გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/2----18
18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე - შპს „ი--------------–-“
წარმომადგენელი - ა-–--------------–-----–ი, ი---------–-----–ი
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ----------–--------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1---------------- ბრძანება შპს ,,ი--------------–-სათვის’’ ,,T----------’’ მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატის საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს გაატაროს სახელმწიფო რეგისტრაციაში შპს ი--------------–-ს მიერ წარდგენილი ,,T----------’’ მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ი--------------–-’’ (ს/კ 4--------)რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2015 წლის 30 სექტემბერს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიერ, დირექტორი - ა-----–--–--- და ი---------–-----–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ( ს/ფ 29-30)
3.2. 2018 წლის 30 იანვარს, შპს ,,ი--------------–-ს’’ დირექტორმა ა-----–--–---მ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საკონტროლო-სალარო აპარატის ,,T----------’’ -ის რეესტრში გატარება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 30 იანვრის წერილი ( ს/ფ 86)
3.3. შპს ,,ი--------------–-ს’’ დაკვეთით, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს ჩატარებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოცდის შედეგების თანახმად:
2010 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა მინისტრის N 994 ბრძანების 232 მუხლის პუნქტის, ქვეპუნქტის თანახმად, სსა-ს (ფპ-ის) მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნა და სსა-ს (ფპ-ის) მოთხოვნასთან შესაბამისობა: ა) ჩეკზე სიტყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის შესაძლებლობა - ფპ-ს გააჩნია შესაძლებლობა ქვითრებზე სიტყიერი ჩანაწერები გამოიტანოს ქართულ ენაზე და ამობეჭდოს; ბ) ჩეკის ამობეჭდვის შესაძლებლობა - ფპ-ს აქვს შესაძლებლობა დაბეჭდოს ქვითრები; გ) შესაძლებლობა, რომ ჩეკისთვის მინიჭებული ნომერი იზრდებოდეს ერთიდან, ყველა ფისკალურ ოპერაციაზე უნდა იზრდებოდეს ერთით და იყოს უწყვეტი. ნუმერაცია უნდა იყოს უწყვეტი. ჩეკის ბოლო ნომერი უნდა ემთხვეოდეს მის მიერ ჩატარებული ფისკალური ოპერაციების რაოდენობას - ფპ-ის აქვს შესაძლებლობა ფისკალიზაციის შემდეგ ამობეჭდილ ქვითარს მიანიჭოს ნომერი 1 და ყველა ფისკალურ ოპერაციაზე იზრდებოდეს ერთით და იყოს უწყვეტი. ქვითრის/ჩეკის ბოლო ნომერი ემთხვევა ჩატარებული ფისკალური ოპერაციის რაოდენობას. დ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის ფისკალური მონაცემების შენახვის ან ბოლო 72 საათის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის სერვერზე ინფორმაციის გაგზავნის განუხორციელებლობის შემთხვევაში - ფპ-ის აქვს შესაძლებლობა 72 საათის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის სერვერზე ინფორმაციის გაგზავნის განუხორციელებლობის შემთხვევაში ფპ აჩერებს მუშაობას და გამოაქვს შეტყობინება: ,,No Response’’; ე) ავტომატური კვების (გარდა ტექნიკური საშუალებისა, აგრეთვე ისეთი სსა-ისა, რომლის გამოყენება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შეუძლებელია კომპიუტერთან მიერთებისა და ერთობლივად ფუნქციონირების გარეშე), რომელიც უზრუნველყოფს 6 საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში - ფპ, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, ფუნქციონირებს მხოლოდ კომპიუტერთან ერთად სისტემაში. მის მუშაობას უზრუნველყოფს 24 ვ-იანი ადაპტერი. ვ) ავტომატური ბლოკირების შესაძლება ქაღალდის ლენტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში - ფპ-ს გააჩნია ბლოკირების შესაძლებლობა ქვითრის ლენტის არ არსებობის მუშაობის შემთხვევაში (სსა ჩერდება); ზ) ავტომატური ბლოკირების შესაძლება (გარდა ტექნიკური საშუალებისა) გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული შეღწევის მცდელობის შემთხვევაში - ფმ-ის ხელოვნურად გათიშვის დროს ის ითიშება და ჩართვისთანავე გამოაქვს ტექსტი: „Fiscal error Missing FM“. არასანქცირებული გახსნის საწინააღმდეგო მექანიზმად გათვალისწინებულია პრინტერის მცდელობის შემთხვევაში ხუფის ქვეშ მარცხენა მხარეს განთავსებულ სპეციალურ ბუდეში ვიზუალურად კონტროლირებადი ლუქის დადება. თ) პროგრამული უ უზრუნველყოფის ვერსიის ნომერი და საკონტროლო ჯამის დაფიქსირების შესაძლებლობა (გარდა ტექნიკური საშუალებისა) - ფპ-ს აქვს შესაძლებლობა ამობეჭდილ დიაგნოსტიკის ქვითარზე დააფიქსიროს პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის ნომერი და საკონტროლ ჯამი; ი) ფულადი მრიცხველების (რეგისტრების) თანრიგები არანაკლებ მეასედი სიზუსტით - ფპ-ს აქვს შესაძლებლობა ფულადი მრიცხველების (რეგისტრების) თანრიგები ასახოს მეასედი სიზუსტით; კ) ნიშანდება (გარდა ტექნიკური საშუალებისა) - სსა-ის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების თარიღის, მწარმოებლის დასახელების და საფირმო ნიშნის ჩვენებით - ფმ-ის ნიშანდებაზე ასახულია: მწარმოებლის დასახელება და საფირმო ნიშანი, სსა-ს მოდელი, სერიული ნომერი, მწარმოებელი ქვეყანა, დამზადების წესი. ლ) სსა-ის/ტექნიკური საშუალების ფისკალურ ან სსა-თან/ტექნიკურ საშუალებასთან დაკავშირებულ მოწყობილობაში არსებუ,ლ მეხსიერებაზე (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში - ფისკალური მეხსიერება), თითოეული ჩეკის შესახებ ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა ანარაკლებ 3 თვის ვადით, ხოლო ,,Z’’ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა არანაკლებ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადით - ფპ-ს გააჩნია შესაძლებლობა: - უზრუნველყოს თითოეული ჩეკის შესახებ ინფორმაციის შენახა 4 გბ-იანი მიკრო SD ბარათში განთავსებულ ელექტრ. ჟურნალში; - შეინახოს ყველა ფისკალური ანგარიში სპეციალურ შავ გარსაცმში ჩასმულ, 2000 ყოველდღიური ჩანაწერს შესაძლებლობის მქონე, ფმ-ში (დაახლოებით 5 წელი). ფმ-ას ასევე, კომპიუტერთან ერთად სისტემაში, აქვს შესაძლებლობა: - ქვითრებზე განახორციელოს ტექსტური და ციფრული ჩანაწერები; - დაპროგრამების შემდეგ მომხმარებლისათვის გაცემულ ქვითრებზე ასახოს შემდეგი მონაცემები: ობიექტის დასახელება, მისამართი, მფლობელის საიდენტი ნომერი), მომსახურების ოპერაციის მონაცემები, ნაღდი ფულის მიღების თარიღი, დროის და მიღებული თანხების მონაცემების ჩაწერა, ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი და სხვა დამატებითი ინფორმაცია; - ბლოკირების შესაძლებლობა თუ მოლარემ არ მიიღო ფისკალური მეხსიერებიდან (ფმ) დღიური ანგარიში (ფპ 24 საათის შემდეგ ითხოვს ფისკალური მეხსიერებიდან დღიურ ანგარიშს); - ჰქონდეს თერმო პრინტერი მარტივი ჩატვირთვის სისტემით 80 მმ სიგანის თერმულ ქაღალდზე ბეჭდვის შესაძლებლობით, ბეჭდვის სიჩქარით: 500 ხაზი/წმ (1 მმ = 8 ხაზს); - ერთით ზრდადი უწყვეტი ნუმერაცია მიანიჭოს: - X ანგარიშებს (არაფისკალურ ქვითრებს); - Z ანგარიშებს (ფისკალურ ქვითრებს); - გაყიდვების ფისკალურ ქვითრებს; - სალაროში დაბრუნებული თანხის ქვითრებს; - თანხის შეტანა-გატანის ქვითრებს; - ფპ სალარო რეჟიმში ოპერატორს უშვებს დაპროგრამებული პაროლით, ამის შემდეგ ოპერატორს შეუძლია ნებისმიერ რეჟიმში შესვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 დეკემბერს გამოცდის ოქმი (ს/ფ 89-1140)
3.4. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატის რეესტრის მწარმოებელი კომისიის 2----–-–-------------- N2 სხდომის ოქმის მიხედვით კომისიამ დაადგინა, რომ უნდა მომზადებულიყო შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტი SAM მოდულის აქტივაციის მქონე ,,T----------’’-ის მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატის სახელმწიფო რეესტრში შეტანაზე უარის თქმის თაობაზე.
აღნიშნულ ოქმში ასევე მითითებულია, რომ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------- No22 წერილით წარმოდგენილი საკონტროლო-სალარო აპარატის „T----------”-ის გამოცდის შედეგების ოქმის მიხედვით, წარმოდგენილი სალარო აპარატის შესაძლებლობები შესაბამისობაში იყო, „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No 994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 232-ემუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „ა“-„ვ“ და „თ“–„ლ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებთან. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის 232-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ პუნქტით განსაზღვრულია, რომ სალარო აპარატს უნდა ჰქონდეს ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული შეღწევის მცდელობის შემთხვევაში. წარმოდგენილი გამოცდის ოქმის მიხედვით: „ფმ-ის ხელოვნურად გათიშვის დროს ის ითიშება და ჩართვისთანავე გამოაქვს ტექსტი:... არასანქცირებული გახსნის საწინააღმდეგო მექანიზმად გათვალისწინებულია პრინტერის ხუფის ქვეშ მარცხენა ბუდეში ვიზუალურად კონტროლირებადი ლუქის დადება“. ვინაიდან გამოცდი ოქმის აღნიშნული ჩანაწერი არ იძლევა ცალსახა პასუხს, სასურველია დამატებით წარმოდგენილ იქნას განმარტება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატის რეესტრის მწარმოებელი კომისიის 2----–-–-------------- N2 სხდომის ოქმი ( ს/ფ 115-117)
3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1---------------- ბრძანებით, უარი ეთქვა შპს ,,ინტერმოდულს’’ ,,T----------’’ მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატის საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1---------------- ბრძანება ( ს/ფ – 7)
3.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2018 წლის 17 აპრილის N8--- ბრძანებით შპს ,,ი--------------–-ს’’ საჩივარი დარჩა განუხლიველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 17 აპრილის სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის N8--- ბრძანება ( ს/ფ 10-11)
3.7. აპრილის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 26 გადაწყვეტილებით (საჩივარი 5----------) შპს ,,ი--------------–-ს’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაევალა საბჭოს აპარატს საჩივრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში გაგზავნა.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 17 აპრილის N8--- ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 26 აპრილის საქართველოს ფინანსთა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება (საჩივარი 5----------) (ს/ფ 18-20)
3.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 02 მაისის N0---------- წერილით შპს ,,ინტერმოდულს’’ მის საჩივართან დაკავშირებით განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით უბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განცხადების წარდგენისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა დაცულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ განცხადება კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილია არაუფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში. ამდენად შპს ,,ინტერმოდულს’’ დაუბრუნდა საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 02 მაისის N0---------- წერილი (ს/ფ 22-23)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლოს პროცედურების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1---------------- ბრძანება შპს ,,ი--------------–-სათვის T----------’’ მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატის საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115 (2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემო მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ორგანოებმა ჯეროვნად განახორციელონ მათთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობები. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, რომ წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევასთან, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად და ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები ამომწურავად არის ჩამოთვლილი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლში. მათ შორის, მითითებული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს. ამრიგად, აღნიშნული ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ საჩივრის განუხილველად დასატოვებლად საჩივარში მითითებულ სადავო საკითხთან დაკავშირებით ნამსჯელი უნდა ჰქონდეს იმავე საგადასახადო ორგანოს და სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული უნდა იყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მასთან შესაბამისობაში, ამასთან, სავალდებულოა, რომ ორივე გადაწყვეტილების ადრესატი ერთი და იგივე პირი უნდა იყოს.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
საკასაციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არაპირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოსმიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივიუსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია''.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლოს პროცედურების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის’’ V1 თავით განსაზღვრულია AM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე საკონტროლო-სალარო აპარატები და ტექნიკური საშუალებები, მათი რეესტრი, რეგისტრაცია, ექსპლუატაცია და გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. ამავე წესის 232 მუხლით განსაზღვრულია SAM მოდულის აქტივაცის მიზნით სსა-ის/ტექნიკური საშუალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები და ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტები. პირველი პუნქტის თანახმად SAM მოდულის აქტივაციისათვის გამოიყენება ისეთი სსა/ტექნიკური საშუალება, რომლის ტექნიკური და ფუნქციონალური შესაძლებლობები აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს და გააჩნია: ა) ჩეკზე სიტყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის შესაძლებლობა;ბ) ჩეკის ამობეჭდვის შესაძლებლობა; გ) შესაძლებლობა, რომ ჩეკისთვის მინიჭებული ნომერი იწყებოდეს ერთიდან, ყველა ფისკალურ ოპერაციაზე იზრდებოდეს ერთით და იყოს უწყვეტი, ჩეკის ბოლო ნომერი უნდა ემთხვეოდეს მის მიერ ჩატარებული ფისკალური ოპერაციების რაოდენობას; დ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის ფისკალური მონაცემების შენახვის ან ბოლო 72 საათის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის სერვერზე ინფორმაციის გაგზავნის განუხორციელებლობის შემთხვევაში; ე) ავტონომიური კვების ბლოკი (გარდა ტექნიკური საშუალებისა, აგრეთვე ისეთი სსა-ისა, რომლის გამოყენება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შეუძლებელია კომპიუტერთან მიერთებისა და ერთობლივად ფუნქციონირების გარეშე), რომელიც უზრუნველყოფს 6-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში; ვ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ქაღალდის ლენტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში;ზ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა (გარდა ტექნიკური საშუალებისა) გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული შეღწევის მცდელობის შემთხვევაში; თ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის ნომერი და საკონტროლო ჯამის დაფიქსირების შესაძლებლობა (გარდა ტექნიკური საშუალებისა); ი) ფულადი მრიცხველების (რეგისტრების) თანრიგები არანაკლებ მეასედი სიზუსტით;კ) ნიშანდება (გარდა ტექნიკური საშუალებისა) - სსა-ის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების თარიღის, მწარმოებლის დასახელების და საფირმო ნიშნის ჩვენებით; ლ) სსა-ის/ტექნიკური საშუალების ფისკალურ ან სსა-თან/ტექნიკურ საშუალებასთან დაკავშირებულ მოწყობილობაში არსებულ მეხსიერებაზე (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში–ფისკალური მეხსიერება), თითოეული ჩეკის შესახებ ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა არანაკლებ 3 თვის ვადით, ხოლო ,,Z“ ანგარიშის შესახებ ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა არანაკლებ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადით;მ) ,,SAM მოდულის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად SAM მოდულისათვის ინფორმაციის მიწოდების, წაკითხვის და შემოსავლების სამსახურის სერვერზე ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის (მიღების/გადაცემის) შესაძლებლობა; ნ) ფისკალური მეხსიერებიდან ფისკალური ოპერაციების შესახებ ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობა;ო) SAM მოდულის მეშვეობით ფისკალური ჩეკის დანომვრის და უნიკალური ნიშნით ნიშანდების შესაძლებლობა შტრიხკოდის სახით;პ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა, თუ შენახული (ამოსაბეჭდი) ფისკალური ჩეკი არ არის დაშიფრული და ელექტრონულად ხელმოწერილი SAM მოდულის მეშვეობით.. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად ამ მუხლში აღნიშნულ მოთხოვნებთან სსა-ის შესაბამისობას განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომში – სააგენტო) ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 30 იანვარს შპს ,,ი--------------–-ს’’ დირექტორმა ა-----–--–---მ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსა ,,T----------’’-ის რეესტრში გატარება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს შპს ,,ი--------------–-ს’’ დაკვეთით სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს მიერ ჩატარდა საკონტრო-სალარო აპარატის შემოწმება, რის თაობაზედაც წარმოდგენილია გამოცდის შედეგები.
6.4. სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ბს-60-55(კ-13) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის სპეციალურად განსაზღვრული აუცილებელი პროცედურის - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზანს სწორედ საქმის გარემოებათა ობიექტური და კვალიფიციური გამოკვლევა-შეფასება წარმოადგენს. სწორედ ეს ფუნქცია განაპირობებს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით კანონმდებელი იმპერატიული შინაარსით ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე''. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქმეში წარმოდგენილი, 2----–-–-------------- საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატის რეესტრის მწარმოებელი კომისიის N2 სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიამ დაადგინა, მომზადებულიყო შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტი SAM მოდულის აქტივაციის მქონე ,,T----------’’-ის მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატის სახელწმიფო რეესტრში შეტანაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულ ოქმში ასევე მითითებულია, რომ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------- No22 წერილით წარმოდგენილი საკონტროლო-სალარო აპარატის „T----------”-ის გამოცდის შედეგების ოქმის მიხედვით წარმოდგენილი სალარო აპარატის შესაძლებლობები შესაბამისობაში იყო, „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No 994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 232-ემუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „ა“-„ვ“ და „თ“–„ლ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებთან. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის 232-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ პუნქტით განსაზღვრულია, რომ სალარო აპარატს უნდა ჰქონდეს ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული შეღწევის მცდელობის შემთხვევაში. წარმოდგენილი გამოცდის ოქმის მიხედვით: „ფმ-ის ხელოვნურად გათიშვის დროს ის ითიშება და ჩართვისთანავე გამოაქვს ტექსტი:... არასანქცირებული გახსნის საწინააღმდეგო მექანიზმად გათვალისწინებულია პრინტერის ხუფის ქვეშ მარცხენა ბუდეში ვიზუალურად კონტროლირებადი ლუქის დადება“. ვინაიდან გამოცდის ოქმის აღნიშნული ჩანაწერი არ იძლევა ცალსახა პასუხს, სასურველია დამატებით წარმოდგენილ იქნას განმარტება, თუმცა დამატებითი განმარტებების მიღება არ მომხდარა.
ამავე სხდომის ოქმის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მხრიდან აღინიშნა, რომ საგადასახდო კონტროლის განმახორციელებელ პირს საკონტროლო სალარო აპარატებიდან რეპორტების ამობეჭვდისთვის მოუწევს უშუალო წვდომა ლეპტოპთან, რისთვისაც საჭირო გახდება კონტროლის განმახორციელებელი პირის სექციაში შესვლა, რაც ერთგვარ უხერხულობასთანაა დაკავშირებული და ობიექტზე მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევას შეაფერხებს და გამოიწვევს მათ უკმაყოფილებას. შპს ,,ი--------------–-ს“ წარმომადგენლის განმრტებით, რეპორტების ამობეჭვდა შესაძლებელია სპეციალური USB კაბელისა და პლანშეტური კომპიუტერის (Tab) საშუალებით, რისთვისაც „T----------”-ის მწარმოებელს შექმნილი აქვს სპეციალური აპლიკაცია და საჭირო არ არის უშუალოდ კომპიუტერთან დაკავშირება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1---------------- ბრძანება შპს ,,ი--------------–-სათვის T----------’’ მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატის საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს გაატაროს სახელმწიფო რეგისტრაციაში შპს ,,ი--------------–-ს“ მიერ წარდგენილი ,,T----------’’ მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატები ამ ნაწილში სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბრძანების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციულ ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გულისხმობს მოპასუხის მიერ სწორედ წარდგენილი განცხადების შესწავლას. აღნიშნული კი, ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ ზემოთ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იურიდიულიი პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,ი--------------–-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხე- სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,ი--------------–-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის უფორისის 2018 წლის 14 მარტის №5--- ბრძანება და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში;
3. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნათია ტოგონიძე