გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
190210018002574301
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-2277-18

(საქმე N190210018002574301)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე- თ------- თ-------ი

წარმომადგენელი - ლ---- ხ------–-–---–-

 

მოპასუხე - თ------ თ-------ი, ი-----–- თ-------ი

წარმომადგენელი - ი--- ჩ--–-----, ვ----– მ-----–-–---–-

 

დავის საგანი: სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება.

 

aRwerilobiTi nawili

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე თ-------- თ-------ს საპატიოდ ჩაეთვალოს სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი კანონით დადგენილი ვადის დარღვევა და გაუგრძელდეს სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადა. მოსარჩელე თ------- თ-------ი ცნობილი იქნეს გარდაცვლილი მამის - ზ----- თ-------ის მემკვიდრედ და ზ----- თ-------ის დანატოვარი სამკვიდრო ქონების (ს/კ 02.02.03.061.01.093) ღიად დარჩენილ, თ------- თ-------ის კუთვნილი 1/3 წილის მესაკუთრედ.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა მისი მამა ზ----- თ-------ი, აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე შრომით მიგრაციაში იმყოფებოდა თურქეთში. მამის გარდაცვალების გამო იგი საქართველოში დაბრუნდა 2011 წლის 20 სექტემბერს, მაგრამ დაკრძალვიდან 10 დღის შემდეგ ისევ მოუწია თურქეთში დაბრუნება, რის გამოც მან გაუშვა კანონით დადგენილი ექვსთვიანი ვადა სამკვიდროს მისაღებად. სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით მიიღეს მოსარჩელის დედამ და ძმამ, ხოლო სამკვიდროდან მოსარჩელის კუთვნილი წილი დანატოვარი ქონების 1/3 დარჩენილია ღიად. მოგვინებით დედის - ლ------ თ-------ის კუთვნილი ქონება გადაიფორმა ძმამ - თ------ თ-------მა, რომელმაც თავის მხრივ თავისი კუთვნილი 2/3 წილი ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა თავის შვილს - ი-----–- თ-------ს.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - თ------ თ-------მა და ი-----–- თ-------მა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, მოსარჩელის მიერ ვადის გაშვება განპირობებული იყო სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით და არა ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით.

 

სასმართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მოპასუხე თ------ თ-------ის წარმომადგენელმა ი--- ჩ--–------- დააფიქსირა იგივე პოზიცია, ხოლო ი-----–- თ-------მა და მისმა წარმომადგენელმა ვ----– მ-----–-–---–-- ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ი-----–- თ-------ი არის სადავო ქონების 2/3 წილის ამჟამინდელი მესაკუთრე, იგი არ არის გარდაცვლილი ზ----- თ-------ის სამკვიდრო ქონების მემკვიდრეობით მიმღები პირი( შვილიშვილია მისი), აღნიშნული ქონება მისმა მამამ - თ------ თ-------მა მიიღო მემკვიდრეობით და აჩუქა მას . იგი თანახმა ღიად დარჩენილი 1/3 წილი საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს - მის მამიდას - თ------- თ-------ს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა თ------- თ-------ის მამა ზ----- თ-------ი. მოსარჩელე არის გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრე.

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 16, 17)

 

3.1.2. მამის გარდაცვალების მომენტში თ------- თ-------ი იმყოფებოდა თურქეთში შრომით მიგრაციაში და მამის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე 2011 წლის 20 სექტემბერს ჩამოვიდა მშობლის დაკრძალვაზე. დაკრძალვიდან 10 დღის შემდეგ, 2011 წლის 01 ოქტომბერს ისევ მოუწია თურქეთში დაბრუნება.

მტკიცებულება: საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ (ს.ფ. 18-19)

 

3.1.3 თ------- თ-------ი, სამკვიდროს მიღებისთვის განკუთვნილ 6 თვიან ვადაში არ იმყოფებოდა საქართველოში მოცემულ პერიოდში მხოლოდ ორჯერ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე 1. შემოსვლა 23.12.11- გასვლა 04.01.2012 2. შემოსვლა 01.04.2012- გასვლა 04.04.12) ამის გამო მან გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 1424 -ე მუხლით განსაზღვრული სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა.

მტკიცებულება: საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ (ს.ფ. 18-19)

 

3.1.4 სამკვიდროს მიღებისთვის განკუთვნილ 6 თვიან ვადაში თ------- თ-------ის დედამ და ძმამ მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მიზნით და შესაბამისად მიიღეს სამკვიდრო მოწმობა ზ----- თ-------ის დანატოვარ სამკვიდრო ქონებაზე.

მტკიცებულება: ნოტარიუს ნანა ხევიაშვილის მიერ 07.05.2012 წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 23-26)

 

3.1.5. 2018 წლის 31 იანვარს თ------- თ-------მა მიმართა ნოტარიუს ნანა ხევიაშვილს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა, რაზეც მიიღო უარი.

მტკიცებულება: ნოტარიუს ნანა ხევიაშვილის მიერ გაცემული დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის შესახებ (ს.ფ. 22)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ საპატიო მიზეზით გაუშვა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6 თვიანი ვადა, ძირითადი გარემოება ამ დასკვნის გასაკეთებლად არის ის, რომ იგი შრომით მიგრაციაში იმყოფებოდა თურქეთში და ვერ მოახერხა ნოტარიუსისთვის მიმართვა სამკვიდროს მისაღებად, ამასთან მოპასუხისგან იცოდა რომ სადავო ბინა გადაფორმებული იყო ამ უკანასკნელის მეუღლის სახელზე, თ------ თ-------ს არ უთქვამს მისთვის, რომ სადავო ბინაზე მისი კუთვნილი 1/3 წილი ღიად იქნა დატოვებული სამკვიდრო მოწმობის გაცემის დროს. მტკიცებულება: ნოტარიუს ნანა ხევიაშვილის მიერ 07.05.2012 წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 23-26), საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ (ს.ფ. 18-19), მხარეთა ახსნა -განმარტება. 3.2.2. ნოტარიუს ნანა ხევიაშვილის მიერ 07.05.2012 წ. სამკვიდრო მოწმობა გაცემულია გარდაცვლილ ზ----- თ-------ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებაზე - მდებარე, ქ. რუსთავი, მე-16 მიკრორაიონი, კორპუსი 1, ბინა 93 , ს/კ 02. 02. 03. 061. 01. 093. გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეებმა თ------ თ-------მა ( შვილი) და ლ------ თ-------მა ( მეუღლე) თანაბარწილად მიიღეს ბინის 1/3 წილი თითოეულმა, ხოლო ბინის 1/3 წილი დარჩა ღიად. ნოტარიუსისთვის ცნობილი იყო , რომ პირველი რიგის კიდევ ერთი მემკვიდრე არსებობდა თ------- თ-------ის სახით. მტკიცებულება: ნოტარიუს ნანა ხევიაშვილის მიერ 07.05.2012 წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 23-26). "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის # 31 ბრძანების 88-ე მუხლის დანაწესით ხდება სხვა მემკვიდრის უფლების უზრუნველყოფა სამკვიდრო მოწმობის გაცემისას, კერძოდ: თუკი სამკვიდროს მიმღები აცხადებს, რომ არსებობს იგივე რიგის სხვა მემკვიდრეც, რომელსაც ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული აქვს სამკვიდრო და რომელსაც არ აქვს განცხადება წარდგენილი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ბიუროში ან სამკვიდროს მიმღები მოითხოვს სამკვიდრო მასის ნაწილის დატოვებას ამ მემკვიდრის სასარგებლოდ, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას არ გასცემს სამკვიდრო მასის იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის მემკვიდრეს, რომელსაც არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით. ამ ნორმატიული აქტის რეგულაციის შესაბამისად, თ------ თ-------მა და ლ------ თ-------მა თავად მოითხოვეს სამკვიდრო მასის ნაწილის დატოვება სხვა მემკვიდრის _ თ------- თ-------ის ( სხვა პირველი რიგის მემკვიდრე არ არსებობს) სასარგებლოდ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------ თ-------ის მიერ თავის დროზე გამოხატული ნება და მისი ამჟამინდელი პოზიცია, რომ იგი უარს აცხადებს თ------- თ-------ისთვის სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ექვსთვიანი ვადის გაგრძელებაზე, წინააღმდეგობაშია. თ------- თ-------ის მხრიდან მისთვის ღიად დატოვებული მამის დანატოვარი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის ნოტარიუსისათვის მიმართვის ექვსთვიანი ვადის გაშვება უნდა ჩაითვალოს საპატიოდ, მას უნდა გაუგრძელდეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა და იგი ცნობილი უნდა იქნეს აღნიშნული სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ, რადგან შრომით მიგრაციაში ყოფნა მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული ვადის გაშვების საპატიო მიზეზად უნდა იქნეს მიჩნეული.

samotivacio nawili

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე, 1426-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. კანონმდებელი საპატიოობის კრიტერიუმებს არ აკონკრეტებს, აღნიშნული ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარეობს, თუმცა სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: 1. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; 2. თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრისთანავე მიმართა. ამდენად სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების მიზეზების შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და იგი უნდა ეფუძნებოდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ მემკვიდრეს ობიექტური მიზეზების გამო არ შეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსათვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ------- თ-------მა სამკვიდროს გახსნის, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღო მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე, მაგრამ სამკვიდროს გახსნის დროისათვის იგი იმყოფებოდა თურქეთში შრომით მიგრაციაში, რის გამოც სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული. ამდენად სახეზეა სწორედ იმ ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა, რომლებიც სარწმუნოს ხდიან, რომ თ------- თ-------ს ობიექტური მიზეზების გამო არ შეეძლო განეხორციელებია თავისი სამემკვიდრეო უფლებების დაცვა, კერძოდ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიეღო სამკვიდრო, ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას ან მიემართა სანოტარო ორგანოსათვის სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში, რაც პატივსადებია და წარმოადგენს საკმარის საფუძველს სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისათვის. ამასთან, მისი კუთვნილი 1/3 წილი სამკვიდრო ქონებიდან დარჩა ღიად სამკვიდრო მოწმობის გაცემისას. ამდენად, სასამართლო სარჩელს საფუძვლიანად მიიჩნევს და განმარტავს, რომ თ------- თ-------ს, 2011 წლის 16 სექტემბერს გარდაცვლილი მამის ზ----- თ-------ის სამკვიდროს მიღების ვადა უნდა ჩაეთვალოს საპატიო მიზეზით გაშვებულად და უნდა გაუგრძელდეს მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების ვადა . შესაბამისად, იგი ცნობილი უნდა იქნის მამის - ზ----- თ-------ის დანატოვარი სამკვიდრო ქონების - (ს/კ 02. 02.03.061. 01. 093 , მდებარე ქ. რუსთავი, მე-16 მ/რ, N1/93) 1/3 წილის მესაკუთრედ. 7. საპროცესო ხარჯები 7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან მოპასუხე ი-----–- თ-------მა მოსამზადებელ ეტაპზევე სცნო სარჩელი, მას სასამართლო ხარჯები არ დაეკისრება, ხოლო მოპასუხე თ------ თ-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 390 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულ საქმეზე არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს თ------- თ-------ის სარჩელი მოპასუხეების თ------ და ი-----–- თ-------ების მიმართ ;

2. თ------- თ-------ს გაუგრძელდეს მამის ზ----- თ-------ის სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა. თ------- თ-------ი ცნობილ იქნეს ზ----- თ-------ის დანატოვარი სამკვიდრო ქონების (ს/კ 02. 02.03.061. 01. 093 , მდებარე ქ. რუსთავი, მე-16 მ/რ, N1/93) 1/3 წილის მესაკუთრედ.

3. მოპასუხე თ------ თ-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 390 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი