გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.09.2018
საქმის ნომერი
330310018002598426
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5327-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - ე-–-------------

წარმომადგენელი-ნ------------–-------

მოპასუხეები- 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი-გ----------------------

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი-ბ----------------

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15 მაისის N------დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(ის. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1აგვისტოს ბრძანება N3-- ,,ე-–------------ის წარმომადგენლის ნ------------–-------ს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-16).

 

მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისში, ა---–----------------------------–---–---------------–-----------–--–-- განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 05 მაისის N3------ ბრძანებით, 2--- წლის 17 მაისის N3------ ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევით. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 06მარტს შედგა მითითება N------, რომლითაც მოსარჩელეს განესაზღვრა 20კალენდარული დღის ვადა ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო 2018 წლის 15 მაისს მიღებული იქნა დადგენილება და დაჯარიმდა 3000(სამი ათასი) ლარით, პროექტის დარღვევით 3 კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. 2018წლის 06 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15 მაისის დადგენილების ბათილად ცნობა, თუმცა ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ა---–----------------------------–---–---------------–-----------–--–--, დაზუსტებული ფართობი: 2-- კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №--.1-.0-.0--.0--, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ე-–------------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 28/1-/2---(ს.ფ.62)

 

3.1.2. 2--- წლის 28 მარტს, ე-–-------------მ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ა---–----------------------------–---–--------------–-----------–--–-- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2--- წლის 05 მაისს გაცემული იქნა ბრძანება N3------, რომლის თანახმადაც შეთანხმდა ქ.თბილისში, სექტორი-ნ----–------, ახ--–----------------------–---–--------------–-----------–--–--- ე-–------------ის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: N01.1-.0-.0--.0--), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2--- წლის 17 მაისს გაცემული იქნა ბრძანება N3------, რომლის თანახმადაც გაიცა ქ.თბილისში, სექტორი-ნ----–------, ახ--–----------------------–---–--------------–-----------–--–--- ე-–------------ის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკადასტრო კოდი: N01.1-.0-.0--.0--), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვარა 17.05.2----დან 17.05.2018-ის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 05 მაისის ბრძანება N3------ (ს.ფ. 77-79)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 17 მაისის ბრძანება N3------(ს.ფ. 74-76)

 

3.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 06 მარტს შედგენილი იქნა მითითება №0----- ე-–------------ის მიმართ, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ე-–------------ის მიერ ქ.თბილისში, ახ--–-----------------------–---–--------------–-----------–--–-- საკ.კოდი: N01.1-.0-.0--.0--, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დარღვეულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2--- წლის 17 მაისს გაცემული N3------ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი, კერძოდ:

ფასადი ,,გ-ა’’

1.,,გ-ა’’ მონაკვეთში, ყველა ნიშნულზე გაზრდილია აივნების ფილების ზომები და შეცვლილია კედლების კონფიგურაცია;

 

გეგმები:

2. -2.45 ნიშნულზე, ნაწილობრივ მოწყობილია მონოლითური კედლები;

3. ყველა ნიშნულზე, ,,1-1’’ და ,,ა-ა’’; ,,1-1’’ და ,,გ-გ’’; ,,3-3’’ და ,,ა-ა’’, ,,3-3’’ და ,,გ-გ’’ ღერძების კვეთებზე შეცვლილია კოლონების კვეთის ზომა და ფორმა;

4. შეცვლილია ყველა კოლონის ზომა;

5. ყველა ნიშნულზე, ,,ბ-ბ’’ ღერძიდან კოლონებს მონაცვლებული აქვს ადგილი ,,გ-გ’’ ღერძისკენ;

6. ყველა ნიშნულზე, ,,ბ-ბ’’ ღერძიდან და ,,ა-ა’’ ღერძებს შორის დამატებით მოწყობილია კოლონები;

7. დამატებით მოწყობილია რიგელები;

8. ,,გ-ბ’’ და ,,1-3’’ მონაკვეთების კვეთაზე გაუქმებულია ელ.მექანიკური ლიფტი შშმ პირებისათვის, ± 0.00 ნიშნულზე ასასვლელი კიბე, ლიფტი, ორმარშიანი კიბე და შესაბამისად მათი ღიობები იატაკების ფილებში;

9. ,,ბ-ბ’’ ღერძთან, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია წრიული კიბე, ±0.00 ნიშნულიდან +9.45 ნიშნულამდე, აღნიშნულის ნაცვლად მდებარეობს ცვლილებით, მოწყობილია ორმარშიანი კიბე ბაქანებით, -2.45 ნიშნულიდან +1-.60ნიშნულამდე და შესაბამისად დამატებით მოწყობილია კიბის ორი ღიობი;

10. შეცვლილია ნაწილი ღიობების ზომა;

11. +15.76 ნიშნულზე, ,,ბ-ბ’’ და ,,2-2’’ ღერძების კვეთასთან, გადახურვის ფილაში დამატებით მოწყობილია ღიობი;

 

ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ობიექტი მოეყვანა შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონდებლობით გათვალისწინებული ზომები, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად კი განესაზღვრა 20(ოცი) კალენდარული დღის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018წლის 06 მარტს შედგენილი მითითება №0-----, მითითების დანართი(ს.ფ.86-88)

 

3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 28 მარტს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0----- ე-–------------ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ე-–------------ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 28 მარტის შემოწმების აქტი №0----- (ს.ფ. 89-90)

 

3.1.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 15 მაისს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ე-–-------------- დაჯარიმდა 3000(სამი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის.

 

აღნიშნული დადგენილება უშუალოდ ჩაიბარა ე-–------------ის წარმომადგენელმა ნ------------–------მა 2018 წლის 21 მაისს, რაც დასტურდება დადგენილებაზე არსებული ხელმოწერით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ს.ფ. 51-53)

 

3.1.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15 მაისის N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, 2018 წლის 06 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ე-–------------ის წარმომადგენლის ნ------------–-------ს მიერ.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს N3-- ბრძანებით ე-–------------ის წარმოამდგენლის ნ------------–-------ს 2018 წლის 6 ივნისის N------------------ ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ე-–------------ის წარმომადგენლის ნ------------–-------ს 2018 წლის 06ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 107-111)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანება N3-- ,,ე-–------------ის წარმომადგენლის ნ------------–-------ს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე’’(ს.ფ. 21-24)

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილია 2--- წლის 30 სექტემბერს ე-–------------ის(,,მინდობილობის გამცემი’’) მიერ ნ------------–------ზე(,,მინდობილობის მიმღები’’) გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ე-–------------- ნ------------–------ს ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებას: მისი სახელით აწარმოოს ურთიერთობა უძრავ ქონებასთან, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ა---–---------------- დაკავშირებით, თბილისის მერიასთან, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, თბილისის არქიტექტურის სამსახურთან, ზედამხედველობის სამსახურთან, იურიდიულ სამსახურთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, იუსტიციის სახლთან, დაარეგისტრიროს აღნიშნული უძრავი ქონება, წარადგინოს განშლის ოქმი, აზომვითი ნახაზები, დააზუსტოს ფართი, მიიღოს ნებართვები, ასევე იყოს მისი წარმომადგენელი სს ,,თელასი’’-თან, შპს ,,ყაზტრანსგაზ თბილისი’’-თან, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან’’, შპს,,თბილსერვის ჯგუფთან’’, კომპანია ,,სილქნეტი’’-თან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ყველა კომპეტენტურ სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებასთან აღნიშნულ უძრავ ქონებაში ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან, გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით, შეიტანოს განცხადებები, მიიღოს და წარდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტები, მოაწეროს ხელი მის მაგივრად და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ დავალებასთან. მინდობილობა გაცემულია ერთი წლის ვადით 30.09.2018წლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 30 სექტემბერს გაცემული მინდობილობა (ს.ფ. 64-65)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, ე-–------------ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინიტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი,რომელიც აწესებს ,ცვლის ან წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ აქტად მიიჩნევა ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამისილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15მაისის N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს N3--2 ბრძანება ,,ე-–--------------- წარმომადგელის ნ------------–-------ს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეობებია:

ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);

ბ) რეკონსტრუქცია;

გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას);

დ) დემონტაჟი;

ე) ლანდშაფტური მშენებლობა;

ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

 

6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ელვინა ჩიკოძის მიმართ 2018 წლის 06მარტს შედგენილი იქნა მითითება №0----- ე-–------------ის მიმართ, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ე-–------------ის მიერ ქ.თბილისში, ახ--–-----------------------–---–--------------–-----------–--–-- საკ.კოდი: N01.1-.0-.0--.0--, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას დარღვეულია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2--- წლის 17 მაისს გაცემული N3------ ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი, კერძოდ:

ფასადი ,,გ-ა’’

1.,,გ-ა’’ მონაკვეთში, ყველა ნიშნულზე გაზრდილია აივნების ფილების ზომები და შეცვლილია კედლების კონფიგურაცია;

 

გეგმები:

2. -2.45 ნიშნულზე, ნაწილობრივ მოწყობილია მონოლითური კედლები;

3. ყველა ნიშნულზე, ,,1-1’’ და ,,ა-ა’’; ,,1-1’’ და ,,გ-გ’’; ,,3-3’’ და ,,ა-ა’’, ,,3-3’’ და ,,გ-გ’’ ღერძების კვეთებზე შეცვლილია კოლონების კვეთის ზომა და ფორმა;

4. შეცვლილია ყველა კოლონის ზომა;

5. ყველა ნიშნულზე, ,,ბ-ბ’’ ღერძიდან კოლონებს მონაცვლებული აქვს ადგილი ,,გ-გ’’ ღერძისკენ;

6. ყველა ნიშნულზე, ,,ბ-ბ’’ ღერძიდან და ,,ა-ა’’ ღერძებს შორის დამატებით მოწყობილია კოლონები;

7. დამატებით მოწყობილია რიგელები;

8. ,,გ-ბ’’ და ,,1-3’’ მონაკვეთების კვეთაზე გაუქმებულია ელ.მექანიკური ლიფტი შშმ პირებისათვის, ± 0.00 ნიშნულზე ასასვლელი კიბე, ლიფტი, ორმარშიანი კიბე და შესაბამისად მათი ღიობები იატაკების ფილებში;

9. ,,ბ-ბ’’ ღერძთან, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია წრიული კიბე, ±0.00 ნიშნულიდან +9.45 ნიშნულამდე, აღნიშნულის ნაცვლად მდებარეობს ცვლილებით, მოწყობილია ორმარშიანი კიბე ბაქანებით, -2.45 ნიშნულიდან +1-.60ნიშნულამდე და შესაბამისად დამატებით მოწყობილია კიბის ორი ღიობი;

10. შეცვლილია ნაწილი ღიობების ზომა;

11. +15.76 ნიშნულზე, ,,ბ-ბ’’ და ,,2-2’’ ღერძების კვეთასთან, გადახურვის ფილაში დამატებით მოწყობილია ღიობი;

 

ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ობიექტი მოეყვანა შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა კანონდებლობით გათვალისწინებული ზომები, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად კი განესაზღვრა 20(ოცი) კალენდარული დღის ვადა.

 

6.4. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ე-–------------ის მიმართ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 28 მარტს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ ე-–------------ის მიერ არ იქნა შესრულებული მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის ,,ა.ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად(სადავო დადგენილების გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე- მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით.

 

დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 15 მაისს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ე-–------------- დაჯარიმდა 3000(სამი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის. აღნიშნული დადგენილება ჩაიბარა ე-–------------ის წარმომადგენელმა ნ------------–------მა 2018 წლის 21 მაისს, რაც დასტურდება დადგენილებაზე არსებული ხელმოწერით.

 

დადგენილია ასევე, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15 მაისის N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ე-–------------ის წარმოამდგენლის ნ------------–-------- მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომლის 2018 წლის 1 აგვისტოს N3--ბრძანებით ე-–------------ის წარმომადგენლის ნ------------–-------ს ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველი.

 

6.5. მოსარჩელე მხარის ერთი-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს N3-- ბრძანების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ე-–------------ის წარმოამდგენლის ნ------------–-------ს ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ გასული იყო სადავო დადგენილების (ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15მაისის N------ დადგენილება) გასაჩივრების 15 დღიანი ვადა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ი”ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ 25.22 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში. ამასთანავე, გასაჩივრება არ აჩერებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.

 

თავის მხრივ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის, გამოქვენების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლით განსაზღვრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების წესი, კერძოდ-დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება 50-ზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაცნობად გადაეცემა მხოლოდ განმცხადებელს, ხოლო თუ განცხადებას ხელს აწერს რამდენიმე პირი – პირს, რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით მოწესრიგებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობის წესი, კერძოდ- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93.1მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. . . ხოლო ამავე კოდექსის 98.1 მუხლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86.1 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება აწარმოოს ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით, აგრეთვე ისარგებლოს დამცველის დახმარებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია წარმომადგენელს მოსთხოვოს მისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი. ხოლო ამავე კოდექსის 87.1 მუხლის თანახმად კი, თუ განმცხადებელმა ან სხვა დაინტერესებულმა მხარემ დანიშნა წარმომადგენელი, ადმინისტრაციული ორგანო დაინტერესებული მხარისათვის განკუთვნილ ყველა დოკუმენტს მას უგზავნის.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა 2---წლის 30 სექტემბერს ე-–------------ის(,,მინდობილობის გამცემი’’) მიერ ნ------------–------ზე(,,მინდობილობის მიმღები’’) გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ე-–------------- ნ------------–------ს ანიჭებს შემდეგ უფლებამოსილებას: მისი სახელით აწარმოოს ურთიერთობა უძრავ ქონებასთან, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ა---–---------------- დაკავშირებით, თბილისის მერიასთან, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, თბილისის არქიტექტურის სამსახურთან, ზედამხედველობის სამსახურთან, იურიდიულ სამსახურთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, იუსტიციის სახლთან, დაარეგისტრიროს აღნიშნული უძრავი ქონება, წარადგინოს განშლის ოქმი, აზომვითი ნახაზები, დააზუსტოს ფართი, მიიღოს ნებართვები, ასევე იყოს მისი წარმომადგენელი სს ,,თელასი’’-თან, შპს ,,ყაზტრანსგაზ თბილისი’’-თან, შპს,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან’’, შპს ,,თბილსერვის ჯგუფთან’’, კომპანია ,,სილქნეტი’’-თან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ყველა კომპეტენტურ სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებასთან აღნიშნულ უძრავ ქონებაში ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან, გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით, შეიტანოს განცხადებები, მიიღოს და წარდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტები, მოაწეროს ხელი მის მაგივრად და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ დავალებასთან. მინდობილობა გაცემულია ერთი წლის ვადით 30.09.2018წლამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 15 მაისის დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ უშუალოდ ჩაიბარა ე-–------------ის წარმომადგენელმა ნ------------–------მა 2018 წლის 21 მაისს, რაც დასტურდება, დადგენილებაზე არსებული ხელმოწერით, ხოლო მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილსის მუნიციპალიტეტის მერიას 2018წლის 06 ივნისს და მოითხოვა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018წლის 15 მაისის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182.1 მუხლის ,,ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ– დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობდა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018წლის 15 მაისის N------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით ე-–------------ის წარმომადგენლის ნ------------–-------ს მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ დასახელებული დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იქნა გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს N3-- ბრძანება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15 მაისის N------ დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით ე-–------------ის წარმომადგენლის ნ------------–-------ს მიერ 2018 წლის 6 ივნისს წარდგენილი N----------------- ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს არ მიუთითებია რაიმე საპატიო მიზეზზე და არც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე და არც სასამართლოში საქმის წარმოების განხილვის ეტაპზე არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გასაჩივრების ვადის გაშვება მოხდა რაიმე დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180.4მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იქნებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვება მიეჩნია საპატიოდ და აღედგინა გაშვებული ვადა.

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 და 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, რის გამოც არ არსებობს ,,ე-–------------ის წარმომადგენლის ნ------------–-------ს ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს N3--ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.8. რაც შეეხება ,,სამშენებლო სამართლადარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15მაისის N------ დადგენილების ბათილად ცნობას,- აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ იმ ვითარებაში, მაშინ როდესაც მიჩნეული იქნა, რომ დასახელებული დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ე-–------------ის წარმომადგენლის ნ------------–-------ს მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს N3-- ბრძანება მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული, სახეზეა ფაქტობრივი გარემოება, როდესაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში აღნიშნულ დადგენილებაზე არსებითად არ უმსჯელია, -აღნიშნულის გათვალისწინებით ამ ეტაპზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას არსებითად იმსჯელოს ,,სამშენებლო სამართლადარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 15მაისის N------ დადგენილება გამოცემული არის თუ არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის’’ საქართველოს კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ე-–------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, ე-–------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფიას ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-1-, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–------------ის სარჩელი მოპასუხეების- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-1- კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი