გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1327-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
3.10.2018 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე თ----- დ-----–---–ი
წარმომადგენელი თამარ კინტრაია
მოპასუხეები ც----- დ-----–---–ი
ლ------ ე------ი
წარმომადგენლები სოფიო ჩირგაძე, ჟანა უსტარაშვილი
დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ც----- დ-----–---–სა და ლ------ ე------ს შორის 2017 წლის 6 თებერვალს რუსთავში, 1------------–----------------------ს (კოდი 0------------------) გასხვისების შესახებ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
თ----- დ-----–---–ი არის ვასო დ-----–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე. ც----- დ-----–---–მა მთელ სამკვიდროზე 2010 წლის 5 ივლისს მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რომლის ბათილობის შესახებ სასამართლოს მიმართა სარჩელით. საქმის განხილვის დროს ც----- დ-----–---–მა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსარჩელეს ქონებიდან არაფერს მისცემდა და ბინას გაყიდდა. სარჩელის უზრუნველყოფა დავის დაწყებისთანავე ვერ მოითხოვეს, რადგან ქონება საჯარო რეესტრში კვლავ გარდაცვლილი მამკვიდრებლის საკუთრებად იყო აღრიცხული და ც----- დ-----–---–ის საკუთრებად მოგვიანებით აღირიცხა. სამკვიდრო დავის პერიოდში სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, თუმცა აკრძალვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს ქონება ახალი მესაკუთრის ლ------ ე------ის სახელზე იყო აღრიცხული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულება დადებულია მოჩვენებით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს სამკვიდრო ქონება რეალურად არ მიეღო და სასამართლოს მიერ მიკუთვნებული წილის რეალურად მიღება ვერ შეძლოს.
(25.09.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე რაიმე ნაცნობობა ც----- დ-----–---–სა და ლ------ ე------ს არ აკავშირებდათ. ბინის გაყიდვის შესახებ ც----- დ-----–---–ს განცხადებული ჰქონდა მაკლერებთან, რომელთა საშუალებით მას დაუკავშირდა ლ------ ე------ი. ბინა გაიყიდა 13 500 აშშ დოლარად. ბინაში გადასახდელი იყო კომუნალური მომსახურების დავალიანება, რომლის ნაწილ-ნაწილ გადახდა ლ------ ე------ის წინაშე ხელწერილით იკისრა.
ლ------ ე------მა განმარტა, რომ ქალიშვილისთვის ეძებდა რუსთავში ერთ ოთახიან ბინას, მაკლერმა შეატყობა ასეთი ბინის შესახებ და მაკლერთან ერთად დაათვალიერა სახლი. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ც----- დ-----–---–ს არ იცნობდა. ბინაში სარემონტო სამუშაოები შეასრულა და ამჟამად ბინაში მისი ქალიშვილის ოჯახი ცხოვრობს. იგი ქონების კეთილსინდისიერი შემძენია და რაიმე მოჩვენებითი გარიგება ც----- დ-----–---–თან არ გაუფორმებია.
(25.09.2018წ სასამართლო სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ც----- დ-----–---–ის მიმართ 2010 წლის 5 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა. თ----- დ-----–---–ი ცნობილი იქნა ვასო დ-----–---–ის სამკვიდრო ქონების 3/4 წილის მესაკუთრედ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ----- დ-----–---–ის სარჩელი. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს გიორგი გოლოშვილის მიერ 2000 წლის 05 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც ც----- დ-----–---–ი ცნობილი არის მამკვიდრებლის - ვასო დ-----–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ სრულად; ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს გიორგი გოლოშვილის მიერ მიღებული 2016 წლის 29 მარტის დადგენილება - სანოტარო მოქმედებების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ; თ----- დ-----–---–ი, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე ცნობილი იქნა მამკვიდრებლის - ვასო დ-----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონების ¾ წილის მესაკუთრედ.
გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2007 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა მამკვიდრებელი (მოსარჩელე თ----- დ-----–---–ის პაპა) ვასო დ-----–---–ი და გაიხსნა სამკვიდრო.
· მამკვიდრებელ ვასო დ-----–---–ის საცხოვრებელ ადგილს მის გარდაცვალებამდე წარმოადგენდა ქ. რუსთავი მე-12 მ/რ კორპუსი. 4, ბინა. N10.
· ვასო დ-----–---–მა 1995 წლის 19 ივნისის ანდერძის თანახმად, მისი კუთვნილი მთლიანი ქონება მათ შორის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. რუსთავი, მე-12 მ/რ 4-10 უანდერძა თ----- გელას ასულ დ-----–---–ს. მითითებული ანდერძი გაუქმებული არ არის.
· მოსარჩელე სამკვიდროს მიღებისთვის კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. მისი ოჯახის მიერ იქნა დასაფლავებული მამკვიდრებელი, ხოლო გასვენების შემდეგ მოსარჩელის სახლში გადაიტანეს მისი კუთვნილი საოჯახო ნივთები და წიგნები. აღნიშნული წიგნები ელაგა ყუთში. გარკვეული პერიოდის მერე მოსარჩელემ აღმოაჩინა მის მიერ დატოვებული ანდერძი.
· 2007 წლის 11 დეკემბერს, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 3 თვის ვადაში, კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა - ც----- დ-----–---–მა სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით უძრავ ქონებაზე, საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, მე----------------- მიმართა ნოტარიუს ციალა კვინიკაძეს. იმის გამო, რომ ციალა კვინიკაძის სანოტარო ბიურომ ფუნქციონირება შეწყვიტა, მისი სამემკვიდრეო საქმეების წარმოების უფლება გადაეცა გიორგი გოლოშვილს. 2010 წლის 05 ივლისს გიორგი გოლოშვილმა გასცა სამკვიდრო მოწმობა საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც ეკუთვნოდა ც----- დ-----–---–ის მამას - ვასო დ-----–---–ს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. ამ გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თ----- დ-----–---–ი არის ვასო დ-----–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე, ვასო დ-----–---–ის სამკვიდროში შედის რუსთავში მდებარე სადაო უძრავი ქონება. თ----- დ-----–---–ი დაეუფლა მამკვიდრებლის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, რის გამოც წარმოეშვა უფლებები მამკვიდრებლის სამკვიდროში არსებულ სხვა ქონებაზეც. თ----- დ-----–---–ს, როგორც ვასო დ-----–---–ის ანდერძისმიერ მემკვიდრეს მიეკუთვნა სამკვიდრო ქონების ¾ წილი, ხოლო ¼ წილი არის სამკვიდროდან ც----- დ-----–---–ის სავალდებულო წილი, რადგან იგი არის ვასო დ-----–---–ის შვილი და ანდერძის შინაარსის მიუხედავად ეკუთვნის სავალდებულო წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 119-130. ტომი 1)
3.2.2. 2017 წლის 6 თებერვალს ლ------ ე------სა და ც----- დ-----–---–ს შორის დადებული ნასყიდობით ხელშეკრულებით უძრავი ქონება რუსთავში, 1------------–-------------------- შეიძინა ლ------ ე------მა, რომელმაც ამ ხელშეკრულების საფუძველზე მფლობელობაში მიიღო ქონება და ბინით სარგებლობენ მისი ოჯახის წევრები.
2017 წლის 6 თებერვალს სანოტარო ფორმის დაცვით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ც----- დ-----–---–მა 13 500 აშშ დოლარად ლ------ ე------მა გაასხვისა რუსთავში, 1------------–----------------------ს (კოდი 0------------------).
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ლ------ ე------ი.
მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულებას მოჩვენებით გარიგებად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ეს ხელშეკრულება დადებულია თ----- დ-----–---–ის სამკვიდრო წილზე საკუთრების რეალურად განხორციელებისათვის დაბრკოლების შექმნის მიზნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.
მოპასუხეებს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, თუმცა ეს საფუძვლად ვერ დაედება გარიგების მოჩვენებითობის დადასტურებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2017 წლის 27 თებერვალს, რა დროსაც დასრულებული არ იყო სამკვიდრო მოწმობის ბათილობის შესახებ სარჩელის განხილვა. ამდენად, დადგენილი არ იყო თ----- დ-----–---–ის სამკვიდრო უფლებები სადაო ქონებაზე. ამასთან, გარიგების მოჩვენებითობის საფუძვლად სარჩელში მითითებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ ქონება გასხვისდა დავის დასრულებამდე, რაც გარიგების მოჩვენებითობისათვის საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი არ არის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითობისათვის აუცილებელია გარიგების ორივე მხარის შეთანხმება, მათი ერთობლივი განზრახვა ფორმალურად გააფორმონ ხელშეკრულება, მათი ნება არ არის მიმართული წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებისკენ, მათ არ სურთ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების წარმოშობა. ამის შესახებ ფაქტობრივი გარემოებები სარჩელში მოსარჩელეს არ მიუთითებია.
მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის ჯემალ ბერძენიშვილის და ჩვენების თანახმად, სადაო ბინის გასხვისების შესახებ ც----- დ-----–---–ს გაცხადებული ჰქონდა ქალაქ რუსთავში ბინის ყიდვა-გაყიდვის საქმიანობით დაკავებულ პირებთან «მაკლერებთან». მოწმის განმარტებით, მას მომართა ლ------ ე------მა, რომელსაც სურდა ისეთი ბინის შეძენა, რასაც ც----- დ-----–---–ი ყიდდა, რის გამოც უზრუნველყო მათი შეხვედრა და ბინის დათვალიერება. ლ------ ე------მა მოკლე პერიოდშივე გადაწყვიტა ბინის ყიდვა, რის გამოც მისივე მოთხოვნით სანოტარო ფორმით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ნოტარიუსში ხელშეკრულების დადებისთანავე ლ------ ე------მა გადაიხადა 13 500 აშშ დოლარი.
მოწმე მზია ლობჟანიძემ ჩვენებაში მიუთითა, რომ ცხოვრობს სადაო ბინის მეზობლად. ც----- დ-----–---–ი სადაო ბინაში აღარ ცხოვრობს. ბინაში გარკვეული პერიოდის მანძილზე რემონტი მიმდინარეობდა და ამჟამად სხვა ოჯახი ცხოვრობს.
ამდენად, მოპაუხის მიერ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ლ------ ე------ი ოჯახის წევრებთან ერთად შეუდგა უძრავი ქონების სარგებლობას, ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. დღემდე უწყვეტად ცხოვრობს ამ ბინაში.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ხელწერილები, რომლის თანახმად, ც----- დ-----–---–ის ლ------ ემონოვის მიმართ აღირა კომუნალური გადასახდელის 400 ლარის გადახდის ვალდებულება და იკისრა 8 თვის განმავლობაში თვეში 50 ლარით მისი გადახდა. ხელწერილი დამოწმებულია სანოტარო წესით 2017 წლის 6 თებერვალს. ც----- დ-----–---–სა და ლ------ ე------ს შორის ასევე გაფორმებულია ბეს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ც----- დ-----–---–ს სადაო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე მიღებული აქვს ბე 1000 აშშ დოლარი. ბეს შეთანხება გაფორმებული წერილობით ინდ მეწარმე დავით წიქარიშვილის ბიუროში.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ლ------ ე------ი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე იცნობდა ც----- დ-----–---–ის ან თ----- დ-----–---–ის ოჯახს. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებიდან არ გამომდინარეობს, რომ ლ------ ე------ისათვის ცნობილი იყო მათ შორის წამოჭრილი სამემკვიდრეო დავის შესახებ. ამ გარემოების დამტკიცება მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის.
ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ ლ------ ე------ი სარგებლობს საცხოვრებელი ბინით, რეალურად ახორციელებს მესაკუთრის უფლებამოსილებებს. ამდენად, არ დასტურდება მოპასუხეების ერთობლივი განზრახვა მოსარჩელის უფლებების ხელყოფის მიზნით ქონების ფიქტიურად გასხვისების შესახებ.
სასამრთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 44-47. ტომი 1)
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ასლი (ს.ფ. 9-10. ტომი 1)
- მოწმეთა ჩვენებები (25.09.2018წ სხდომის ოქმი СD დისკი)
- ხელწერილების ასლები (95-99. ტომი 1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადაო გარიგება მოჩვენებით დადებული არ არის, შემძენი კეთილსინდისიერი შემძენია და მისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევა დაუშვებელია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 1344-ე, 1433-ე, 1371-ე, 170-ე, 56-ე, 477-ე, მე-9, 183-ე, 185-ე, 312-ე, 54-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ამ ნორმის საფუძველზე გარიგების შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს - უშუალოდ გარიგების სუბიექტს ან იმ პირს, რომლის უფლებაც გარიგების დადებით შეილახა.
სარჩელის საფუძველია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადაო გარიგებებით გასხვისდა ქონებიდან მოსარჩელის სამკვიდრო წილი. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ თ----- დ-----–---–ი არის ვასო დ-----–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე და მას მიეკუთვნა სადაო ბინის 3/4 წილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.
სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის მიხედვით, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ც----- დ-----–---–მა მთელ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არამართლზომიერად მიიღო, რადგან იგი სამკვიდროს მიმღები ერთადერთი მემკვიდრე არ იყო, თ----- დ-----–---–ი არის ანდერძისმიერი მემკვიდრე, რომლის წილი სამკვიდროდან არის 3/4 ნაწილი. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის საფუძველზე ც----- დ-----–---–მა მოიპოვა საკუთრების უფლება სადაო ქონების 1/4 წილზე, ხოლო 3/4 ნაწილი არის თ----- დ-----–---–ის საკუთრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, 1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 2. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
ამ ნორმის საფუძველზე ქონების გასხვისება მხოლოდ მესაკუთრის უფლებამოსილებაა. ამ შემთხვევაში სადაო ქონების 3/4 წილი გასხვისდა მესაკუთრის - თ----- დ-----–---–ს ნების გარეშე, თუმცა ეს გარემოება სადაო გარიგების ბათილობისათვის საკმარის საფუძველს არ ქმნის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო გარიგება მოჩვენებით დადებული არ არის, ამასთან ლ------ ე------ი ქონების კეთილისინდისიერი შემძენია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
გარიგება მოჩვენებით დადებულად ითვლება, როცა მხარეებს რეალურად განზრახული არა აქვთ მათ შორის გაფორმებული გარიგების შესრულება, მათი მიზანი არ არის ამ გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მიღწევა, გარიგების შინაარსის შესაბამისი უფლება-მოვალეობების წარმოშობა.
სადაო გარიგება არის ნასყიდობის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანია მყიდველისათვის ნივთის საკუთრებაში გადაცემა და სანაცვლოდ ნასყიდობის საფასურის მიღება. ნასყიდობის ხელშეკრულება შესაძლებელია ჩაითვალოს მოჩვენებით დადებულად იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მხარეთა მიზანს ქონების გასხვისება არ წარმოადგენდა. გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დასადგენად უნდა გაირკვეს ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტის ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების ფაქტი.
სადაო გარიგებების მოჩვენებითი ხასიათის დასადგენად საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, მხარეთა რეალური ნება მიმართული იყო თუ არა ქონების გასხვისების და შეძენისაკენ. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო გარიგებების მოჩვენებითობაზე საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ მიუთითებს. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე არამარტო დარეგისტრირდა ქონების მესაკუთრედ, არამედ შეუდგა ქონების ფლობას და სარგებლობას, საცხოვრებელ ბინაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, ბინაში ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები. იგი სრულფასოვნად ახორციელებს ქონების მესაკუთრის უფლებამოსილებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინებაში საქმეზე №ას-1301-1221-2015 საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც, მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება(იხ. სუსგ #ას-862-812-2015 11.11.2015).
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების ნამდვილობის გაქარწყლების საკმარისი საფუძველი არ არის ის ფაქტი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ც----- დ-----–---–სა და თ----- დ-----–---–ს შორის სასამართლოში სამკვიდრო დავის განხილვის დასრულებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადებისათვის მნიშვნელოვანია ნების გამოვლება. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი გარიგების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარეთა მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებაა, რომელიც აღნიშნული გარიგების ბათილობაზე უთითებდა.
საქმე N1347-17-2012 მიღებულ 2013 წლის 1 ივლისის განჩინებაში განმარტებულია, რომ ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (იხ. პრაქტიკა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის №ას-571-879-09 განჩინება).
ამდენად, კანონით დადგენილი ფორმის დაცვით დადებული ხელშეკრულების, მხარეთა გამოვლენილი ნების მიმართ მოქმედებს ნების ნამდვილობის პრეზუმფცია, რაც სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. ამ ნორმის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის მიზანია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა, რისი ერთერთი გამოხატულებაა კანონით დადგენილი ფორმით დადებული და გარიგების მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების მიმართ სანდოობა. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით გარიგების შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს, რომელიც ყოველთვის გარიგების მონაწილე არ არის. შესაბამისად, გარიგების შეცილების უფლება აქვს მესამე პირს, რომელმაც უნდა მიუთითოს სადაო გარიგებით მისი რა უფლება შეილახა. მასვე ეკისრება გარიგების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება.
მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სადაო გარიგება დადებულია მოჩვენებით, რადგან ვერ მიუთითა ლ------ ე------ის მიერ მისი სამკვიდრო უფლებების ხელყოფის განხაზვა და ც----- დ-----–---–თან ამ მიზნით ფარული შეთანხმება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ლ------ ე------ი არის ქონების კეთილსინდისიერი შემძენი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. აღნიშნული ნორმა ადგენს უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარების საფუძვლებს, რომლის მიხედვით, თუ გამსხვისებელი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არის რეგისტრირებული, ეს საკმარის საფუძველს წარმოადგენს შემძენისათვის, რომ გამსხვისებელი მესაკუთრედ ჩათვალოს. ამ წესიდან გამონაკლისს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი. შემძენი კეთილსინდისიერად ვერ ჩაითვლება, თუ მან იცის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული გამსხვისებელი არ არის ქონების ნადვილი მესაკუთრე, მან იცის, რომ ქონების მესაკუთრე არის სხვა პირი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა; იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
„სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებში ნახსენებ ტერმინ „გამსხვისებელში“ ყოველთვის იგულისხმება პირი, რომელიც არ არის უფლებამოსილი, გაასხვისოს საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული უფლება და ამდენად, ის არ არის უფლებამოსილი დადოს გარიგება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება №ას-1607-1509-2012).
ზოგადი წესის თანახმად, საკუთრების შეძენა ხდება ქონების ნამდვილ მესაკუთრესა და შემძენს შორის დადებული გარიგების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი და ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი შეეხება შემთხვევას, როდესაც უძრავი ქონება გაასხვისა იმ პირმა, რომლის საკუთრების უფლება არასწორად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, აქედან გამომდინარე იგი „არაუფლებამოსილი გამსხვისებელია“.
მითითებული ნორმებით მოწესრიგებულია საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც ქონების გასხვისება ხდება ისეთი პირის მიერ, რომელიც მესაკუთრეს არ წარმოადგენს, თუმცა ასეთად არასწორად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამის მუხედავად ეს ნორმები იცავს შემძენის უფლებებს. სასამართლო განმარტავს, რომ 185-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლების სისწორის პრეზუმფციის პრინციპი შემძენის ინტერესებს იცავს იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ქონების სხვა მესაკუთრის შესახებ ცნობილი არ არის. კანონის ეს ნორმა შემძენს არ მიიჩნევს კეთილსინდისიერად, თუ მან იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. შესაბამისად, ეს ნორმა შემძენს ავალდებულებს გარიგების დადების დროს კეთილსინდისიერად მოქმედებას და სხვათა კანონიერი ინტერესების პატივისცემას.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სადაო ხელშეკრულების ბათილობის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გარიგების მხარეები ახლო ოჯახური ურთიერთობით დაკავშირებული პირები არ არიან, რის გამოც შემძენის, მყიდველისათვის ცნობილი არ იყო, რომ ბინა მხოლოდ ც----- დ-----–---–ს როგორც მემკვიდრეს არ ეკუთვნოდა და მის გარდა იყო სხვა მემკვიდრეც და სასამართლოში განიხილებოდა მათ შორის წამოჭრილი სამემკვიდრეო დავა.
ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს თ----- დ-----–---–სა და ც----- დ-----–---–ს შორის სასამართლოში განიხილებოდა სამოქალაქო დავა ც----- დ-----–---–ის მიერ მიღებული სამკვიდრო მოწმობის ბათილობის შესახებ, რა დროსაც სადაო ქონების მიმართი უზრუნველყოფის რაიმე ღონისძიების გამოყენება მოსარჩელეს არ მოუთხოვია. დავის მიმდინარეობის პერიოდში ც----- დ-----–---–მა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა საკუთრების უფლება სადაო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე და შემდეგ გაასხვისა ბინა. მემკვიდრეების არსებობის და მათ შორის მიმდინარე დავის შესახებ ინფორმირებული არ იყო ლ------ ე------ი, რის გამოც იგი კეთილსინდისიერად დაეყრდნო საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს და შეიძინა ბინა.
სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების თანახმად, უძრავი ნივთის შემძენის არაკეთილსინდისიერების დადგენისათვის განმსაზღვრელია ის ფაქტი, რომ შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ არის მესაკუთრე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლიდან გამომდინარე შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ნივთის შეძენის ფაქტის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. უნდა შეფასდეს, გონივრული წინდახედულების ფარგლებში რამდენად ჯეროვნად გამოიყენა შემძენმა მისი შესაძლებლობები მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, გამოიჩინა თუ არა მან ნივთის შეძენის დროს გონივრული წინდახედულება სხვა პირთა უფლებების მიმართ.
საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------ ე------ი სადაო გარიგების დადების დროს მოქმედებდა კეთილსინდისიერად, მან არ იცოდა ნასყიდობის საგანზე სასამართლოში დავის განხილვის შესახებ, არ იცოდა ქონებაზე სხვა მემკვიდრის პრეტენზიის შესახებ და არც ევალებოდა ვასო დ-----–---–ის მემკვიდრეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გარიგების დადების საკითხზე მათი ნების გარკვევა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია.
ამდენად, უძრავი ქონების შემძენი არაკეთილსინდისიერია, თუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ერთდროულად სახეზეა ორი გარემოება: 1) გამსხვისებლის უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და 2) ჩანაწერის გასაჩივრება, გამსხვისებლის რეგისტრირებული უფლების სადაობა შემძენისათვის ცნობილია.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ერთი გარემოება. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს სასამართლოში მიმდინარეობდა დავა ც----- დ-----–---–ის მიერ მიღებული სამკვიდრო მოწმობის ბათილობაზე, თუმცა ეს ცნობილი არ იყო მყიდველისათვის, რის გამოც ლ------ ე------ი უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, ქონების გასხვისება არის მესაკუთრის უფლებამოსილება, ხოლო ქონების გასხვისების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ ნამდვილ მესაკუთრეს - იმ პირს რომელსაც მართლზომიერად აქვს მოპოვებული საკუთრების უფლება.
სადავო შემთხვევაში ც----- დ-----–---–ი არის ქონების 3/4 ნაწილის არაუფლებამოსილი გამსხვისებელი, რადგან სამკვიდროდან ეს წილი თ----- დ-----–---–ის საკუთრებაა. ამის მიუხედავად, გარიგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს, რადგან ლ------ ე------ი კეთილსინდისიერი შემძენია, რის გამოც მისგან ქონების გამოთხოვა დაუშვებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე თანამემკვიდრისაგან (ც----- დ-----–---–ი) მოითხოვოს მისი კუთვნილი წილის გასხვისების გამო ზიანის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს თ----- დ-----–---–ის სარჩელი;
2. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე;
3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ლ------ ე------ს (პირადი N35001030009) აეკრძალა უძრავი ქონების რუსთავში, 1------------–----------------------ს (კოდი 0------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი