გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/41-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.09.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ხ------- ს--------ა
წარმომადგენელი ბელა ბერაძე
მოპასუხე რ---- ი---–----ი
წარმომადგენელი მანანა ლიპარტელიანი, ლია დორეული
დავის საგანი ალიმენტის გაზრდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რ---- ი---–----ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2001 წლის 18 სექტემბერს დაბადებული ე–--- ი---–----ის და 2004 წლის 5 ივნისს დაბადებული ა-----– ი---–----ას სარჩენად 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის 70-70 ლარის გაზრდა და ყოველთვიურად თითოეული შვილისათვის ალიმენტის 200 ლარის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. მშობლები 2006 წლიდან განქორწინებული არიან და ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაკისრებული აქვს შვილების სარჩენად ალიმენტის 70-70 ლარის გადახდა, რაც ბავშვების რჩენისათვის საკმარისი არ არის. მოსარჩელე არასერთიფიცირებული პედაგოგია, აქვს მცირე ხელფასი, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში მოხუც დედასთან ერთად. დაკისრებული ალიმენტის თანხა ამჟამად არსებული ზოგადი ცხოვრების დონის გათვალისწინებით მცირეა. მოპასუხე ცხოვრობს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში, მისი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, შეიძინა ავტომობილი, რომელსაც ტაქსით მომსახურებისთვის იყენებს და იღებს შემოსავალს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში არ ცნო სარჩელი, ხოლო მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა ალიმენტი გაიზარდოს და საბოლოდ დაეკისროს 80-80 ლარის გადახდა. მოპასუხის განმარტებით, მას არა აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ყოველთვიურად 200-200 ლარი გადაიხადოს ალიმენტის სახით. მან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და სახლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ გარდაბანში და რაიმე სასოფლო-სამეურნეო მოსავალი არ მოჰყავთ. მან შეიძინა ავტომობილი, რომლითაც ტაქსაობდა, მაგრამ იგი ვალების გამო გაყიდა. მან შექმნა მეორე ოჯახი, სადაც ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი - 2008 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ელლადა ი---–----ა, 2010 წელს დაბადებული ელიზა ი---–----ა და 2014 წლის 22 აგვისტოს დაბადებული იაშარ ი---–----ი. ხარჯები მათი რჩენისთვისაც უნდა გაიღოს, რის გამოც ყოველთვიურად 400 ლარს ვერ გადაიხდის.
(11.09.2018წ და 21.09.2018წ სხდომის ოქმები CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. ხ------- ს--------ა და რ---- ი---–----ი განქორწინდნენ 2006 წლის 22 დეკემბერს. მათი შვილები ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე ხ------- ს--------ასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)
- განქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 13. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 38-40. ტომი 1)
3.1.2. ხ------- ს--------ა დასაქმებულია საჯარო სკოლაში პედაგოგის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასია 300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 38-40. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (21.09.2018წ და 28.09.2018წ სხდომის ოქმები CD დისკი)
3.1.3. რ---- ი---–----ს ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. იგი შემოსავალს იღებს ტაქსით მომსახურების საქმიანობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 38-40. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (11.09.2018წ და 21.09.2018წ სხდომის ოქმები CD დისკი)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ხ------- ს--------ას და რ---- ი---–----ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.
დაბადების მოწმობების თანახმად, 2001 წლის 18 სექტემბერს დაბადებულია ე–--- ი---–----ი, ხოლო 2004 წლის 5 ივნისს დაბადებულია ა-----– ი---–----ა. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ხ------- ს--------ა მამა – რ---- ი---–----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლი (ს.ფ. 14-15. ტომი 1).
3.2.2. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გაიზარდა 2007 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით რ---- ი---–----ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 30-30 ლარი და მოპასუხეს დაეკისრა ეჯე ი---–----ისა და ა-----– ი---–----ას სარჩენად 70-70 ლარის გადახდა.
გარდაბნის რაიონულ სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ხ------- ს--------ას სარჩელი. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის ოდენობა 30-30 ლარი გაიზარდა და რ---- ი---–----ს დაეკისრა თითოეულ ბავშვზე, ეჯე ი---–----ისა (დაბ, 18,09.2001წ) და ა-----– ი---–----ას (დაბ. 05.06.2004წ) სასარგებლოდ ყოველთვიურად 70-70 ლარის გადახდა 2011 წლის 1 თებერვლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 16. ტომი 1).
3.2.3. 2011 წლის შემდეგ რ---- ი---–----ის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ასევე შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობა, მას შეეძინა მე-5 შვილი.
მოსარჩელე რ---- ი---–----ისათვის დაკისრებული ალიმენტის გაზრდას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, მან საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება, ცხოვრობს მისივე საკუთრებაში არსებულ სახლში და შეიძინა ავტომობილი, რომელსაც იყენებს ტაქსით მომსახურებისათვის. მოსარჩელის განმარტებით, თავად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, რ---- ი---–----ის საკუთრებად აღრიცხულია ქალაქ გარდაბანში 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა კოდი 8-----------. მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია 2012 წლის 3 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, უძრავი ქონება მოპასუხემ მიიღო მემკვიდრეობით და იგი ნასყიდობის ხელშეკრულებით არ შეუძენია. მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მხარეთა განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგაც მოპასუხე ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახის წევრებთან ერთად. ამდენად, მოპასუხე ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ სახლში.
საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით დასტურდება, რომ მოპასუხეს ჰყავს 5 არასრულწლოვანი შვილი, სამი შვილი მას შეეძინა მეორე ქორწინებიდან. კერძოდ, მას და ნახიდა ელჩუევას ჰყავთ სამი შვილი: 2008 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ელლადა ი---–----ა, 2010 წლის 26 დეკემბერს დაბადებული ელიზა ი---–----ა, 2014 წლის 22 აგვისტოს დაბადებული იაშარ ი---–----ი. ამდენად, 2011 წელს ალიმენტის განსაზღვრის შემდეგ მოპასუხეს შეეძინა მე-5 შვილი, რომელიც ამჟამად არის 4 წლის ასაკის.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში ბავშვებთან და მოხუც, პენსიონერ დედასთან ერთად. ამ გარემოების საწინააღმდეგო კონკრეტული ფაქტი მოპასუხეს არ მიუთითებია. მან არ უარყო ეს გარემოება, საწინააღმდეგო გარემოება არ მიუთითა, რის გამოც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ბავშვებთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 დეკემბრის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ რ---- ი---–----ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება - მერსედეს ბენც E 200, გამოშვების წელი - 1996, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. სახ. ნომერი A--------. სატრანსპორტო საშუალება რ---- ი---–----ის საკუთრებად რეგისტრირებულია 2015 წლის 14 იანვრიდან.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ამ სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, რომლის თანახმად, 2018 წლის 31 ივლისიდან ავტომობილი რეგისტრირებულია ელჩინ გასანოვის სახელზე. მოპასუხის განმარტებით, მან 2018 წლის ივლისში გაყიდა ავტომობილი რ---- ი---–----ზე, რადგან ჰქონდა გასასტუმრებელი ვალი, თუმცა ავტომობილის გაყიდვის შესახებ მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან, არ უარყო, რომ ელჩინ გასანოვი არის მისი მეუღლის ნათესავი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 51-53. ტომი 1).
- მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 22. ტომი 1).
- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ასლი (ს.ფ. 72-73. ტომი 1).
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს 40-40 ლარით და მოპასუხეს დაეკისროს 110-110 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1234-ე, 1245-ე მუხლები.
გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეამციროს ამ გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
ამ ნორმების შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების შემდეგ შეიცვალა მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. კერძოდ, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან 2015 წელს შეიძინა ავტომობილი, რომელსაც იყენებდა შემოსავლის მისაღებად, იყენებდა ტაქსით მომსახურებისათვის. 2011 წელს მოპასუხეს საკუთრებაში ავტომობილი არ ჰქონდა. ავტომობილის შეძენის ფაქტი ადასტურებს, რომ მოპასუხეს 2011 წლის შემდეგ ჰქონდა ავტომობილის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა, რაც მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
ამასთან, მოპასუხე დაოჯახებულია, მას ჰყავს მეუღლე და მეორე მეუღლესთან ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. მე-5 შვილი მას შეეძინა 2011 წლის შემდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის შეცვლის საფუძვლები, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლობით დადგენილი ბავშვის უფლებები და ალიმენტის განსაზღვრისათვის დადგენილი პრინციპები და ნორმები, რადგან ალიმენტის შეცვლაც ბავშვის რჩენის ინტერესებს ემსახურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმა ადგენს მშობლების ვალდებულებას იზრუნონ შვილების აღზრდაზე, მათ გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნას ალიმენტის ოდენობის გონივრულობის განმსაზღვრელი გარემოებები.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ არასრულწლოვანი შვილებისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შვილის რჩენის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური პირობებისა და შრომისუნარიანობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური პირობების შეცვლის კვალობაზე. ამასთან, ალიმენტის გაზრდის საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური პირობები.
ალიმენტის შეცვლის საკითხის განხილვისას ასევე გასათვალისწინებელია, უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობა არის თუ არა იგი საკმარისი ბავშვის რჩენისათვის. ამ შემთხვევაში რ---- ი---–----ს დაკისრებული აქვს ალიმენტი 2011 წელს, ხოლო ალიმენტის ოდენობაა თვეში 70 ლარი თითოეული შვილისათვის, შესაბამისად ორივე შვილისათვის გადასახდელი ალიმენტია თვეში საერთო ჯამში 140 ლარი. ამჟამად, ედჯე ი---–----ი არის 17 წლის, ხოლო ა-----– ი---–----ა 14 წლის. დაკისრებული ალიმენტის ოდენობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს. შვილები არიან 14 და 17 წლის ასაკის, მათ კვების და სამოსით უზრუნველყოფის გარდა ესაჭიროებათ სწავლისათვის ხარჯების გაწევა, წიგნების და სწავლისათვის საჭირო ნივთების შეძენა, რის გამო მათი რჩენისათვის საჭირო ხარჯები გაზრდილია. ამ ხარჯების ანაზღაურებისათვის ასევე არ არის საკმარისი ის თანხა, რომლის ფარგლებში ალიმენტის გაზრდაზე თანახმაა მოპასუხე, რადგან 80 ლარამდე ალიმენტის გაზრდა ნიშნავს უმნიშვნელოდ ალიმენტის გაზრდას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისთვის ყოველთვიურად 80-80 ლარის ალიმენტის დაკისრება არაგონივრული ფულადი ვალდებულების დაკისრება იქნება. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ 2011 წლის შემდეგ, 2015 წელს შეიძინა ავტომობილი, რომელსაც ტაქსით მომსახურებისთვის იყენებდა და ამ გზით იღებდა შემოსავალს. მოპასუხის მატერიალურ სიდუხჭირეს არ ადასტურებს ის გარემოება, რომ ამჟამად ავტომობილის მესაკუთრე შეცვლილია. მოპასუხის განმარტებით მან ავტომობილი გაყიდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ავტომობილი მოპასუხემ გაყიდა რაიმე განსაკუთრებული ოჯახური ან პირადი საჭიროების გამო. სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლების ფინანსური ვალდებულებები ალიმენტის ოდენობისათვის განმსაზღვრელი არ არის, რადგან ამის გამო მშობლების ვალდებულებები არ მცირდება. ფინანსური ვალდებულებები არის ადამიანის ყოფისათვის ჩვეულებრივი ვალდებულებები, რომელიც მშობელს როგორც ქორწინების, ისე განქორწინების შემდეგაც შეიძლება გააჩნდეს. მაგრამ, ეს ვალდებულებები ქორწინების პერიოდშიც და განქორწინების შემდეგაც შვილების რჩენის საკითხში მშობლების პასუხისმგებლობას არ ამცირებს. როგორც წესი, მშობლების მიერ თანხის სესხად მიღება ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ოჯახის, შესაბამისად შვილების კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება, რის გამოც ასეთი ვალდებულებების არსებობა შვილების მიმართ მშობლების ფინანსურ ვალდებულებებს არ ამცირებს.
მოპასუხე მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის დასტურად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ კმაყოფაზე ჰყავს მეორე მეუღლესთან შეძენილი 3 არასრულწლოვანი შვილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის მატერიალურ უზრუნველყოფაზე მთავარი პასუხისმგებლები არიან მისი მშობლები. მოპასუხეს თანაბრად ეკისრება შვილების რჩენის ვალდებულება და არა მხოლოდ მასთან მცხოვრები ბავშვისათვის უფრო მეტი მატერიალური დახმარების აღმოჩენაა მისი მოვალეობა. მოპასუხის მიერ მეორე ოჯახის შექმნა არ ახდენს გავლენას მოპასუხის ვალდებულებაზე შვილების მატერიალური უზრუნველყოფის საკითხში, რადგან ბავშვების რჩენა არის მშობლების ძირითადი ვალდებულება, რომლისგან პირი თავისუფლდება ან ვალდებულება მცირდება მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.
ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პიროვნება, მას არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იგი არ არის სოციალურად დაუცველი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი და გაიღოს შვილების რჩენისათვის აუცილებელი თანხა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის 110-110 ლარის დაკისრება მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შესაბამისი თანხაა, ხოლო ბავშვებისათვის ამ თანხის გადახდა მათი სწორი აღზრდისათვის აუცილებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის და ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა ორივე მშობლის ვალდებულებაა და მათ თავიანთი უნარების მიხედვით ევალებათ უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისათვის შესაფერისი გარემო, დაეხმარონ მათ მატერიალურად.
ალიმენტის განსაზღვრის საკითხში უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უფლებას, რადგან ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა და არა ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. მშობლის მიერ შვილის რჩენის ვალდებულება განსაზღვრულია ასევე ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით, შესაბამისად, რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე.
ალიმენტის, როგორც განსაკუთრებული ქონებრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით, ალიმენტის გადახდა იწყება სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან (1234-ე მუხლის), ასევე ის პრინციპი, რომლის მიხედვით დასაშვებია წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება სარჩელის საფუძველზე. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე ბავშვის რჩენის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კანონი ითვალისწინებს ალიმენტის დაკისრებას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე განვლილი დროისათვის, ხოლო მისი გადახდის ვალდებულება ძალაშია ბავშვის სრულწლოვანებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ბავშვის ის მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მშობლების ერთად ყოფნის დროს ექნებოდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვის უფლებების კონვენციის საფუძველზე არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება მშობლებს ეკისრებათ მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად, რაც გულისხმობს მშობლების მატერიალური შესაძლებლობის კვალობაზე ამ მოვალეობის დაკისრებას. მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვების აღზრდის პირობები არ უნდა გაუარესდეს, შეძლებისდაგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბავშვის აღზრდის ის პირობები, რაც მშობლების ერთად ცხოვრების პირობებში ექნებოდა, თუკი არ არსებობს ამის გამომრიცხავი რაიმე განსაკუთრებული, საპატიო გარემოება (ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, მატერიალური სიდუხჭირე და ა.შ.).
კონვენციის დებულება, რომლითაც მშობლებს მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად ეკისრებათ შვილების რჩენა, არ ნიშნავს მშობლისათვის ბავშვის რჩენაში საშეღავათო პრინციპის დადგენას. ამ დებულებით კონვენცია აღიარებს იმ გარემოებას, რომ ყოველი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და სწორედ თითოეული ოჯახის ქონებრივ შესაძლებლობების კვალობაზე უნდა განისაზღვროს რჩენის ვალდებულება. ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის უფლებებს შეეხება, შესაბამისად, მშობლებისგან მატერიალური დახმარების მიღება ბავშვის უფლებაა, კონვენცია ბავშვის ამ უფლების დაცვას ავალდებულებს მშობლებს, სახელმწიფოს და კონვენციის მიზანი არ არის მშობლებისათვის ამ საკითხში შეღავათის დადგენა. კონვენციის ამავე ნორმით (27-ე მუხლი) აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის ყოველთვიურად 200-200 ლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან იგი სტაბილურად დასაქმებული არ არის, ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. ამასთან, მოსარჩელეც არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პიროვნება, იგი დასაქმებულია, მართლია აქვს მცირე ხელფასი, მაგრამ იგი არ განიცდის სოციალური გაჭირვებას, შესაბამისად, შეუძლია შვილების რჩენისათვის თანხის გაღება. აღნიშნული გარემოებების გამო, მოპასუხისათვის 200-200 ლარის, საერთო ჯამში ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრება არაგონივრულად მაღალი თანხაა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობაა 110-110 ლარის დაკისრება. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ უფროსი შვილი არის 17 წლის, მისთვის ალიმენტის გადახდა და მის რჩენაში მონაწილეობა მშობლებს ეკისრებათ 18 წლის ასაკამდე. შესაბამისად, მითითებული თანხით გაზრდილი ალიმენტის გადახდა მოპასუხეს არ ეკისრება ხანგრძლივი ვადით, რაც ასევე ამ ოდენობით ალიმენტის გონივრულობისათვის გასათვალისწინებელი გარემოებაა.
გაზრდილი ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან – 2018 წლის 4 იანვრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, რის გამოც ამ საქმეზე სახელმწიფო ბიუეჯტში სახელწიფო ბაჟის გადახდა ეკისრება მოპასუხეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ქვეპუნქტის თანახმად, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელში დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი გაიზარდა 40-40 ლარით, რის გამოც დაკმაყოფილებული მოთხოვნის სარჩელის ფასი არის 960 ლარი. ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა 100 ლარი ნახევრდება და შეადგენს 50 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხემ ცნო სარჩელი ალიმენტის ჯამურად 20 ლარით გაზრდის ნაწილში, რაც არის ალიმენტის გაზრდილი ოდენობის 25%. სახელმწიფო ბაჟის 25% არის 12,5 ლარი, რომლის გადახდისგან თავისუფლდება მოპასუხე. შესაბამისად, მან სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი 37,5 ლარი.
სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ხ------- ს--------ას სარჩელი;
1.1. რ---- ი---–----ისათვის არასრულწლოვანი შვილების 2001 წლის 18 სექტემბერს დაბადებული ე–--- ი---–----ის და 2004 წლის 5 ივნისს დაბადებული ა-----– ი---–----ას სარჩენად 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდოს და რ---- ი---–----ს დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის თითოეული შვილისათვის 110-110 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 4 იანვრიდან;
2. რ---- ი---–----ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 37,5 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 8დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი