გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე #2/1799-14
26 ივლისი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე
მოსარჩელე შპს ,,სა---------–-----------ა“
წარმომადგენლები: მა-----------–--ე, სი----------–---–ი
მოპასუხე წარმომადგენელი ,,IN-----------A” ლე-------------ა
დავის საგანი თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ,,IN-----------A”-სთვის მოსარჩელე შპს ,,სა---------–-----------ის“ სასარგებლოდ 352 532,68 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება; სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2012 წლის 17 აპრილს, შპს ,,სა---------–-----------ას“ და ,,IN-----------A”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ამანათების გადაზიდვის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,სა---------–-----------ამ“ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ამანათების გადაზიდვა საბერძნეთიდან საქართველოში. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული მომსახურების ღირებულება. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, გადაზიდვის საზღაური განისაზღვრებოდა შემდეგნაირად: 1) ერთ კალენდარულ თვეში 80 ტონამდე ტვირთზე 1,5 ევრო თითოეული კილოგრამისთვის; 2) ერთ კალენდარულ თვეში 80-120 ტონამდე ტვირთზე 1,42 ევრო თითოეული კილოგრამისთვის; 3) ერთ კალენდარულ თვეში 120 ტონაზე მეტ ტვირთზე 1,35 ევრო თითოეული კილოგრამისთვის. მოგვიანებით, მხარეთა შორის გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება 2012 წლის 17 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. კერძოდ, შეიცვალა ამანათების გადაზიდვის ღირებულება. 2012 წლის 30 აპრილს, შპს ,,სა---------–-----------ას“ და ,,IN-----------A”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ შპს ,,სა---------–-----------ამ“ იკისრა კომერციული ტვირთების გადაზიდვის ვალდებულება. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს ,,სა---------–-----------ა“ პერიოდულად ახდენდა ტვირთის გადაზიდვას, რომლის ოდენობის და გადაზიდვის საფასურის შესახებ ინფორმაცია მოცემული იყო პროფორმა ინვოისებსა და საერთაშორისო ზედნადებებში - CMR-ებში. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო ინვოისის მიღებიდან 5 დღეში აენაზღაურებინა გაწეული მომსახურების ღირებულება. მოპასუხე პერიოდულად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და არ იხდიდა ან ნაწილობრივ იხდიდა გაწეული მომსახურების ღირებულებას, რის გამოც დაუგროვდა დავალიანება. 2013 წლის 27 თებერვლის ჩათვლით გაწეული მომსახურების ღირებულების დავალიანებამ შეადგინა 248 388,63 ევრო. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გაგრძელდა 2013 წლის 27 თებერვლის შემდეგაც. 2017 წლის მაისამდე მხარეთა შორის გაფორმდა ცალკეული შეთანხმებები გაწეული მომსახურების ღირებულების ცვლილების შესახებ. 2013 წლის 27 თებერვლის შემდეგ გაწეული მომსახურების ღირებულებაც მოპასუხემ სრულად არ გადაიხადა. 2018 წლის 08 იანვრის მდგომარეობით, ,,IN-----------A”-ს დავალიანება შპს ,,სა---------–-----------ის“ მიმართ შეადგენს 352 532,68 ევროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხისთვის 352 532,68 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება. (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 7, ს.ფ. 6-10, იხ. 2018 წლის 15 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ,,IN-----------A” სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 1) ,,IN-----------A” წარმოადგენს საბერძნეთში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელსაც ადგილსამყოფელი აქვს საბერძნეთში. მასსა და შპს ,,სა---------–-----------ას“ შორის არ არსებობდა წერილობითი შეთანხმება საქართველოს სასამართლოსთვის საერთაშორისო კომპეტენციის მინიჭების შესახებ. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია ან განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია მოცემულ საქმეზე არ გააჩნიათ, ვინაიდან მოპასუხე თავის ვალდებულებებს საბერძნეთში ასრულებდა. მხარეთა შორის ასევე არ არსებობს შეთანხმება დავის შემთხვევაში ქართული სამართლის გამოყენების შესახებ. 2) 2012 წლის 17 აპრილს და 2012 წლის 30 აპრილს, მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულებები ამანათების და კომერციული ტვირთის გადაზიდვის შესახებ. მოგვიანებით, მხარეთა შორის გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება აღნიშნულ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის შესახებ. მოსარჩელის მიერ ტვირთის გადაზიდვა უნდა დადასტურდეს საერთაშორისო ზედნადებით - CMR-ით. მოსარჩელის მიერ გადაზიდული ტვირთის წონა ასახულია CMR-ში. გადაზიდული ტვირთის წონიდან გამომდინარეობდა გადასახდელი ფასი შესაბამის პერიოდში არსებული ტარიფების საფუძველზე. შესაბამისად, პროფორმა ინვოისებში მითითებული ფასი უნდა ეფუძნებოდეს ზემოაღნიშნულ ინვოისებში მითითებულ CMR-ებში მითითებულ წონას და იმ პერიოდში მოქმედ ტარიფებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ხანგრძლივი პერიოდის ინვოისები, ხოლო მისი მოთხოვნა წარმოდგენილ ინვოისებში არსებულ ჯამურ თანხაზე ბევრად ნაკლებია. მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა ის ინვოისები, რომელიც მისი აზრით არ იყო ანაზღაურებული, რათა მასში მითითებული CMR-ების საფუძველზე დადგენილიყო ტვირთის წონა და შესაბამისად, მომხდარიყო გადაზიდვის ღირებულების განსაზღვრა იმ დროს მოქმედი ტარიფების შესაბამისად. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი ინვოისებიდან გარკვეული ნაწილი (2012-2013 წლების ინვოისების ნაწილი) მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ წარუდგენია. ამ ინვოისების ჯამური თანხა შეადგენს 97 087,08 ევროს. შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნია. მითითებული ინვოისებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან ,,ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გასულია ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა. 3) ,,ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ხანდაზმულობის ერთლიანი ვადის გასვლის გამო, 2014 წლის 07 თებერვლის მდგომარეობით (თავდაპირველი სარჩელის აღძვრის დროს) ხანდაზმული იყო 2012 წლის შემდეგი ინვოისებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება: 2012 წლის 22 მაისის #8 ინვოისი, 2012 წლის 25 მაისის #9 ინვოისი, 2012 წლის 29 მაისის #10 ინვოისი, 2012 წლის 31 მაისის #11 ინვოისი, 2012 წლის 19 ივნისის #16 ინვოისი, 2012 წლის 22 ივნისის #17 ინვოისი, 2012 წლის 26 ივნისის #18 ინვოისი, 2012 წლის 29 ივნისის #19 ინვოისი, 2012 წლის 31 ივლისის #28 ინვოისი, 2012 წლის 03 აგვისტოს #29 ინვოისი და 2012 წლის 21 სექტემბრის #11/C ინვოისი. აღნიშნული ინვოისების ჯამი სულ შეადგენს 36 345,13 ევროს. რაც შეეხება დაზუსტებული სარჩელით გაზრდილ მოთხოვნას, დაზუსტებული სარჩელი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 08 იანვარს. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა დამატებით 2013 წლის 27 თებერვლის შემდეგ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენის დროისთვის ხანდაზმული იყო შემდეგი ინვოისებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება: 2014 წლის 03 იანვრის #80 ინვოისი, 2014 წლის 12 თებერვლის #10/C ინვოისი, 2014 წლის 19 თებერვლის #11/C ინვოისი, 2014 წლის 26 თებერვლის #12/C ინვოისი, 2014 წლის 26 თებერვლის #CO/1 ინვოისი, 2014 წლის 01 მარტის #13/C ინვოისი, 2014 წლის 04 მარტის #14/C ინვოისი, 2014 წლის 08 მარტის #15/C ინვოისი, 2014 წლის 11 მარტის #CO5 ინვოისი, 2014 წლის 22 მარტის #CO6 ინვოისი, 2014 წლის 27 ივნისის #CO13 ინვოისი, 2014 წლის 01 ივლისის #CO14 ინვოისი, 2014 წლის 25 აგვისტოს #CO17/1 ინვოისი, 204 წლის 30 სექტემბრის #CO9 ინვოისი, 2014 წლის 10 დეკემბრის #95 ინვოისი, 2014 წლის 10 დეკემბრის #90/C ინვოისი, 2014 წლის 10 დეკემბრის #CO32 ინვოისი, 2015 წლის 13 თებერვლის #13 ინვოისი, 2015 წლის 13 თებერვლის #12/C ინვოისი, 2015 წლის 17 თებერვლის #14 ინვოისი, 2015 წლის 17 თებერვლის #13/C ინვოისი, 2015 წლის 13 მაისის #TR3 ინვოისი, 2015 წლის 23 ივნისის #47/C ინვოისი, 2015 წლის 18 სექტემბრის #TR4 ინვოისი, 2015 წლის 27 ოქტომბრის #CO31 ინვოისი, 2015 წლის 03 ნოემბრის #72/C ინვოისი, 2015 წლის 10 ნოემბრის #CO32 ინვოისი, 2015 წლის 10 ნოემბრის #73/C ინვოისი, 2016 წლის 11 ივნისის #EX23 ინვოისი, 2016 წლის 13 ივნისის #29 ინვოისი, 2016 წლის 21 ივლისის #39 ინვოისი. ჩამოთვლილი ინვოისების ჯამური თანხა შეადგენს 40 080,08 ევროს. ამდენად, ორივე პერიოდის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ინვოისებიდან გამომდინარე ჯამში 76 425,21 ევროს მოთხოვნის უფლება ხანდაზმულია. 4) მოსარჩელის მიერ ინვოისებში შეყვანილია ისეთი მომსახურების ღირებულება, რომელიც მას არ გაუწევია და მომსახურება გასწია სხვა კომპანიამ. გარკვეულ შემთხვევებში შპს ,,სა---------–-----------ამ“ ვერ შეძლო ტვირთის წამოღება, რის გამოც მოპასუხეს სხვა კომპანიებთან მოუწია თანამშრომლობა, კერძოდ, გადაზიდვა განახორციელეს სხვა კომპანიის სატვირთოებმა, ხოლო ერთ შემთხვევაში გადაზიდვა განხორციელდა ავიაციით. მოპასუხემ ამ გადაზიდვისთვის სულ გადაიხადა 20 448,85 ევრო. მიუხედავად ამისა, ასეთი გადაზიდვები შეყვანილი არის მოსარჩელის ინვოისებსა და CMR-ებში და საბოლოოდ, ასახულია მის მოთხოვნაში. 5) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ბრუნვის ბარათში 2013 წლის 18 მარტის შემდეგ მოპასუხის მიერ განხორციელებული გადახდები ასახულია არასრულყოფილად, კერძოდ, გარკვეული გადახდები ასახული არ არის, ხოლო გადახდების ნაწილი ასახულია არასრულად. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის 104 144,05 ევროს არსებობა ბუნდოვანია. 6) ,,IN-----------A"-ს იძულებით უწევდა შპს ,,სა---------–-----------ასთან" თანამშრომლობა. ამ უკანასკნელის მხრიდან არსებული საბაზრო მონოპოლიის გამოყენების გამო მოპასუხისთვის განსაზღვრული იქნა საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მაღალი ტარიფი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სა---------–-----------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ტომი 20, ს.ფ. 96-120, იხ. 2018 წლის 15 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 17 აპრილს, შპს ,,სა---------–-----------ას“ და ,,IN-----------A”-ს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მხარეთა შეთანხმება, უზრუნველყონ ამანათებით მომსახურების გაწევა საერთაშორისო გადაზიდვების საფუძველზე, რა მიზნითაც წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შპს ,,სა---------–-----------ა“ უწევს მომსახურებას ,,IN-----------A”-ს, ხოლო ,,IN-----------A” გაწეული მომსახურებისთვის უხდის ანაზღაურებას შპს ,,სა---------–-----------ას“. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, საბერძნეთიდან (შეგროვების პუნქტიდან) საქართველოში (დანიშნულების პუნქტამდე) ტვირთის გადაზიდვისთვის და გადაზიდვისთვის საჭირო პროცედურის განხორციელებისთვის ,,IN-----------A”-ს მიერ შპს ,,სა---------–-----------ისთვის“ გადასახდელი საზღაურის ოდენობა დამოკიდებულია სასაქონლო პარტიაში არსებული ტვირთის საერთო წონაზე. ,,IN-----------A” შპს ,,სა---------–-----------ას“ გაწეული მომსახურებისთვის გადაუხდის ანაზღაურებას შემდეგნაირად: 1) ერთ კალენდარულ თვეში 80 ტონამდე ტვირთზე 1,5 ევრო თითოეული კილოგრამისთვის; 2) ერთ კალენდარულ თვეში 80-120 ტონამდე ტვირთზე 1,42 ევრო თითოეული კილოგრამისთვის; 3) ერთ კალენდარულ თვეში 120 ტონაზე მეტ ტვირთზე 1,35 ევრო თითოეული კილოგრამისთვის. ამავე პუნქტის მიხედვით, გადახდა განხორციელდება შპს ,,სა---------–-----------ის“ მიერ ,,IN-----------A”-სთვის ინვოისის წარდგენიდან 5 საბანკო დღის ვადაში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2012 წლის 17 აპრილის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 27-44) 3.1.2. 2012 წლის 11 დეკემბერს, 2013 წლის 27 თებერვალს, 2015 წლის 11 მაისს, 2015 წლის 10 აგვისტოს, 2015 წლის 24 ოქტომბერს და 2015 წლის 08 დეკემბერს, შპს ,,სა---------–-----------ას“ და ,,IN-----------A”-ს შორის გაფორმდა შეთანხმებები 2012 წლის 17 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2012 წლის 11 დეკემბრის შეთანხმება (ტომი 7, ს.ფ. 33-34) - 2013 წლის 27 თებერვლის შეთანხმება (ტომი 7, ს.ფ. 35-38) - 2015 წლის 11 მაისის შეთანხმება (ტომი 7, ს.ფ. 43-44) - 2015 წლის 10 აგვისტოს შეთანხმება (ტომი 7, ს.ფ. 41-42) - 2015 წლის 24 ოქტომბრის შეთანხმება (ტომი 7, ს.ფ. 39-40) - 2015 წლის 08 დეკემბრის შეთანხმება (ტომი 7, ს.ფ. 24-26) 3.1.3. 2012 წლის 17 აპრილს, შპს ,,სა---------–-----------ას“ და ,,IN-----------A”-ს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც შპს ,,სა---------–-----------ამ" იკისრა ვალდებულება ,,IN-----------A”-სთვის გაეწია სატრანსპორტო მომსახურება სატრანზიტო ტვირთებისთვის, ,,IN-----------A”-ს ცენტრალური პუნქტებიდან შპს ,,სა---------–-----------ის“ თბილისის ტერმინალამდე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2012 წლის 17 აპრილის დამატებითი შეთანხმება (ტომი 1, ს.ფ. 19-25) 3.1.4. 2012 წლის 30 აპრილს, შპს ,,სა---------–-----------ას“ და ,,IN-----------A”-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მხარეთა შეთანხმება, უზრუნველყონ ტვირთების მიწოდებით მომსახურების გაწევა საერთაშორისო გადაზიდვების საფუძველზე, რა მიზნითაც წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შპს ,,სა---------–-----------ა“ უწევს მომსახურებას ,,IN-----------A”-ს, ხოლო ,,IN-----------A” გაწეული მომსახურებისთვის უხდის ანაზღაურებას შპს ,,სა---------–-----------ას“. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ,,IN-----------A” შპს ,,სა---------–-----------ას“ გადაუხდის საზღაურს ქვემოთ მოცემული წესით: 1) ,,IN-----------A”-ს მიერ მითითებული ცენტრალური პუნქტებიდან ან/და საბაჟო ტერმინალიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდული 800 კგ-მდე ტვირთზე - 0,35 ევრო თითოეულ კილოგრამზე; 2) ,,IN-----------A”-ს მიერ მითითებული ცენტრალური პუნქტებიდან ან/და საბაჟო ტერმინალიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდული 800-2000 კგ-მდე ტვირთზე - 0,3 ევრო თითოეულ კილოგრამზე; 3) ,,IN-----------A”-ს მიერ მითითებული ცენტრალური პუნქტებიდან ან/და საბაჟო ტერმინალიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდული 2 000 კგ-ზე მეტ ტვირთზე - 0,25 ევრო თითოეულ კილოგრამზე. ამავე ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, მომსახურების ანაზღაურებისას ,,IN-----------A” იხელმძღვანელებს შპს ,,სა---------–-----------ის“ მიერ მიწოდებული ინვოისების საფუძველზე, რომლის დადასტურება უნდა მოხდეს ,,IN-----------A”-ს მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში, ინვოისის დადასტურებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება ანგარიშსწორება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2012 წლის 30 აპრილის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 49-67) 3.1.5. 2013 წლის 08 მარტს, ,,IN-----------A”-ს და შპს ,,სა---------–-----------ას“ შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ,,IN-----------A”-მ იკისრა ვალდებულება შპს ,,სა---------–-----------ის“ მიმართ არსებული დავალიანება 150 000 ევრო გადაეხადა 5 სამუშაო დღის ვადაში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2013 წლის 08 მარტის დამატებითი შეთანხმება (ტომი 1, ს.ფ. 45-46) 3.1.6. 2013 წლის 18 დეკემბერს და 2015 წლის 08 დეკემბერს, შპს ,,სა---------–-----------ას“ და ,,IN-----------A”-ს შორის გაფორმდა შეთანხმებები 2012 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2013 წლის 18 დეკემბრის შეთანხმება (ტომი 7, ს.ფ. 27-28) - 2015 წლის 08 დეკემბრის შეთანხმება (ტომი 7, ს.ფ. 19-21)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია გადაზიდვის საზღაურის დავალიანება 352 532,68 ევროს ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს კონკრეტული ღირებულების გადაზიდვის განხორციელება, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს შეთანხმებული საზღაურის გადახდის ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც წარმოიშვა მათ შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელე ახდენდა მოპასუხის ამანათების და კომერციული ტვირთების გადაზიდვას. ხელშეკრულებების მიხედვით გადაზიდვის საფასური განისაზღვრებოდა ტვირთის წონის შესაბამისად. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო ასევე ფასდაკლება დროის გარკვეულ მონაკვეთში გარკვეული ოდენობის ტვირთის გადაზიდვისას. კონკრეტულ ტვირთთან დაკავშირებით გამომგზანის ანუ მოპასუხის მიერ გამოიწერებოდა საერთაშორისო ზედნადები (CMR), რომელშიც მიეთითებოდა ტვირთის წონა და აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გადაზიდვის ფაქტი. ზედნადების საფუძველზე მოსარჩელე, როგორც გადამზიდავი, ადგენდა ინვოისს, რომელშიც მითითებული იყო ტვირთის გამგზავნი, გადამზიდავი და მომსახურების საფასური, ასევე შესაბამისი CMR-ს ნომერი. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა გრძელდებოდა წლების განმავლობაში, კერძოდ შპს ,,სა---------–-----------ა“ მოპასუხის ამანათების და ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა 2012 წლიდან 2017 წლამდე. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე მხარე არასრულად იხდიდა გადაზიდვის საზღაურს და დაგროვილმა დავალიანებამ შეადგინა 352 532,68 ევრო.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში განხორციელებული გადაზიდვის ამსახველი CMR-ები და ინვოისები. მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ასევე ანგარიშის ბარათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას კონრეტული გადაზიდვის და მისი ღირებულების შესახებ შესაბამისი CMR-ის მითითებით, მოპასუხის მიერ განხორციელებული გადახდების და ფასდათმობების შესახებ კონკრეტული თარიღების მითითებით.
მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 10 აპრილს მომზადებული ფინანსური და ბუღალტრული დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, შპს ,,სა---------–-----------ას“ მიერ 2012 წლის 26 აპრილიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდში ,,I-------------“-ს სასარგებლოდ გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულება შეადგენს 4 790 687,38 ევროს, ხოლო გაწეულ მომსახურებასა და ანაზღაურებულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 352 532,68 ევროს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექსპერტმა იხელმძღვანელა 2012 წლის 17 აპრილის და 2012 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებით, 2012 წლის 17 აპრილის, 2012 წლის 01 დეკემბრის, 2013 წლის 08 მარტის, 2013 წლის 18 დეკემბრის, 2015 წლის 23 თებერვლის, 2015 წლის 11 მაისის, 2015 წლის 10 აგვისტოს, 2015 წლის 24 ოქტომბრის და 2015 წლის 08 დეკემბრის შეთანხმებებით, 2012 წლის 26 აპრილიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით განხორციელებულ გადაზიდვაზე გამოწერილი პროფორმა ინვოისებით, 2012 წლის რვა საკრედიტო ჩანაწერით (ფასდათმობების შესახებ) და საგადახდო დავალებებით (იხ. ტომი 19, ს.ფ. 276-282).
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ექსპერტებმა დასკვნის მომზადებისას იხელმძღვანელეს მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინვოისებით და მათ ზედნადებები არ გამოუკვლევიათ. შესაბამისად, CMR-ების და შესაბამისი ინვოისების მონაცემებების ურთიერთშედარება და დეტალური კვლევა არ განხორციელებულა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენლის ზემოაღნიშნული განმარტება არ ქმნის იმის საფუძველს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა არასარწმუნო მტკიცებულებად იქნეს მიჩნეული. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
როგორც ზემოთ აღინიშნა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2012 წლის 26 აპრილიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდში ,,I-------------“-ს სასარგებლოდ გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულება შეადგენს 4 790 687,38 ევროს. 2012 წელს შედგენილი რვა საკრედიტო ჩანაწერის მიხედვით შპს ,,სა---------–-----------ას“ მიერ განხორციელებული იქნა ფასდათმობა, რაც გათვალისწინებული იქნა მომსახურების ღირებულების გამოანგარიშების დროს. ექსპერტიზისთვის წარდგენილი საგადახდო დავალებების მიხედვით, 2012 წლის 15 მაისიდან 2017 წლის 22 ივნისის ჩათვლით ,,I-------------“-ს მიერ ჩარიცხულია 4 438 154,7 ევრო. სხვაობა გაწეული მომსახურების ღირებულებასა და ანაზღაურებულ თანხას შორის შეადგენს 352 532,68 ევროს.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ პროფორმა ინვოისები მოსარჩელე მხარის მიერ გამოიწერებოდა ,,I-------------“-ს მიერ შედგენილი შესაბამისი CMR-ების საფუძველზე. მხარეთა განმარტებით, მოპასუხეს ინვოისი ეგზავნებოდა გადაზიდვის განხორციელებიდან მოკლე ვადაში, კერძოდ ერთი ან ორი კვირის განმავლობაში (იხ. 2018 წლის 03 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი). შესაბამისად, იბადება ლოგიკური კითხვა მთელი სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა თუ არა ისეთ შემთხვევას ადგილი, რომ თუნდაც ერთი ინვოისის მონაცემი არ შეესაბამებოდა შესაბამისი CMR-ის მონაცემებს. აღნიშნულ შეკითხვაზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ ასეთი შემთხვევა დასახელებული ვერ იქნა. მეტიც კითხვაზე, სასამართლოში დავის აღძვრის შემდეგ მოპასუხე მხარის მიერ თუ მოხდა ინვოისების და CMR-ის მონაცემების ურთიერთშედარება და აღმოჩენილი იქნა თუ არა ერთი შეუსაბამობა მაინც, მოპასუხე მხარის მიერ ასეთი შემთხვევა დასახელებული ვერ იქნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ ექსპერტის მიერ არ მომხდარა სათიათოდ ყველა ინვოისის და CMR-ის მონაცემების ურთიერთშედარება ვერ იქნება მიჩნეული ისეთი სახის შედავებად, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა ექსპერტის დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 26 აპრილიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდში ,,I-------------“-ს სასარგებლოდ გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულება შეადგენს 4 790 687,38 ევროს.
სასამართლოს აზრით, მოსარჩელემ მხარემ ზემოთმითითებული მტკიცებულებებით, მათ შორის ექსპერტის დასკვნის წარმოდგენით წარმატებით განახორციელა მისი წილი მტკიცების ტვირთი და დაამტკიცა, რომ მის მიერ განხორციელებული გადაზიდვის საზღაური შეადგენს 4 790 687,38 ევროს.
რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, სასამართლოს აზრით, მოპასუხე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ მის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული გადაზიდვის ღირებულება.
როგორც აღინიშნა, მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ დავალიანების ოდენობა დასაზუსტებელია თითოეული ინვოისის და CMR-ის მონაცემების ურთიერთშედარებით, თუმცა თავად აღნიშნულთან დაკავშირებით არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის საკმარისად გონივრული ვადა ჰქონდა საქმის მომზადების ეტაპზე.
მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დავალიანების დაანგარიშებაში შეყვანილია ისეთი მომსახურებები, რომელსაც მოპასუხე სხვა კომპანიებიდან იღებდა. გარკვეულ შემთხვევებში შპს ,,სა---------–-----------ამ“ ვერ მოახერხა ტვირთის გადაზიდვა, რის გამოც გადაზიდვა განახორციელეს სხვა კომპანიის სატვირთოებმა. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული გადაზიდვების საზღაური ,,I-------------“-მ აუნაზღაურა შესაბამის კომპანიებს (იხ. ტომი 20, დაზუსტებული შესაგებელი). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსრჩელეს არ აქვს შემდეგი ინვოისების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება: 1) Geo-63 (თარიღი:14.12.2012), შესაბამისი CMR-ები 47678 და 28787; 2) Geo-32 (თარიღი:10.06.2013) შესაბამისი CMR -72542; 3) Geo-18 (თარიღი:06.04.2013), შესაბამისი CMR -97879; 4) Geo-083 (თარიღი: 21.10.2015).
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც ტვირთის ნაწილის გადასაზიდად ან მარშრუტის გარკვეულ მონაკვეთზე შპს ,,სა---------–-----------ა“ იყენებდა მესამე პირის ტრანსპორტს, თუმცა ამ მომსახურების ღირებულებას თავად იხდიდა. მოსარჩელე მხარემ უარყო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს იმ გადაზიდვის ღირებულებასაც, რომელიც მესამე პირისთვის მოპასუხეს უკვე ანაზღაურებული აქვს.
სასამართლომ გამოიკვლია რა მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოებები მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაამტკიცა იმ გარემოებების არსებობა, რომელიც ნაწილობრივ გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ინვოისი Geo-63 (თარიღი:14.12.2012), რომლის თანახმადაც ათენიდან თბილისის მიმართულებით გადაზიდული იქნა 19230,3 კგ. ტვირთი, ხოლო გადაზიდვის ღირებულებამ შეადგინა 28 845,45 ევრო (იხ. ტომი 20, ს.ფ. 136). ამ გადაზიდვასთან დაკავშირებით იგივე ინფორმაციას შეიცავს ანგარიშის ბარათი (იხ. ტომი 20, ს.ფ.40). ამასთან, ანგარიშის ბარათში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ინვოისი Geo-63 მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 2013 წლის 13 მარტს (იხ. ტომი 20, ს.ფ. 42). გარდა ამისა, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტული გადაზიდვის საზღაურის მესამე პირისთვის ანაზღაურების ფაქტს.
საქმეში წარმოდგენილია პროფორმა ინვოისი Geo-32 (თარიღი:10.06.2013), რომლის თანახმადაც ათენიდან თბილისის მიმართულებით გადაზიდული იქნა 9163,7 კგ. ტვირთი, ხოლო გადაზიდვის ღირებულებამ შეადგინა 9163,7 ევრო (იხ. ტომი 20, ს.ფ.145). ამ გადაზიდვასთან დაკავშირებით იგივე ინფორმაციას შეიცავს ანგარიშის ბარათი (იხ. ტომი 20, ს.ფ.44). ამასთან, ანგარიშის ბარათში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ინვოისი Geo-32 მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 2013 წლის 01 ივლისს (იხ. ტომი 20, ს.ფ.42).
საქმეში წარმოდგენილია პროფორმა ინვოისი Geo-18 (თარიღი:06.04.2013), რომლის თანახმადაც ათენიდან თბილისის მიმართულებით გადაზიდული იქნა 17779,1 კგ. ტვირთი, ხოლო გადაზიდვის ღირებულებამ შეადგინა 17 779,1 ევრო (იხ. ტომი 20, ს.ფ.161). ამ გადაზიდვასთან დაკავშირებით იგივე ინფორმაციას შეიცავს ანგარიშის ბარათი (იხ. ტომი 20, ს.ფ.43). ამასთან, ანგარიშის ბარათში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ინვოისი Geo-18 მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 2013 წლის 25 აპრილს (იხ. ტომი 20, ს.ფ.43).
საქმეში წარმოდგენილია პროფორმა ინვოისი Geo-083 (თარიღი: 21.10.2015), რომლის თანახმადაც ათენიდან თბილისის მიმართულებით გადაზიდული იქნა 13070,8 კგ. ტვირთი, ხოლო გადაზიდვის ღირებულებამ შეადგინა 4574,78 ევრო (იხ. ტომი 20, ს.ფ.150). ამ გადაზიდვასთან დაკავშირებით იგივე ინფორმაციას შეიცავს ანგარიშის ბარათი (იხ. ტომი 20, ს.ფ. 65). ამასთან, ანგარიშის ბარათში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ინვოისი Geo-083 მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 2016 წლის 04 იანვარს (იხ. ტომი 20, ს.ფ.68).
ამდენად, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მოსარჩელე ითხოვს იმ გადაზიდვის საზღაურსაც, რომელიც განახორციელა მესამე პირმა და მისი ღირებულებაც მოპასუხემ შესაბამის გადამზიდავს აუნაზღაურა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაზიდვების საზღაური მოპასუხეს უკვე ანაზღაურებული აქვს მოსარჩელისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ შემოთავაზებული სარჩელის ნაწილობრივ გამომრიცხავი შესაგებელი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და უარყოფილია სასამართლოს მიერ.
მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ ერთ-ერთი გადაზიდვა განხორციელდა ავიაციით და აღნიშნულ გადაზიდვაზე შპს ,,სა---------–-----------ას“ არასწორად აქვს მოთხოვნილი 2 948,85 ევრო. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ წარმოადგინა საჰაერო ზედნადები (იხ. ტომი 20, ს.ფ. 129-131). წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საჰაერო გადაზიდვისთვის სულ გადახდილმა თანხამ შეადგინა 2 831,1 ევრო. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ისეთ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მხარე ითხოვს ამ კონკრეტული გადაზიდვის საზღაურს ან მისი ღირებულება მოპასუხემ მესამე პირს აუნაზღაურა. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერ დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 352 532,68 ევროს.
3.2.2. მოპასუხე მხარის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
მოპასუხე მხარის განმარტებით, 2012 წლის ხუთი ინვოისით და 2013 წლის ორი ინვოისით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნა, რაც ჯამში 97 087,08 ევროს შეადგენს, ხანდაზმულია (იხ. შესაგებელი, ტომი 20, ს.ფ. 97). 2014 წლის 07 თებერვალს ხანდაზმული იყო ასევე 2012 წლის ინვოისებით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნა, რაც ჯამურად შეადგენს 36 345,13 ევროს, ხოლო 2018 წლის 05 იანვარს ხანდაზმული იყო 2014-2016 წლის ინვოისების ნაწილით გათვალისწინებული თანხა, რაც ჯამში შეადგენს 40 080,08 ევროს (იხ. შესაგებელი, ტომი 20, ს.ფ. 98-99).
მოპასუხე მხარის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა, რაც შეადგენს ერთ წელს და ის აითვლება გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მოსაზრებებს:
,,ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის" 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასარჩელო აღძვრის ხანდაზმულობის ვადა, გამომდინარე იმ გადაზიდვებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ამ კონვენციის მოქმედებას, განისაზღვრება ერთი წლით. მაგრამ განზრახული არამართლზომიერი ქმედების ან ვალდებულებათა არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, როცა კანონის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას უტოლდება წინასწარ განზრახულ არამართლზომიერ ქმედებას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება სამი წლით. სარჩელის ათვლის ხანდაზმულობის ვადა იწყება: a) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას – მისი ჩაბარების დღიდან; b) ტვირთის მთლიანად დაკარგვისას – გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა შეთანხმებული, - გადამზიდავის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს; c) ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში – გადაზიდვის ხელშეკრულების დადების დღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ; დღე როდესაც იწყება სარჩელის ათვლა, სარჩელის აღძვრის ვადაში არ ჩაითვლება. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ჩერდება წერილობითი რეკლამაციის საფუძველზე იმ დღისათვის, როცა გადამზიდავი წერილობითი ფორმით უარყოფს რეკლამაციას და თანდართულ საბუთებს უკანვე აბრუნებს. თუ რეკლამაცია ნაწილობრივ იქნება აღიარებული, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განახლება ხდება მხოლოდ რეკლამაციის სადავო ნაწილისათვის. რეკლამაციის მიღების ან მასზე პასუხის, ასევე საბუთების უკან დაბრუნების დამტკიცება ეკისრება იმ პირს, რომელიც ამ ფაქტებს ეყრდნობა. ამ აქტების საფუძველზე წარმოდგენილი შემდგომი რეკლამაციები ვერ შეაჩერებენ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლას. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებასთან დაკავშირებით ნათლად მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმით განსაზღვრული ვადები ვრცელდება გამგზავნის მოთხოვნაზე ტვირთის დაზიანების, განადგურების ან გადამზიდავის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისას.
ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის 32-ე მუხლის იდენტური შინაარსის დებულებას შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე, მე-700 მუხლები (რომლებიც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის მე-12 თავის მე-3 ქვეთავში - რეკლამაცია (პრეტენზია) და სარჩელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნაზე, გადაზიდვის საზღაურის გადახდის თაობაზე, უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების თანახმად, მოპასუხეს გადაზიდვის საზღაურის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა პროფორმა ინვოისის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში.
მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრული იქნა 2014 წლის 07 თებერვალს (მოსარჩელე ითხოვდა 2013 წლის 27 თებერვლის ჩათვლით განხორციელებული გადაზიდვის საზღაურს). შესაბამისად, მოპასუხე მხარის მითითება 2012 წლის და 2013 წლის 27 თებერვლის ჩათვლით განხორციელებული გადაზიდვის საზღაურის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე მოკლებულია საფუძველს. რაც შეეხება 2013 წლის განმავლობაში განხორციელებული გადაზიდვის საზღაურს, საქმეში წარმოდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით, 2013 წლის განმავლობაში განხორციელებული გადაზიდვის საზღაურის დავალიანება მოპასუხეს არ გააჩნია (ანაზღაურებული თანხა აღემატება ამ პერიოდში განხორციელებული გადაზიდვის საზღაურს, იხ. ტომი 20, ს.ფ. 48).
მოპასუხის მიერ მითითებული 2014 წლის ინვოისებით გათვალისწინებული გადაზიდვის საზღაურის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით ისინი მოპასუხის მიერ ანაზღაურებულია, შესაბამისად არც მოთხოვნის საგანს წარმოადგენს. კერძოდ, 2014 წლის 12 თებერვლის #10/C და 2014 წლის 19 თებერვლის #11/C ინვოისებით გათვალისწინებული გადაზიდვის საზღაური გადახდილია 2014 წლის 04 მარტს (იხ. ტომი 20, ს.ფ. 50), 2014 წლის 26 თებერვლის #12/C ინვოისით გათვალისწინებული გადაზიდვის საზღაური - 2014 წლის 02 აპრილს (იხ. ტომი 20, ს.ფ. 51), 2014 წლის 26 თებერვლის #CO/1 ინვოისით გათვალისწინებული გადაზიდვის საზღაური - 2014 წლის 13 მარტს (იხ. ტომი 20, ს.ფ. 51), 2014 წლის 01 მარტის #13/C ინვოისით გათვალისწინებული გადაზიდვის საზღაური - 2014 წლის 06 მარტს (იხ. ტომი 20, ს.ფ. 50), 2014 წლის 04 მარტის #14/C ინვოისით გათვალისწინებული გადაზიდვის საზღაური - 2014 წლის 06 მარტს (იხ. ტომი 20, ს.ფ. 50), 2014 წლის 30 სექტემბრის #CO9 ინვოისით გათვალისწინებული გადაზიდვის საზღაური - 2015 წლის 17 თებერვალს (იხ. ტომი 20, ს.ფ. 60), 2014 წლის 10 დეკემბრის #95 ინვოისით გათვალისწინებული გადაზიდვის საზღაური - 2015 წლის 05 იანვარს (იხ. ტომი 20, ს.ფ. 59).
რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებული 2015-2016 წლების ინვოისებით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობას. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული გადაზიდვის საზღაური მოპასუხე მხარის მიერ მოთხოვნილი იქნა 2018 წლის 08 იანვარს წარმოდგენილი სარჩელით, ანუ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,სა---------–-----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის" 31-ე მუხლი, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 55-ე, 668-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველ დავასთან დაკავშირებით საქართველოს საერთო სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე: ,,ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის" 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მოქმედებებს დაქვემდებარებული გადაზიდვებიდან წარმოქმნილ ყველა დავასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს კონვენციის მონაწილე ქვეყნების სასამართლოების გარდა, შეუძლია მიმართოს იმ ქვეყნის სასამართლოს რომლის ტერიტორიაზეც: a) მოპასუხეს აქვს ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ან აქვს მისი ძირითადი კომერციული საწარმოს, განყოფილების ან სააგენტოს ადგილმდებარეობა, რომელთა მეშვეობით დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება ან b) მდებარეობს ტვირთის გადასაზიდად მიღების ან ჩაბარებისათვის განკუთვნილი ადგილი. სხვა სასამართლოებში მიმართვა დაუშვებელია. საქართველო წარმოადგენს ,,ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების შესახებ კონვენციის" მონაწილე სახელმწიფოს (კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 22 ივლისის N 2289 დადგენილებით). გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში, ტვირთების ჩაბარებისათვის განკუთვნილი ადგილი მდებარეობდა საქართველოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს განსახილველი სარჩელით საქართველოს სასამართლოსთვის შეეძლო მიემართა, როგორც კონვენციის მონაწილე ქვეყნის, ისე იმ ქვეყნის სასამართლოსთვის, სადაც მდებარეობდა ტვირთის ჩაბარებისათვის განკუთვნილი ადგილი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სასამართლოს მოცემული დავის განხილვაზე საერთაშორისო კომპეტენცია არ გააჩნდა. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხე მხარეს განემარტა განჩინებითაც, როდესაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა საერთაშორისო კომპეტენციის არქონის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. გამოსაყენებელ სამართალთან დაკავშირებით: ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მხარეებს არ აურჩევიათ რომელიმე ქვეყნის სამართალი, ხელშეკრულება დაექვემდებარება მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნის სამართალს. ივარაუდება, რომ ხელშეკრულება ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც მხარეს, რომელსაც დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების დადებისას ჰქონდა ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ადმინისტრაციის რეზიდენცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებისას ივარაუდება, რომ იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული იმ ქვეყანასთან, სადაც ხელშეკრულების დადებისას გადამზიდველს აქვს ადმინისტრაციის ძირითადი ადგილსამყოფელი, თუ ამავე ქვეყანაშია დატვირთვის, გადმოტვირთვის ან გამგზავნის ძირითადი ადგილსამყოფელი. სხვა შემთხვევებში მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები. მოცემულ შემთვევაში, დადგენილია, რომ გადამზიდავს, ანუ შპს ,,სა---------–-----------ას“ ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციის ძირითადი ადგილსამყოფელი გააჩნდა საქართველოში და საქართველოში იყო ასევე ტვირთის გადმოტვირთვის ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოცემული დავის განხილვისას სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა საქართველოს სამართალი. 6.2. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას იძულებით უწევდა შპს ,,სა---------–-----------ასთან" თანამშრომლობა, ამ უკანასკნელის მხრიდან არსებული საბაზრო მონოპოლიის გამოყენების გამო მოპასუხისთვის განსაზღვრული იქნა საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მაღალი ტარიფი. მოპასუხე მხარის მითითებით, 2013 წლის 18 მარტამდე არსებული დავალიანება უნდა დაკორექტირდეს საბაზრო ღირებულების ტარიფების შესაბამისად, კერძოდ 1 კგ. ტვირთზე 0,6 ევრო. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოპასუხე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებზე (იხ. შესაგებელი, ტომი 20, ს.ფ. 110, იხ. საპაექრო სიტყვა, იხ. 2018 წლის 03 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი). სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მოთხოვნა დაუსაბუთებელია შემდეგი მოსაზრებების გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის დეფინიციის შესაბამისად, გარიგება წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ნების გამოვლენას, რომელიც მხარეთათვის მათი სურვილისა და მიზნების შესაბამისად, მათთვის წინასწარ განსაზღვრული და აღქმადი კონკრეტული სამართლებრივი შედეგების გამომწვევია. გარიგება არის მისი მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობისას უნდა არსებობდეს ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულებას, რომლის საგანიც შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ ტვირთის გადაზიდვაა. აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე მისი მართლწინააღმდეგობა არ ვლინდება, ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს და არც საჯარო წესრიგის დარღვევისკენაა მიმართული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის (2012 წლის 17 აპრილს მოქმედი რედაქცია) თანახმად, გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით). სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი სარწმუნო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 18 მარტამდე მხარეთა შორის შეთანხმებული ტარიფი აშკარად აღემატებოდა საბაზრო ტარიფს. პირიქით, მოპასუხე მხარე თავად მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებამდე ტვირთის გადაზიდვა უწევდა ავიაციის გამოყენებით, რაც გაცილებით ძვირი უჯდებოდა, ვიდრე მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. გასათვალისწინებელია ასევე, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 17 აპრილს დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო გარკვეული ოდენობის ტვირთის გადაზიდვისას შესაბამისი ფასდათმობები, რაც რეალურადაც განხორციელდა. მოპასუხე მხარე წლების განმავლობაში სარგებლობდა მოსარჩელის მომსახურებით, რაც თავისთავად ქმნის იმის ვარაუდს, რომ აღნიშნული ურთიერთობა მოპასუხისთვისაც ფინანსურად მომგებიანი იყო. აღსანიშნავია ასევე, რომ გარკვეული პერიოდულობით მხარეებს ცვლილება შეჰქონდათ ხელშეკრულებაში, რომლითაც იცვლებოდა შეთანხმებული ტარიფის ოდენობა, ხოლო ის ფაქტი, რომ 2015 წელს მოქმედი ტარიფი უფრო ნაკლები იყო ვიდრე 2012 წლის 17 აპრილის ხელშეკრულებით განსაზღვრული, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თავიდან შეთანხმებული ტარიფი მნიშვნელოვნად ან საერთოდ აღემატებოდა საშუალო საბაზრო ტარიფს. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია არც საერთაშორისო გადაზიდვის საშუალო საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის მიღებული კრიტერიუმები და არც რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მხარეთა შორის თავდაპირველად შეთანხმებული ტარიფი საბაზრო ფასთან აშკარად შეუსაბამო იყო. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის განმარტება 2013 წლის 18 მარტამდე არსებული დავალიანების დაკორექტირების თაობაზე მოკლებულია საფუძველს. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 17 აპრილს და 2012 წლის 30 აპრილს, მხარეთა შორის გაფორმდა გადაზიდვის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,სა---------–-----------ამ" იკისრა ვალდებულება გადაეზიდა ამანათები და კომერციული ტვირთი, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა გადაზიდვის ღირებულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სრულად არ იქნა ანაზღაურებული გადაზიდვის საზღაური და მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 352 532,68 ევროს. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის ნაწილობრივ გამომრიცხავი, ასევე შემაფერხებელი შესაგებელი, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,სა---------–-----------ის" სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 5 000 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ,,IN-----------A"-ს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-----------ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მოთხოვნა მოსარჩელისთვის ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის და მტკიცებულებების თარგმნისთვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხე ითხოვს მოსარჩელისთვის ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის 3 000 ლარის და მტკიცებულებების თარგმნისთვის გაწეული ხარჯის1 7 402,08 ლარის, სულ 20 402,08 ლარის გადახდის დაკისრებას. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის და მტკიცებულებების თარგმნისთვის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები (2018 წლის 13 აპრილის #1----- საგადახდო დავალება, ტომი 20, ს.ფ. 91, 2018 წლის 05 აპრილის და 10 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტები და ინვოისები, ტომი 20, ს.ფ. 12-15). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის და მტკიცებულებების თარგმნისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, სულ 20 402,08 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,სა---------–-----------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს:
მოპასუხე ,,IN-----------A"-ს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 352 532,68 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა;
2. მოპასუხე ,,IN-----------A"-ს მოსარჩელე შპს ,,სა---------–-----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 20 402,08 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის სანაცვლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოსო ღურწკაია