გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/564-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1907.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ნ------ მ-------ა
წარმომადგენელი ბ--–- ბ-----ე
მოპასუხე რ----–-- მ-------ი
წარმომადგენლები დ----- ს----------ი, ე---------- მ-–---–--ე
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ----–-- მეხიტიევისათვის არასრულწლოვანი შვილების 2012 წლის 2-------------- დაბადებული როიალ მ-------ის და 2014 წლის 9-------------ს დაბადებული ე----- მ-------ას სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 350 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც მშობლების განქორწინების შემდეგ იზრდებიან მოსარჩელის ოჯახში. უმცროსი შვილი მხოლოდ სამი წლისაა, რის გამოც მოსარჩელე ვერ მუშაობს და ვერ ძიძის მომსახურებით სარგებლობს ფინანსების არქონის გამო. მოპასუხე არის ინდ მეწარმე, ლილოს ბაზრობაზე აქვს მაღაზია, აქვს სოლიდური შემოსავალი, თვეში სულ მცირე 3000-4000 ლარი. ამის მიუხედავად იგი მატერიალურად არ ეხმარება შვილებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა 120-120 ლარის გადახდაზე. მოპასუხის წარმომადგენლების განმარტებით მოპასუხემ 2017 წლიდან შეწყვიტა სამეწარმეო საქმიანობა, რადგან იგი არ იყო მომგებიანი. მას არა აქვს შემოსავლები, თუმცა აცნობიერებს შვილებზე ზრუნვის ვალდებულებას და ამჟამინდელი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია გადაიხადოს ალიმენტი 120-120 ლარი. მას აღებული აქვს ბანკიდან კრედიტი, რომლის გადასახდელად თანხასაც ვერ იხდის და კრედიტის თანხას მისი მშობლები იხდიან.
(13.07.2018წ და 19.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკები)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. ნ------ მ-------ა და რ----–-- მ-------ი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილები როიალ მეხიტიევი და ე----- მ-------ა ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე ნ------ მეხიტიევასთან.
სასამართლო ე6ყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 22-26. ტომი 1)
3.1.2. ნ------ მ-------ა დასაქმებულია არ არის. მას შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (27.06.2018წ და 13.07.2018წ სხდომის ოქმები CD დისკი)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ნ------ მ-------ასა და რ----–-- მ-------ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.
დაბადების მოწმობის თანახმად, 2014 წლის 19-------------ს დაბადებულია ე----- მ-------ა, ხოლო 2012 წლის 2-------------- დაბადებულია როიალ მ-------ი. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ნ------ მ-------ა, მამა – რ----–-- მ-------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 12-13. ტომი 1).
3.2.2. რ----–-- მ-------ს აქვს შვილების ნორმალური რჩენისათვის საკმარისი შემოსავალი, მას მძიმე მატერიალური მდგომარეობა არა აქვს.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად მიუთითებს მის ქონებრივ მდგომარეობას, მწირ შემოსავლებს. მოპასუხის განმარტებით, სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა, აქვს მსხვილი საკრედიტო ვალდებულება.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურში 2017 წლის 10 ივლისს წარდგენილი განაცხადება საქმიაობის შეჩერების შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ 2017 წლის 10 ივლისიდან წყვეს ეკონომიკური საქმიანობას. მოპასუხის მერ ასევე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 მარტის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით ი/მ რ----–-- მ-------ის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს.
2017 წლის 19 ივნისს სს "საქართველოს ბანკს"ა და ი.მ რ----–-- მ-------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 50 000 ლარი 18 თვის ვადით. წლიური პროცენტია 12%. კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 19 ივნისს დადებულია იპიტეკსი ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დატვირთულია მახირა მ-------ას კუთვნილი უძრავი ქონება - რუსთავი, 1---------------------4. სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად გადასახდელი თანხაა 2540,57 ლარი. გრაფიკი ითვალისწინებს მზარდი თანხით სესხის დაბრუნებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განცხადებით და საკრედიტო ვალდებულების არსებობით არ დასტურდება მოპასუხის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რადგან სასამართლოს მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვნილი ინფორმაციით მოპასუხეს გააჩნია საკმარისი შემოსავალი ოჯახის ნორმალური რჩენის ვალდებულების შესრულებისათვის. კერძოდ, სასამართლომ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია რ----–-- მ-------ის 2012-2017 წლის პერიოდის შემოსავლების შესახებ. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 20 ივნისის წერილში მითითებულია, რომ 2012 წელს მოპასუხის ერთობლივი შემოსვალი შეადგენს 6681,10 ლარს, 2013 წელს შემოსავალი იყო 0 ლარი, 2014 წლის შემოსავლსი შესახებ ცნობაში მითთებული არ არის. 2015 წლის ერთობლივი შემოსავალია 80 380,65 ლარი, 2016 წლის 25 212,21 ლარი, 2017 წელს 110 664,29 ლარი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში მითითებულია ინფორმაცია რ----–-- მეხიტიევის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით. 2018 წლის შემოსავლების დეკლარირების ვადა არ დაწყებულა.
შემოსავლების სამსახურის ამ ინფორმაციით დასტურდება, რომ რ----–-- მ-------ს ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან მზარდი შემოსავალი ჰქონდა და 2017 წელს მისი წლიური შემოსავალი შეადგენს 110 664,29 ლარს. შემოსავლების სამსახურის ეს ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება მოპასუხის წარმოდგენილ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 მარტის ცნობის შინაარსს. ცნობაში მითითებულია, რომ 2017 წლის დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, სასამართლოს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშიც მითითებულია, რომ 2017 წლის დასაბეგრი შემოსავალი არის 0 ლარი, თუმცა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 2017 წელს მოპასუხეს ჰქონდა შემოსავალი 1110 664,29 ლარი.
შემოსავლების სამსახურის ეს ინფორმაცია ასევე არ ეწინააღმდეგება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 12 ივნისის ცნობას, სადაც მითითებულია, რომ 2012-2017 წლებში დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 12 962,11 ლარს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ეს ინფორმაცია მოპასუხის დასაბეგრი შემოსავლების ოდნეობას შეეხება, რაც მითითებული სასამართლოს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშიც, სადაც ასევე მითითებულია მოპასუხის ერთობლივი შემოსავლის ოდენობა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის მიუხედავად, რომ მოპასუხეს განცხადებული აქვს სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, მოპასუხე მძიმე ფინანსური მდგომარეობაში მყოფ პირად არ შეიძლება ჩაითვალოს. 2012 წლის შემდეგ მოპასუხეს ჰქონდა მზარდი შემოსავლები, რაც მის წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობას ადასტურებს.
მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი არ არის საკრედიტო ვალდებულების არსებობა. მოპასუხეს 2017 წლის 19 ივნისს აღებული აქვს კრედიტი 50 000 ლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულება წარმოშობს მსესხებლის ვალდებულებას დააბრუნოს კრედიტი, თუმცა ასეთი ვალდებულების არსებობა თავისთავად მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას არ აუარესებს. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ეს თანხა აიღო გადაუდებელი საჭიროებისათვის (მაგალითად მკურნალობის დასაფინანსებლად და სხვა). შესაბამისად, მან კრედიტი აიღო პირადი საჭიროებისათვის.
სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მოპასუხის შემოსავალი არ მცირდება და იგი წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მატერიალური გაჭირვება. შპს ლილო მოლის მიერ 2018 წლის 29 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, რ----–-- მ-------ი 2016 წლის 2 ივნისიდან 2018 წლის 18 ივნისამდე საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა კომერციული საქმიანობას თავის კუთვნილ ადგილზე რიგი SB-1, ადგილი 8. ამდენად, ამ ცნობის თანახმად, საქმის განხილვის დროისათვისაც, 2018 წლის 18 ივნისამდე რ----–-- მ-------ი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ლილო მოლის ტერიტორიაზე, რის გამოც მას ფაქტობრივად 2017 წლიდან სამეწარმეო საქმიანობა არ შეუწყვეტია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 48-51. ტომი 1)
- შემოსავლების სამსახურის 13.03.2018წ ცნობა (ს.ფ. 36. ტომი 1)
- შემოსავლების სამსახურის 22.06.2018 წერილი (ს.ფ. 83-84. ტომი 1)
- სამეწარმეო საქმიანოს შეჩერების განცხადების ასლი (ს.ფ. 35. ტომი 1)
- ლილო მოლის ცნობა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ.112-114,. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 250-250 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თვაინთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვს მცირეწლოვანი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები.
ამ შემთხევაში ალიმენტის მოთხოვნა შეეხება მცირეწლოვანი ბავშვების რჩენას, ბავშვები არიან 6 წლის და 3 წლის ასაკის
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 120-120 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე ყოველთვიურად ამ თანხის დაკისრებაზე თანხმობას აცხადებს იმის გამო, რომ მისი განმარტებით მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა და გააჩნია ფინანსური პრობლემები, მკვეთრად შემცირებულია მისი შემოსავალი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რაც მის ფინანსურ სიძნელეებზე მიუთითებს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 120-120 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილების რჩენისათვის არ შეუძლია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს შეუძლია მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდა შვილების რჩენისათვის.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელე დასაქმებული არ არის, მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, უმცროსი არის 3 წლის ასაკი, რის გამოც მოსარჩელეს დასაქმების ნაკლები შესაძლებლობა აქვს. მოსარჩელე სამეწარმეო საქმიანობას არ მისდევს და შემოსავალს მეწარმეობით არ იღებს. ამასთან, მასთან იზრდება ორი არასრულწლოვანი შვილი, რის გამოც ყოველდღიურად იგი ზრუნავს ბავშვებზე, მას უწევს ბავშვის რჩენისათვის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის რჩენის ვალდებულების მოცულობა არ იცვლება მშობლების განქორწინების შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ბავშვის ის მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მშობლების ერთად ყოფნის დროს ექნებოდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვის უფლებების კონვენციის საფუძველზე არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება მშობლებს ეკისრებათ მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად, რაც გულისხმობს მშობლების მატერიალური შესაძლებლობის კვალობაზე ამ მოვალეობის დაკისრებას. მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვების აღზრდის პირობები არ უნდა გაუარესდეს, შეძლებისდაგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბავშვის აღზრდის ის პირობები, რაც მშობლების ერთად ცხოვრების პირობებში ექნებოდა, თუკი არ არსებობს ამის გამომრიცხავი რაიმე განსაკუთრებული, საპატიო გარემოება (ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, მატერიალური სიდუხჭირე და ა.შ.).
კონვენციის დებულება, რომლითაც მშობლებს მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად ეკისრებათ შვილების რჩენა, არ ნიშნავს მშობლისათვის ბავშვის რჩენაში საშეღავათო პრინციპის დადგენას. ამ დებულებით კონვენცია აღიარებს იმ გარემოებას, რომ ყოველი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და სწორედ თითოეული ოჯახის ქონებრივ შესაძლებლობების კვალობაზე უნდა განისაზღვროს რჩენის ვალდებულება. ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის უფლებებს შეეხება, შესაბამისად, მშობლებისგან მატერიალური დახმარების მიღება ბავშვის უფლებაა, კონვენცია ბავშვის ამ უფლების დაცვას ავალდებულებს მშობლებს, სახელმწიფოს და კონვენციის მიზანი არ არის მშობლებისათვის ამ საკითხში შეღავათის დადგენა. კონვენციის ამავე ნორმით (27-ე მუხლი) აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის, კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებულია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ არის რთული, მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად კარგი, რის გამოც მოპასუხეს აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი, მატერიალურად დაეხმაროს არასრულწლოვან შვილებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის საკრედიტო ვალდებულების არსებობა შვილის რჩენის ვალდებულების შემცირების საფუძველი არ არის, რადგან საბანკო კრედიტო აღებულია არ არის განსაკუთრებული საჭიროების გამო (მაგ: ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მკურნალობის მიზნით). სასამართლო განმარტავს, კომუნალური ხარჯების ანაზღაურება, ასევე საკრედიტო ვალდებულების არსებობა ადამიანის ყოფა-ცხოვრებისათვის ჩვეულებრივი ვალდებულებებია და მათი არსებობა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პირობებშიც შვილის რჩენის ვალდებულებას არ ამცირებს.
კრედიტი მოპასუხის მიერ მისი ინტერესებისათვის აღებული ფულადი რესურსია, გამოყენებულია მისი მატერიალური ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რადგან არ დასტურდება რა გადაუდებელი საჭიროებისათვის (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამედიცინო ხარჯის ასანაზღაურებლად) აიღო კრედიტი. კრედიტის აღება მოემსახურა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოპასუხემ კრედიტის თანხა გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის და არა რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობით წამოჭრილი პრობლემის გამო ისესხა თანხა. ამდენად, საკრედიტო, საგადასახადო ან კომუნალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ არის ისეთი ვალდებულება, რის გამოც შვილის რჩენისათვის გადასახდელი ალიმენტი შეიძლება შემცირდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. ასეთი მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მოპასუხეს არა აქვს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მცირეა მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა 120-120 ლარი, რომლის გადახდაზე თანახმაა. ალიმენტის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოპასუხე ყოველდღიურად მისი არასრულწლოვანი შვილების აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს, ყოველდღიურად ხარჯების გაწევა და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, ეს საკითხები მთლიანად მოსარჩელის გადასაწყვეტია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 250-250 ლარის ოდენობით ალიმენტი, რადგან არ დასტურდება ყოველთვიურად ორივე შვილისათვის საერთო ჯამში 700 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების აუცილებლობა ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 6000 ლარს. სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 180 ლარი (დავის საგნის ღირებულების 3%).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი 500 ლარიდან მოპასუხემ ცნო 240 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 48%. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 48% არის 86,4 ლარი, რომლის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან ამდენად, საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 93,6 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გააიხადოს მოპასუხემ. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნ------ მ-------ას სარჩელი;
1.1. რ----–-- მ-------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2012 წლის 2-------------- დაბადებული როიალ მ-------ის და 2014 წლის 9-------------ს დაბადებული ე----- მ-------ას სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 250 ლარის გადახდა; ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 23 თებერვლიდან;
2. რ----–-- მ-------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 93,6 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი