გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/799-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.10.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე მ---- ყ-----–-–---–ი
წარმომადგენელი კობა კობიაშვილი
მოპასუხე ა------- რ------–---–ი
წარმომადგენელი ზაზა ჯუსტიშვილი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა------- რ------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების 2008 წლის 4------------- დაბადებული გიორგი რ------–---–ის და 2012 წლის 1------------- დაბადებული ლიზი რ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 200 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც მშობლების განქორწინების შემდეგ იზრდებიან მოსარჩელის ოჯახში. ჰყავს მეორე მეუღლე, რომლის ხელფასია 600 ლარი და ეს არის მათი ოჯახის ფინანსური შემოსავალი. მოპასუხე არ ეხმარება შვილების რჩენაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა 100-100 ლარის გადახდაზე. მოპასუხის განმარტებით არსად მუშაობს და ხელფასი არა აქვს, ჰყავს 2 თვის შვილი, მის კმაყოფაზეა ავადმყოფი მშობლები და მეუღლე, რის გამოც ყველთვიურად 400 ლარის გადახდას ვერ შეძლებს.
(04.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკები)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. მ---- ყ-----–-–---–ი და ა------- რ------–---–ი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილები გიორგი რ------–---–ი და ლიზი რ------–---–ი ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე მ---- ყ-----–-–---–თან.
სასამართლო ე6ყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 1-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 32-37. ტომი 1)
3.1.2. მ---- ყ-----–-–---–ი დასაქმებული არ არის და ხელფასის სახით ყოველთვიური შემოსავალი არა აქვს. მას ჰყავს მეუღლე, რომლის ხელფასია თვეში 600 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მოსარჩელის განმარტება (04.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. მ---- ყ-----–-–---–სა და ა------- რ------–---–ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი.
დაბადების მოწმობის თანახმად, 2008 წლის 4------------- დაბადებულია გიორგი რ------–---–ი, ხოლო 2012 წლის 1------------- დაბადებულია ლიზი რ------–---–ი. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა მ---- ყ-----–-–---–ი, მამა – ა------- რ------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 14-15. ტომი 1).
3.2.2. ა------- რ------–---–ი არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პიროვნება, შეუძლია არასრულწლოვანი შვილების რჩენა.
ა------- რ------–---–ს ჰყავს ახალი ოჯახი, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი – 2018 წლის 3 აგვისტოს დაბადებული ლილე რ------–---–ი.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ იგი დასაქმებული არ არის, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და შრომისუუნარო მშობლები.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობების თანახმად, გელა რ------–---–ის დიაგნოზია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი მარცხება პარკუჭის წინა კედლის. კორონარული ანგიოპლასტიკის შემდგომი მდგომარეობა. გულის უკმ----სობა. ცნობის თანახმად, განხორციელდა სამედიცინო ჩარევა - კარდიოსტენტი. ცნობა გაცემულია 2015 წლის 7 ოქტომბერს შპს ჯეოჰოსპიტალის გურჯაანის სამედიცინო ცენტრის მიერ.
2018 წლის 6 აგვისტოს შპს ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემულია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით, მ----ამ ძამუკაშვილის დიაგნოზია გენერალიზებული ვულგარული ფსორიაზი. პაციენტი არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი უვადოდ.
ჯანმრთელობის ცნობების თანახმად, მოპასუხის მამას 2015 წელს ჩაუტარდა კარდიოქირურგიული ოპერაცია – კარდიოსტენტი. პაციენტი კლინიკაში მოთავსდა 2015 წლის 4 ოქტომბერს და გაეწერა 2015 წლის 7 ოქტომბერს. სამედიცინო ცნობით არ დასტურდება, რომ ა------- რ------–---–ის მამა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შრომისუუნაროა. ჯანმრთელობის ცნობა შეიცავს ინფორმაციას 2015 წელს ჩატარებული მკურნალობის შესახებ, სადაც არ არის მითითებული მისი შრომისუუნარობის შესახებ.
ჯანმრთელობის ცნობის თანახმად, მ----ამ ძამუკაშვილის დიაგნოზია გენერალიზებული ფსორიაზი, რაც არის ქრონიკული დაავადება, ცნობის თანახმად, მ----ამ ძამუკაშვილი არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთდასახელებული გარემოებები მოპასუხის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე არ მიუთითებს, არ ადასტურებს მოპასუხის ფინანსურ გაჭირვებას, მის მძიმე სოციალურ მდგომარეობას.
მოპასუხე არის ჯანმრთელი პიროვნება, რადგან მას არ მიუთითებია მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. მისი ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, სოციალურ დახმარებას არ იღებს. შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს, საკუთარი შრომით გამოიმუშავოს არასრულწლოვანი შვილების სარჩენად აუცილებელი თანხა და მატერიალურად დაეხმაროს მეორე მშობელს შვილების რჩენაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სამედიცინო ცნობები (ს.ფ. 69-70. ტომი 1)
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 71. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 125-125 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
გაეროს მიერ მიღებული «ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვებს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროებათ მატერიალური უზრუნველყოფა, სწორი ფიზიკური განვითარებისათვის სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი, სასწავლო ნივთები.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 100-100 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე ყოველთვიურად ამ თანხის დაკისრებაზე თანხმობას აცხადებს იმის გამო, რომ მისი განმარტებით მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა და ეს თანხა არის მისი ფინანასური შესაძლებლობის მაქსიმუმი ამ ეტაპზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რაც მის ფინანსურ სიძნელეებზე მიუთითებს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 100-100 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილების რჩენისათვის არ შეუძლია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს შეუძლია 100-100 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილების რჩენისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
ამდენად, შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელე დასაქმებული არ არის, მას ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. თუმცა მისი განმარტებით სტაჟირებას გადის შპს პრობლემური აქტივების ბიუროში. ამდენად, არსებობს მოსარჩელის დასაქმების რეალური პერსპექტივა.
მოპასუხის საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელესთან იზრდება ორი არასრულწლოვანი შვილი, რის გამოც ყოველდღიურად იგი ზრუნავს ბავშვებზე, მას უწევს ბავშვების რჩენისათვის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა. მოპასუხე ბავშვების აღზრდაში ყოველდღიურად წარმოჭრილი მატერიალური თუ ყოფითი საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, იგი ბავშვების რჩენაში ყოველდღიურად არ მონაწილეობს.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის რჩენის ვალდებულების მოცულობა არ იცვლება მშობლების განქორწინების შედეგად. განქორწინების შემდეგაც მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილების აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ბავშვის ის მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მშობლების ერთად ყოფნის დროს ექნებოდა.
ამ შემთხვევაში მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეუსაბამო ალიმენტის თანხაა 200-200 ლარი, რადგან მოპასუხე შრომითი ურთიერთობის საფუძველზე დასაქმებული არ არის და მისი ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი არ ფიქსირდება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. ასეთი მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მოპასუხეს არა აქვს.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დებულება, რომლითაც მშობლებს მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად ეკისრებათ შვილების რჩენა, არ ნიშნავს მშობლისათვის ბავშვის რჩენაში საშეღავათო პრინციპის დადგენას. ამ დებულებით კონვენცია აღიარებს იმ გარემოებას, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და სწორედ კონკრეტული ოჯახის ქონებრივი შესაძლებლობების კვალობაზე უნდა განისაზღვროს რჩენის ვალდებულება. ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის უფლებებს შეეხება, შესაბამისად, მშობლებისგან მატერიალური დახმარების მიღება ბავშვის უფლებაა, კონვენცია ბავშვის ამ უფლების დაცვას ავალდებულებს მშობლებს, სახელმწიფოს და კონვენციის მიზანი არ არის მშობლებისათვის ამ საკითხში შეღავათის დადგენა. კონვენციის ამავე ნორმით (27-ე მუხლი) აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებულია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არ არის რთული, მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად კარგი, რის გამოც მოპასუხეს აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი, მატერიალურად დაეხმაროს არასრულწლოვან შვილებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 125-125 ლარის ოდენობით ალიმენტი, რადგან არ დასტურდება ყოველთვიურად ორივე შვილისათვის საერთო ჯამში 400 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების აუცილებლობა ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე. ამასთან, ბავშვების რჩენის ვალდებულება ეკისრება ასევე მოსარჩელეს, ბავშვები მცირეწლოვნები არ არიან, რის გამო მოსარჩელეს შეუძლია დასაქმდეს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ალიმენტის გონივრული ოდენობაა 125-125 ლარი, ჯამურად 250 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 12 მარტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3000 ლარს. სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 100 ლარი (დავის საგნის ღირებულების 3%). ალიმენტის დაკისრების შესახებ დავა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „გ“ პუნქტის საფუძველზე მაგისტრატი სასამართლოს განსჯადი საოჯახო სამართლებრივი დავაა, რის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდნეობა ნახევრდება შეადგენს 50 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი 250 ლარიდან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო 200 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 80%. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 80% არის 40 ლარი, რომლის გადახდისაგან მხარეები თავისუფლდებიან. ამდენად, საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 10 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გააიხადოს მოპასუხემ. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ---- ყ-----–-–---–ი სარჩელი;
1.1. ა------- რ------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2008 წლის 4------------- დაბადებული გიორგი რ------–---–ის და 2012 წლის 1------------- დაბადებული ლიზი რ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის, თითოეულისათვის 125-125 ლარის გადახდა; ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 12 მარტიდან;
2. ა------- რ------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 10 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი