნობია. მასტერ კლასის მეცადინეობის შემდგომ, თუ რა გადაწყვეტილებით თამაშობს სტუდენტი უკვე არა სიმულატორზე, არამედ რეალურ პლატფორმაზე, ეს არავინ არ იცის, თუ მოვაჭრემ შეგნებულად არ მისცა ლოგინი ვინმეს.

 

რაც შეეხება ექსპერტის დასკვნას, მოპასუხე განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა არ არის კატეგორიული, არ არის მყარად ჩამოყალიბებული რა ცოდნას, რა საფუძვლებს ემყარება იგი. ასევე არ არის მითითებული არც ერთი წყარო, თუ საიდან ხელმძღვანელობს ექსპერტი. საქმეში არ არის მითითებული ექსპერტის კვალიფიკაცია, ლიცენზია. შესაბამისად საექსპერტო დასკვნა არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც მტკიცებულება. მას არ გააჩნია არც ბეჭედი და არც ექსპერტის საიდენტიფიკაციო რაიმე ნიშანი, რითაც ეს დასკვნა ფარატინა ქაღალდზე გადატანილი ინფორმაციაა.

 

მოსარჩელე ვერ ასაბუთებს თავის სასარჩელო მოთხოვნას გამომდინარე იქიდან, რომ სწავლება სტუდენტებზე, რომლებიც ეუფლებიან მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობას, მიმდინარეობს ღიად და გამჭირვალედ. ანუ სწავლების მსურველ პირებს ლექციები, უფასო ტრენინგები 5-7 დღის განმავლობაში უტარდებათ უფასოდ. ინ----------ა, კი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უტარდებოდა, ვინაიდან მან თავიდანვე დაამყარა მეგობრული ურთიერთობა სასწავლო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელობასთან. შესაბამისად, იმის მაგივრად, რომ ინ----------ას დღეგამოშვებით ევლო, ყოველდღიურად დადიოდა 2 კვირის განმავლობაში უფასო ტრენინგებზე და მხოლოდ ამის შემდგომ გადაიხადა მან ფასიანი სწავლების მასტერკლასის საფასური, სადაც მხოლოდ თვითონ კი არ გადიოდა სწავლებას, არამედ სასწავლო ჯგუფი - 15-20 მოსწავლე. ამასთან, ყველა მოსწავლე ერთი და იგივე პროგრამას გადის და ეუფლება.

 

რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხის განმარტებით, ის ამ ნაწილში არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხე მხარეს, ვინაიდან ტე-–---------თან გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილე მხარეს არ წარმოადგენს შპს „გლ-----------–-----ს“.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „გლ-----------–-----ს“ (ს/კ 4--------) წარმოადგენს ქართული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ იურიდიულ პირს. იგი არის ანალიტიკური სასწავლო ცენტრი, სადაც შეასწავლიან საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის ტექნოლოგიებს და რომელიც რეკლამირებას უწევს კომპანია Te---------------------ს.

 

2015 წლის 01 ივლისს კომპანია Te---------------------სა (დამკვეთი) და შპს „გლ-----------–-----სს“ (შემსრულებელი) შორის გაფორმებული №1 კონტრაქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულებას იღებს, დამკვეთის დავალებით გაუწიოს მას, ხოლო დამკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს შემდეგი მომსახურების საფასური: დამკვეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე სარეკლამო მომსახურების გაწევა, კერძოდ დამკვეთის და აგრეთვე მესამე პირთა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, შემსრულებლის მიერ საინფორმაციო ღონისძიებების - თეორიული სემინარების, ლექციების, კურსების და სხვა საინფორმაციო ღონისძიებების ჩატარება საკითხებზე, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე მუშაობის პრინციპებს ეხება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 67-68);

- კონტრაქტი №1 თარგმანით (იხ. ს.ფ. 164-177);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. „კლიენტისა“ და Te-----------------ის ხელშეკრულების შაბლონის თანახმად, Te----------------, აღნიშნული საჯარო წინადადების საფუძველზე, წარმოადგენს მარჟინალური სავაჭრო ანგარიშების გახსნასა და მომსახურებას სავაჭრო ოპერაციებისათვის CDF-ით. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1., 2.2. და 2.3. პუნქტების თანახმად, კომპანია უფლებამოსილია კლიენტის ნებართვის საფუძველზე, იმოქმედოს როგორც აგენტმა ან პრინციპალმა ან ბროკერმა იმისათვის, რომ შეასრულოს კლიენტის ინსტრუქციები ფინანსურ ბაზრებზე ფინანსური ინსტრუმენტებით ყიდვის და/ან გაყიდვისას. კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ სერვისს. კომპანია აუცილებლად ასრულებს კლიენტის ინსტრუქციას/მიმართულებას, იმის მიუხედავადაც, თუ ასეთი სავაჭრო ოპერაცია კლიენტისათვის შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს. კლიენტი სრულად იღებს ვალდებულებას საკუთარ თავზე და პასუხისმგებლობას ნებისმიერ შედეგზე, რაც შეიძლება მოჰყვეს კლიენტის და/ან მისი აგენტის ინსტრუქციების შესრულებას. ამავე ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, კი კლიენტი თანხმდება, რომ კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის ფინანსურ დანაკარგზე, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნას კლიენტის მიერ თანხის შეტანა/გატანისას დადგენილი პროცედურების დაუდევრობით.

 

ნებისმიერი პირი, რომელიც რეგისტრირდება კომპანია ტე-–---------ის პლატფორმაზე საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მიზნით, სავალდებულოდ ეცნობა ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებას და ელექტრონული მონიშვნის გზით, ადასტურებს მასში მოყვანილ პირობებზე თანხმობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 124-136);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. შპს „გლ-----------–-----ს“ ატარებს მასტერკლასებს საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის ტექნოლოგიების შესასწავლად, რომელიც შედგება 12 გაკვეთილისაგან. მასტერკლასის ღირებულება შეადგენს 1500 აშშ დოლარს. მასტერკლასის დასრულების შემდგომ, სტუდენტს მიეცემა აღნიშნული კურსის გავლის დამადასტურებელი ცნობა.

 

აღნიშნული კურსი ე.წ. სტუდენტს საშუალებას აძლევს ინდივიდუალურად ივაჭროს ბაზარზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- მოწმის ჩვენება (იხ. 07.05.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.4. სასამართლო დადაგენილად მიიჩნევს და მხარეებიც არ დავობენ, რომ მოპასუხე შპს „გლ-----------–-----ს“ (ს/კ 4--------) და Te-------------------- წარმოადგენენ ორ სხვადასხვა დამოუკიდებელ სუბიექტს, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეული ხელშეკრულებების ფარგლებში თანამშრომლობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 01 ივლისის კონტრაქტი N1;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. 2015 წლის აგვისტოს თვეში ინ----------ასა და შპს „გლ-----------–-----სს“ შორის, ზეპირი ფორმით, გაფორმდა ხელშეკრულება საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული სწავლების მომსახურების გაწევის შესახებ. ინ----------ამ აღნიშნული სწავლების საფასური 1500 აშშ დოლარის ოდენობით, 2015 წლის 20 აგვისტოს, ჩარიცხა შპს „გლ-----------–-----სის“ ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ. 59);

- ინვოისი (იხ. ს.ფ. 61);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.6. ინ----------ას არ დაუსრულებია მასსა და შპს „გლ-----------–-----სს“ შორის 2016 წლის აგვისტოში გაფორმებული სწავლების მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მასტერკლასის კურსი. კერძოდ, მას სრულყოფილად არ ჩატარებია 12 გაკვეთილი და დარჩა შესასწავლი ვაჭრობის რამდენიმე ინდიკატორი. შესაბამისად, მას არ აუღია აღნიშნული კურსის გავლის დამადასტურებელი ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- მოწმის ჩვენება (იხ. 07.05.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.7. ინ----------ა, ვალდებულების დარღვევის გამო, გავიდა მასსა და შპს „გლ-----------–-----სს“ შორის 2016 წლის აგვისტოში გაფორმებული სწავლების მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.8. ინ----------ას რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა ინტენსიური ურთიერთობა შპს „გლ-----------–-----სთან“ და მის თანამშრომლებთან, რა დროის განმავლობაშიც მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს არც მისი მენეჯერის მარ----------–---–ისა და არც ტრენერის ლე--------------–---–ის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.9. ინ----------ამ 2015 წლის აგვისტოში გახსნა პირადი ანგარიში კომპანია ტე-–---------ში საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის მიზნით და ანგარიშზე შეიტანა 10 000 აშშ დოლარი. მან ვაჭრობისათვის პირველი პოზიცია შპს „გლ-----------–-----სის“ ოფისიდან გახსნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- მოწმის ჩვენება (იხ. 07.05.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- ამონაწერი ინ----------ას სს „საქართველოს ბანკის“ ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 63-64);

 

3.1.10. 2015 წლის 29 სექტემბერს ინ----------ამ ხელი მოაწერა შპს „გლ-----------–-----სის“ კონტრაქტის სავალდებულო დანართზე, რომლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, ინ----------ა გაფრთხილებულ იქნა, რომ კომპანია “Gl-------------s” და მისი თანამშრომლები არ იღებენ არანაირ იურიდიულ, ფინანსურ და მორალურ პასუხისმგებლობას კლიენტის მოქმედების შედეგებზე სავაჭრო ანგარიშზე, რომელიც გახსნილია კომპანია Te-----------.;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სავალდებულო დანართი კონტრაქტზე (იხ. ს.ფ. 123);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.11. შპს „გლ-----------–-----სში“ მასტერკლასის კურსის გავლის პერიოდში, უშუალოდ სწავლების პროცესში, ტრენერის მეთვალყურეობით ინ----------ას მიერ ვაჭრობა მიმდინარეობდა, როგორც სიმულატორებზე, ასევე რეალურ ანგარიშზე. ამასთან, შპს „გლ-----------–-----სისათვის“ ცნობილი იყო ინ----------ას მიერ სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობისას განცდილი ზიანის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- მოწმის ჩვენება (იხ. 07.05.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.12. ინ----------ა საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობდა კომპანია ტე-–---------ის პლათფორმის მეშვეობით. ვაჭრობის შედეგად მან განიცადა ფინანსური ზარალი - 35 531.69 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- ამონაწერი ინ----------ას სავაჭრო ანგარიშიდან (იხ. ს.ფ. 55-57);

- მოწმის ჩვენება (იხ. 07.05.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.13. ინ----------ას, კომპანია ტე-–---------ის სავაჭრო პლათფორმაზე ვაჭრობის დაწყებამდე, ჰქონდა ვაჭრობის გამოცდილება სხვა სავაჭრო პლათფორმებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.14. ნებისმიერ პირს დამოუკიდებლად, შუამავალი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დახმარებისა, თუ ნებართვის გარეშე, შეუძლია დარეგისტრირდეს არა მხოლოდ კომპანია ტე-–---------ის სავაჭრო პლათფორმაზე და განახორციელოს ვაჭრობა, არამედ სხვა ნებისმიერ არსებულ სავაჭრო პლათფორმაზე. ამასთან, პირს, რომელსაც გააჩნია პლათფორმაზე თავისი პირადი ანგარიში, შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის შესაბამისი ტექნიკური ხელმისაწვდომობა, განახორციელოს ვაჭრობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას (ფაქტობრივ გარემოებას) მასზედ, რომ ინ----------ასათვის შპს „გლ-----------–-----სში“ ჩატარებული მასტერკლასის გაკვეთილები იყო შესასწავლი საკითხის შესაბამისი ხარისხის და ინ----------ამ მიიღო სათანადო ცოდნა საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებით.

 

3.2.2. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას (ფაქტობრივ გარემოებას) მასზედ, რომ ინ----------ას საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობისას, სწორედ შპს „გლ-----------–-----სის“ ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა ფინანსური ზარალი - 35 531.69 აშშ დოლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნისა თუ შესაგებლის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის. პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

ამდენად, იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელისათვის შპს „გლ-----------–-----სში“ ჩატარებული მასტერკლასის გაკვეთილები იყო შესასწავლი საკითხის შესაბამისი ხარისხის და ინ----------ამ მიიღო სათანადო ცოდნა საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებით, ეკისრება მოპასუხე მხარეს. თუმცა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება. ამასთან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელის მიერ. მისი განმარტებით, მოპასუხის მხრიდან არ წარმოებდა არანაირი სწავლება და მის შემთხვევაში ე.წ. მასტერკლასის კურსის გავლისას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ზოგად ფრაზებს და ზოგად მიმოხილვას, რაც შუძლებელია ჩაითვალოს მასტერკლასის კურსად, არ არსებობდა სწავლების პროგრამა, კურსი მოკლებული იყო ყიველგვარ კონკრეტიკას. ინ----------ასათვის არ იქნა განმარტებული ბაზრის ანალიზის მეთოდები, რისკების მართვისა და დაზღვევის თუნდაც მინიმალური სტანდარტები, მისი დეპოზიტიდან გამომდინარე ვაჭრობაში დასაბანდებელი კაპიტალის ოპტიმალური ოდენობა და ა.შ. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის ზოგადი პრინციპის შესაბამისად, ვერ შეძლო ზემოთ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნულის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

 

რაც შეეხება შპს „გლ-----------–-----სის“ ბრალეულობას მოპასუხის მიერ სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის დროს განცდილ ზიანთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ინ----------ა, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გლ-----------–-----სში“ გადიოდა მასტერკლასის კურსებს საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით. მის მიერ ხელმოწერილ იქნა კონტრაქტის სავალდებულო დანართი, რომლის თანახმად, ინ----------ა გაფრთხილებულ იქნა, რომ კომპანია შპს „გლობექს ანალიტქს“ და მისი თანამშრომლები არ იღებენ არანაირ იურიდიულ, ფინანსურ და მორალურ პასუხისმგებლობას კლიენტის მოქმედების შედეგებზე სავაჭრო ანგარიშზე, რომელიც გახსნილია კომპანია Te-----------.-ზე.

 

ამასთან, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ნებისმიერ პირს, ვინც არის დაინტერესებული საერთაშორისო სავალუტო ბირჟებზე ვაჭრობით, შეუძლია სახლიდან ან/და სხვა ნებისმიერი ადგილიდან შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის შემთხვევაში, შევიდეს ტე-–---------ისა თუ სხვა პლათფორმაზე და ივაჭროს. ამისათვის სავალდებულო არ არის ლიცენზიის ან/და საშუამავლო კომპანიის მეშვეობით მოქმედება. დადგენილია, რომ ინ----------ა ვაჭრობდა ტე-–---------ის პლათფორმაზე. თუმცა, მოსარჩელის განმარტებით მას დამოუკიდებლად არ უვაჭრია, არამედ მისი პირადი ანგარიშიდან მოპასუხე კომპანიის თანამშრომლები ირჩევდნენ, ხსნიდნენ და ხურავდნენ ლოტებს და ამ ლოტებზე ვაჭრობდნენ. ინ----------ამ სწორედ მათი რჩევების საფუძველზე განხორციელებული ვაჭრობის შედეგად განიცადა ფინანსური ზარალი. ამასთან, მას არ გაუვლია სრულყოფილი მასტერკლასი და მისთვის არ შეუსწავლიათ ის მინიმალური უნარ-ჩვევები რაც ვაჭრობისათვის იყო აუცილებელი. ამდენად, მოსარჩელე სწორედ მოპასუხისგან მოითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, თანხის დაკისრებას.

ზემოთ მითითებული გარემოებები, მოპასუხის ბრალთან დაკავშირებით, სადავოდ არის გამხდარი მოპასუხე მხარის მიერ. მოპასუხის განმარტებით, სტუდენტს, რომელიც გადიოდა კომპანიაში მასტერკლასს, ასევე დაინტერესების შემთხვევაში სხვა პირებს მხოლოდ რჩევები ეძლეოდათ ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებსაც არ ჰქონდა სავალდებულო ხასიათი და საბოლოო გადაწყვეტილება მთლიანად მოვაჭრეზე იყო დამოკიდებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი სახის სწავლების ჩატარების დროს, ტრენერი/მასწავლებელი რომელიც, სწავლების განხორციელებისათვის ჩვეულებრივ შემთხვევებში იღებს შესაბამის ანაზღაურებას, ორიენტირებული უნდა იყოს და უზრუნველყოს მოსწავლისათვის იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების სათანადოდ მიწოდება, რასაც შესაბამისი კურსი ითვალისწინებს. ტრენერი/მასწავლებელი ვალდებულია მისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში გადასცეს და შეამოწმოს გადაცემული ცოდნის ათვისების ხარისხი. ეს არის ის ზოგადი, გონივრული მოლოდინები, რაც მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში მასწავლებლის მიმართ შეიძლება არსებობს. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, სხვა საკითხს წარმოადგენს გადაცემული ცოდნის პრაქტიკაში სათანადოდ გამოყენება. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მასწავლებელს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ არის ცალსახად დადგენილი შპს „გლ-----------–-----სში“ ინ----------ას მიერ გავლილი მასტერკლასის შედეგად მიღებული ცოდნის ხარისხი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დგინდება მოპასუხის ბრალეულობის არსებობა მოსარჩელის მიერ განცდილ ზიანთან მიმართებით. კერძოდ, არ დგინდება ინ----------ა დამოუკიდებლად ვაჭრობდა პირადი ანგარიშიდან სავაჭრო პლათფორმაზე, თუ მოპასუხის ოფისიდან მისი თანამშრომლების დახმარებით. ამასთან, თუნდაც კომპანიის თანამშრომლების მხრიდან რჩევის მიცემის შემთხვევაში, აღნიშნული არ წარმოადგენს ბრალის განმსაზღვრელ ელემენტს, ვინაიდან რჩევა, ინფორმაციის მიწოდება არ ნიშნავს მის აუცილებელ გაზიარებას და შესაბამისად მოქცევას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არის მოვაჭრეზე. ამასთან, არ დგინდება კომპანიის თანამშრომლების მხრიდან რაიმეს იძულების ან/და მოტყუების ფაქტი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, აღნიშნულის თაობაზე, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნას, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს მცოდნე პირის (ექსპერტის) დასკვნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ცოდნას. ექსპერტიზა არის სასამართლოს ან მხარეების მიერ ექსპერტისათვის წარდგენილი ობიექტების გამოკვლევა, რომელსაც ატარებს ექსპერტი სპეციალური ცოდნისა და მეცნიერული კვლევის საფუძველზე, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესახებ ცნობების მისაღებად. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასკვნების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი ძირითადი კრიტერიუმი, კერძოდ, კვლევის ჩამტარებელი სუბიექტი (ობიექტურობის ხარისხის დასადგენად) და გამოსაკვლევი საკითხის მიმართ დასკვნის კატეგორიულობა.

 

კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ექსპერტიზის დასკვნის მიუკერძოებელი ხასიათი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ვლინდება დასმული საკითხებისადმი, იმ პირთა ნეიტრალური დამოკიდებულებით, რომლებიც ატარებენ კვლევას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ექსპეტიზის დასკვნა და სასამართლო სადავო საკითხის განხილვისას წარმოდგენილ დოკუმენტს, როგორც დამოუკიდებელი ესქპერტიზის დასკვნას მას ვერ შეაფასებს იქიდან გამომდინარე, რომ არ დგინდება რამდენად კვალიფიციური ექსპერტის მიერ არის შედგენილი და რამდენად კვალიფიციურ მონაცემებზე დაყრდნობით. ამას გარდა, საექსპერტო დასკვნა შედგენილია მოსარჩელის მიერ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო დასკვნაში მოცემული პასუხები არ არის კატეგორიული და ცალსახა. შესაბამისად, ცხადია, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია ნეიტრალური პირის (დამოუკიდებელი ექსპერტი) დასკვნა სადავო საკითხის თაობაზე.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ინ----------ას სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე, 316-317-ე, 352-ე, 361-ე, 405-ე, 407-408-ე, 412-ე, 629-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად, ან წერილობითი ფორმით.

 

ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებული არ არის სავალდებულო წერილობით ფორმა. შესაბამისად გარიგება შესაძლოა დაიდოს, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის აგვისტოს თვეში ინ----------ასა და შპს „გლ-----------–-----სს“ შორის, ზეპირი ფორმით, გაფორმდა ხელშეკრულება სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის საკითხებზე სწავლების მომსახურების გაწევის შესახებ. სწავლების საფასური შეადგენდა 1500 აშშ დოლარს. სწავლება გულისხმობდა მასტერკლასის ჩატარებას, რომელიც შედგებოდა 12 გაკვეთილისაგან და რომლის საშუალებით სტუდენტი შეისწავლიდა საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის ტექნოლოგიებს. ინ----------ამ გადაიხადა სწავლების საფასური 1500 აშშ დოლარი.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი რ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. პირველადი მოთხოვნის, ანუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებიდან გასვლის მეორადი მოთხოვნის უფლების აღმოცენების სამართლებრივი საფუძველია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას. ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება ხელშეკრულების ერთ ერთი მხარის მიერ კონტრაჰენტისათვის ნების გამოვლენით იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება აღარ უნდა გაგრძელდეს. ხელშეკრულებიდან გასვლის მიზანი არის იმ status quo-ს აღდგენა, რომელიც ხელშეკრულების დადების გარეშე არსებობდა. კერძოდ, ასეთ დროს მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ ნატურით. გასვლის შემდეგ მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის მოვალედ და რესტიტუციის კრედიტორად. ნატურით დაბრუნების ვალდებულება არის ვალდებულებითი ხასიათის მოვალეობა, რომლის შინაარსიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიიღო მხარემ ხელშეკრულებით. რესტიტუციის მოვალემ უნდა დააბრუნოს ზუსტად ეს მიღებული საგანი. ამდენად, ხდება ერთგვარი ვალდებულებითი ურთიერთობის ტრანსფორმაცია, ძველი სახით არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას, რომლის საფუძველიცაა ხელშეკრულება, ცვლის ახალი სახით წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის საფუძველიცაა - ვალდებულების დარღვევა.

 

დადგენილია, რომ ინ----------ას არ გაუვლია სწავლების სრული კურსი. კერძოდ არ ჩატარებია მასტერ კლასის 12 გაკვეთილი და შესასწავლი დარჩა ვაჭრობის რამდენიმე ინდიკატორი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე თვეების განმავლობაში დადიოდა მოპასუხე ორგანიზაციაში. ამასთან, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჩატარებული გაკვეთილები იყო შესასწავლი საკითხის შესაბამისი ხარისხის და ინ----------ამ მიიღო სათანადო ცოდნა საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებით (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). ამდენად, მოპასუხის მხრიდან დარღვეულ იქნა მის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულება. მითითებული გარემოება, კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მეორე მხარეს ანიჭებს უფლებამოსილებას გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს შესრულებულის უკან დაბრუნება.

 

ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების შესრულების მიმართ მოსარჩელეს გააჩნდა განსაკუთრებული მოლოდინი, ვინაიდან იგი სწავლების პარალელურად ახორციელებდა ვაჭრობას, რის საფუძველზეც უნდა მიეღო მოგება. ამდენად, ინ----------ა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, გავიდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან, რაც მას ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს რესტიტუციის განხორციელება - სასწავლო კურსში გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ინ----------ას სარჩელი მოპასუხე შპს „გლ-----------–-----სისათვის“ გადახდილი სწავლის საფასურის - 1500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზიანის ანაზღაურების მთავარ მიზანს წარმოადგენს მიყენებული დანაკლისის გამოსწორება (გამოსწორების ფუნქცია). გარდა ამისა, მას ენიჭება პოტენციურ დამაზიანებელზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელების ფუნქცია, რათა საერთოდ ააღებინოს ხელი სხვისათვის ზიანის მიყენებაზე (პრევენციის ფუნქცია). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ საერთაშორის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობისას მის მიერ მიღებული ზიანი, გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალეული ქმედებით. შესაბამისად, მისი მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელეს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს - 2735.39 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, მოპასუხე შპს „გლ-----------–-----სს“ ინ----------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 108.95 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (1500 აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის განჩინებით, ინ----------ას წარმომადგენელის თე------------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ინ----------ას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს ,,გლ-----------–-----ს’’-ის (ს/კ 4--------) სახელზე სს ,,საქართველოს ბანკში’’ გახსნილ საბანკო ანგარიშზე №---------------------- არსებულ ფულად სახსრებს, სასარჩელო მოთხოვნის - 89 513 ლარის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ინ----------ას სარჩელი შპს „გლ-----------–-----სის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს „გლ-----------–-----სს“ ინ----------ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სწავლების საფასურის - 1 500 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად.

 

2. ინ----------ას სარჩელი შპს „გლ-----------–-----სისათვის“ ზიანის ანაზღაურების მიზნით - 35 531.69 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე შპს „გლ-----------–-----სს“ ინ----------ას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 108.95 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე