გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.09.2018
საქმის ნომერი
140210018002566396
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002566396

საქმე №2/1462-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - დ--------------------ე

წარმომადგენლები - ქ-------------–---–ი, მ----------–-–---–ი

მოპასუხე - ა----------------------–----–--------------–------–------------------------

წარმომადგენელი - ნ--------------–-–---–ი

დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის და საშვებულებო ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს მოსარჩელე დ--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 11 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით (12 სამუშაო დღე) მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 160 ლარის (დარიცხული) ოდენობით. (დაზუსტებული მოთხოვნა)

1.2. ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს მოსარჩელე დ--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის - 160 ლარის 0.07% გადახდა.

1.3. ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს მოსარჩელე დ--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს საშვებულებო ანაზღაურების 320 ლარის ოდენობით (დაზუსტებული მოთხოვნა)

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით იგი 2009 წლის 01 აპრილიდან მუშაობდა ა(ა)იპ ქ. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების №1 საბავშო ბაგა-ბაღში დამხმარე მუშად. იგი აღნიშნული პოზიციიდან გათავისუფლდა ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს 2018 წლის 11 ივნისის №466 ბრძანებით, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 28 ივნისს. მოსარჩელის განმარტებით იგი სრული დატვირთვით მუშაობდა 2018 წლის 27 ივნისამდე, თუმცა ხელფასი დაერიცხა მხოლოდ 11 ივნისამდე ნამუშევარი დღეების. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ მას არ უსარგებლია 2017 – 2018 წლის ანაზღაურებადი შვებულებით. მოსარჩელემ მიმართა სააგენტოს ფაქტობრივი ნამუშევრის და საშვებულებო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით, რომლისგანაც მიიღო უარი, რომელიც მოსარჩელეს მიაჩნია უკანონოდ (იხ. სარჩელი და 11.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სკოლამდელი საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის საუძველზე გაუქმდა დამხამარე მუშის საშტატო ერთეული, რის შედეგადაც მოხდა მოსარჩელის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და მას მიეცა ერთი თვის კომპენსაცია. ამასთან სააგენტოს წარმომადგენლების მიერ მოხდა დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმირება შტატების გაუქმების შესახებ. მოპასუხე აღნიშნავს რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგენ მოსარჩელეს დაერიცხა კომპენსაცია. აგრეთვე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა გამოუყენებელი საშვებულებო ანაზღაურების შესახებ, რადგან დაწესებულების თანამშრომლებმა ისარგებლეს შვებულებით 2018 წლის 26 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით. მოპასუხე აღნიშნავს, რომ გადასახდელი თანხის დაყოვნების გამო 0.07% ის მოთხოვნა მოსარჩელის მხრიდან არის უსაფუძვლო რადგან მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ფულადი დავალიანება არ გააჩნია, ვინაიდან სააგენტოს წარმომადგენელბის მიერ სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორს, ლ--–-------ეს ტელეფონის საშუალებით ეცნობა დ--------------------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დ--------------------ემ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეიტყო 2018 წლის 11 ივნისს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე 2013 წლის 01 აპრილიდან მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის №1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღმზრდელის თანაშემწედ და 2017 წლიდან იგივე დაწესებულებაში დამხმარე მუშად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შრომის წიგნაკი

- 2009 წლის 29 მარტის ბრძანება №33

- 2017 წლის 27 აგვისტოს №156 ბრძანება

 

3.1.2. 2018 წლის 11 ივნისის ბრძანებით მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, გათავისუფლებამდე სამი თვით ადრე მოხდა მისი გაფრთხილება მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 11 ივნისის ბრძანება №463

- 2018 წლის 14 მარტის გაფრთხილება

 

3.1.3. გორის მუნიციპალიტეტის №1 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში დამხმარე მუშის პოზიციაზე და სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 320 ლარი (დარიცხული თანხა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გორის მუნიციპალიტეტის №1 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის, ანუ 2018 წლის 11 ივნისის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის №1 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ფაქტობრივად აგრძელებდა მუშაობას 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით და მისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის 27 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება

- მოწმეთა ჩვენებები (11.09.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2.2. მოპასუხეს 2017 – 2018 სასწავლო წელს არ უსარგებლია კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ დ--------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მისი მოთხოვნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისა და ამ ანაზღაურების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო მის მიერ გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურების ნაწილში - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლები;

საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე, 34-ე, 37-ე, 38-ე მუხლები;

სამოქალლაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

საქართველოს შრომის კოდექსისი 34-ე მუხლის მიხედვით შრომითი ურთერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამავე კოდექსისი 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის წინასწარი გაფრთხილებისა და ერთი თვის კომპენსაციის დასაქმებულისათვის მიცემის შესახებ. სადავოა როდის გახდა ცნობილი დასაქმებულისთვის მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და აგრძელებდა თუ არა მუშაობას გათავისუფლების შემდეგაც.

 

აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელფასის დღეს, მას ხელფასი არ ჩაერიცხა, ანუ 2018 წლის 27 ივნისს, ხოლო მოპასუხემ მიუთითა, რომ დ--------------------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სააგენტოს თანამშრომლის მხრიდან ტელეფონის საშუალებით ეცნობა სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორს ლ--–-------ეს 2018 წლის 11 ივნისს, შესაბამისად, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

 

ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად. საბოლოოდ რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭიროა მხარეებმა საკუთარი არგუმენტები გაამყარონ შესაბამისი მტკიცებულებებით, მხარეთა არგუმენტების დამტკიცება კი შესაძლებელია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ, მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულების სახით წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ, სააღმზრდელო დაწესებულების მართვის მენეჯერის (ყოფილი დირექტორი), ლ--–-------ის, სამეურნეო განყოფილების გამგის, ნ-----–-------–ის და აღმზრდელის, მ-----------–---–ის ჩვენებები, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ დ--------------------ე მუშაობდა 2018 წლის 27 ივნისამდე და მათთვის მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარინას ხელფასი არ დაერიცხა, ხოლო მათ მიერ მითითებული გარემოების დამაჯერებლობისათვის მიუთითეს 2018 წლის 11 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით დ--------------------ის მიერ კონკრეტულად შესრულებული სამუშაოს შესახებ და ასევე იმ გარემოებაზე, რომ რეორგანიზაციის გამო მათ ხელფასი დაერიცხათ დაგვიანებით, 2018 წლის 27 ივნისს, დარინას კი ხელფასი არ დაერიცხა, რაც მათთვის გაუგებარი იყო.

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მან მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებების გასაბათილებლად წარმოადგინა მხოლოდ ახსნა-განმარტება (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით) და მიუთითა, რომ დ--------------------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ტელეფონის საშუალებით შეატყობინეს ბაღის დირექტორს, ლ--–-------ეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო ყველა მტკიცებულებას აფასებს შინაგანი რწმენით და მოსარჩელის განმარტებას მისი მხრიდან სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ 12 დღის განმავლობაში მოპასუხესთან შრომითი ურთიერთაბაში ყოფნის შესახებ დადასტურებულად მიიჩნევს, ვინაიდან მან წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, მოპასუხე მხარემ კი ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, ვინაიდან ჯერ ერთი მიუთითა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მესამე პირს, რომელიც არ წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობის მხარეს და მისთვის შეტობინება ვერ გამოდგება თავად დასაქმებულის ინფორმირების დასადასტურებლად, მეორე - მოპასუხე მხარემ ვერ დააკონკრეტა ინფორმაციის მიმწოდებელი პირი, მესამე - მოწმის სახით დაკითხვისას ლ--–-------ემ (ინფორმაციის მიმღებმა პირმა) უარყო სააგენტოს მხრიდან მისი ინფორმირების ფაქტი.

 

ამდენად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ დ--------------------ე მუშაობას აგრძელებდა 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით, შესაბამისად, მისი მოთხოვნა 11 ივნისიდან 27 ივლისის ჩათვლით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ, საფუძვლიანია, თუმცა განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ არათუ დაარღვია კანონით გათვალისწინებული ანაზღაურების თუ ანგარიშსწორებისათვის დადგენილი შვიდღიანი ვადა, არამედ საერთოდ უარი განუცხადა დასაქმებულს საბოლოო ანგარიშსწორებაზე, რაც წარმოაშობს დამსაქმებლის ვალდებულებას - გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

ამდენად, სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას, ანაზღაურების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თნხის 0.07 პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანად მიიიჩნევს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ-თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2018 წლის კუთვნილი შვებულებით არ უსარგებლია და აგრეთვე დადგენილია, რომ მან 2018 წლისათვის ფაქტობრივად იმუშავა 6 თვე, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანის, თუმცა მას გამოუყენებელი შვებულება უნდა აუნაზღაურდეს შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად - 12 სამუშაო დღის ფარგლებში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახლველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავსუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რომლის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე დ--------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

2. მოპასუხე ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს მოსარჩელე დ--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით (დარიცხული ხელფასი);

 

3. მოპასუხე ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს მოსარჩელე დ--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გამოუყენებელი საშვებულებო თანხის ანაზღაურება 12 სამუშაო დღის ფარგლებში 160 ლარის ოდენობით (დარიცხული თანხა);

 

4. მოპასუხე ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს მოსარჩელე დ--------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს კუთვნილი სახელფასო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნებული თანხის, 160 ლარის (დარიცხული თანხის) 0,07 პროცენტის გადახდა, 2018 წლის 28 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

5. ა----------------------–----–--------------–------–------------------------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი