გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2018
საქმის ნომერი
140210016001587325
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1514-16 (140210016001587325)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

30 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

მოსარჩელე - ს----------–-------------------------------------------------------------

წარმომადგენელი - ნ----------------ე

მოპასუხე - შპს „ს----------–----------–----------------------------ი“

წარმომადგენელი - ე----------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 2571-ე, 365-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს----------–-------------------------------------------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ ს----------–-------------------------------------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 191.56 (ას ოთხმოცდათერთმეტი ლარისა და ორმოცდათექვსმეტი თეთრის) ლარის გადახდა;

 

3. შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და სააპელაციო წესით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257I-ე და 365-ე მუხლების საფუძველზე:

 

1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

1.1. 2007 წლის 10 ოქტომბერს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ ბრძანების (№1-3/736) საფუძველზე განხორციელდა სს „რიონჰესის“, სს „გუმათჰესების კასკადის“, სს „ლაჯანურჰესის“, სს „ძევრულჰესის“, სს „შაორჰესის“, შპს „აწჰესის“, სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიისა“ და შპს „აჭარის ენერგოკომპანიის“ შერწყმა, რის საფუძველზეც შეიქმნა სს „ენერგია XXI“, რომელიც წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ საწარმოთა სამართალმემკვიდრეს. რვა სუბიექტის შერწყმის შედეგად განხორციელდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონსოლიდაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება (№1-3/736);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

1.2. 2010 წლის 11 მარტს, ერთის მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მეორეს მხრივ, სს „ენერგია XXI-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა კრედიტორისათვის აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონების ნატურის სახით გადაცემა. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან, 207 382 136 (ორას შვიდი მილიონ სამას ოთხმოცდაორი ათას ას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება;

- მიღება-ჩაბარების აქტი.

 

1.3. სს „ენერგია XXI-ის” დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემულ მოთხოვნებში შედიოდა შპს „ს---------–------ის“ (აბონენტის №----------) მიმართ 191.56 ლარის დავალიანების თაობაზე მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნა.

 

1.4. 2012 წლის 10 აგვისტოს განხორციელდა შპს „ს---------–------ის“ რეორგანიზაცია და იგი შეერწყა შპს „ს----------–----------–----------------------------ს“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ ერიცხება მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება 191.56 ლარი, რაც მოიცავს 2005-2007 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2007 წლის 30 მაისამდე სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ აბონენტების მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი განისაზღვრებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის” მიხედვით, ხოლო 2007 წლის 30 მაისის შემდგომ პერიოდზე ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა ხორციელდებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის“ მიხედვით.

 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებელს ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა ყოფილიყო 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან. აღნიშნული წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრისა და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიასა და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის თვეში ერთხელ უნდა გაფორმებულიყო შედარების აქტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენდა და მომხმარებელს წარუდგენდა ქვითარს. მსგავს რეგულაციას შეიცავდა ასევე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი“.

 

ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობისა და დარიცხული საფასურის მითითებით. მომხმარებელი ვალდებული იყო ქვითრის მიღებიდან 10 დღეში გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, კერძოდ, წინა თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა მომდევნო თვეში. ამ ვადის გასვლის შემდეგ ელექტროენერგიის მიმწოდებელს წარმოეშობოდა ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ შპს ს---------–------ს“ ელექტროენერგიას აწვდიდა, ხოლო მოპასუხეს, შპს შპს ს---------–------ის“ უფლებამონაცვლეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაფარული აქვს.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ შპს ს---------–------ს“ 2005-2007 წლებში სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ ელექტროენერგიას აწვდიდა. ამასთან, მან სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაფარული აქვს.

 

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2005-2007 წლებში მოპასუხემ მოიხმარა 191.56 ლარის ღირებულების ელექტროენერგია და თანხა არ გადაიხადა.

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე, მე-4, 102-ე მუხლები;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 198-ე, 199-ე, 316-ე, 361-ე მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით, ესაა ე.წ მოსარჩელის სტადია, რა დროსაც ხდება სარჩელის დასაბუთებულობის, მისი გამართულობის შემოწმება, შემდეგი ეტაპია მოპასუხის სტადია, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ე.წ მტკიცების სტადიაზე ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა. საყურადღებოა, რომ საქმის განხილვის ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლა და ამა თუ იმ მხარის მიერ საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული ტვირთის დაძლევა ფასდება მას შემდეგ, რაც სრულად ამოიწურება წინა ეტაპით განსაზღვრული საპროცესო მოქმედებები.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება, საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, თითოეულ მხარეს აღჭურავს უფლებით, მიუთითოს და დაამტკიცოს მისთვის სასურველი ფაქტები, თუმცა მხარეები ფაქტებისა თუ მტკიცებულებების წარდგენისას შეზღუდული არიან საქმის მოსამზადებელი პერიოდით, ე.წ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად დაშვება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დროისათვის დასრულებულია მხარეთა პოზიციებისა თუ მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლო უკვე შეგროვებული მასალების არსებითად გამოკვლევის გზით გადაწყვეტს საქმეს. თავის მხრივ, მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ ახალი გარემოებების მითითება და გაზიარება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზით მათი მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენის შეუძლებლობით.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვისას მიუთითა ისეთ გარემოებაზე, კერძოდ, ხანდაზმულობის საკითხზე, რომლის შესახებაც არ განუცხადებია საქმის არსებით განხილვამდე. ვინაიდან ხანდაზმულობაზე მითითება ახალ გარემოებას წარმოადგენს, რის თაობაზეც მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია, შესაბამისად იგი არ უნდა იქნეს შეფასებული და გაზიარებული. ამასთან, არ არსებობს საპატიო მიზეზი აღნიშნული გარემოების მთავარ სხდომაზე მითითების შესახებ.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამ შემთხვევაში სადავოა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება, რაც არის ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა, რადგან ელექტრონერგიის მიწოდების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობა თავისი არსით ნასყიდობის ხელშეკრულებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ურთიერთობაში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ელექტროენერგია, ხოლო აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური.

 

დადაგენილია, რომ შპს „ს---------–------მა“ 2005-2007 წლებში მოიხმარა ელექტროენერგია და 191,56 ლარის დავალიანება არ გადაიხადა. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა 2010 წლის 11 მარტს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც არის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

 

ამავე კანონის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე პირის საკუთრებაში გადადის მოთხოვნა ან უფლება ისეთივე მდგომარეობაში, როგორც ძველი მფლობელის ხელში იყო. მოთხოვნის ახალი მფლობელი აგრძელებს მიღებული მოთხოვნის შესახებ უკვე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას. მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ სამართალურთიერთობის სუბიექტის ცვლილებას.

 

5.4. 2012 წლის 10 აგვისტოს განხორციელდა შპს „ს---------–------ის“ რეორგანიზაცია და იგი შპს „ს----------–----------–----------------------------ს“ შეერწყა.

 

2012 წლის 10 აგვისტოს (შპს „ს---------–------ისა“ და შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ შერწყმის პერიოდი) მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-144 მუხლის მე-4 პუნქტის თანმახმად, საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, შპს „ს---------–------ის“ ვალდებულებებზე სწორედ შპს „ს----------–----------–----------------------------ია“ პასუხისმგებელი.

 

5.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ 2005-2007 წლებში მოიხმარა ელექტროენერგია, რომლის საფასურიც არ გადაიხადა, შესაბამისად, ს----------–-------------------------------------------------------------ს სარჩელი შპს „ს----------–----------–----------------------------ის“ მიმართ, დავალიანების - 191.56 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე, ს----------–------------------------------------------------------------- საქართველოს კანონის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველის პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ს----------–-------------------------------------------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; ამასთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის საგნის ღირებულების მიხედვით მოცემული დავა განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად სამოქალაქო საქმეს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს და მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი