განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100114593439
საქმე №1-1057/14
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა----–----–---------ს
ბრალდებულის _ ლ---- ზ----ის
ადვოკატის _ პ------–----ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171230614003 საქმე
ბრალდებულ ლ---- ზ----ის მიმართ
მამის სახელი: ა-----–-
დაბადებული: 15.03.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: ქ. ბ------------------------------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი - პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
ლ---- ზ----ე მეტი შემოსავლისა და სარგებლის მიღების მიზნით, ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–------------ში მდებარე, იჯარით აღებული სასტუმროს შენობას, 2014 წლის მაისიდან 2014 წლის 29 ივნისამდე სისტემატიურად გადასცემდა პროსტიტუციისათვის.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- ზ----ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
სასამართლომ დაადგინა:
3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ლ---- ზ----ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ლ---- ზ----ემ ჩაიდინა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4. მოწმე ჯ-------–-----ემ, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლოს განუმარტა, რომ 2014 წლის 23 ივნისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ლ---- ზ----ეს მფლობელობაში გააჩნია სამსართულიანი შენობა ქ. ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, სადაც გახსნილი აქვს კაფე-ბარი და სასტუმრო "ლ----". ზ----ე დანაშაულებრივ კავშირშია ბარმენთან თ-----------ესთან. ისინი იყენებენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, რომლებიც ბარში შესულ მამაკაცებს ახარჯინებენ თანხას, შემდეგ კი მიყავთ ამავე შენობის მეორე და მესამე სართულზე განთავსებულ სასტუმრო "ლ----ში", სადაც ამყარებენ სქესობრივ კავშირს.
5. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ მუშამბაძემ იმავე დღეს პატაკით აცნობა პოლიციის მესამე განყოფილების ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც საქმეზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლით.
6. მოწმე ქ--------–-----ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ 2013-2014 წლებში მიმტანად მუშაობდა ქ. ბათუმში ზ-----–-–---–---------ში მდებარე ბარში, რომელსაც ფლობდა თ-----------ე. აღნიშნულ ბარში ყოველდღიურად იკრიბებოდნენ მეძავები, მოდიოდნენ მამაკაცები, ბარშივე ურიგდებოდნენ სექსუალური მომსახურების თანხაზე და გადიოდნენ ბარიდან, მიდიოდნენ გვერდით მდებარე სასტუმრო "ლ----ში", რომლის მფლობელი ლ---- ზ----ე იყო. ბარი და სასტუმრო ერთ შენობაში ფუნქციონირებდა, თუმცა იზოლირებული იყო ერთმანეთისგან და ცალკე შესასვლელები ჰქონდა. არ დაუნახავს ლ---- ზ----ეს თავისი ინიციატივით წაეყვანა მეძავი და მისი თანმხლები მამაკაცი თავის სასტუმროში.
7. მოწმე ზ----------------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად, ზ-----–-–---–------ში განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა კაფე-ბარი და სასტუმრო, სახელწოდებით "ლ----". კაფე-ბარიდან, ასევე მის წინ მდებარე ტერიტორიიდან მეზობლებს ხშირად აწუხებდა ხმაური, ბარში იკრიბებოდნენ მეძევები და თურქი მამაკაცები, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ, ხმაურობდნენ და არ აძლევდნენ მეზობლებს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ამიტომ შეწუხებულებმა შეადგინეს ერთობლივი განცხადება და მიმართეს პოლიციას რეაგირებისთვის. ამის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. რაც შეეხება სასტუმროს, მისი მფლობელი იყო ლ---- ზ----ე, მის კავშირზე იმ სიტუაციასთან, რომელიც აწუხებდათ მეზობლებს და განცხადების დაწერის საფუძველი გახდა, არაფრის თქმა შეუძლია, მისი აზრით, მეძავს და მის თანმხლებ მამაკაცს ნებისმიერ სასტუმროში შეუძლია შესვლა და სად წავლენ მათი გადასაწყვეტია.
8. მოწმე ა-------------–--ემ განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე. მათი სახლის მეზობლად ზ-----–-–---–------ში განთავსებული იყო კაფე-ბარი და სასტუმრო "ლ----". ეს ორი ობიექტი მდებარეობდა ერთ შენობაში, მაგრამ იზოლირებულად, ცალკე შესასვლელებით. ბარში იკრიბებოდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, მოურიდებლად ყველას გასაგონად ვაჭრობდნენ მამაკაცებთან სექსუალური მომსახურების თანხაზე, ბარიდან სად მიდიოდნენ არ იცის, სასტუმრო "ლ----ში" რა ხდებოდა არ იცის.
9. მოწმე მ---------–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2014 წელს ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–------ში. მეზობლად, N--ში მდებარეობდა სასტუმრო და მის გვერდით კაფე-ბარი. არ აქვს ინფორმაცია ვინ იყო ბარის, ან სასტუმრო მფლობელი. ხედავდა, რომ ბარში შედიოდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, იყო ხმაური, ხან ჩხუბი, ხმამაღალი ვაჭრობა მამაკაცებთან სექსუალური მომსახურების თანხაზე. ამიტომ მეზობლებმა დაწერეს ერთობლივი განცხადება და მიმართეს პოლიციას. მიზანი იყო მოგვარებულიყო ბარის პრობლემა და არა სასტუმროსი, სასტუმრო მეზობლებს არ აწუხებდა, რა ხდებოდა სასტუმროში არ იცის, სად მიდიოდნენ მეძავები მამაკაცებთან ერთად ბარიდან გამოსვლის შემდეგ, არ იცის.
10. მოწმე ლ------------ემ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ოჯახთან ერთად ზუბალაშვილის ქუჩაზე. ამავე ქუჩაზე N--ში ფუნქციონირებდა სასტუმრო და კაფე-ბარი. ბარში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყრიდნენ თავს, რომლებიც გამომწვევად იქცეოდნენ, ვაჭრობდნენ კლიენტ მამაკაცებთან სექსუალური მომსახურების ფასზე, შემდეგ კი ადიოდნენ სასტუმრო "ლ----ში", სასტუმროში როგორ ხდებოდა ნომრის აღება, ადგილი ჰქონდა თუ არა რაიმე გარიგებას მის მფლობელთან - არ იცის.
11. მოწმე ქ----------------–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ ისიც ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის და სასტურმო "ლ----ს" მეზობლად ცხოვრობდა. ბარის მფლობელი იყო ქალი, სახელად თ--, გვარი არ იცის, სასტუმროს კი ლ---- ზ----ე ფლობდა. ბარში იკრიბებოდნენ მეძავი ქალები, იყო ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, ხან ჩხუბი, მამაკაცებთან ხმამაღალი ვაჭრობა სექსუალური მომსახურების თანხაზე. მეზობლებმა არაერთხელ მოუწოდეს ბარის მფლობელ თ--ს შეწყვეტილიყო ეს ყოველივე და მისცემოდათ მეზობლებს მშვიდი ცხოვრების საშუალება, მაგრამ ამაოდ. ბარიდან გამოსული ქალები და მამაკაცები ადიოდნენ სასტუმრო "ლ----ში". ვარაუდობს, რომ იყო სასტუმროს მფლობელ ლ---- ზ----ესა და ამ ქალბატონებს შორის გარიგება, თუმცა კონკრეტულად არაფრის თქმა შეუძლია, ფაქტს, რომელიც ასეთ ვარაუდს დამაჯერებელს გახდიდა, არ შესწრებია.
12. მოწმე ნ------------–--–მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2013 წელს ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–---------ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც მისი მეუღლის გ-------------------ის სახელზეა რეგისტრირებული, იჯარის ხელშეკრულებით გადასცა ლ---- ზ----ეს. აღნიშნულ ფართში გახსნილი იყო სასტუმრო, მის გვერით მდებარეობდა კაფე, რომელიც ნაქირავები ქონდა თურქ მამაკაცს, თუმცა ქართველი ქალი ამუშავებდა. კაფე იყო ცალკე ფართში, სასტუმრო - ცალკე. იცის, რომ 2014 წელს პოლიციის თანამშრომლებმა რეიდი მოაწყეს და აღნიშნული სასტუმრო შეამოწმეს, როგორც შეიტყო, ხმაურით შეწუხებულ მეზობლებს შეუტანიათ საჩივარი პოლიციაში, რასაც მოყვა ზემოაღნიშნული რეიდი. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.
13. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე გ-------------------ემ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში, რომელიც სადავოდ არ გაუხდიათ მხარეებს.
14. მოწმე გ-------------------ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ლ---- ზ----ემ 2013 წლის მაისში ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–------------ში მდებარე, ჯ-------ის კუთვნილი უძრავი ქონებიდან, იჯარით აიღო 172,74 კვ.მ. ფართი.
15. საქმის არსებითი განხილვისას მოწმე ა-----------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2014 წლის 14 მაისს ტოტალიზატორში მოიგო სოლიდური თანხა და გადაწყვიტა გასართობად წასვლა. იცოდა, რომ ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე ბარში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იკრიბებოდნენ, ამიტომ მივიდა ამ ბარში, გამომწვევად ჩაცმული ქალებიდან ერთ-ერთი აარჩია, შეუთანხმდა სექსუალური მომსახურების ფასზე და შესთავაზა სხვა სასტუმროში წასვლა, მაგრამ ქალმა სასტუმრო "ლ---- " არჩია, ახლოსაა და ჩვენ აქ დავდივართო. გვერდით კარში შევიდნენ, მაშინ ნახა პირველად ლ---- ზ----ე, რომელმაც ნომრის ფული გამოართვა, სასტუმროს ჟურნალში გაატარა მისი მონაცემები და ნომრამდეც მიაცილა. ამ ფაქტიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიტყო, რომ პროსტუტუცია ისჯებოდა, შეშინდა თავადაც არ დასჯილიყო, რადგან ამ საქმიანობაში ჩართულ ქალებთან ჰქონდა ურთიერთობა, ამიტომ გადაწყვიტა მოეხადა მოქალაქეობრივი ვალი. 26 ივნისს მივიდა პოლიციის განყოფილებაში, თანამშრომლებს აუხსნა მისვლის მიზეზი, უთხრა, რომ მზად იყო მათთან თანამშრომლობისთვის, აჩვენა ფული, რომელიც თან ჰქონდა და აპირებდა მის დახარჯვას მეძავ ქალებთან. პოლიციელებმა დაათვალიერეს ფულის კუპიურები, შეადგინეს ოქმი, ფული დაუბრუნეს, რის შემდეგაც ისევ წავიდა იმავე ბარში, გაურიგდა მეძავ ქალს სექსუალური მომსახურების თანხაზე. ამ უკანასკნელის მითითებით სექსუალური კავშირის დასამყარებლად ისევ სასტუმრო "ლ----ში" შევიდნენ, ისევ ლ---- ზ----ეს გადასცა ნომრის თანხა, ამ უკანასკნელმა მიაცილა ნომრამდე. მალე პოლიციის თანამშრომლებიც შევიდნენ სასტუმროში და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.
16. საქმის მასალებში წარმოდგენილია ა-----------------ის ხელწერილი, რომლის თანახმად, 2014 წლის 29 ივნისს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელთან ნებაყოფლობით წარადგინა ფულადი კუპიურები და განაცხადა თანხმობა მათ დათვალიერებაზე.
17. 2014 წლის 29 ივნისის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ც-–--–--ემ დაათვალიერა ა-----------------ის მიერ წარდგენილი შვიდი ცალი ოცლარიანი და ერთი ცალი ათლარიანი კუპიურა, სულ 150 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნდა ფარტენაძეს.
18. მოწმე რ----–-- ც-–--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2014 წლის ივნისში გასართობად მივიდა ზუბალაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში, სადაც ბარიც იყო. ბარში მსუბუქი ყოფაქცევის ქალს შეუთანხმდა სექსუალური მომსახურების თანხაზე, ქალის განმარტებით, ამ თანხაში არ შედიოდა სასტუმროს ნომრის თანხა და მის დაკლებაზე სასტუმროს მფლობელს ლ----ს დალაპარაკებოდა. ლ----მა თანხა მართლაც დაუკლო. გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიგო, რომ პროსტიტუციაში ჩართულ ქალებთან ურთიერთობა "საშარო საქმე" ყოფილა, ამიტომ წავიდა პოლიციაში, აუწყა ასეთ ქალებთან კავშირის შესახებ და პოლიციასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. აჩვენა ფულადი თანხა, რომელიც მეძავ ქალებთან ურთიერთობისთვის ჰქონდა გამიზნული. თანხა დაათვალიერეს პოლიციის თანამშრომლებმა და დაუბრუნეს ისევ უკან. პოლიციიდან იმავე ბარში წავიდა, გაურიგდა მეძავს სექსუალური მომსახურების თანხაზე და ისევ სასტუმრო "ლ----ში" წაიყვანა, ლ---- ზ----ე სასტუმროში იმყოფებოდა და ესაუბრა ქალთან ერთად სასტუმროში შესულს.
19. საქმის მასალებში წარმოდგენილია რ----–-- ც-–--–--ის ხელწერილი, რომლის თანახმად, 2014 წლის 29 ივნისს, პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებელთან ნებაყოფლობით წარადგინა ფულადი კუპიურები და განაცხადა თანხმობა მათ დათვალიერებაზე.
20. 2014 წლის 29 ივნისის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ა-----ემ დაათვალიერა რ----–-- ც-–--–--ის მიერ წარდგენილი შვიდი ცალი ოცლარიანი და ერთი ცალი ათლარიანი კუპიურა, სულ 150 ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნდა ც-–--–--ეს.
21. მოწმე ც----------------მ სასამართლოს განუმარტა, რომ დაკავებულია პროსტიტუციით, დადის ბათუმში მდებარე სხვადასხვა კაფე-ბარში, ხვდება კლიენტ მამაკაცებს, ურიგდება ფასზე და დადის სხვადასხვა სასტუმროში ამ მამაკაცთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად. ლ---- ზ----ე მხოლოდ ფიზიკურად ყავს ნანახი, არ იცნობს და შესაბამისად, არანაირი გარიგება არ ჰქონია მასთან, რომ მის სასტუმროში მიიყვანდა მამაკაცებს და ამით სარგებელს ნახავდა თავადაც და ზ----ეც.
22. მოწმე მ----------–-----–---–მა საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს განუმარტა, რომ დაკავებულია პროსტიტუციით. ძალიან ხშირად დადიოდა მამაკაცებთან ერთად ლ---- ზ----ის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "ლ----ში", ევაჭრებოდა და იაფად ქირაობდა ნომერს ლ----ისგან, ხან 20, ხან 30 ლარად. სხვა გოგონებიც ხშირად სტუმრობდნენ ამ სასტუმროს მამაკაცებთან ერთად და ცხადია, ლ----ისთვის იყო ცნობილი რითი აპირებდნენ ისინი დაკავებულიყვნენ სასტუმროს ნომრებში. სასტუმროში პოლიციის შესვლის დროსაც იმყოფებოდა მამაკაცთან ერთად სასტუმრო "ლ----ს" ერთ-ერთ ნომერში, ამის შემდეგ კი აღარ მისულა.
23. მოწმე მ-----------–--–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ დაკავებულია პროსტუტუციით. ყოველდღიურად მიდიოდა ზ-----–-–---–------ში მდებარე კაფე-ბარში, სადაც შედიოდნენ მამაკაცები, ურიგდებოდა მათ სექსუალური მომსახურების თანხაზე და შემდეგ მიდიოდნენ სხვადასხვა სასტუმროებში. ეს სასტუმროები მდებარეობდა პუშკინის ქუჩაზე, გონიოს დასახლებაში, ასევე სტუმრობდნენ "რედისონს", "ლეოგრანდს" და სხვა სასტუმროებს, იმის მიხედვით თუ სად ჰქონდა ნომერი აღებული მამაკაცს. ბარის გვერდით მდებარეობდა სასტუმრო "ლ----", მაგრამ სიახლოვე არ ნიშნავს იმას, რომ ამ სასტუმროში უფრო ხშირად შედიოდა, ვიდრე სხვაგან. თუ მამაკაცი ნომერს "ლ----ში" აიღებდა, იქ შევიდოდა, თუ არა სხვაგან წავიდოდნენ. იმ დღეს, როდესაც პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა, სასტუმრო "ლ----ს" ნომერში იმყოფებოდა მამაკაცთან ერთად, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ მამაკაცმა აარჩია ეს სასტუმრო და არა თვითონ. სულ "ლ----ში" 3-4-ჯერ იქნება ნამყოფი, ლ---- ზ----ეს არ იცნობს, მხოლოდ დაუნახავს რამდენჯერმე. არ ადასტურებს ფაქტს იმისას, რომ ამ სასტუმროში მეძავი ქალები დადიოდნენ და გადაცემული იყო პროსტიტუციისთვის, არანაირი გარიება სასტუმროს მფლობელთან არ ქონია, არც სხვა ქალებისგან სმენია მსგავსი რამ. სასტუმროს დანიშნულება კლიენტის მომსახურებაა და თუნდაც იქ ქალის და მამაკაცის შესვლა არ ნიშნავს ამ სასტუმროს პროსტიტუციისთვის გამოყენებას, ხშირად უნახავს სასტუმრო „ლ----ში“ შესული ოჯახები, ბავშვებიანი წყვილები. რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, მას შემდეგ რაც სასტუმროში პოლიცია შევიდა და ყველანი განყოფილებაში გადაიყვანეს, ძალიან განერვიულებული და დათრგუნული იყო. ეგონა, რომ ოპერაციის მიზანს მეძავი ქალების დაკავება წარმოადგენდა, ვერ მიხვდა გამოძიება თუ სხვა მიმართულებით მუშაობდა და სხვა სამიზნე ჰყავდა. ამიტომ გაუცნობიერებლად მოაწერა ხელი ჩვენებას და არ დააკვირდა, რომ მასში საუბარი იყო ზ----ესთან არსებულ რაღაც გარიგებებზე, რომელიც რეალურად არ არსებობდა. ვერასოდეს დაადასტურებს ასეთი გარიგების ფაქტს, რის თაობაზეც განუცხადა კიდეც პოლიციის თანამშრომლებს შემდგომ ჯერზე პოლიციის დაწესებულებაში გამოძახებისას მისულმა, როდესაც გაეცნო თავის ჩვენებას და გააცნობიერა მასში აღწერილი გარემოებები.
24. საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნდა მოწმეების - ა-–-------------–---–ის, ე-------------ს და უ-----------------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები. აღნიშნული მოწმეები ჩვენებებში მიუთითებენ, რომ დაკავებულები არიან პროსტუტუციით, იკრიბებიან ზ-----–-–---–---------ში მდებარ ბარში, სადაც შედიან მათთან სექსუალური ურთიერთობის მსურველი მამაკაცები, ურიგდებიან მათ ფასზე და შემდეგ ადიან გვერდით მდებარე სასტუმრო "ლ----ში", სადაც ამყარებენ სქესობრივ კავშირს პარტნიორ მამაკაცებთან. სასტუმროს მფლობელია ლ---- ზ----ე, რომელთანაც შეთანხმებული არიან მეძავი ქალები, რომ სისტემატურად მის სასტუმროში შეიყვანენ კლიენტებს, სანაცვლოდ კი დაუკლებს ნომრის ქირის თანხას. ამდენად, სასტუმრო რეალურად წარმოადგენს "ბორდელს", სადაც მფლობელთან შეთანხმებით, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სისტემატურად დადიან მამაკაცებთან ერთად და ამყარებენ სქესობრივ კავშირს.
25. 2014 წლის 29 ივნისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ სასტუმრო ”ლ----" მდებარეობს ქ. ბათუმში, ზ-----–-–---–------------ში, რომლის შესასვლელის მარცხენა მხარეს იმავე შენობაში განთავსებულია კაფე-ბარი. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, სასტუმროს ნომრებში იმყოფებოდნენ ა-----------------ე და მ----------–-----–---–ი, რ----–-- ც-–--–--ე და მ-----------–--–---–ი, ასევე თურქი ეროვნების მამაკაცი მურად ოსმანი და უ-----------------. დათვალიერებისას ამოღებულ იქნა სასტუმროს ადმინისტრატორის მაგიდაზე აღმოჩენილი ფულადი თანხა და სასტუმროს წიგნი, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტებში.
26. სასტუმროს აღიცხვის ჟურნალში, რომელიც ბრალდების მხარის ერთ-ერთი მტკიცებულებაა, დაფიქსირებულები არიან სასტუმროს კლიენტები, ამასთან, აღნიშნულ საქმეზე მოწმედ დაკითხული პირებიდან მხოლოდ ც---------------- - 3 აპრილს და 4 აპრილს, მ----------–-----–---–ი და ა-----------------ე - 29 ივნისს.
27. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
29. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
30. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
31. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც: მოწმეების - ი-----–------–-----------------–----–----ის ჩვენებები, ბრალდებულ ლ---- ზ----ის ჩვენება.
32. ბრალდებულმა ლ---- ზ----ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ იჯარით ფლობდა სასტუმრო „ლ----ს“ და ხელმძღვანელობდა მის მუშაობას, თუმცა არასდროს გადაუცია სასტუმრო პროსტიტუციისთვის, არ შესულა გარიგებაში მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან. სასტუმრო საკმაოდ პატარაა, სულ რვანომრიანი, შედიოდა ნებისმიერი მსურველი, მათ შორის ქართველი, უცხოელი, წყვილები, ოჯახები. ხშირად არც იმყოფებოდა სასტუმროში, სტუმრების მიღებას და მომსახურებას ადმინისტრატორი ბოლქვაძე ახორციელებდა. ყოველთვის ცდილობდა სასტუმროში დაცული ყოფილიყო სისუფთავე, სტუმრებს კარგად ეგრძნოთ თავი და არ ჰქონოდათ პრეტენზია. ვერ ხვდება რა გახდა მისთვის ბრალდების წარდგენის საფუძველი, რომ, თითქოს, სასტუმრო გადაცემული ჰქონდა პროსტიტუციისთვის და გარიგებაში იყო შესული მეძავ ქალებთან, რომლებიც სასტუმროს გვერდით მდებარე, მისგან იზოლირებულ შენობაში გახსნილ კაფე-ბარში იკრიბებოდნენ, რომელსაც სულ სხვა მფლობელი ყავდა.
33. მოწმე ირაკლი ბოლქვაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობდა სასტუმრო "ლ----ში" ადმინისტრატორად. ლ---- ზ----ე ხშირად არ იმყოფებოდა სასტუმროში. თავად ბოლქვაძე იღებდა სტუმრებს, ატარებდა ჟურნალში, ახდევინებდა ნომრის ქირის თანხას. არანაირი გარიგება არ ჰქონიათ მეზობლად მდებარე ბარში მყოფ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან. სასტუმრო იღებდა ნებისმიერ მსურველს, ვინც წარადგენდა პირადობის დოკუმენტს, დარეგისტრირდებოდა და გადაიხდიდა ნომრის მომსახურების თანხას.
34. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე მაყვალა ბეჟანიძემ, რომელიც სასტუმრო "ლ----ში" მუშაობდა დამლაგებლად.
35. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ---- ზ----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სანდო და უტყუარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
36. სასტუმრო "ლ----ს" მეზობლად მცხოვრებმა, მოწმედ დაკითხულმა პირებმა ერთხმად განაცხადეს, რომ მათ აწუხებდა ზ-----–-–---–------ში მდებარე კაფე-ბარში არსებული სიტუაცია, ერთობლივი განცხადებით პოლიციისთვის მიმართვის მიზეზი სწორედ ეს იყო. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადება, რომელზეც მოწმეებიც მიუთითებდნენ ჩვენებებში და ბრალდების მხარესაც თავისი პოზიციის დასადასტურებლად ხშირად მოყავდა მაგალითად, არ ერთვის საქმის მასალებს და გამოძიება დაწყებულია ოპერატიულად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. რაც შეეხება იმავე მისამართზე, მაგრამ ბარისგან იზოლირებულად არსებულ სასტუმრო "ლ----ს" და მის მფლობელ ლ---- ზ----ეს, ამ უკანასკნელსა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შორის რაიმე გარიგების შესახებ, რომლის შედეგი სასტუმროს შენობის პროსტიტუციისთვის გადაცემა იყო, ინფორმაციას არ ფლობენ. მოწმეთა ნაწილის განმარტებით, დაუნახავთ ბარიდან მამაკაცთან ერთად გასული მეძავი ქალი როგორ შესულა ამ სასტუმროში, ნაწილი კი მიუთითებს, რომ ბარიდან გამოსვლის შემდეგ ქალი და მამაკაცი სადღაც სხვაგან მიდიოდნენ. კონკრეტულ ფაქტს, რაც დანაშაულში ლ---- ზ----ის მონაწილეობას დაადასტურებდა, არ შესწრებიან.
37. რაც შეეხება მოწმეების - ა-----------------ის და რ----–-- ც-–--–--ის ჩვენებებს, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებით პირდაპირ ადასტურებენ ზ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას, ამ ჩვენებების ობიექტური ანალიზი გამორიცხავს მათთვის ასეთი მნიშვნელობის მინიჭების შესაძლებლობას, რადგან ისინი არ შეიცავენ კონკრეტულ ინფორმაციას ზ----ეს და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შორის არსებულ რაიმე გარიგებასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას იწვევდა. ორივე მოწმის განმარტებით 2014 წლის მაისის და ივნისის თვეში გასართობად წავიდნენ ზ-----–-–---–------ში მდებარე ბარში, სადაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იკრიბებოდნენ, მეძავებს შეუთანხმდნენ სექსუალური მომსახურებს ფასზე და სექსუალური ურთიერთობის დასამყარებლად მათი მითითებით შევიდნენ გვერდით მდებარე სასტუმრო "ლ----ში", სადაც ნომრის ფასზე შეევაჭრნენ მფლობელს ლ---- ზ----ეს, დააკლებინეს ფასი, ზ----ემ სასტუმროს ჟურნალშიც გაატარა ორივე და ააცილა ნომრამდე. საქმეს ერთვის სასტუმროს აღრიცხვის ჟურნალი, სადაც 2014 წლის მაისის თვეში ა-----------------ე, ხოლო ივნისის თვეში რ----–-- ც-–--–--ე საერთოდ არ არიან აღრიცხულნი, როგორც სასტუმროს მომსახურებით მოსარგებლე პირები. ფარტენაძე მ----------–-----–---–თან ერთად მხოლოდ 29 ივნისს, სასტუმროში პოლიციის შესვლის დღეს არის დაფიქსირებული ჟურნალში, როგორც ერთ-ერთი კლიენტი. რაც შეეხება აღნიშნული მოწმეების ჩვენებებში მითითებულ გარემოებას, რომ მეძავებთან ურთიერთობიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ გაიგეს ასეთი კავშირის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ, შეეშინდათ დასჯის, გააცნობიერეს თავისი მოქალაქეობრივი ვალდებულებები და წინასწარ მომზადებული ერთი და იგივე ოდენობის, თან საკუთარი თანხებით გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში და გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, ზუსტად ერთი და იგივე ბარში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ერთმანეთთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, - რბილად რომ ითქვას ნაკლებ დამაჯერებლად და სარწმუნოდ მიაჩნია სასამართლოს. ამასთან, თავად სიტუაცია, რომელშიც ორივე მოწმის გადმოცემით, ჰქონდათ ურთიერთობა სასტუმროს მფლობელ ზ----ესთან, არაფრით განსხვავდება სასტუმროში არსებული ჩვეული სიტუაციებისგან, რაც კლიენტის მისვლის, მისგან თანხის მიღების, ნომერში მიცილებისას ხდება.
38. საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხნენ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალებიც. მოწმე ც----------------მ არ დაადასტურა ლ---- ზ----ესთან, როგორც სასტუმრო „ლ----ს“ მფლობელთან რაიმე გარიგებაში შესვლის ფაქტი. განმარტა, რომ არც იცნობს ზ----ეს, მხოლოდ ფიზიკურად ყავს ნანახი. მოწმე მ----------–-----–---–მა განაცხადა, რომ მამაკაცებთან ერთად ხშირად დადიოდა სასტუმრო „ლ----ში“, ლ----ი უკლებდა სასტუმროს ნომრის თანხას და მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რითი იყვნენ სასტუმროს ნომრებში დაკავებული, თუმცა დეტალებთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში, როგორი პირობებით მოხდა წინასწარი გარიგება ზ----ესთან, ან საერთოდ არსებობდა თუ არა რაიმე შეთანხმება, თუ სპონტანურად, მხოლოდ შევაჭრების შემთხვევაში ხდებოდა ზ----ის მხრიდან სასტუმროს ნომრის ფასის დაკლება, მოწმეს არ უსაუბრია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასტუმროს აღიცხვის ჟურნალში მ----------–-----–---–ი ბრალდებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთში - 2014 წლის მაისსა და ივნისში, როგორც სასტუმროს კლიენტი, დაფიქსირებულია მხოლოდ ერთხელ -2014 წლის 29 ივნისს ა-----------------ესთან ერთად. რაც შეეხება ც----------------ს, ამავე ჟურნალში არსებული მონაცემების მიხედვით ის ორჯერ სტუმრობდა სასტუმრო „ლ----ს“ 2014 წლის აპრილის თვეში, შესაბამისად, ბრალდებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთში - 2014 წლის მაის-ივნისში სასტუმროში მისი ყოფნის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
39. მოწმე მ-----------–--–---–მა, რომლის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება ბრალდების მხარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენდა, სასამართლოში დაკითხვისას აბსოლუტურად გამორიცხა ლ---- ზ----ესთან ყოველგვარი კავშირი, არათუ დაადასტურა მასთან რაიმე შეთანხმების არსებობა. აღნიშნული მოწმის განმარტებით, სექსუალური კავშირის დასამყარებლად მამაკაცს მიყვებოდა იქ, სადაც ეს უკანასკნელი წაიყვანდა. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „ლ----“ იმ ბარის გვერდით მდებარეობდა, სადაც მამაკაცებთან ამყარებდა კომუნიკაციას და ურიგდებოდა სექსუალური მომსახურების თანხაზე, მხოლოდ 3-4-ჯერ არის ნამყოფი, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ მამაკაცი თავად იქირავებდა ნომერს მითითებულ სასტუმროში. ასე მოხდა 2014 წლის 29 ივნისსაც, როდესაც მამაკაცმა თვითონ აარჩია სასტუმრო „ლ----“ მასთან სქესობრივი კავშირის დასამყარებლად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თავად ძულიაშვილის და რ----–-- ც-–--–--ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ეს მამაკაცი რ----–-- ც-–--–--ე, ანუ პოლიციის თანამშრომლებთან წინასწარ შეთანხმებული პირი იყო და პირდაპირ პოლიციის განყოფილებიდან მივიდა ბარში მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ურთიერთობისთვის, რომ ამით დანაშაულის გამოვლენაში დახმარებოდა სამართალდამცავებს.
40. საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნდა მოწმეების - ა-–-------------–---–ის, ე-------------ს და უ-----------------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რომლებშიც აღნიშნული პირები საუბრობენ ლ---- ზ----ესთან არსებულ გარიგებაზე, მის მფლობელობაში არსებული სასტუმროს გამოყენებაზე პროსტიტუციისთვის და ადასტურებენ ასეთი ფაქტის რეალობას.
41. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.
42. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
43. ამდენად, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოწმის მიერ სწორედ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულს, როგორც მტკიცებულებითი ძალის მქონეს. როგორც უკვე აღინიშნა ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საქმის არსებითი განხილვისას უშუალოდ და ზეპირად გამოეკვლია ა-–-------------–---–ის, ე-------------ს და უ-----------------ს ჩვენებები.
44. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. იგივე დებულებებს შეიცავდა 481-ე მუხლი 1998 წლის 20 თებერვლის რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა, რომლის შესაბამისად ტარდებოდა გამოძიების ეტაპზე აღნიშნული საქმის მოწმეთა დაკითხვა.
45. ამდენად, კანონის მითითებული ჩანაწერი, რომელიც არსებითი განხილვისას ითვალისწინებს მოწმის მიერ სასამართლო განხილვის დაწყებამდე მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვას, მიუთითებს, რომ მხოლოდ ასეთი გზებით მიღებული ინფორმაცია ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. იმის გამო, რომ განსახილველ საქმეზე პირდაპირი მოწმეები, რომელთა ჩვენებები საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული, უშუალოდ არ დაკითხულან არსებითი განხილვისას, სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, უშუალოდ შეამოწმოს მოწმის დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო. სასამართლო პრაქტიკა იცნობს არც თუ იშვიათ შემთხვევებს, როდესაც სასამართლო განიხლვისას გამოცხადებული მოწმე, სასამართლოს აძლევს მანამდე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებულ ჩვენებას. როგორ ჩვენებებს მისცემდნენ სასამართლოს მოწმეები საქმის არსებითი განხილვისას, ამის გადამოწმება შეუძლებელია. იმ მოწმეებმა, რომელთა ჩვენებები ბრალდების მხარის პირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენდნენ და გამოცხადდნენ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში, მანამდე მიცემული ჩვენებებისგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს და განსხვავებულად აღწერეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სწორედ ამიტომ გამოქვეყნებული ჩვენებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გაუმართლებელი და კანონშეუსაბამოა .
46. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა განზრახი კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის აუცილებელია მისი ჩამდენი პირი გამიზმულად გადასცემდეს მის საკუთრებასა თუ კანონიერ მფლობელობაში არსებულ ფართს პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს, დამატებითი შემოსავლის და სარგებლის მიღების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში საუბარია სასტუმროზე, რომლის მთავარი დანიშნულება გარკვეული დროით საცხოვრებელი ფართის გაქირავებაა მსურველ პირებზე. მათ შორის შესაძლოა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სასტუმროს ნომრის დაქირავება სექსუალური კავშირის დასამყარებლად სურთ, მაგრამ, ცხადია, სასტუმროს მფლობელს თუ მომსახურე პერსონალს არ აქვს უფლება შეიჭრას ადამიანის პირად სივრცეში, ჩაერიოს მის პირად ცხოვრებაში, გამოჰკითხოს სასტუმროში დაბინავების მიზეზები ან/და გარკვეული დისკრიმინაციული მიგდომით უარი უთხრას არასასურველი მიზეზის დასახელების შემთხვევაში ნომრის მიქირავებაზე. სხვა საქმეა თუ ფაქტებით და მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება გარკვეული გარიგების სანაცვლოდ, ორივე მხარისთვის სარგებლის და შემოსავლის მიღების მოტივით კონკრეტული პირის მფლობელობაში არსებული ფართის გადაცემა პროსტიტუციის განხორციელების მიზნით. მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, როგორც უკვე აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა სასტუმროს მფლობელი ლ---- ზ----ის მიერ პროსტიტუციაში ჩართულ ქალებთან გარიგების სანაცვლოდ, მეტი შემოსავლის და სარგებლის მიღების მიზნით სასტუმრო „ლ----ს“ ნომრების გადაცემა პროსტიტუციისთვის.
47. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ლ---- ზ----ის მიერ სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
48. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
49. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
50. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
51. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
52. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
53. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
54. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
55. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ---- ზ----ის მიმართ სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილი ბრალდების დადასტურება, რის გამოც ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი.
სამართლებრივი შეფასება:
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ლ---- ზ----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, სანდო და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც სსკ-ის 254-ე მუხლით (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში ის ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
57. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - 2014 წლის 29 ივნისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო სასტუმროს წიგნი და რვეული, ასევე უნდა დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: ლ---- ა-----–-ს ძე ზ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 17 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
ლ---- ზ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, ბრალდებულ ლ---- ზ----ის მიმართ აღკვეთი ღონისძიება გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ნოდარ ზ----ის (პირადი №-----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბ--------------------------------------------------------------------------------–---------------------------------------) – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულ ლ---- ზ----ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცებები - 2014 წლის 29 ივნისს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომლიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო სასტუმროს წიგნი და რვეული - ასევე დაერთოს საქმეს, მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი