გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
140210017001931864
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/694-17 (140210017001931864)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

30 მაისი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

მოსარჩელე - სს „ზ------------“

წარმომადგენელი - მ--–------------–---–ი

მოპასუხე - ლ---------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2571-ე, 365-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „ზ------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. ლ---------–---–ს სს „ზ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 590 (ხუთას ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 (ხუთასი) ლარი, პროცენტი 90 (ოთხმოცდაათი) ლარი;

 

3. ლ---------–---–ს სს „ზ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯიდან 5,67 (ხუთი ლარისა და სამოცდაშვიდი თეთრის) ლარის გადახდა;

 

4. სს „ზ------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 31,55 (ოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი, რაც 2017 წლის 10 მაისს №059 საგადასახადო დავალებით განთავსებულ იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. სახაზინო კოდი: 300833150, ბანკის კოდი: TRESGE22;

 

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და სააპელაციო წესით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257I-ე და 365-ე მუხლების საფუძველზე:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სს „ზ------------სა“ და ლ---------–---–ს შორის 2016 წლის 6 სექტემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება №19121001, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს 6 თვით სესხის სახით 500 ლარი გადაეცა. ყოველთვიურად გადასახდელი საპროცენტო სარგებლისა და ძირითადი თანხის ოდენობა 132.12 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების 2.2.9.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად, თანაბარწილად, ანუიტეტური გრაფიკის შესაბამისად უნდა დაეფარა, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

სესხის სარგებლობის პერიოდში მსესხებელმა დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი. ლ---------–---–ის დავალიანებამ 2017 წლის 21 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 792.71 (შვიდას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 (ხუთასი) ლარი, ხოლო სარგებელი 292.71 (ორას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხე ლ---------–---–ი სადავოდ ხდის პროცენტის ოდენობას. მიაჩნია, რომ იგი არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „ზ------------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 361-ე, მე-400, მე-8, მე-10, 325-ე, 54-ე, 62-ე მუხლებით;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადაგენილია, რომ სს „ზ------------სა“ და ლ---------–---–ს შორის 2016 წლის 6 სექტემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება №19121001, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს 6 თვით სესხის სახით 500 ლარი გადაეცა. ყოველთვიურად გადასახდელი საპროცენტო სარგებლისა და ძირითადი თანხის ოდენობა 132.12 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების 2.2.9.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი ყოველთვიურად, თანაბარწილად, ანუიტეტური გრაფიკის შესაბამისად უნდა დაეფარა, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შედეგად, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მოვალე ლ---------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მისმა დავალიანებამ 2017 წლის 21 აპრილის მდგომარეობით 792.71 (შვიდას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი შეადგინა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 500 (ხუთასი) ლარი, ხოლო სარგებელი 292.71 (ორას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი), რომლის დაკისრებაც მოსარჩელემ მოპასუხეზე მოითხოვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობაზე და მიუთითებს შემდეგს: ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიურად დაახლოებით 10%. მართალია, ამ შეთავაზებას მოპასუხეც დაეთანხა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც სს „ზ------------ი“ მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 120%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 6 სექტემბრის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ. საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

 

უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. ამდენად, სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარგებლის ოდენობა უნდა შემცირდეს წლიურ 36% (თვეში 3%) პროცენტამდე. შესაბამისად, 500 ლარის ყოველთვიური 3 % შეადგენს 15 ლარს, ხოლო 6 თვეზე 90 ლარს, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ზ------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხისა და შემცირებული პროცენტის გადახდა.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიხედვით, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

 

სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოსარჩელემ სარჩელის ფასად 792,71 (შვიდას ოთხმოცდათორმეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი მიუთითა, რისთვისაც სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარი გადაიხადა.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სარჩელი, ძირითადი თანხის ნაწილში მოსამზადებელ სხდომაზე ვინაიდან ცნო მოპასუხემ, სს „ზ------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 31,55 (ოცდათერთმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ლ---------–---–ს სს „ზ------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯიდან 5,67 (ხუთი ლარისა და სამოცდაშვიდი თეთრის) ლარის გადახდა.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი