გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
330210018002384503
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/10196-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ს----------–-------------ა“

წარმომადგენელი - ნ------–-------–---–ი, ნ-----–---–-----ი

 

მოპასუხე - ნ-------- ო-----–---–ი

წარმომადგენელი - ვ-–-------- გ--------–-–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნ-------- ო-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 3960 ლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2016 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 16:16 საათზე, ქ. თბილისში, ა-----------–---–ის ქუჩაზე, ბ---------- ქუჩის მხრიდან, ზ------ მიმართულებით მოძრაობდა ნ-------- ო-----–---–ი, ,,კ---“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით F------. #-- შენობის მოპირდაპირედ მსვლელობისას, მარცხნივ შეხვევის მიზნით, დაიწყო მანევრი მარცხნივ, რა დროსაც ზ------ მხრიდან შეეჯახა ბ---------- ქუჩის მიმართულებით მოძრავ კ----–-- რ----–---–ის მართვის ქვეშ არსებულ ,,მ-------------–--“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით N------.

 

მანევრირების წესების დარღვევის გამო, რასაც მოჰყვა შეჯახება, სამართალდამრღვევ ნ-------- ო-----–---–ის მიმართ გამოიწერა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ე-------. 2016 წლის 06 ოქტომბერს, საქართველოს შს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ნ-------- ო-----–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, თუმცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 23 იანვრის დადგენილებით ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის საფუძველზე, შეწყდა გამოძიება.

 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნ-------- ო-----–---–მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდგომარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით. ნ-------- ო-----–---–ს ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 21 ნოემბრის #------ ექსპერტის დასკვნის თანახმად, ავტომობილზე K---------, სახელმწიფო ნომერი - F------, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 3960 ლარს, ავტომობილზე M------------------, სახელმწიფო ნომერი - N------, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 4500 ლარს.

 

ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - F------, ირიცხება სს ,,ს----------–-------------ის“ ფილიალ ,,ინფრასტრუქტურის ფილიალის“ ელექტრომომარაგების დეპარტამენტის აღმოსავლეთის ელექტრომომარაგების სამმართველოს ბალანსზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მოახდინა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, ამ ეტაპზე წარმოდგენილი იქნა სარჩელი ზიანის მიმყენებლი პირის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ-------- ო-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს ,,ს----------–-------------ისთვის“ ცნობილი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიუხედავად ამისა, მოსთხოვეს დაეტოვებინა სამსახური და არ მოეთხოვა ხელფასი, რასაც მოპასუხე დათანხმდა, თუმცა მისგან ზიანის ანაზღაურებას მაინც ითხოვენ, რაც მისთვის მიუღებელია და შესაბამისად, წარმოდგენილ სარჩელს არ ეთანხმება.

 

მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მასში საუბარია მიყენებული ზიანის საორიენტაციო ღირებულებაზე, ამასთან სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მისი ჯანმრთელობისა და ფინანსური მდგომარეობაც თანხის დაკისრების დროს. იგი, როგორც ზიანის მიყენებლი, თანახმა იყო ა/მანქანის აღდგენაზე, თუმცა თავად მოაგვარეს აღნიშნული საკითხი. ამასთან, როგორც მისთვის არის ცნობილი ა/მანქანა დაშლილია და მის მიერ ვერ მოხდებოდა ექსპერტიზის ჩატარება (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 23 იანვრის დადგენილების თანახმად, 2016 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ნ-------- ო-----–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე.

 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 06 ოქტომბერს ქ. თბილისში, ა-----------–---–ის ქუჩაზე ბ---------- ქუჩის მხრიდან, ზ------ მიმართულებით მოძრაობდა ნ-------- ო-----–---–ი ,,კ---“ მარკის ავტომობილით სახელმწიფო ნომრით - F------. #-- სენობის მოპირდაპირედ მსვლელობისას, მარცხნივ შეხვევის მიზნით დაიწყო მანევრი მარცხნივ, რა დროსაც შეეჯახა ზ------ მხრიდან, ბ---------- ქუჩის მიმართულებით მოძრავ კ----–-- რ----–---–ის მართვის ქვეშ არსებულ ,,მ-------------–--“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით N------. შეჯახების შედეგად ნ-------- ო-----–---–ი გადაყვანილ იქნა შპს ,,ლ--–----ს“ კლინიკაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 23.01.2017 წლის დადგენილება #---------- (ს.ფ. 18-20)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2016 წლის 06 ოქტომბრის ავტოსაგზაო შემთხვევის სამართალდამრღვევ მძღოლად მიჩნეულ იქნა მოპასუხე ნ-------- ო-----–---–ი, რომელიც მანევრირების წესების დარღვევის გამო, რასაც მოჰყვა შეჯახება, დაჯარიმდა 250 ლარიანი ჯარიმით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი #ე------- (ს.ფ. 21)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 21 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილზე “K------”, სახელმწიფო ნომრით - F------, მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 3960 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 21 ნოემბრის ექსპერტის დასკვნა, ფოტო-ილუსტრაცია (ს.ფ. 22-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. სასამართლო საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ნ-------- ო-----–---–ს სს ,,ს----------–-------------ისთვის“ მიყენებული ზიანის 3960 ლარის ოდენობით ანაზღაურებული არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 21 ნოემბრის ექსპერტის დასკვნა, ფოტო-ილუსტრაცია (ს.ფ. 22-24)

- 23.01.2017 წლის დადგენილება #---------- (ს.ფ. 18-20)

- 2016 წლის 21 ნოემბრის ექსპერტის დასკვნა, ფოტო-ილუსტრაცია (ს.ფ. 22-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.5. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხარეთა შორის იყო რაიმე სახის გარიგება (ზეპირი ან წერილობითი) იმის თაობაზე, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი გაიქვითებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხის წინაშე შესასრულებელი ვალდებულების სანაცვლოდ.

 

4.6. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ამჟამად ა/მანქანა დაშლილია და აღნიშნულის გამო ვერ მოხდებოდა მასზე ექპერტიზის ჩატარება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოების მტკიცები ტვირთი გადატანილი იყო მოპასუხე მხარეზე, რომელმაც სასამართლოს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგინა. მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

 

4.8. საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 22 მაისის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე (ს.ფ. 53-54), ასევე 2018 წლის 11 აპრილის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე (ს.ფ. 55) ადასტურებს მხოლოდ მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იგი ვერ ადასტურებს საქმეზე არსებულ რაიმე სადავო გარემოებას. განსახილველ შემთხვევაში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის საფუძველი მისი ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან/და ვალდებულების შემცირებისა.

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა - სს ,,ს----------–-------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლომ მხარეთა განმარტებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა სამართალდარღვევის სამივე ნიშანი, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდეგნილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზიანის მიმყენებლი პირის ანუ მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა სავარაუდოდ 3960 ლარი. მართალია დასკვნაში გამოყენებულია ტერმინი „სავარაუდო ღირებულება“, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნაში ზედმიწევნით არის მოცემული დაანგარიშების წესი, ასევე თავად ექსპერტის მიერ უშუალოდ მოხდა დაზიანებული ა/მანქანის დათვალიერება და შეფასება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნული ტერმინისა, რომელიც დამოკიდებულია სახელმწიფოში არსებულ არა ფიქსირებულ, არამედ ეკონომიკის განვითარების შესაბამისად ბაზარზე არსებულ ფასებზე და ერთსა და იმავე მომსახურებაზე განსხვავებულის ფასების არსებობაზე, ექსპერტიზის მიერ სწორედ საშუალო ფასით იქნა დაანგარიშებული მიყენებული ზიანი, რასაც სასამართლო გაითვალისწინებს. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარის განცხადება, რომ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებია, ვიდრე დასკვნაში მითითებული ოდენობა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად ზიანის ოდენობად უნდა განისაზღვროს 3960 ლარი, რაც აღნიშნულ ნორმათა დანაწესის თანახმად, ზიანის მიმყენებლის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველია.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან, სს ,,ს----------–-------------ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ-------- ო-----–---–ს სს ,,ს----------–-------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 118,80 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულიარ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის“ სარჩელი მოპასუხე ნ-------- ო-----–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.

 

1.1. მოპასუხე ნ-------- ო-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 3960 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოპასუხე ნ-------- ო-----–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 118,80 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოსარჩელის მიერ 2018 წლის 22 თებერვალს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 118,80 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე