გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.09.2018
საქმის ნომერი
020210118002510264
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210118002510264 (2/1181-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.09.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე ირ---–-----–-----ი

წარმომადგენელი ხვ---------------ი, და-------------ა

მოპასუხე მაი-----–-----ი

წარმომადგენელი ბა------------–---–ი

მოპასუხე სა------------------------------–-----------------------–---------------–--------ი

წარმომადგენელი რო------------–-–--ა

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, სამკვიდროზე საკუთრების უფლების მიღება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მაი-----–-----სა და ვე---------–-----ს შორის 21.08.2015 წ დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა.

 

1.2. ვე---------–-----ის სამკვიდრო ქონების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მაი-----–-----მა უკანონოდ მიიღო საკუთრების უფლება ვე---------–-----ის სამკვიდროზე, რომელიც მოსარჩელეს ეკუთვნის მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე. მისი განმარტებით, სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადების ნება ვე---------–-----ს არ გამოუხატავს. შედავება ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დაცული ეგზემპლარზე არ არის ვე---------–-----ის ხელმოწერა, ხელშეკრულების ბლანკზე გამჩუქებლის ასევე დასაჩუქრებუის გრაფა შეუვსებელია, არ არის მითითებული მათი ვინაობა და ხელმოწერა, მასში არ არის აღნიშნული ქონების ღირებულება, რის გამოც იგი ფორმის დაუცველად დადებულ ხელშეკრულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამავე დროს, მოსარჩელის აზრით ხელშეკრულებაზე აუცილებლად უნდა იყოს ვე---------–-----ის ხელმოწერა, რადგან მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეეძლო ხელმოწერის შესრულება. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ვე---------–-----ის მიერ გაცემული მინდობილობა არ იძლეოდა ქონების გაჩუქების შესაძლებლობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მაი-----–-----ი არ ცნობს სარჩელს. იგი განმარტავს, რომ ვე---------–-----ი მისი ნათესავია და წლების განმავლობაში მასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. ხანდაზმულობის და ავადმყოფობის პერიოდში ზრუნავდა მასზე, როგორც ოჯახის წევრზე და მადლიერების ნიშნად მისგან საჩუქრად მიიღო სადავო ქონება. უარყოფს მინდობილობის და ხელშეკრულების გაფორმებისას რაიმე კანონდარღვევას. ამასთან, დასძენს, რომ პირადად აქვს გაღებული ვე---------–-----ის დაკრძალვის ხარჯები.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი წარმოადგენს სადავო ქონებაზე მაი-----–-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის წარდგენილ დოკუმენტებს. განმარტავს, რომ ეს დოკუმენტები შედგენილია კანონით დადგენილი წესით და იძლევა მოპასუხე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის სფუძველს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საჯარო რეესტრის მონაცემებით მაი-----–-----ი 21.08.2015 წ–დან წარმოადგენს ქ. ზუგდიდში, კოსტავას ქ. #5, ბ.19–ში მდებარე უძრავი ნივთის ს/კ 43.31.55.599.01.0-- მესაკუთრეს.

 

საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულება დადებულია 21.08.2015 წ მარტივი წერილობითი ფორმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსაურში.

 

ხელშეკრულების დადებისას გამჩუქებელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს თვითონ დასაჩუქრებული, რომელიც ხელს აწერს ხელშეკრულებას.

 

ხელშეკრულებაში შეტანილია, როგორც გამჩუქებლის და მისი წარმომადგენლის, ასევე დასაჩუქრებულის მონაცემები (პირადი ნომერი, მისამართი) ასევე მინდობილობის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა წარმომადგენლობა და ქონების ტრანზაქცია. ხელშეკრულება ხელმოწერილია მაი-----–-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

 

მინდობილობა გაცემულია 21.08.2015 წ კანონით დადგენილი წესით. მიმდობმა ვე---------–-----მა მინდობილ პირს მაი-----–-----ს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: მიანდო მის სახელზე დაარეგისტრიროს უძრავი ქონება მდებარე ზუგდიდი, კოსტავას ქ. 5 ბინა #19, დარეგისტრირების შემდეგ მართოს და განკარგოს ეს უძრავი ქონება (გადაიფორმოს საკუთარ სახელზე). აქედან გამომდინარე იყოს მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი ნებისმიერ სანოტარო ბიუროში, ნოტარიუსთა პალატაში, მის არქივში, იუსტიციისსახლში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სამოქალაქო რეესტრში, მისი სახელით შეიტანოს ნებისმიერი შინაარსის განცხადება, მოითხოვოს და მიიღოს დოკუმენტები, ხელი მოაწეროს ნებისმიერი სახის ხელშეკრულებას. მინდობილობა გაიცა ერთი წლის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 19/06/2018 18:03:43, მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი 43.31.55.599.01.0--

–უძრავი ქობების ნასყიდობის ხელშეკრულება 21.08.2015

–მინდობილობა, რეგისტრაციისთარიღი 21.08.2015 წ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 150899407

 

3.2. სადავო ბინაზე – ს/კ 43.31.55.599.01.0-- ვე---------–-----ის საკუთრების უფლება არ იყო რეგისტრირებული 21.08.2018 წ (მასთან ბინაზე სანოტარო მოქმედების შესრულების მომენტისთვის), თუმცა არსებობდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა მის მიერ ამ ქონების (საცხოვრებელი ბინის) პრივატიზაციას 11.09.1992 წ.

 

პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელი ბინა ვე---------–-----ის საკუთრებაში აღირიცხა 21.08.2015 წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მომართვა #16/6796, 21.08.2015 წ

–პრივატიზაციის ხელშეკრულება, 11.09.1992 წ

–ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 11.09.1992

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 21/08/2015, ს/კ 43.31.55.016.01.0--

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.3. ვე---------–-----ი გარდაიცვალა (მისი სამკვიდრო გაიხსნა) 28.08.2015 წ. გარდაცვალებამდე (ავადმყოფობის პერიოდში) მასზე ზრუნავდა მაი-----–-----ი. მანვე გაიღო დაკრძალვის ხარჯები.

 

გარდაცვალების მომენტში სადავო ბინა ვე---------–-----ის საკუთრებაში არ ირიცხება.

 

28.06.2016 წ ვე---------–-----ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაიცა ირ---–-----–-----ის სასარგებლოდ. მოწმობის მიხედვით, სამკვიდრო ქონება არის ვე---------–-----ის მთელი დანაშთი ქონების (მასში შემავალი აქტივებით (მოძრავი, უძრავი ქონება, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე და ხელფასზე, დაგირავებულ ნივთებზე, ანაბარზე ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანგარიშზე, მოძრავ ნივთებზე, აქციებზე, წილებზე სამეწარმეო საზოგადოებაში, მათი არსებობის შემთხვევაში დასხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ) მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში – 1/2 ნაწილი.

 

ირ---–-----–-----ი ვე---------–-----ის კანონისმიერი მეორე რიგის მეკვიდრეა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–გარდაცვალების მოწმობა #28157003239

–მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

–სამკვიდრო მოწმობა 28.06.2016 წ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 160701661

–ირ---–-----–-----ის დაბადების მოწმობა

–ივანე ბელიანინის დაბადების მოწმობა

–ვე---------–-----ის დაბადების მოწმობა

–საარქივო ცნობა 09.102015 წ

–ივანე ბელიანინის გარდაცვალების მოწმობა

–ოთარ ბელიანინის გარდაცვალების მოწმობა

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უსაფუძვლოა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68–ე, 69–ე, 103–ე– 107–ე, 114–ე, 183–ე, 709–ე, 724–ე, 725–ე, 1328–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილიდან ჩანს, რომ 21.08.2015 წ ჩუქების ხელშეკრულებით ქონების განკარგვა განხორციელდა მესაკუთრის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მასთან მიმართებით მესაკუთრის ნება სწორედ დასახელებული სანოტარო აქტის შინაარსიდან, იურიდიული მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103–ე მუხლის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის მიხედვით, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა. სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

იმავე კოდექსის 724-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 725-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მინდობილი მესაკუთრე მოვალეა, მართოს მინდობილი საკუთრება თავისი სახელით, მაგრამ საკუთრების მიმნდობის რისკითა და ხარჯით.

 

დასახელებული ნორმების შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეიძლება არსებობდეს დავალების ან საკუთრების მინდობის საფუძველზე ან მათ გარეშე. საკუთრების მინდობა, თავისი კლასიკური არსითა და დანიშნულებით, გულისხმობს მინდობილი პირის უფლებასა და ვალდებულებას, მართოს მინდობილი ქონება თავისი სახელით, თუმცა, მინდობილი მესაკუთრის ინტერესების შესაბამისად. საკუთრების მინდობა დავალების ხელშეკრულების ერთ-ერთი სახესხვაობაა იმ თავისებურებით, რომ საკუთრების მინდობის დროს დავალების არსი მდგომარეობს მინდობილი ქონების მართვაში. დავალების ხელშეკრულება კი მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულიასამუშაოს შესრულებასთან. დავალებისა და საკუთრების მინდობის ხელშეკრულება ხასიათდება ერთი მთავარი საერთო თავისებურებით, კერძოდ, სამართალურთიერთობის სუბიექტი სხვა მესამე პირი არ არის.

 

სამართალურთიერთობა ყალიბდება ერთ შემთხვევაში საკუთრების მიმნდობსა და მინდობილ მესაკუთრეს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში - მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვე---------–-----მა 21.08.2015 წ სანოტარო აქტით ცალმხრივად გამოხატა ნება, მაი-----–-----ისთვის მიენიჭებინა კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილება.

 

აღნიშნული მინდობილობის სიტყვა-სიტყვითი, ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად, სახეზეა შერეული ტიპის გარიგება, რომელიც ქონების მართვის უფლებამოსილების მინიჭების ნაწილში წარმოადგენს საკუთრების მინდობას და შესაბამისად, ამ ნაწილის შესაბამისად განხორციელებული ქმედებები უნდა იქნეს დარეგულირებული სამოქალაქო კოდექსის 724-ე–729-ე მუხლებით.

 

თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა ეხება არა ქონების მართვის ნაწილში განხორციელებულ მოქმედებას, არამედ ქონების განკარგვასთან მიმართებით დადებულიგარიგებების ნამდვილობას.

 

შესაბამისად, წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობის კანონის შესაბამისად მოწესრიგების მიზნებისათვის მნიშვნელოვანია, ქონების გასხვისების უფლებამოსილების მინიჭების ნაწილში სამართალურთიერთობის სწორად კვალიფიკაცია. ამ მხრივ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დავალების ხელშეკრულებისა და მინდობილობის თავისებურებანი.

 

დავალების ხელშეკრულებისაგან განსხვავებით მინდობილობა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველყოფად წარმოდგენილსა და მესამე პირს შორის და ემსახურება წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურებას. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება და დავალების ხელშეკრულების დადება – ეს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალურთიერთობაა.

 

დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ცალკეული მოქმედების შესასრულებლად შეიძლება გაიცეს მინდობილობა. შეიძლება არ დაიდოს დავალების ხელშეკრულება და გაიცეს მინდობილობა, ან პირიქით - დაიდოს დავალების ხელშეკრულება და არგაიცეს მინდობილობა.

 

ამდენად, მინდობილობას შეიძლება საფუძვლად დაედოს ან არ დაედოს დავალების ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 709-ე–723-ე მუხლებით განსაზღვრული ნორმებიდან გამომდინარე, დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მარწმუნებლის მიერ ცალმხრივად გამოხატული ნება, რომელიც მიმართულია, მესამე პირთა წინაშე დაადასტუროს რწმუნებულის უფლებამოსილება. შესაბამისად, ადგილი აქვს მინდობილობის საფუძველზე წარმოშობილ სამართლაურთიერთობას, რომელიც წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103–ე-114-ე მუხლებით.

 

დასახელებული ნორმების შესაბამისად, მარწმუნებლის მიერ გამოხატული ნება, წარმომადგენელმა მისი სახელით განახორციელოს გარკვეული ქმედება, წარმოშობს წარმომადგენლის შესაბამის უფლებამოსილებას.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით 21.08.2015 წ სანოტარო აქტში ნათლად არის გადმოცემული ვე---------–-----ის ნება, რომლის შესაბამისად, მან მაი-----–-----ს მიანიაჭა კუთვნილი ქონების ჯერ მის სახელზე რეგისტრაციის, ხოლო შემდეგ ნებისმიერი ფორმით განკარგვის, მათ შორის, თავის თავზე გადაფორმების უფლებამოსილება. ამგვარად ჩამოყალიბებული ნების შინაარსიდან გამომდინარე, წარმომადგენლის უფლებამოსილება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შეუზღუდავია და ვერ იქნება მიჩნეული დამოკიდებულად რაიმე სახის პირობაზე.

 

უფლებამოსილების მინიჭების ინტერესი შეიძლება გამომდინარეობდეს მარწმუნებელსა და წარმომადგენელს შორის არსებული როგორც პირადი, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომლის დადგენა არ წარმოადგენს არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტორს მინდობილობიდან გამომდინარე უფლებამოსილების შეფასებისას. არამედ არსებითია მარწმუნებლის ნების ნამდვილობა, რომლის არსებობის პირობებში ივარაუდება, რომ წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული მოქმედებები შეესაბამება მარწმუნებლის ინტერესებს. სწორედ ამგვარი პრეზუმფცია გამომდინარეობს კანონიდან, რომელიც თითქმის გაუბათილებელია და უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს სადავო ჩუქების ხელშეკრულების ფორმის დაუცველობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183–ე მუხლის მიხედვით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

 

იმავე კოდექსის 68–ე მუხლის მიხედვით გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, ხოლო 69–ე მუხლის მე–3 და მე–5 ნაწილებით გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. წერილობითი ფორმის არსებობისას გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.

 

კანონის აღნიშნული იმპერატიული დათქმა შესრულებულია, რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, რომ ხელშეკრულების ბლანკის გრაფები შეუვსებელია, რაც გარიგების ფორმის დაუცველობას ნიშნავს, ასევე ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ეს ტექნიკური საკითხია, ბლანკში შეტანილია ყველა საჭირო რეკვიზიტი და პირობა, იგი ხელმოწერილია და ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.

 

ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის პირობებში უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ქონებაზე (ან მის ნაწილზე) უფლების მიღების შესახებ მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328–ე მუხლის 1–ლი ნაწილის მიხედვით სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

სადავო ბინა მამკვიდრებლის სამკვიდროში არ შედის, რადგან მას არ ეკუთვნოდა სიკვდილის მომენტისათვის და მის მემკვიდრეს არ შეიძლება რაიმე პრეტენზია ჰქონდეს მოსარჩელესთან მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 150 ლარი დარჩეს სახ.ფო ბიუჯეტის სესაბამის ანგარიშზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 26.06.2018 წ განჩინებით ყადაღა დაედო მაი-----–-----ის (პ/ნ 19001026537) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ს/კ 43.31.55.599.01.0-- მდებარე ქ.ზუგდიდი, კოსტავას ქ.N5.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

3. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 26.06.2018 წ განჩინებით გამოყენებული უძრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას მაი-----–-----ის (პ/ნ 19001026537) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ს/კ 43.31.55.599.01.0-- მდებარე ქ.ზუგდიდი, კოსტავას ქ.N5.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა