გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.07.2018
საქმის ნომერი
330310018002386374
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/2113-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - თ-----------------ძე

წარმომადგენლები - ნი-----–-------------ძე, თ-------------–-–---–ი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ--------------–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ-----------------ძის მიერ, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 17 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

(იხ. მოთხოვნის დაზუსტება - 2018 წლის 11 აგვისტოს სხდომის ოქმის ელ. ვერსია 10:13:57 – 10:15:52, 10:18:49 – 10:20:31)

 

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, 2017 წლის 17 ნოემბერს, N0----- დადგენილებით დაჯარიმდა 8000 ლარით.

 

ზემოთაღნიშნული დადგენილება, მოსარჩელე მხარის მიერ 2018 წლის 17 იანვარს გასაჩივრებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რასთან დაკავშირებითაც დღეის მდგომარეობით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოცემული ადმინისტრაციული აქტი საჩივრის დაკმაყოფილების, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ-----------------ძის მიერ, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 17 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

(იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელო არ ცნო და განმარტა, რომ თ-----------------ძის საჩივართან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, რის შემდგომაც უახლოეს პერიოდში გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 17 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, თ-----------------ძე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ა--------------- (ს/კ: №0---------------) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის. ამავე დადგენილებით თ-----------------ძეს დაევალა ქ. თბილისში, ა----------------ში (ს/კ: №0---------------) მდებარე შენობა-ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ (ს.ფ. 100-103).

 

3.1.2. 2018 წლის 17 იანვარს თ-----------------ძემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თ-----------------ძის 2018 წლის 17 იანვრის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ 90-91);

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 12 თებერვლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის N1---------------- სხდომის ოქმით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სხდომაზე, რომელზეც გამოცხადდნენ საჩივრის ავტორი თ-----------------ძე, მისი წარმომადგენლები ნი-----–-------------ძე, თ-------------–-–---–ი და მოწინააღმდეგე მხარის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი, დაზუსტდა მოთხოვნა და საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული 17.11.2017 წლის N0----- დადგენილებისა და 18.05.2017 წლის მითითების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 12 თებერვლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი N1---------------- (ს.ფ. 88-89).

 

3.1.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, თ--------- ფ----------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, თუმცა მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აქტის გამოცემაზე უარი არ უთქვამთ, წარმოება მიმდინარეობს და აპირებენ აქტის გამოცემას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ-----------------ძის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 17 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, თ-----------------ძე დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ა--------------- (ს/კ: №0---------------) უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის. ამავე დადგენილებით თ-----------------ძეს დაევალა ქ. თბილისში, ა----------------ში (ს/კ: №0---------------) მდებარე შენობა-ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი).

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 17 იანვარს თ-----------------ძემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა. 2018 წლის 12 თებერვლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის N1---------------- სხდომის ოქმით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ სხდომაზე, რომელზეც გამოცხადდნენ საჩივრის ავტორი თ-----------------ძე, მისი წარმომადგენლები ნი-----–-------------ძე, თ-------------–-–---–ი და მოწინააღმდეგე მხარის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი, დაზუსტდა მოთხოვნა და საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული 17.11.2017 წლის N0----- დადგენილებისა და 18.05.2017 წლის მითითების ბათილად ცნობა, თუმცა დღემდე ადმინისტრავიული აქტი გამოცემული არ არის.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.ამავე კოდექსის 178-ე მუხლის თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, 1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში. 2. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. 3. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს. 4. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

 

მითითებული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:ა) ადმინისტრაციული საჩივრისდაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 202-ე მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესითა და ვადაში სადავოდ გახადოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ემსახურება დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და იგი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ პირის უფლებების დაცვას, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ თვითკონტროლის განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას, განსხვავებით სასამართლო წარმოებისაგან, შეისწავლება როგორც სადავო საკითხის კანონიერება, ისე მიზანშეწონილობა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული პირის კანონით დაცული ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებასა და უზრუნველყოფასთან.

 

გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, საჩივრის წარდგენის უფლება საჩივრის კანონის შესაბამისად განხილვისა და გადაწყვეტის ვალდებულების გარეშე არ არის ქმედითი და ეფექტური საშუალება პირის უფლებების დასაცავად. სწორედ აღნიშნულით არის გამოწვეული, რომ პირის უფლების რეალიზაციას - საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ განიხილოს და გადაწყვიტოს იგი, რაც უნდა განახორციელოს კანონმდებლობიტ დადგენილ ვადაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვალდებულებას წარმადგენდა (წარმოადგენს) თ-----------------ძის საჩივარი განეხილა და მასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი გამოეცა კანონმდებლობით დადგენილ ერთ თვიან ვადაში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-----------------ძის მოთხოვნა აქტის გამოცემის დავალების თაობაზე საფუძვილიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 17 იანვარს თ-----------------ძის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ამათან, მართალია, მოსარჩელე არ ითხოვს, აქტის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მერიის ინდივიდუალური აქტის ბათილად ცნობას (სზაკ-ის 177.2. მუხლი), თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე მხარე უარყოვს აქტის გამოცემაზე უარის თქმას და მიუთითებს, რომ მერიაში მიმდინარე წარმოების ფარგლებში აქტი აუცილებლად გამოიცემა (რაც ჯერ კიდევ არ განხორციელებულა), სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე თ-----------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ-----------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ-----------------ძის მიერ, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 17 იანვარს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის N0----- დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

3. მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე - თ-----------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი