გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27757-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - საქართველოს შ---------------------------ოს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს ს-----------------–-–ია
წარმომადგენელი - ნ-----–--------–ი
მოპასუხე - ი/მ ს--------------–---–ი
წარმომადგენელი - ი---------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გადაწყვეტილების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის - 21 259.49 ლარის ანაზღაურება;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წუნდებული პროდუქტის შენახვის ხარჯით მიყენებული ზიანის - 8 008.55 ლარის ანაზღაურება;
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-21)
1.1.1. მხარეებს შორის 2012 წლის 17 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4----- ხელშეკრულება, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 303 996 ლარი;
1.1.2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხილის, ბოსტნეულის და მონათესავე პროდუქტების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით;
1.1.3. აღნიშნული ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი მისაწოდებელ საქონელზე იძლეოდა გარანტიას და იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა წუნდებული საქონლის შეცვლა, აღდგენა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გარეშე. ამავე ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი უნდა ყოფილიყო მაღალი ხარისხის და შესაბამისი შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებში აღნიშნულ პარამეტრებთან;
1.1.4. მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხემ მას 2012 წლის 27 ნოემბერს №6-- მიღება-ჩაბარების აქტით ჩააბარა დროებით საპასუხისმგებლო შენახვაზე ბოსტნეულის კონსერვი (№4----- ხელშეკრულება) 9 240 კილოგრამის ოდენობით, ხოლო 2012 წლის 30 ნოემბრის №6-- მიღება-ჩაბარების აქტით (№4----- ხელშეკრულება) ასევე დროებით საპასუხისმგებლო შენახვაზე ჩააბარა ბოსტნეულის კონსერვი 560 კილოგრამის ოდენობით;
1.1.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 17 ნოემბრის №5--------- ქიმიური და მიკრობიოლოგიური დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ბოსტნეულის კონსერვის ნიმუში - ,,ლ----’’ დაფასოებული ერთ კილოგრამიან მინის ქილებში, შესაბამისი მარკირებით, დამზადების თარიღი 23.11.2012 ვარგისიანობის ვადით 2 წელი, ვარგისი იყო მოხმარებისათვის;
1.1.6. 2012 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა №6-- მიღება-ჩაბარების აქტი 21 266 ლარის ღირებულების 9 800 კილოგრამ ბოსტნეულის კონსერვის ჩაბარებაზე;
1.1.7. 2012 წლის 18 დეკემბერსვე მან მოახდინა ანგარიშსწორება და მოპასუხეს გადაურიცხა აღნიშნული პროდუქციის ღირებულება - 21 266 ლარი;
1.1.8. 2012 წლის 28 დეკემბერს შპს ,,გ----------–------------------------ნის’’ №1------ წერილით გაირკვა, რომ საწარმოს ერთ-ერთი ავტოკლავის მიერ გასტერილებული პროდუქტი არ იყო სტერილური არდასაშვები მიკრობების ხარჯზე. აღნიშნული დაფიქსირდა მხოლოდ ერთ ავტოკლავში, რომლის რაოდენობაც შეადგენდა 1 000-1 100 ცალ კონსერვს, თუმცა ვინაიდან 9 800-ვე ქილა ნაწარმოები იყო ერთიდაიმავე დღეს, ვერ მოხერხდა წუნდებული პროდუქტის გამორჩევა. მიკრობიოლოგის მოთხოვნით კი დაუშვებელი იყო აღნიშნული პროდუქტის გამოყენება მის თერმულ დამუშავებამდე;
1.1.9. მოპასუხემ ხელშეკრულებით დადგენილი წესისგან განსხვავებით, უარი განაცხადა პროდუქციის ნებაყოფლობით შეცვლაზე;
1.1.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივნისის №2-------- გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა ს------------------------------------–-----ის სამმართველოს სასაწყობო სამსახურში (ქ. თბილისი, ქ-----ის ქუჩა №1) დასაწყობებული 21 266 ლარის ღირებულების 9 800 კილოგრამი წუნდებული ბოსტნეულის კონსერვის (ლ----) შეცვლა;
1.1.11. მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილების და მის საფუძველზე 2014 წლის 06 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლისა, მოპასუხეს პროდუქციის შეცვლა არ განუხორციელებია;
1.1.12. მან მოპასუხეს მისივე თხოვნის საფუძველზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების ბოლო ვადად განუსაზღვრა 2014 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდი, თუმცა არც ამ ვადაში და არც დღემდე, მოპასუხეს არ შეუსრულებია გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულება და დღეისათვის უკვე ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქტი კვლავ მის საწყობში ინახება;
1.1.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 ივლისის №0-------- დასკვნის საფუძველზე, მოსარჩელისთვის მიწოდებული 9 800 კილოგრამი ბოსტნეულის კონსერვი საფრთხის შემცველი და უვარგისია შემდგომი მოხმარებისათვის;
1.1.14. 2017 წლის 17 ივნისს მან კვლავ მიმართა მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. აღნიშნული წერილი მოპასუხემ ჩაიბარა 2017 წლის 30 ივნისს, თუმცა არ განუხორციელებია რაიმე რეაგირება;
1.1.15. დღეის მდგომარეობით დასაწყობებული კონსერვი არამარტო ვადაგასული და უვარგისია და ვერ აკმაყოფილებს პროდუქციის უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს, არამედ წარმოადგენს მავნე და საშიშ პროდუქტს. ასევე საფრთხის შემცველია საწყობში შექმნილი სანიტარული მდგომარეობა ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თვალსაზრისით და არსებული მდგომარეობით პროდუქტი ექვემდებარება დაუყოვნებლივ განადგურებას;
1.1.16. მოპასუხის მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მას მიადგა ზიანი 21 266 ლარის ოდენობით, ვინაიდან მას აღნიშნული თანხა გადახდილი აქვს მოპასუხისთვის წუნდებულ პროდუქტში;
1.1.17. საქართველოს ს-----------------–-–იის ს-----------------------------------–-----ის სამმართველოს ლ-----------------------ის მატერიალური მარაგების განყოფილებაში დასაწყობებული წუნდებული ბოსტნეულის კონსერვის (,,ლ----’’) ტემპერატურული რეჟიმის დაცვის მიზნით საცავში დამონტაჟებულია სპლიტ სისტემის კონდინციონერი, რომლის ყოველწლიური ელექტროენერგიის მოხმარებამ 2012 წელს შეადგინა - 1 342.46 ლარი, 2013 წელს - 1 342.46 ლარი, 2014 წელს - 1 342.46 ლარი, 2015 წელს - 1 342.46 ლარი, 2016 წელს - 1 657.37 ლარი, 2017 წელს - 981.34 ლარი. აღნიშნული თანხები ჯამში შეადგენს 8 008.55 ლარს;
1.1.18. მიუხედავად იმისა, რომ ბოსტნეულის კონსერვი ვადაგასული და უვარგისია, მაინც ხდება მისი შენახვა სპეციალურ საწყობში დადგენილი ტემპერატურით, რადგან არ მოხდეს მისი გარეგანი შეფუთვის ისეთი დაზიანება, რაც მოახდენს მთელი საწყობის პარალიზებას;
1.1.19. მოპასუხის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, იგი იძულებულია დღემდე შეინახოს უვარგისი პროდუქტი საწყობში და ყოველდღიურად გასწიოს მის შენახვაზე დამატებითი ხარჯი;
1.1.20. მოპასუხის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს პროდუქციის ღირებულების გადასახადს - 21 266 ლარს და 2012 წლიდან დღემდე პროდუქციის შესანახად გაღებულ ხარჯს - 8 008.55 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი. მოპასუხე წარმოდგენილ შესაგებელში არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მას არ განუხორციელებია კვალიფიციური შედავება წარმოდგენილი შესაგებლის ფარგლებში.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 205-212; 2018 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი):
2.1.1. გადაწყვეტილების აღუსრულებლობა გამოწვეულია იმით, რომ მოსარჩელემ თავადვე არ მისცა მას საწყობში განთავსებული პროდუქციის წაღების და მისი შეცვლის უფლება. აღნიშნულის გარეშე კი იგი ვერ მოახდენდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის №2-------- გადაწყვეტილებით, ი/მ ს--------------–---–ს დაევალა შეეცვალა მოსარჩელე საქართველოს შ---------------------------ოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს ს-----------------–-–იისთვის მიწოდებული 9 800 კგ. ბოსტნეულის კონსერვი (,,ლ----’’).
აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 17 აპრილს, მხარეებს შორის გაფორმდა №4----- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმადაც ი/მ ს--------------–---–მა იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია (ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები);
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 07 ნოემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს დროებით საპასუხისმგებლო შენახვისათვის გადასცა 9 240 კგ ბოსტნეულის კონსერვი, ხოლო 2012 წლის 30 ნოემბერს - 560 კგ ბოსტნეულის კონსერვი;
2012 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა №6-- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მიიღო მოპასუხის მიერ მიწოდებული 9 800 კგ ბოსტნეულის კონსერვი.
ი/მ ს--------------–---–ის მიერ მოსარჩელისთვის მიწოდებული იქნა ნაკლიანი პროდუქცია;
2013 წლის 15 იანვარს, მოსარჩელემ წერილი გაუგზავნა მოპასუხეს და მოითხოვა მის მიერ მიწოდებული 9 800 ქილა ბოსტნეულის კონსერვის შეცვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 49-61)
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის №2-------- გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მის საფუძველზე 2014 წლის 06 თებერვალს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 62-63)
3.1.3. მხარეთა შეთანხმებით, 2013 წლის 16 მაისის №2-------- გადაწყვეტილებით დადგენილი პროდუქციის შეცვლის ბოლო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვები (ს.ფ. 195-196)
3.1.4. მოსარჩელის მიერ 2012 წლის 18 დეკემბერს №6-- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოპასუხისგან მიერ მიღებული 9 800 კგ ბოსტნეულის კონსერვის საერთო ღირებულებაა - 21 266 ლარი. აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მოპასუხისთვის ანაზღაურებული აქვს 2012 წლის 18 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო მოთხოვნა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 36-39)
3.1.5. მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის №2-------- გადაწყვეტილების და მის საფუძველზე 2014 წლის 06 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელით დადგენილი 9 800 კგ ბოსტნეულის კონსერვის (,,ლ----’’) შეცვლა და აღნიშნული პროდუქცია დღემდე დასაწყობებულია ს-----------------–-–იის ს------------------------------------–-----ის სამმართველოს ლ-----------------------ის მატერიალური მარაგების განყოფილებაში, რის გამოც მისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვის მიზნით საცავში დამონტაჟებულია სპლიტ სისტემის ,,M------------ (M----)’’ კონდიციონერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობები, მიმართვები (ს.ფ. 76-77; 186-191)
3.1.6. საქართველოს ს-----------------–-–იის ს-----------------------------------–-----ის სამმართველოს სასაწყობო სურსათ-სანოვაგის №3 საწყობში დასაწყობებული ბოსტნეულის კონსერვი - ლ----ს ერთი პარტია, რაოდენობით 9 797 ცალი (ქილებზე მარკირებით: გამოშვების თარიღი - 23.11.2012წ. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი) ვარგისიანობის ვადებიდან გამომდინარე უვარგისია შემდგომი მოხმარებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 65-75)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დასაწყობებული პროდუქციის შენახვისა და სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისათვის მოსარჩელის მიერ 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით გაღებულია ხარჯი - 8 008.55 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის №2-------- გადაწყვეტილების და მის საფუძველზე 2014 წლის 06 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელით დადგენილი 9 800 კგ ბოსტნეულის კონსერვის (,,ლ----’’) შეცვლა და აღნიშნული პროდუქცია დღემდე დასაწყობებულია ს-----------------–-–იის ს------------------------------------–-----ის სამმართველოს ლ-----------------------ის მატერიალური მარაგების განყოფილებაში, რის გამოც მისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვის მიზნით საცავში დამონტაჟებულია სპლიტ სისტემის ,,M------------ (M----)’’ კონდიციონერი. აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით კი მოსარჩელე მიუთითებს, რომ საწყობში ტემპერატურის სათანადო დაცვისათვის დამონტაჟებული კონდიციონერის ყოველწლიური ელექტროენერგიის მოხმარებამ 2012 წელს შეადგინა - 1 342.46 ლარი, 2013 წელს - 1 342.46 ლარი, 2014 წელს - 1342.46 ლარი, 2015 წელს - 1342.46 ლარი, 2016 წელს - 1657.37 ლარი, 2017 წელს - 981.34 ლარი. აღნიშნული თანხები კი ჯამში შეადგენს 8 008.55 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის დასტურად წარმოდგენილია საქართველოს შ---------------------------ოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს ს-----------------–-–იის ს-----------------------------------–-----ის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა საწყობში კონდიციონერის დამონტაჟების თაობაზე და მომხმარებული ელექტროენერგიის ქვითრები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის თაობაზე მითითებული ფაქტობრივი გარემოება და მითითებული მოცულობა მოპასუხემ სადავო გახადა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოპასუხედ დასახელებული პირი აღჭურვილია ასევე უფლებით, დაეთანხმოს მის წინააღმდეგ წარდგენილ პრეტენზიებს - ნაწილობრივ ან სრულად ცნოს სარჩელი. სწორედ მოპასუხის დისპოზიციური ნების დაცვის ინსტრუმენტად გვევლინება სარჩელისაგან თავდაცვის იმგვარი საპროცესო საშუალება როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი არ წარმოადგენს კანონის ფორმალურ დანაწესს და როგორც მისი არასაპატიოდ წარუდგენლობა, ისე, შინაარსობრივი დასაბუთება მნიშვნელოვან შედეგებთანაა დაკავშირებული. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი არეგულირებს შესაგებლის წარდგენის სტანდარტს, რომელიც უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის მე-4 მუხლთან შესაბამისობაში (შეჯიბრებითობა) და იმის მიხედვით, თუ რამდენად არსებითია მოპასუხის შედავება, შესაძლებელია მისი კვალიფიკაცია, როგორიცაა, მაგალითად: ზოგადი, ანუ აბსტრაქტული სახის შედავება, კვალიფიციური შედავება და სხვა. მითითებული კვალიფიკაცია, თავისთავად, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთსა და მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ნორმის მითითებული დანაწესი არ არის ამომწურავი და იგი სისტემურად უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებთან ერთობლიობაში.
მითითებულ ნორმათაგან პირველი წარმოადგენს მხარეების გარანტირებულ საპროცესო უფლებათა ჩამონათვალს, მეორე - განსაზღვრავს საპროცესო სამართლის მიზნებისათვის იმ გარემოებათა წრეს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული საპატიოდ, ხოლო მესამე ნორმით დადგენილია შემდეგი: მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამდენად, თუკი არსებობს შესაბამისი წინაპირობები სადავო და უდავო ფაქტების გამიჯვნისა, ამგვარი გამიჯვნა არ შეიძლება მხოლოდ შესაგებელს ეყრდნობოდეს, რადგანაც მოპასუხე მხარეს კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს, საქმის მომზადების ეტაპზე შეუზღუდავად დააზუსტოს და დააკონკრეტოს შესაგებელში მითითებული ესა თუ ის გარემოება, მისცეს სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინოს საკუთარი დასკვნები და გამოთქვას მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ხოლო საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მთავარ სხდომაზეც კი აქვს მას უფლება, მიუთითოს ახალ გარემოებებზე, შესაბამისად, სასამართლომ საკუთარი პოზიცია უნდა დაასაბუთოს, როგორც საქმეში წარმოდგენილ შესაგებელზე დაყრდნობით, ისე, გამოიკვლიოს მხარის მიერ საქმის მომზადების ეტაპზე შესაგებლის პოზიციის დაზუსტების საკითხი (იხ. საქმე №ას-1013-956-2015).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სწორედ მასზედ, რომ წარმოდგენილი შესაგებელში სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისთვის მის მიერ გაღებული ხარჯის ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით. მოპასუხეს სასამართლოს მთავარ სხდომამდე არ გამოუყენებია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება სადავოდ გაეხადა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება. მის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი ზოგადად შემოიფარგლა ხუთი ფაქტობრივი გარემოების უარყოფით, რასაც სასამართლო ვერ მიიჩნევს კვალიფიციურ შედავებად აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე. ამასთან, აღნიშნული გარემოება სარჩელში მითითებულია მე-7 ფაქტობრივ გარემოებად და დასაწყობებული პროდუქციის შესანახად გაწეული ხარჯის ოდენობაზე სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხეს შედავება არ განუხორციელებია.
შესაბამისად, მხარეთა შეჯიბრებითობის და თითოეულ მხარეზე არსებული მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომელიც თავის მხრივ გამყარებულია წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და დადგენილად მიაჩნია, რომ დასაწყობებული პროდუქციის შენახვისა და სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვისათვის მოსარჩელის მიერ 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით გაღებულია ხარჯი - 8 008.55 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა, ქვითრები (ს.ფ. 76-185)
3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება როგორც წუნდებული პროდუქციის ღირებულების - 21 266 ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ აღნიშნული პროდუქციის შენახვისათვის გაღებული ხარჯის - 8 008.55 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2012 წლის 17 აპრილის №4----- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ამასთანავე, უდავოა, რომ 2012 წლის 18 დეკემბერს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმებულია №6-- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მიიღო მოპასუხის მიერ მიწოდებული 9 800 კგ ბოსტნეულის კონსერვი. სასამართლოდ მიერ ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ 2012 წლის 18 დეკემბერს №6-- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოპასუხისგან მიღებული 9 800 კგ ბოსტნეულის კონსერვის საერთო ღირებულებაა - 21 266 ლარი. აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მოპასუხისთვის ანაზღაურებული აქვს 2012 წლის 18 დეკემბერს. შესაბამისად, მოსარჩელეს პროდუქციის შესაძენად გაღებული აქვს ხარჯი - 21 266 ლარი. ამასთანავე, უდავოა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქცია იყო ნაკლიანი, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის №2-------- გადაწყვეტილებით, ი/მ ს--------------–---–ს დაევალა შეეცვალა მოსარჩელე საქართველოს შ---------------------------ოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს ს-----------------–-–იისთვის მიწოდებული 9 800 კგ ბოსტნეულის კონსერვი (,,ლ----’’). მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების ბოლო ვადად განსაზღვრეს 2014 წლის 01 ოქტომბერი. შესაბამისად, მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი და ინტერესის მქონე იყო გადაწყვეტილების აღსრულება სწორედ ამ ვადაში. ამასთან, უდავოა, რომ მოპასუხეს არ განუხორციელებია არც მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში და არც დღემდე გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება პროდუქციის შეცვლის თაობაზე. მის მიერ შესრულებული არ არის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ არის მიწოდებული პროდუქცია შეთანხმებული ხარისხით.
საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ საქართველოს ს-----------------–-–იის ს-----------------------------------–-----ის სამმართველოს სასაწყობო სურსათ-სანოვაგის №3 საწყობში დასაწყობებული ბოსტნეულის კონსერვი - ლ----ს ერთი პარტია, რაოდენობით 9 797 ცალი (ქილებზე მარკირებით: გამოშვების თარიღი - 23.11.2012წ. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი) ვარგისიანობის ვადებიდან გამომდინარე უვარგისია შემდგომი მოხმარებისთვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელისთვის მიყენებული პირდაპირი ზიანი, რაც გამოიხატება მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაში, მისთვის წუნდებული პროდუქტის მიწოდებაში, აღნიშნულში გადახდილ თანხასა და ამ დროის განმავლობაში მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მისი შენახვისათვის გაღებულ ხარჯში. უდავოა, რომ მოხდა მიწოდება წუნდებული პროდუქციის, სწორედ აღნიშნული გამო დაეკისრა მოპასუხეს მისი შეცვლა, რაც მას ასევე არ განუხორციელებია. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება როგორც წუნდებული პროდუქციის ღირებულების - 21 266 ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ აღნიშნული პროდუქციის შენახვისათვის გაღებული ხარჯის - 8 008.55 ლარის გადახდა.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ მან მოსარჩელის ქმედების გამო ვერ შეძლო გადაწყვეტილების აღსრულება. კერძოდ, მოპასუხის მითითებით, იგი მზად იყო განეხორციელებინა პროდუქციის შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე გაატანდა საწყობში განთავსებულ პროდუქციას. პროდუქციის წაღების უფლება კი მოსარჩელემ არ მისცა და მიუთითა ჩასანაცვლებელი და არსებული პროდუქციის ერთდროულად შეცვლის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოითხოვა მოპასუხისგან პროდუქციის წაღების სანაცვლოდ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შემძენის უფლებების დაცვის რამდენიმე მექანიზმს იცნობს, კერძოდ, ნაკლის გამოსწორებას, ნივთის შეცვლას, ფასის შემცირებას, ხელშეკრულების მოშლასა და ზიანის ანაზღაურებას. წარმოდგენილი გადაწყვეტილების ფარგლებში კი მოპასუხის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული სწორედ იმის გამო, რომ თავად გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც დაევალა მოპასუხეს და რომელსაც თავის დროზე დაეთანხმა იგი და ამის გამო შესულია კანონიერ ძალაში, არ მიუთითებს მოპასუხის მიერ ნაკლის გამოსწორებაზე, რაშიც შეიძლებოდა მოგვეაზრებინა მის მიერ დასაწყობებული პროდუქციის გატანის აუცილებლობა და იმავე პროდუქციის უნაკლო მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა ნაკლიანი პროდუქციის შეცვლა. შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხეს არ სჭირდებოდა მოსარჩელის მხრიდან რაიმე შემხვედრი მოქმედების განხორციელება (ნაკლიანი პროდუქციის გადაცემა), შესაბამისად აღნიშნულზე მითითება მოპასუხის მხრიდან არარელევანტურია და არ იწვევს მისი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას.
ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ თუ ბუნდოვანი იყო მოპასუხისთვის მის მიერ განსახორციელებელი ვალდებულების არსი, მას შეეძლო ესარგებლა თუნდაც გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნის უფლებით, მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმე ეხებოდა საკვებ პროდუქტს, რომლის ვარგისიანობის ვადაც შემოფარგლული იყო მხოლოდ ორი წლით და აღნიშნული მოპასუხისთვის უდავოდ იყო ცნობილი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქმეებზე ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ’’ და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ’’ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს "დასაბუთებული" (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება როგორც წუნდებული პროდუქციის ღირებულების - 21 266 ლარის, ასევე მოსარჩელის მიერ აღნიშნული პროდუქციის შენახვისათვის გაღებული ხარჯის - 8 008.57 ლარის გადახდა, შესაბამისად, არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 878 ლარის ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შ---------------------------ოს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს ს-----------------–-–იის სარჩელი ი/მ ს--------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ი/მ ს--------------–---–ს მოსარჩელე საქართველოს შ---------------------------ოს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს ს-----------------–-–იის სასარგებლოდ დაეკისროს 21 266 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე ი/მ ს--------------–---–ს მოსარჩელე საქართველოს შ---------------------------ოს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს ს-----------------–-–იის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 8 008.55 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე ი/მ ს--------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 878 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი