გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/3508-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი“
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი, ნ--------–-–---–ი
მოპასუხე - დ-------- ჭ-------–---–ი, თ-------ე ნ-----–--–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს დ-------- ჭ-------–---–სა და თ-------ე ნ-----–--–---–ს სს "ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8000 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5769.13 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1648.81 ლარი, ჯარიმა 482.60 ლარი და გამარტივებული წარმოების საფასური - 100 ლარი. (სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, იხ. 25.09.2018 წლის სხდომის ოქმი).
1.2. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს ,,ლ-------------ს“ და დ-------- ჭ-------–---–ს შორის 2014 წლის 05 მარტს, გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 13 000 ლარი, 01.03.2017 წლამდე ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 15.50 %, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.50%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 05 მარტს, სს ,,ლ-------------ს“ და თ-------ე ნ-----–--–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 16 319.88 ლარს. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლისა და თავდების მიერ არ შესრულებულა.
2016 წლის 01 თებერვლიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით სს ,,ლ-------------ის“ წინაშე მათმა დავალიანებამ შეადგინა 9 167.94 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 5769.13 ლარი, პროცენტი 1648.81 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა 1750 ლარი.
მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისთვის, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 05 მარტს, სს ,,ლ-------------ს“ და დ-------- ჭ-------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა მსესხებელზე კრედიტის სახით გასცა 13 000 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 15.500 დარიცხვით, ვალდებულების შესრულების ვადით დარღვევისთვის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
საკრედიტო ხელშეკრულების 3.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 05 მარტის საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 17-19);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2014 წლის 05 მარტს, სს ,,ლ-------------ს“ და თ-------ე ნ-----–--–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნა ბანკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ, გამომდინარე ბანკსა და მსესხებელს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, კერძოდ: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #00------------0. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენდა 16 319.88 ლარი.
თავდებობით სრულად იქნა უზრუნველყოფილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის შეზღუდვის გარეშე კრედიტები, დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/არბიტრაჟის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.
ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 05 მარტის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 23);
- 2014 წლის 05 მარტის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მსესხებელმა დ-------- ჭ-------–---–მა სს ,,ლ-------------ში“ მის სახელზე არსებული სესხის #00------------0 დაფარვის გრაფიკი დაარღვია 1/2/2016 წლიდან, რის შედეგადაც მას დაერიცხა სასესხო დავალიანება, რომელიც 2017 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით ჯამში შეადგენდა 20179.69 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დ-------- ჭ-------–---–ის ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 24-27);
- 2017 წლის 08 ნოემბრის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. სს ,,ლ-------------მა“ მოპასუხეებს გაუგზავნა წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისთვის, თუმცა მოპასუხე მხარემ ბანკის მიმართ ვალდებულება არ შეასრულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი გაფრთხილებები, საფოსტო კორესპონდენცია (ს.ფ. 29-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ, აპლიკანტ სს ,,ლ-------------ს“ უარი ეთქვა, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 118);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------------ის“ სარჩელი დ-------- ჭ-------–---–ის და თ-------ე ნ-----–--–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე,867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 268-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------ს” და მოპასუხე დ-------- ჭ-------–---–ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 05 მარტს, სს ,,ლ-------------ს“ და თ-------ე ნ-----–--–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნა ბანკის მოთხოვნები მსესხებლის მიმართ, გამომდინარე ბანკსა და მსესხებელს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან, კერძოდ: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #00------------0. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენდა 16 319.88 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 05 მარტის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ მოსარჩელის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა 8000 ლარის ოდენობით სრულად ცნო. აქედან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 05 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის და 2014 წლის 05 მარტის თავდებობის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის მოხდა პირდაპირი წერილობითი შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სს ,,ლ-------------ის“ წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხე მხარემ ამავე სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 279 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ლ-------------ის“ სარჩელი მოპასუხეების დ-------- ჭ-------–---–ისა და თ-------ე ნ-----–--–---–ის მიმართ დავალიანების გადახდის თაობაზე დაკმაყოფილდეს სრულად მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო;
2. მოპასუხეებს დ-------- ჭ-------–---–სა და თ-------ე ნ-----–--–---–ს სს "ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8000 ლარის გადახდა.
3. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „ლ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წლის 30 იანვარს სს „ლ-------------ის“ მეშვეობით # 51-------6 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 279 ლარი. (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).
4. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე