გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210018002678068
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,მ-----ა"

წარმომადგენლები - მ-------–------ია, ზ-------------ე

 

მოპასუხე - შპს ,,ი-------"

წარმომადგენელი - ნ-------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ი-------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 3103.3 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე შპს ,,ი-------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების 2.4 მუხლით გათვალისწინებული საურავის 0.3%-ის გადახდა, რაც შეადგენს 2262 ლარს.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

2017 წლის 22 მარტს შპს ,,მ-----ა“-სა და შპს ,,ი-------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეები კისრულობენ ვალდებულებებს. ხელშეკრულების საგანია დ----–--------–ში საცურაო აუზის მასალის მიწოდება ეტაპობრივად და ტრანსპორტირება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 7960 ევროს. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ორ ეტაპად, პირველი ეტაპისთვის განსაზღვრული თანხის 4520 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა უნდა შესრულებულიყო მიწოდების დაწყებამდე, გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსის შესაბამისად, ხოლო დარჩენილი თანხა 3440 ევრო ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივნისისა.

 

შპს ი-------“-ის მიერ გადახდის ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ. ჩარიცხვები განხორციელდა 2017 წლის 23 მაისს, 2017 წლის 8 აგვისტოს, 2017 წლის 15 აგვისტოს, 2017 წლის 10 ნოემბერს, 2017 წლის 29 დეკემბერს. ჩარიცხვის თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა 19500 ლარი, რაც ხელშეკრულების 2.1 მუხლის მიხედვით, ყოველი ჩარიცხვის დღისთვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსის შესაბამისად, ჯამში შეადგენს 6888.12 ევროს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ რადგან ანგარიშფაქტურა დადასტურებულია 2017 წლის 12 ივნისს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მაქსიმალურ დროს შეიძლება მოვიაზროთ 12 ივნისის შემდგომ 5 სამუშაო დღე, კერძოდ - 2017 წლის 19 ივნისი. იქიდან გამომდინარე, რომ თანხის გადახდა მოპასუხის მიერ ხორციელდებოდა ყოველგვარი გრაფიკის გარეშე და ქაოტურად, მოსარჩელის მიერ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოპასუხე მხარე, თუმცა უშედეგოდ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე შპს ,,ი-------“-სთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი თანხის 3103.3 ლარის დაკისრება, ასევე 0.3%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 2262 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ი-------“-ის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარემ დაადასტურა ხელშეკრულების დადების ფაქტი და დამატებით მიუთითა, რომ შპს ,,მ-----ა“-სთან ურთიერთობა დაიწყო ინტერნეტით გაკეთებული საჯარო შეთავაზებით. მოსარჩელე სთავაზობდა მოწყობილობის მონტაჟს საკუთარი მასალებით. ხელშეკრულების ფასი ასევე შეიცავდა აუზისთვის საჭირო მოწყობილობების დაპროექტებასა და მონტაჟს. კონტრაქტი წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა ჩქაროსნული თბომცვლელი ავტომატური მარეგულირებლით, სრული კომპლექტაციით. მიწოდებული თბომცვლელი უხარისხო იყო, რაც გამოიკვეთა დამონტაჟების შემდეგ. შპს ,,მ-----ა“ ვალდებული იყო დამკვეთისთვის გადაეცა მინიმუმ საშუალო ხარისხის მოწყობილობა, ან ისეთი, რომელიც რეალურად იმუშავებდა. მოპასუხე ითხოვდა უხარისხოდ დამონტაჟებული აგრეგატის შეცვლას, რის შემდეგად მოახდენდა ანგარიშსწორებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 22 მარტს შპს ,,ი-------“-ს და შპს ,,მ-----ას“ შორის დაიდო გარიგება. ხელშეკრულების საგანია დ----–--------–ში საცურაო აუზის (12.4მX6მX1.5მ) მასალების მიწოდება ეტაპობრივად და ტრანსპორტირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ 18-19)

 

3.1.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 7960 ევროს. გადახდა ხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით 2 ეტაპად: პირველი ეტაპი მიწოდების დაწყებამდე შეადგენს 4520 ევროს, დარჩენილი 3440 ევროს სრულად დაფარვა მოხდება არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივნისისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ 18-19)

 

3.1.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს (შპს ,,ი-------“) დაეკისრება საურავი 0.3%-ის ოდენობით. ამასთან, დამკვეთი ვალდებულია: მიწოდებული მასალების ყოველი ეტაპი შეამოწმოს საფუძვლიანად; მასალის წუნის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს; დროულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპების მიხედვით გადაუხადოს მიმწოდებელს შეთანხმებული საზღაური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ 18-19)

 

3.1.4 მოპასუხე შპს ,,ი-------“-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ. თანხის ჩარიცხვები განხორციელებულია 2017 წლის 23 მაისს, 2017 წლის 8 აგვისტოს, 2017 წლის 15 აგვისტოს, 2017 წლის 10 ნოემბერს და 2017 წლის 29 დეკემბერს. ჩარიცხული თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა 19 500 ლარი, რაც ხელშეკრულების 2.1 მუხლის მიხედვით, ყოველი ჩარიცხვის დღისთვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსის შესაბამისად ჯამში შეადგენს 6888.12 ევროს. აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შპს ,,მ-----ას“ მიერ განხორციელდა სრულად. მიწოდებულ საქონელზე 2017 წლის 9 ივნისს გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც 2017 წლის 12 ივნისს დაადასტურა შპს ,,ი-------“-მა. ანგარიშფაქტურის თანახმად, მიწოდებულ საქონელს (მომსახურებას) წარმოადგენს: თერმოსტატის შალითა (უჟანგავი), კოლე დ -50 მმ, დუზა გვერდითი ლაინერის, ფილტრი 750 მმ A---------, სქიმერი ლაინერის დიდი, ბიზონის საკონტაქტო წებო 650 მლ, ამერიკანკა გ.ხ. დ -50, ქურო დ-50, ვენტილი დ -50, კაბელი 2*6, ელ. კოლოფი, კვარცული ქვიშა 0.4-0.8, სარქველი ელექტრო ჩამკეტი 32მმ, აუზის კიბე 4 საფუხურიანი, დუბელი პლასტმასის, 6 პოზიციური გადამრთველი 2, ქურო დ-63 მმ გ.ხ, გადამყვანი დ - 32/20, გადამყვანი დ - 63/50, პაკლი, აცეტონი, წებო A--------- 1კგ-ნი, სამკაპი დ - 50, მილი დ-50 10b, ელ. საიზოლაციო მილი 20 მმ გოფრირებული, ჩქაროსნული თბომცვლელი 40 კვტ -ნი, ტრანსფორმატორი 300w-12v, ტრაპი ლაინერის, ქურო დ - 50 მმ გ.ხ, თერმოსტატი, ლითონის ქურო გ.ხ დ-50, განათების პლაფონი 300w-12v ლაინერის, ტუმბო 1.5 H-----------, კაბელი 2*2,5, ქურო დ -20 მმ შ.ხ, გადამყვანი დ - 50/32, ლაინერის ლამინირებული სამაგრი, გეოტექსტილი 350 გ, ლაინერის ცისფერი, კუთხე დ-50/90.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 2017 წლის 9 ივნისის ანგარიშფაქტურა (ს.ფ 21-22)

 

3.2.2. შპს ,,მ-----ას“ მიერ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად შპს ,,ი-------“-ს მიერ სრულად არ შესრულებულა თანხის გადახდის ვალდებულება. შპს ,,ი-------“-ის დირექტორის 2018 წლის 16 იანვრის წერილით დგინდება, რომ ვალდებულების არსებობის ფაქტს ადასტურებს საწარმოს დირექტორიც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- 2018 წლის 16 იანვრის წერილი (ს.ფ 25)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 317-ე, 417-ე, 405-ე, 629-ე, 639-ე, 641-ე, 642-ე, 644-ე, 645-ე, 648-ე, 649-ე, 652-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხაროს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. 649-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, ნარდობა წარმოადგენს ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ნარდობა წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომლის დასადებად აუცილებელი ორი ურთიერთმფარავი ნების გამოვლენა. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ნარდობის ხელშეკრულება, გაფორმებული შპს ,,მ-----ას“ და შპს ,,ი-------“-ს შორის, რომელიც დადებულია წერილობით 2017 წლის 22 მარტს. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დ----–--------–ში საცურაო აუზის მასალების მიწოდება ეტაპობრივად და ტრანსპორტირება. მხარეები შეთანხმებული იყვნენ მისაწოდებელი საქონლის სახესა და ოდენობაზე, ხელშეკრულების ფასზე, გადახდის პირობებზე, რაც ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. მიწოდებულ საქონელზე 2017 წლის 9 ივნისს გამოწერილია ანგარიშფაქტურა, რომელიც 2017 წლის 12 ივნისს დაადასტურა შპს ,,ი-------“-მა. ანგარიშფაქტურის თანახმად, მიწოდებულ საქონელს (მომსახურებას) წარმოადგენს: თერმოსტატის შალითა (უჟანგავი), კოლე დ -50მმ, დუზა გვერდითი ლაინერის, ფილტრი 750 მმ AStrapool, სქიმერი ლაინერის დიდი, ბიზონის საკონტაქტო წებო 650 მლ, ამერიკანკა გ.ხ. დ -50, ქურო დ-50, ვენტილი დ -50, კაბელი 2.6, ელ კოლოფი, კვარცული ქვიშა 0.4-0.8, სარქველი ელექტრო ჩამკეტი 32მმ, აუზის კიბე 4 საფუხურიანი, დუბელი პლასტმასის, 6 პოზიციური გადამრთველი 2, ქურო დ-63 გ.ხ, გადამყვანი დ -32/20, გადამყვანი დ -63/50, პაკლი, აცეტონი, წებო A--------- 1კგ-ნი, სამკაპი დ -50, მილი დ-50 10b, ელ. საიზოლაციო მილი 20მმ გოფრირებული, ჩქაროსნული თბომცვლელი 40 კვტ -ნი, ტრანსფორმატორი 300w-12v, ტრაპი ლაინერის, ქურო დ -50 მმ გ.ხ, თერმოსტატი, ლითონის ქურო გ.ხ დ-50, განათების პლაფონი 300w-12v ლაინერის, ტუმბო 1.5 H- A---------, კაბელი 2.2,5, ქურო დ -20მმ შ.ხ, გადამყვანი დ -50/32, ლაინერის ლამინირებული სამაგრი, გეოტექსტილი 350 გ, ლაინერის ცისფერი, კუთხე დ-50/90. აღნიშნული ანგარიშფაქტურა დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ 2017 წლის 12 ივნისს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამავე კოდექსის 649-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.

 

მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, გადახდა ხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით 2 ეტაპად: ა) პირველი გადახდა მიწოდების დაწყებამდე 4520 ევრო; ბ) დარჩენილი 3440 ევროს სრულად დაფარვა მოხდება არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივნისისა. ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტი ადგენს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრება საურავი 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქმეში არსებული მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ თანხის გადახდის ვალდებულება სრულდებოდა ქაოტურად და ხელშეკრულების ძირითადი თანხიდან 3103.3 ლარის გადახდის ვალდებულება შპს ,,ი-------"-ის მიერ შესრულებული არ არის.

 

მოპასუხე მხარე წარმოდგენილ შესაგებელში, ასევე საქმის ზეპირი მოსმენის დროს თანხის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს შპს ,,მ-----ას" მიერ ვალდებულების ნაკლიან შესრულებას.

 

მენარდე ვალდებულია და პასუხისმგებელია უნაკლო ნივთის გადაცემაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის მიხედვით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის შემკვეთს წარმოეშობა დამატებითი მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ადგენს, რომ თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. ამავე კოდექსის 644-ე მუხლი ადგენს, რომ ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. 645-ე მუხლის შესაბამისად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

 

აღნიშნული მუხლებიდან დგინდება, რომ შემკვეთს შეუძლია ნაკლიანი შესრულების დროს გამოიყენოს კანონით განსაზღვრული თავდაცვის საშუალებები და მენარდეს მოსთხოვოს დამატებითი შესრულება. თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ შემკვეთისთვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო.

 

საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მენარდის (შპს ,,მ-----ა") მიერ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული შპს ,,ი-------" თანხის სრულად გადახდის ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს ,,ი-------"-ის დირექტორის 2018 წლის 16 იანვრის წერილზე, საიდანაც დგინდება, რომ შემკვეთის მიერ დადგინდა სამანქანო განყოფილებაში 75-იანი მოცულობის ბოილერის (პომპა) დაყენების ნაცვლად 40-იანი მოცულობის ,,პომპის" დამონტაჟება. შპს ,,ი-------"-ის დირექტორი წერილში განმარტავს, რომ აღნიშნულ გარემოებას არ უკავშირებს თანხის გადახდას და ადასტურებს ვალდებულების არსებობას. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, მენარდის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ანგარიშფაქტურის გამოწერაზე, რომელიც შპს ,,ი-------"-ის მიერ მიღებული და დადასტურებულია 2017 წლის 12 ივნისს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, შპს ,,ი-------"-ის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ფაქტი მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ითვალისწინებს მოვალისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. სწორედ ასეთი პირგასამტეხლოა გათვალისწინებული ხელშეკრულების 2.4 პუნქტით, რომლის დაკისრებისგან გათავისუფლების წინაპირობები მოპასუხის მიერ მითითებული და დადასტურებული არ არის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 161 ლარი. რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - დაკისრებული თანხის 4%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 214 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ-----ას" სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს ,,ი-------“-ს მოსარჩელე შპს ,,მ-----ას“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაუხდელი ძირი თანხის 3103,3 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ,,ი-------“-ს მოსარჩელე შპს ,,მ-----ას“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის 0.3%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 2262 ლარს.

 

4. მოპასუხე შპს ,,ი-------“-ს მოსარჩელე შპს ,,მ-----ას“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 161 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხე შპს ,,ი-------“-ს მოსარჩელე შპს ,,მ-----ას“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 214 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე