გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N18002470751-2/050-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 აგვისტო, 2018წ. დ. ასპინძა
შესავალი ნაწილი
ასპინძის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლ - გ------- ლონდარიძე
სხდომის მდივ--- - თამარ ცინაძე
მოსარჩელე: რუ------ნ ზა---ძე
წარმომადგენელი: ნი--- დე-------ძე
მოპასუხე - ა-------------–----–----------------–------–--–------------------–-
წარმომადგენლები: მა------ ივ---ძე, გ------- და-–--–-შვილი
დავის საგანი - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისათვის დადგენილი ანაზღაურების გადასახდელად დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ას------------–----–--------------–------–--–-ს სა-------------–-ს რუ------ნ ზა---ძის სასარგებლოდ დაეკისროს დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 2318,76 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე მუშაობს ა-------------–----–----------------–------–--–------------------–-ში დაწყებითი კლასების პედაგოგად და არის სერთიფიცირებული პედაგოგი. 2017 წლის 27 სექტემბრიდან იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში, ვინაიდან მას შეეძინა მესამე შვილი. აღნიშნულიდან გამომდინარე მან მიმართა სკოლის დირექციას კუთვნილი დეკრეტული შვებულების ანაზღაურების თაობაზე, რაზედაც მიიღო უარი იმ მიზეზით, რომ მასსა და სკოლის დირექციას შორის არ არსებობდა რაიმე სახის შეთანხმება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას მანამდე შეეძინა პირველი და მეორე შვილი 2015 და 2016 წლებში და გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით არც მაშინ არცერთ ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული დეკრეტული შვებუlების ანაზღაურება, მაგრამ მან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებოლობით დადგენილი წესით მიიღო ფულადი დახმარება 1000-1000 ლარის ოდეობით და ასევე მიიღო ტ---–--–------------------–---ან დეკრეტული შვებულება სრულად. ასევე მიიღო მესამე შვილის დაბადების დროსაც 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ ამავე წელს იმავე სკოლის სხვა პედაგოგმა მიიღო დეკრეტული შვებულება სკოლიდან, მიუხედავად იმისა, რომ არც მის ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული დეკრეტული შვებულების ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელე რუ------ნ ზა---ძე განმარტავს, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად სკოლის დირექცია უარს აცხადებს დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაზე. ამის შემდეგ მან მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნული საკითხის შესასწავლად. მან მიიღო შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა, რომლითაც სკოლას დაევალა დარღვევებზე რეაგირება და მაშინდელი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა შრომითი ურთიერთობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებაში არ იყო ჩადებული აღნიშნული პირობა, გარდა ამისა სკოლას არ ქონდა ბიუჯეტში ასევე თანხა, რის გამოც ვერ აუნაზღაურეს რუ------ნ ზა---ძეზე დეკრეტული შვებულების თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე, 2007 წლის 01 სექტემბრიდან, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს დღემდე მოპასუხე ს-----------–------–--–ის ს--------------–-ს დაწყებითი კლასის მასწავლებლად. მას რამდენჯერმე გაუფორმდა შრომის ხელშეკრულებები. უკანასკნელად ასეთი ხელშეკრულება გაუფორმეს 2017 წლის 15 სექტემბერს, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 1 წლითა--- - 2018 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. ბოლო ხელშეკრულებას დაემთხვა მისი დეკრეტული შვებულება. მოსარჩელემ არაერთხელ წერილობით მიმართა როგორც სკოლას, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ აენაზღაურებინათ მისთვის კუთვნილი შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო, მაგრამ უშედეგოდ.
- შრომითი ხელშეკრულებები;
- საავადმყოფო ფურცელი;
- ბრძანება შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების თაობაზე #76;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- მოსარჩელის 27.12.17წ. მიმართვა (ს.ფ. 43).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, მოსარჩელის შვებულებაში ყოფნის პერიოდის ანაზღაურება.
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- მოსარჩელის 27.12.17წ. მიმართვა (ს.ფ. 43).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 27-ე და 36-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის, უნდა განისაზღვროს, ვალდებული იყო თუ არა დამსაქმებელი, ვადიანი შრომის ხელშეკრულების პირობებში, მოსარჩელისათვის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, მიეცა საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულება 183 დღით.
საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლით, დასაქმებულს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
ამავე კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი ,,ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვ---ს გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვ---ს გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის პირველი წინაპირობა არის შესაბამისი გარემოების, კერძოდ, ორსულობის ან მშობიარობის დადგომა, ასევე, ბავშვის მოვლა, ხოლო მეორე - დასაქმებულის მიერ დამსაქმებელისათვის ამ სახით შვებულებით სარგებლობის თაობაზე მოთხოვნის დაყენება.
თავისთავად ცხადია, ასეთი შვებულებით სარგებლობა დაკავშირებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებაში ჩადებული პირობით. შესაბამისად, დასაქმებულს მხოლოდ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების მოქმედების ფარგლებში აქვს ზემოარსებული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იმის შესახებ, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების მოქმედების ფარგლებში და არ არსებობს ამ ურთიერთობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობა.
გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, სასმართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.’’
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მასზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ აუნაზღაურდება და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 50 ლარი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რუ------ნ ზა---ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის წარმომადგენლის, ნი--- დე-------ძის მიერ 2018 წლის 23 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ასპინძის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გ------- ლონდარიძე