განაჩენი

სისხლის სამართლის 10.09.2018
საქმის ნომერი
190100118002507442
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/447-18

(№012050518001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 სექტემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:

 

არასრულწლოვანი ბრალდებულები:

 

ა----------------ი, დაბადებული 2----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N-----------, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: გ-------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ-----------------------------,კანონიერი წარმომადგენელი: დ-----------------ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, მესამე ნაწილის ,,ა’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტები, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

ლ-----–--------, დაბადებული 2----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N-----------, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------------------–---–----------

 

კანონიერი წარმომადგენელი: ლ---------–---–ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, მესამე ნაწილის ,,ა’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტები, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

ადვოკატი: იზოლდა მელიქიშვილი,სხდომის სახე: დახურული,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით, ა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, მესამე ნაწილის ,,ა’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშ მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 1 (ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშ მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.

 

ა----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2017 წლის 4 იანვრიდან - 2017 წლის 19 აპრილამდე და 2016 წლის 2 ოქტომბრიდან - 2016 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდა აეთვალა ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2017 წლის 19 პრილიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით, ამავე სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით, 2016 წლის 2 ივლისის განაჩენით, 2017 წლის 4 იანვრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით ა----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის. 2018 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, დაახლოებით 03:50 საათზე, ქ----------–------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ინდივიდულარი მეწარმე გ---------------------ის კუთვნილ მაღაზიაში ბოქლომის დაზიანების გზით შეაღწიეს ლ-----–--------მ, ა----------------მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდნენ დაუფლებოდნენ მაღაზიაში არსებულ ფულსა და პროდუქციას, რა დროსაც ისინი დაინახა ნ------------მა. მას შემდეგ, რაც ლ-----–--------მ, ა----------------მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა დაინახეს, რომ მათი ქმედება შეამჩნია სხვა პირმა ისინი გაიქცნენ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან. ლ-----–--------ს, ა----------------ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირის ქმედებით ინდივიდუალურ მეწარმე გ---------------------ს შესაძლოა მისდგომოდა ზიანი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენით: ლ-----–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა”, ”ბ” და მესამე ნაწილის ”ა” და „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წელი განესაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი (თ/ა 4 წელი) და საბოლოოდ, ლ-----–--------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წელი განესაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ-----–--------ს საბოლოო სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა სასჯელი, რომელიც მოხდილი აქვს წინა განაჩენით - 2017 წლის 2017 წლის 19 აპრილიდან 2017 წლის 15 მაისამდე. ასევე ჩაეთვალა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 27 იანვრიდან 2017 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით, ამავე სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენით ლ-----–-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის.

 

2018 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, დაახლოებით 03:50 საათზე, ქ----------–------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ინდივიდულარი მეწარმე გ---------------------ის კუთვნილ მაღაზიაში ბოქლომის დაზიანების გზით შეაღწიეს ლ-----–--------მ, ა----------------მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდნენ დაუფლებოდნენ მაღაზიაში არსებულ ფულსა და პროდუქციას, რა დროსაც ისინი დაინახა ნ------------მა. მას შემდეგ, რაც ლ-----–--------მ, ა----------------მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა დაინახეს, რომ მათი ქმედება შეამჩნია სხვა პირმა ისინი გაიქცნენ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან. ლ-----–--------ს, ა----------------ისა და გამოძიებით დაუდგენელი პირის ქმედებით ინდივიდუალურ მეწარმე გ---------------------ს შესაძლოა მისდგომოდა ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა, ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გ--------------–-–---–ის, ნ------------ის, გ---------------------ის, ა----------------ის, დ--------------–---–--- და ლ-----–--------ს გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს თანდართული ფოტოცხრილით და დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთიერ მტკიცებულებებს, საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებს, ლ-----–--------სა და ა----------------ის ამოცნობის ოქმებს, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განაჩენს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას. რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 28 ივნისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი, ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულების ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულებს გაცნობიერებული ჰქონდათ რა მაღაზიაში არსებული ფული და პროდუქცია წარმოადგენდა სხვის ნივთებს, სურდათ მათი დაუფლება.

 

საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ ქმედება ჩადენილია სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქმედება ჩადენილია სხვის სარგებლობაში (საკუთრებაში) მყოფ ტერიტორიაზე და ბრალდებულების მაღაზიაში შესვლის მიზანი იყო სხვისი ქონების დაუფლება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულები ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით.

 

საქართველოს სსკ-ს მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. იმის გათვალისწინებით, რომ ა----------------ი და ლ-----–------ა ფაქტობრივად ვერ დაეუფლნენ ფულად თანხას და ნივთებს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შესაბამისად მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც დაუმთავრებელი დანაშაული მე-19 მუხლზე მითითებით.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთახმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, შესაბამისად, ვინაიდან ნივთების დაუფლების მომენტში ა----------------ი იმყოფებოდა ლ-----–--------სთან და სხვა დაუდგენელ პირთან ერთად, ბრალდებულების ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, ქმედების ჩადენას იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ბრალდებული ა----------------ი ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით, ამავე სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განაჩენით, 2016 წლის 2 ივლისის განაჩენით, 2017 წლის 4 იანვრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით, ხოლო ლ-----–-------- ნასამართლევი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენით, ამავე სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენით. შესაბამისად, მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ლ-----–--------ს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის არასრულწლოვანი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

ა----------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის არასრულწლოვანი, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.”

 

”გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვნათა მიმართ მართლმსაჯულების განხორიცელების შესახებ” (პეკინურ წესები) მე-17 მუხლის ”ა”, ”ბ”, ”გ” , ”დ” ქვეპუნქტების თანახმად, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპია სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას, ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობის და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით, პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევის არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა, არასრულწლოვანის კეთილდღეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი მისი საქმის განხილვისას.

 

ბავშვის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორიელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, პროპორციული პრინციპის შესაბამისად, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს არამარტო დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის, ნაკლები ბრალეულობის, ბავშვის მდგომარეობისა და საჭიროებებისას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა გრძელვადიანი საჭიროების პროპორციულიც, სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელთა გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება შესაფერისი ხანმოკლე ვადით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მისი საუკეთესო ინტერესები და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვით:

 

ლ-----–------ას აქვს უნარები, როგორიცაა საკუთარი ქმედების წინასწარი გააზრების, დაგეგმვის და სხვისი აზრის გათვალისწინების, ასევე თავის გაკონტროლების და საიდუმლოს შენახვის უნარი, თუმცა ის აღნიშნულ უნარებს დანაშაულის პრევენციისათვის ნაკლებად იყენებს. მას ჰყავს ასევე ოჯახი, რომელიც ცდილობს მისთვის იყოს მხარდამჭერი, თუმცა მათი მხარდაჭერა ძირითადად მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს ფინანსურ მხარდაჭერაში იკვეთება, მშობლები ვერ ახერხებენ მასზე დადებით ზეგავლენის მოხდენას ან დელიქვენტური ქცევის მეგობრული კავშირების შეზღუდვის. მშობლებმა არ იციან შვილის სურვილები და ინტერესები, რომლებიც შვილთან დაკავშირებული მომავლის დაგეგმვაში დაეხმარებათ. შეფასებისას გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანს სწრაფად და დაუფიქრებლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ხდება მისი დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი. ოჯახს არა აქვს უნარი გააკონტროლოს მოზარდი, მისი მეგობრული კავშირები და ადგილსამყოფელი, რაც წარმოადგენს რისკ-ფაქტორს. მოზარდის ძლიერ მხარედ შეიძლია იქნეს მიჩნეული თვითკონტროლის უნარის ფლობა, რაც ეხმარება კონფლიქტების თავიდან აცილებაში. არ არის აგრესიული და არ ახასიათებს დესტრუქციული ტენდენციები. რამდენიმე არაკრიმინალურიქცევის მქონე მეგობრის და შეყვარებული შეიძლება იქნეს მიჩნეული არასრულწლოვნის ერთ-ერთ ძლიერ რესურსად. შეფასებისას გამოვლენილ ფაქტებზე დაყრდნობით, მიზანშეწონილია არასრულწლოვნისთვის სასჯელის ისეთი ფორმის შეფარდება, რომელიც დაეხმარება მოზარდ ჩადენილი ქმედების გააზრებაში, პრევენციის მნიშვნელობის და საკუთარი პასუხისმგებლობის სრულფასოვნად გაცნობიერებაში, ღირებულებების ჩამოყალიბებაში, ძლიერ მხარეებზე ორინტირებასა და კრიმინალური აზროვნების შეცვლაში, განათლების მიღებასა და პროფესიის შეძენით დაინტერესებაში.

 

ა----------------ის შეფასებისას გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანს სწრაფად და დაუფიქრებლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ხდება მისი დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მაპროვიცირებული ფაქტორი, ამასთანავე გამოიკვეთა, რომ ის სასკოლო განათლების მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს იღებს. ოჯახს არა აქვს უნარი გააკონტროლოს მოზარდი. მშობლები არ არიან მისთვის ავტორიტეტი და დედაც შეგუებულია ამ აზრს, შესაბამისად ნაკლებად ცდილობს მასზე ზეგავლენის მოხდენას ან წინააღმდეგობის გაწევას. მოზარდის ძლიერ მხარედ შეიძლია იქნეს მიჩნეული თვითკონტროლის უნარის გამომუშავება, რაც გამოიხატა მასაა და დედას შორის ურთიერთობის დარეგულირებაში, არ არის აგრესიული და კონფლიქტური, მამასთან ბოლო პერიოდში აღდგენილი ურთიერთობა, მისი მხრიდან გამოხატული თანადგომა და რამდენიმე არაკრიმინალური ქცევის მქონე მეგობარის არსებობა შეიძლია იქნეს მიჩნეული არასრულწლოვნის ერთ-ერთ ძლიერ რესურსად. შეფასებისას გამოიკვეთა, რომ მოზარდის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არ ჰქონია თვითდაზიანების ისტორია, აქვს ჯანსაღი თვითშეფასება, იცნობს საკუთარ ძლიერ მხარეებს და შესაძლებლობებს, რაც შეიძლება იქნეს მიჩნეული მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების დამცავ ფაქტორებად. აკაკი იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მამის მხრიდან, რომელმაც მას გვარიც კი არ მისცა და წლების განმავლობაში მასზე არანაირი ზრუნვა არ განუხორიელებია. შეფასებისას გამოვლენილ ფაქტებზე დაყრდნობით მიზანშეწონილია არასრულწლოვნისთვის სასჯელის ისეთი ფორმის შეფარდება, რომელიც დაეხმარება მოზარდს ჩადენილი ქმედების გააზრებაში. პრევენციის მნიშვნელობის და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში, კრიმინალური აზროვნების შეცვლაში, დაზარალებულის მიმართ ემპათიის გრძნობის გაღვივებაში, რაც შესაძლოა მისი დელიქვენტური ქცევების შემცირების ერთ-ერთი წინაპირობა გახდეს. მნიშვნელოვანია არასრულწლოვანში ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბება, რაც შესაძლებლობას მისცემს ძლიერი მხარეები მიმართოს საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლო ქმედებების განხორციელებისგან, რამაც შესაძლოა მასში მოახდინოს ამჟამინდელი პრიორიტეტების ცვლილება, საბაზისო განათლების მიღებათა და პროფესიის შეძენით დაინტერესება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი ქმედებისათვის, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გამოყენების წესისა და მხარეთა შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანების თანახმად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების, აგრეთვე ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის მიმართ, რომლის შესახებაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა. პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ, თუ არასრულწლოვნის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის აუცილებელი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა და თუ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რომლებიც სისხლისსმართლებრივი დევნით შეილახება, აღემატება იმ სხვა საზოგადოებრივ ინტერესებს, რომლებიც არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად იქნებოდა დაცული. ამავე ბრძანების თანახმად, პროკურორი ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, თუმცა მისი უარი განრიდების პროცესის დაწყებაზე ან/და მედიაციაში მონაწილეობაზე არ აბრკოლებს განრიდების პროცესს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-40-ე მუხლი ადგენს განრიდების გამოყენების წინაპირობებს, რა დროსაც განრიდების გამოყენება შესაძლებელია მუხლში მითითებულ გარემოებათა ერთობლიობისას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ გამოტანილია განაჩენები სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ასევე ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლომ არ დაუბრუნა საქმე პროკურორს განრიდების მიზნით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----------------ს და ლ-----–--------ს სსკ-ს 39-ე მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რომლის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა - სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისათვის დადგენილი სანქციის მინიმალური ოდენობით.

 

ვინაიდან ბრალდებულები ნასამართლევი არიან, მათ მიმართ წარსულში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენები, სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით და არასრულწლოვან ბრალდებულებს ვერ დაუნიშნავს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქ სასჯელს, ასევე ვერ ჩაუთვლის დანიშნულ სასჯელს პირობითად.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის ”ე” ქ/პ-ის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს, ამავე მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ბოქლომი, ლითონის დეტალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სამი ცალი სუნის ნიმუში, 2 ცალი დაქტილოფირი, ორი ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ა----------------ის და ლ-----–--------ს სუნის ნიმუში, 2 ქილა, ა----------------ის და ლ-----–--------ს თითის კვლები, ა----------------ის და ლ-----–--------ს ნერწყვის ნიმუში აღებული ბიოლოგიურ ჩხირებზე, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ერთი ცალი ლაზერული დისკი, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ა----------------ის და ლ-----–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, მესამე ნაწილის ,,ა’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (5 წელი თ/ა) და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა----------------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. ა----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ა----------------ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მაისიდან.

 

4. ლ-----–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, მესამე ნაწილის ,,ა’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (3 წელი თ/აღკვეთა) და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ლ-----–--------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

5. ლ-----–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. ლ-----–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 მაისიდან.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ბოქლომი, ლითონის დეტალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სამი ცალი სუნის ნიმუში, 2 ცალი დაქტილოფირი, ორი ცალი ანაწმენდი ბიოლოგიურ ჩხირზე, ა----------------ის და ლ-----–--------ს სუნის ნიმუში, 2 ქილა, ა----------------ის და ლ-----–--------ს თითის კვლები, ა----------------ის და ლ-----–--------ს ნერწყვის ნიმუში აღებული ბიოლოგიურ ჩხირებზე, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ერთი ცალი ლაზერული დისკი, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით. (ნივთები ინახება შს სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოში).

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

მოსამართლე მ.მაისურაძე