გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.10.2018
საქმის ნომერი
330310116001337165
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3094-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელეები: ხ-------------ე, თ------------ე, ი--------------–---–ი, მ------------–-–---–ი, ი------------–--ე, გ---–-------–-–---–ი, დ----------------ი, ა----–-–---–---–ი, ი--------------ე, მ--–-------------–---–ი, პ------------–---–ი, ნ-----------–-–---–ი, მ---–----------------ა, გ------------------ე, გ----------------–---–ი, ს------------–----ე, მ--------–----ე, ნ--------------ე, ი-----–-------ა

 

ხ-------------ის, თ------------ის, ი--------------–---–ის, ი------------–--ის, გ---–-------–-–---–ის, დ----------------ის, ა----–-–---–---–ის, ი--------------ის, მ--–-------------–---–ის, პ------------–---–ის, ნ-----------–-–---–ის, გ------------------ის, გ----------------–---–ის, ს------------–----ის, მ--------–----ის, ნ--------------ის წარმომადგენელი - გ-------------------ე

 

მოპასუხე - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური

 

წარმომადგენლები - ც--------–---–--ე, დ------------------ე, გ-------------–---–ი, ი-----–--–----ა

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილება ,,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“.

 

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ იურიდიული დახმატების საბჭოს მიერ, 2016 წლის 2 მარტს, მიღებულ იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 5 ნოემბრის N30 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შეთანხმებული/შემუშავებული და იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარდგენილი: ,,იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები სისხლის სამართლის საქმეზე"; ,,შეფასების სისტემის კონცეფცია, საზოგადოებრივი ადვოკატების მომსახურების ხარისხისა და იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების შესახებ"; ,,წარმოებული სისხლის სამართლის ექსპერტული ანალიზი (PEER REVIEW) ინსტრუქციები პროცედურის შესახებ შემფასებლისათვის". აღნიშნული აქტით დამტკიცებული დოკუმენტები იურიდიული დახმარების ადვოკატებისაგან მოითხოვს შემდეგი ქმედებების განხორციელებას: დასაცავი პირის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას, ბრალდების შინაარსის აღწერას, საქმის მასალების შესახებ კომენტარს, ადვოკატის მიერ შეგროვებული ინფორმაციისა და ფაქტების სისრულის კომენტარს, ადვოკატის მიერ კლიენტისათვის გაწეული კონსტულტაციების და რჩევების სისწორის და ეფექტურობის შეფასებას. მოსარჩელეთა განმარტებით, გასაჩივრებული აქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კონფიდენციალობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპის დარღვევის აუცილებლობას. შესაბამისად, მათი განმარტებით, ასეთი აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტეს, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, მისი, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მიზანშეწონილი იყო და თანხვედრაში იყო იურიდიული დახმარების სამსახურის ამოცანებსა და მიზნების სრულფასოვნად შესრულებასა და მიღწევასთან. ამდენად, მიუთითეს, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 13 ივლისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ მიღებულ იქნა N-- გადაწყვეტილება ,,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 5 ნოემბრის N30 გადაწყვეტილება (1ტ., ს.ფ. 127-128).

 

3.1.2. დადგენილია, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 5 ნოემბრის N30 გადაწყვეტილებით 2016 წლის 5 მარტამდე შეჩერებულ იქნა იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 13 ივლისის N-- გადაწყვეტილების მოქმედება და იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების ხელახალი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 5 ნოემბრის N30 გადაწყვეტილება (1ტ., ს.ფ. 127-128);

-სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 06/11/2015 წერილი LA-------------- (3ტ., ს.ფ. 93).

 

3.1.3. დადგენილია ასევე, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ 2016 წლის 2 მარტს მიღებულ იქნა N-- გადაწყვეტილება ,,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ", რომლითაც წარდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით (ახალი რედაქციით) დამტკიცდა, იურიდიული სამსახურის საბჭოს 2015 წლის 5 ნოემბრის N30 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შეთანხმებული/შემუშავებული და იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარდგენილი: ა) ,,იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები სისხლის სამართლის საქმეზე" მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით; ბ) ,,შეფასების სისტემის კონცეფცია, საზოგადოებრივი ადვოკატების მომსახურების ხარისხისა და იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების შესახებ"; გ) ,,წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ექსპერტული ანალიზი (PEER REVIEW) ინსტრუქციები პროცედურის შესახებ შემფასებლებისათვის"; (დანართის შესაბამისად). განისაზღვრა ასევე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იყო 2016 წლის 31 მარტიდან პილოტურ რეჟიმში 6 თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილება დანართებით (1ტ., ს.ფ. 17-48).

 

3.1.4. დადგენილია, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 26 სექტემბრის N-- გადაწყვეტილებით ,,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ" იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 1 აპრილამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 26 სექტემბრის N-- გადაწყვეტილება (2ტ., ს.ფ. 15-16).

 

3.1.5. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ" იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილების მოქმედება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საქმეზე N3ბ/1045-16 (2ტ., ს.ფ. 17-26).

 

3.1.6. დადგენილია ასევე და აღნიშნულს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ საქმის არსებითად განხილვის პერიოდისთვის, მოსარჩელეები - ხ-------------ე, თ------------ე, ი--------------–---–ი, მ------------–-–---–ი, ი------------–--ე, გ---–-------–-–---–ი, დ----------------ი, ა----–-–---–---–ი, ი--------------ე, მ--–-------------–---–ი, პ------------–---–ი, ნ-----------–-–---–ი, მ---–----------------ა, გ------------------ე, გ----------------–---–ი, ს------------–----ე, მ--------–----ე, ნ--------------ე, ი-----–-------ა წარმოადგენდნენ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივ ადვოკატებს და მათთან გაფორმებული იყო შრომითი ხელშეკრულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი (3ტ., ს.ფ. 262-267).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხ-------------ის, თ------------ის, ი--------------–---–ის, მ------------–-–---–ის, ი------------–--ის, გ---–-------–-–---–ის, დ----------------ის, ა----–-–---–---–ის, ი--------------ის, მ--–-------------–---–ის, პ------------–---–ის, ნ-----------–-–---–ის, მ---–----------------ას, გ------------------ის, გ----------------–---–ის, ს------------–----ის, მ--------–----ის, ნ--------------ის და ი-----–-------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავისი დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილება ,,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.3. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს არსებითი მსჯელობის დროსაც შეეხოს გასაჩივრებული სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილების დასაშვებობის საკითხს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 13 ივლისს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ მიღებულ იქნა N-- გადაწყვეტილება ,,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ". დადგენილია ასევე, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და საზოგადოებრივ ადვოკატებს შორის წარმოშობილი შრომითი უთანხმოების შედეგად, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ 2015 წლის 5 ნოემბერს მიღებულ იქნა N30 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად იურიდიული დახმარების საბჭომ 2016 წლის 5 მარტამდე შეაჩერა იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 13 ივლისის N-- გადაწყვეტილების მოქმედება და იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების ხელახალი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნა სამუშაო ჯგუფი. აღნიშნულის შედეგად კი მიღებულ იქნა გასაჩივრებული სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილება, რომლითაც ახალი რედაქციით დამტკიცდა იურიდიული სამსახურის საბჭოს 2015 წლის05 ნოემბრის N30 გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შეთანხმებული/შემუშავებული და იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარდგენილი: ა) ,,იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები სისხლის სამართლის საქმეზე" მასში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით; ბ) ,,შეფასების სისტემის კონცეფცია, საზოგადოებრივი ადვოკატების მომსახურების ხარისხისა და იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ინსტრუმენტების შესახებ"; გ) ,,წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ექსპერტული ანალიზი (PEER REVIEW) ინსტრუქციები პროცედურის შესახებ შემფასებლებისათვის", რასაც მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ და მიიჩნევენ, რომ ხსენებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მათ მიერ მითითებულ კანონებს, რაც აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილების კანონიერება არსებითად უნდა იქნეს შემოწმებული მოსარჩელეთა მიერ მითითებულ აქტებთან მიმართებაში. ამასთან, სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა მხოლოდ სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იმსჯელებს სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების) წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება წარმოადგენს, რაც ზოგადად აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი, სოციალურ მოთხოვნილებაზე ორიენტირებული, მდგრადი და საიმედო იურიდიული დახმარების სისტემის და საბიუჯეტო სახსრების გამჭირვალე და შედეგიანი ხარჯვისათვის იურიდიული დახმარების ადმინისტრირების ეფექტიანი სისტემის შექმნა.

 

მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე.

 

,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო (შემდგომ − საბჭო). ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეები ასაჩივრებენ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილებას ,,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული აქტი ეწინააღმდეგება კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპებს, რის გამოც ითხოვენ მის ბათილად ცნობას. ამდენად, სადავო აქტის კანონიერების შემოწმებისას უნდა დადგინდეს მისი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ისე იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან, რომლებიც არეგულირებენ აღნიშნულ საკითხებს.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სადავო აქტით დამტკიცდა, წარმოადგენს ფორმას, რომელსაც ავსებს ექსპერტი-შემფასებელი. ფორმაში არის გრაფები, რომელიც ეხება დასაცავი პირის პერსონალურ - განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. ერთმნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფორმაციის შესაბამის გრაფებში შეტანა, საჭიროებს საზოგადოებრივი ადვოკატის მხრიდან მის გამჟავნებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, სისხლის სამართალწარმოების სფეროში, კონკრეტული სტატუსის მატარებელი - საზოგადოებრივი ადვოკატისა და დასაცავი პირის ურთიერთობა და მათი კომუნიკაციის შედეგად მიღებული მონაცემების კონფიდენციალობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატები, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დაცვის ადვოკატები, მთავრობის მიერ არიან დაქირავებული, თუმცა ამავდროულად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან. მხედველობაშია მისაღები, რომ ისინი არ იძენენ საჯარო მოსამსახურის სტატუსს. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები მოქმედებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შესაბამისად. ამდენად, საზოგადოებრივ ადვოკატზე, სრული მოცულობით ვრცელდება ის ვალდებულებები, რაც იმპერატიულად არის გათვალისწინებული ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები არიან საზოგადოებრივი ადვოკატები და იმავდროულად ადვოკატთა ასოციაციის წევრები, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მათზე ვრცელდება ადვოკატ-კლიენტის პრივილეგია და ასეთი პრივილეგიით დაცული მასალების კონფიდენციალობის უზრუნველყოფის და დაცვის აუცილებლობა, თუმცა განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია განისაზღვროს აღნიშნული პრინციპის სამართლებრივი ბუნება და მისი გამოყენების ფარგლები.

 

სასამართლო, საადვოკატო საქმიანობის არსის და დანიშნულების გათვალისწინებით, განმარტავს, რომ ადვოკატის დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობის ძირითადი ელემენტია, რის გამოც ადვოკატის დამოუკიდებლობის პრინციპს დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივ ნორმებში. ადვოკატის დამოუკიდებლობის პრინციპის უზრუნველყოფა, თავის მხრივ, განაპირობებს ნდობის, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობისა და კონფიდენციალობის პრინციპების დაცვის გარანტიას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის ძირეული ფუნქციაა კლიენტისაგან მიიღოს ინფორმაცია, რომელსაც ეს უკანასკნელი სხვა პირს არ გაანდობს და ნდობის საფუძველზე იყოს ამ ინფორმაციის მიმღები, კონფიდენციალობის უეჭველობის გარეშე, შეუძლებელია ნდობის არსებობა. ამდენად, კონფიდენციალობა ადვოკატის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოვალეობაა. ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კონფიდენციალობის პატივისცემა. ადვოკატის მოვალეობაა პატივი სცეს პროფესიულ საიდუმლოებას ეროვნული კანონმდებლობის, დებულებებისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

 

სასამართლო მიუთითებს ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობის პრინციპებზე, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა. ამავე კანონის მე-5 მუხლი კი განსაზღვრავს ადვოკატის მოვალეობებს, რომელთა შორის ადვოკატის ვალდებულებას წარმოადგენს დაიცვას პროფესიული საიდუმლოება.

 

,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს პროფესიული საიდუმლოების დაცვის წესს, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადვოკატი ვალდებულია: ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად; ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია); ამასთანავე, არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა, თუ ეს კლიენტმა წინასწარ წერილობით მოითხოვა. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევა იწვევს ამ კანონით და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ: ა) კლიენტის თანხმობით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაციის გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და თუ მისი გამჟღავნება კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს; გ) იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მისთვის წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან მის მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის არსებობისას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებულ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსზე, რომელიც განსაზღვრავს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმებს და ქცევის წესებს. ხსენებული ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: დამოუკიდებლობა, ნდობა, კონფიდენციალობა, კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, კოლეგიალობა. ამავე კოდექსის მე-4 მუხლი ითვალისწინებს კონფიდენციალობის პრინციპის დაცვას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად ინფორმაცია, რომელიც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელბისას, კონფიდენციალურია. ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია იმგვარად, რომ მესამე პირებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს. კონფიდენციალობის ვალდებულება ვრცელდება ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც ადვოკატისთვის ცნობილი გახდა კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან, რომელიც ადვოკატმა მიაწოდა კლიენტს ან ადვოკატმა სხვა წყაროდან გაიგო კლიენტთან ან მის საქმესთან დაკავშირებით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, კონფიდენციალობის ვალდებულება არ არის შეზღუდული დროში. ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია: ა) კლიენტის თანხმობის საფუძველზე; ბ) თუ ინფორმაციის ამგვარი გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში გამართლებულია და აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე იმ პირობით, რომ ასეთი ინფორმაციის გაცემა კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს; გ) თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მის მიმართ წაყენებული ბრალდებისაგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან საკუთარი ჰონორარის მიღებისათვის. ამასთან, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატმა მის პარტნიორებს, თანამშრომლებს და სხვა პირებს, რომლებიც მის მიერ მოწვეულნი არიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, უნდა მოსთხოვოს კონფიდენციალობის დაცვა.

 

ამდენად, ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი კონფიდენციალობის იდენტურად იყენებს პროფესიული საიდუმლოების ცნებას, საადვოკატო საქმიანობის პრინციპებს შორის ადგენს და ადვოკატის მოვალეობად განიხილავს პროფესიული საიდუმლოების დაცვას. ზემოაღნიშნული აქტები უთითებენ, რომ გასული დროის მიუხედავად, ადვოკატს ევალება პროფესიული საიდუმლოების დაცვა; მას ევალება საქმიანობის პროცესში კლიენტისაგან მიღებული ინფორმაციის გაუვრცელებლობა და ასეთი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება მხოლოდ კლიენტის თანხმობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატთა ვალდებულება, დაიცვან კონფიდენციალობა პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე არის ადვოკატის პროფესიის უმთავრესი პრინციპი და იგი აღიარებულია როგორც ხარისხიანი იურიდიული დახმარების მიწოდების უმთავრესი წინაპირობა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის კონფიდენციალობის დაცვის უფლება, ანუ მოქალაქის უფლება არ იქნეს გამჟღავნებული მასსა და მის ადვოკატს შორის არსებული კომუნიკაცია, იქნება უარყოფილი ან თუნდაც არ იქნება გარანტირებული სახელმწიფო დონეზე, შესაძლებელია ინდივიდებს შეეზღუდოთ სამართლებრივი რჩევისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადვოკატისადმი კლიენტის ნდობისა და ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის პრინციპები ერთგვარად თანაარსებობენ, რადგან ნდობის მოლოდინის გარეშე, იურიდიული რჩევის მისაღებად კლიენტს გაუჭირდება მისთვის ზოგჯერ რთული, მოსარიდებელი, მგრძნობიარე საკითხების განდობა იმ პირებისათვის, რომლის პროფესიული დამოუკიდებლობა, პირადი პატიოსნება, შეუვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სწორედ ადვოკატის პირადი ღირსებისა და პატიოსნების საქმეა, არ დაექვემდებაროს შესაძლო ზეგავლენის ფაქტორებს, იქნება პირადი ინტერესებით ნაკარნახევი, თუ გარეშე ფაქტორებით განპირობებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სავალდებულო დაცვის შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დაცვის უფლების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ვალდებულების შესრულება, სახელმწიფოს ხარჯზე იქნეს კონკრეტული პირის უფლება დაცული, როგორც წესი, ივარაუდება ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობაში ნდობის დეფიციტი. დაცვა ,,შეთანხმებით“ კლიენტის არჩევანს და ნების თავისუფალ გამოვლენას ემყარება კონკრეტული ადვოკატის მიმართ, ხოლო დაცვა ,,დანიშვნით“ კლასიკური ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობის ფარგლებს სცილდება, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა არა კლიენტის ნების საფუძველზე და მისი არჩევით ადვოკატის ჩართვა საქმეში, არამედ სავალდებულო წესით, სახელმწიფოს მიერ პირის კანონით დაცული უფლებების უზრუნველყოფის მიზნით ადვოკატის დანიშვნა. სწორედ ეს არის საფუძველი იმ ვარაუდისა, რომ საწყის ეტაპზე მაინც, არ არსებობს ან ძალზედ ფორმალურია ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობა და კლიენტის ადვოკატისადმი ნდობა. ამდენად, ეს არის ადვოკატის პასუხისმგებლობის ნაწილი, იმოქმედოს იმგვარად, რომ მოიპოვოს მისდამი კლიენტის ნდობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადვოკატ-კლიენტის კომუნიკაცია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთობის ნდობით განმსჭვალვას, რაშიც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი ადვოკატის დამქირავებელმა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის ვალდებულების მატარებელმა - სახელმწიფომ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან ამავე ნორმით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

სასამართლო აღნიშავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი საიდუმლოების დაცვა წარმოადგენს ადამიანის უმნიშვნელოვანეს უფლებას. პერსონალური მონაცემები ის კატეგორიაა, რომელზე წვდომაც მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული და სწორედ ამან განაპირობა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის მკაფიოდ გამოხატული ნება, როდესაც საქმე მის პირად ცხოვრებას, პერსონალურ მონაცემებს ეხება, არის უპირველესი, რასაც აღნიშნული კანონიც განამტკიცებს. ამასთან, სასამართლო ეთახმება მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, საკუთარი პირადი ცხოვრება, მისი ყველაზე საიდუმლო დეტალის ჩათვლით, საკუთარი ნებითვე საჯარო გახადოს და ამაში ის თავისუფალია.

 

სასამართლო მიუთითებს მოპასუხის პოზიციაზე, რომლის თანახმად, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს მონაცემთა სუბიექტისაგან თანხმობის მიღების შესაძლებლობას და წესს, ხოლო მათი მხრიდან დაცულია კანონისმიერი დათქმა - მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, რათა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები დამუშავდეს, ანუ შემფასებელს ჰქონდეს ნაწარმოებ სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთან, მოპასუხე შესაგებელში განმარტავს, რომ აღნიშნული გულისხმობს საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დასაცავი პირისათვის განმარტებას, რომ ბენეფიციარისაგან მიღებული ინფორმაცია ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც და შესაძლოა აღნიშნული პერსონალური მონაცემები იურიდიული დახმარების სამსახურის მხრიდან დამუშავდეს იურიდიული დახმარების გაწევის ან/და გახდეს ხელმისაწვდომი რეესტრის ადვოკატის (მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე იურიდიული დახმარების სამსახურიუს მიერ მოწვეული კერძო ადვოკატი) საქმიანობის შეფასების მიზნით. მას შემდეგ, რაც დასაცავი პირი თანხმობას განაცხადებს, მოპასუხე შესაძლებლად მიიჩნევს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, შემფასებელს წვდომა ექნება იმ საქმეებზე, რომელთა წარმოების (საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ) დაწყებისას დასაცავ პირს განემარტა ზემოაღნიშნული უფლება და მან თანხმობა განაცხადა პერსონალური და მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის დამოუკიდებლობის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას და შექმნას ქმედითი მექანიზმი ადვოკატის დამოუკიდებლობის სტანდარტის, როგორც ნორმატიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით და სრულიად მიუღებელია თვისობრივად განსხვავებული ამოცანების მქონე რეგულაციების, სათანადო და საფუძვლიანი გააზრების გარეშე დამკვიდრება. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგულაციების დამდგენი წესები უნდა იყოს ნათელი და განსაზღვრულობის მოთხოვნებთან შესაბამისი, პირს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვენ მისგან და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებით დამტკიცებული რეგულაციები დეტალურად უნდა ითვალისწინებდეს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით აღიარებული კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობისა და კონფიდენციალობის პრინციპების დაცვის გარანტიებს და მხოლოდ სამსახურის სერვისით მოსარგებლე პირის მკაფიოდ გამოხატული ნებისა და თახმობის არსებობის პირობებში (რაც დეტალურად უნდა იქნეს გაწერილი), დამუშავდეს მის მიერ საზოგადოებრივი ადვოკატისთვის მიწოდებული მისი პერსონალური და მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რასაც სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესები დეტალურად არ არეგულირებს. ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული ის შემთხვევებიც, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია შეეხება მესამე პირთა პერსონალურ მონაცემებსაც.

 

ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო მიესალმება იურიდიული დახმარების საბჭოს ძალისხმევას სამსახურის სტრატეგიული ამოცანის განხორციელების, კერძოდ, მისი ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, დანერგოს სისხლის სამართლის საქმეებზე გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები და წესი, რომლის შედეგებზე დაყრდნობით, სამსახური და საბჭო გამოთქვამს მზაობას, უზრუნველყონ სისხლის სამართლის საქმეებზე ხარისხის შეფასების სისტემის სრულყოფა, თუმცა აქვე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი მიზანი ოდანავადაც არ უნდა ემუქრებოდეს ისეთ არსებით და ძირეულ გარანტიას, როგორც არის ადვოკატ-კლიენტის პრივილეგია და ასეთი პრივილეგიით დაცული მასალების კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობა.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს, რომ ადვოკატის პროფესიის უმთავრესი პრინციპის - კონფიდენციალობის პრინციპის მნიშვნელობა აღიარებულია არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიმოიხილოს ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსი, რომელიც მიღებულ იქნა ევროპის ადვოკატურებისა და იურიდიული საზოგადოებების საბჭოს (CCBE) მიერ 1988 წლის 28 ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე. ხსენებული კოდექსის 2.3. მუხლი ითვალისწინებს კონფიდენციალობის პრინციპის დაცვას და განსაზღვრავს, რომ ადვოკატის ძირეული ფუნქციაა კლიენტისაგან მიიღოს ინფორმაცია, რომელსაც ეს უკანასკნელი სხვა პირს არ გაანდობს და იყოს ნდობის საფუძველზე ამ ინფორმაციის მიმღები. აღნიშნული ნორმა ასევე განამტკიცებს პრინციპს, რომ კონფიდენციალურობის უეჭველობის გარეშე, შეუძლებელია ნდობის არსებობა. ამდენად, კონფიდენციალურობა ადვოკატის უპირველესი ფუნდამენტური უფლება და მოვალეობაა. ამავე ნორმის თანახმად, ადვოკატის კონფიდენციალურობის ვალდებულება ემსახურება როგორც მართლმსაჯულების განხორციელების, ისე - კლიენტის ინტერესებს. ამიტომ მას ეკუთვნის განსაკუთრებული დაცვა სახელმწიფოს მხრიდან (2.3.1. პუნქტი). ამასთან, ადვოკატმა პატივი უნდა სცეს იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რომელიც მისთვის მისი პროფესიონალური საქმიანობის განხორციელბისას გახდა ცნობილი (2.3.2. პუნქტი). კონფიდენციალურობის ვალდებულება დროში შეზღუდული არ არის (2.3.3. პუნქტი). ადვოკატმა მის პარტნიორებს, თანამშრომლებს და სხვა პირებს, რომლებიც მის მიერ დაქირავებულნი არიან პროფესიონალური მომსახურების გაწევის პროცესში უნდა მოსთხოვოს კონფიდენციალურობის იგივე ვალდებულების შესრულება (2.3.4. პუნქტი).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომედაციაზე Rec(2000)21 ადვოკატის პროფესიის განხორციელების თავისუფლების შესახებ, რომლის პირველი პრინციპის თანახმად, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ან ადვოკატის პროფესიაში დაშვების ნებართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა დაექვემდებაროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ხელისუფლების მიერ განხილვას მიუხედავად იმისა, მიღებულია თუ არა ისინი დამოუკიდებელი ორგანოს მიერ (მე-2 პუნქტი). ამავე პრინციპის მეექვსე პუნქტის შესაბამისად კი, მიღებულ უნდა იქნას ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოფილი იქნას ადვოკატი-კლიენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის პატივისცემა. ამ პრინციპის გამონაკლისები შეიძლება დაშვებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონის უზენაესობის პრინციპებს შეესაბამება. ამასთან, ევროპის საბჭოს წესდების 15.ბ მუხლის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტი რეკომენდაციას უწევს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, შესაბამისად მიიღონ და განახორციელონ ყველა ზომა, რომელიც მათ აუცილებლად მიაჩნიათ წინამდებარე რეკომენდაციაში მოცემული რეკომენდაციების შესრულებისათვის.

 

ამდენად, საერთაშორისო ნორმებში ასევე დეტალურად არის გაწერილი, სისხლის სამართალწარმოებაში სახელმწიფოსათვის დადგენილი მოვალეობა უზრუნველყოს თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის ადვოკატთან კომუნიკაცია და კონსულტაცია სრული კონფიდენციალობის დაცვით.

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება ასევე მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებული ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 (ასი) ლარს. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელეთა მიერ გადახდილ იქნა 170 (ას სამოცდაათი) ლარი. ამდენად, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი - 70 (სამოცდაათი) ლარი.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის პირობებში, მოპასუხე - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლო განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას. ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ ძალას კარგავს აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 32.4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხ-------------ის, თ------------ის, ი--------------–---–ის, მ------------–-–---–ის, ი------------–--ის, გ---–-------–-–---–ის, დ----------------ის, ა----–-–---–---–ის, ი--------------ის, მ--–-------------–---–ის, პ------------–---–ის, ნ-----------–-–---–ის, მ---–----------------ას, გ------------------ის, გ----------------–---–ის, ს------------–----ის, მ--------–----ის, ნ--------------ის და ი-----–-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების საბჭოს 2016 წლის 2 მარტის N-- გადაწყვეტილება ,,სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ და დაევალოს მოპასუხეს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

3. მოსარჩელეებს დაუბრუნდეთ სარჩელზე, გ-------------------ის მიერ 2016 წლის 20 აპრილს სს ,,ბ-------------–---ში“, სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი - 70 (სამოცდაათი) ლარი;

 

4. მოპასუხე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს დაეკისროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე