გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2018
საქმის ნომერი
190310018002524194
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-181-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21.11.2018 წელი ქ. რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - ლე-–---------–-----ი

 

მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ზვ-------------ა

 

მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - ნა----–---–-----–---–ი

 

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა სამსახურში აღდგენის თაობაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შვებულებების ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 მაისის N1717 ბრძანება.

1.2. ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა სამსახურში აღდგენის თაობაზე.

1.3. განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 1 მაისიდან სამუშაოზე საბოლოოდ აღდგენამდე, ასევე 2017 წლის იანვრის და 2018 წლის იანვრის თვის შვებულების ანაზღაურება.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2015 წლის 01 თებერვლიდან კონკურსით დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2016 წლის 08 ნოემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამჯერ გამოცხადდა რეორგანიზაცია - პირველი ორი ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი.

 

2017 წლის 23 მარტის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის #514 ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაციის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 30 აპრილამდე.

 

2017 წლის 01 მაისს მოსარჩელე განთავისუფლდა სამსახურიდან ,,რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატის შემცირების გამო.“

 

მოსარჩელის განმარტებით, რეალურად შტატების შემცირება არ მომხდარა. მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 მაისის N832 ბრძანება ლე-–---------–-----ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე და დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ემსჯელა მოსარჩელესთან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 28 მაისს გამოცემული N1717 ბრძანება უკანონოა, ვინაიდან მოპასუხის მიერ არ იქნა საკითხი სრულყოფილად შესწავლილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3.1 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 2016 წლის 08 ნოემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამჯერ გამოცხადდა რეორგანიზაცია. პირველი ორი ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი.

 

2017 წლის 23 მარტის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის #514 ბრძანებით გამოცხადებული რეორგანიზაციისთვის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 24 მარტიდან 2017 წლის 30 აპრილამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.11.2017 წლის ბრძანება #2057 ( ს. ფ. 32)

- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 01.02.2017 წლის ბრძანება #158 ( ს. ფ.33-34)

- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 23.03.2017 წლის ბრძანება #514 (ს. ფ. 35-36)

- 2017 წლის 28 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სსასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ 54-71)

 

3.1.2. მოსარჩელის განმარტებით, დაირღვა რეორგანიზაციის ვადა: ვერ მოხერხდა მისი 15 აპრილამდე შემუშავება. ვადა გაგრძელდა 28 აპრილამდე, ხოლო 30 აპრილამდე ვერ დასრულდა რეორგანიზაცია და მაისის თვეში დაიწყეს თანამშრომელთა განთავისუფლება-დანიშვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 28 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სსასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ 54-71)

 

3.1.3. 2017 წლის 21 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა დადგენილება #13, რომლითაც რეორგანიზაციასთან ერთად ასევე განისაზღვრა მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების შესახებ საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ2017 წლის 28 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სსასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ 54-71)

 

3.1.4. 2017 წლის 28 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლე-–---------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 მაისის N832 ბრძანება ლე-–---------–-----ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე და დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ემსჯელა მოსარჩელესთან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 28 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სსასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ 54-71)

 

3.1.5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 მაისის N1717 ბრძანების შესაბამისად, ლე-–---------–-----ი გათავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 1 მაისიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან, რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად აღნიშნული საშტატო ერთეულის შემცირების გამო. მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 28 მაისის N1717 ბრძანება ( ს.ფ. 104)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 მაისის N832 ბრძანებით მოსარჩელე განთავისუფლდა ადმინისტრაციული სამსახურის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების ჩაბარებაზე მოსარჩელემ განაცხადა უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 01.05.2017 წლის N832 ბრძანება, ხელწერილი ( ს.ფ. 52-53)

 

3.2.2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N1206 ბრძანების საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილის N1206 ბრძანება (ს.ფ 180)

 

3.2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმის მასალების გამოკვლევის, შესწავლის და შეფასების მიზნით ჩატარებულ სხდომაზე შედგენილ იქნა 2018 წლის 26 აპრილის ოქმი N1, სადაც აღნიშნულია, რომ ლე--–---------–-----მა წარადგინა ქვემო ქართლის სააღსრულებლო ბიუროს წინანადადება გადაწყეტილების შესრულების შესახებ და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ვადის დარღვევით.

 

თა----------ემ (სხდომის მდივანი) განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მერიას ჩაბარდა 2018 წლის 03 აპრილს, ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის შესახებ გამოიცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 24 აპრილს N1206 ბრძანება კომისიის შექმნისა და მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით 26 აპრილს 12:00 საათზე სხდომის გამართვის შესახებ და ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

ლე-–---------–-----ის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და 2015 წლის 1 თებერვლიდან კონკურსის წესით დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2017 წლის 1 მაისს გათავისუფლდა სამსახურიდან ,,რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო’’. აქვე აღინიშნა, რომ რეალურად შტატების შემცირება არ მომხდარა. ლე-–---------–-----მა დააყენა შუამდგომლობა სხდომის მიმდინარეობის ჩაწერის თაობაზე, რაზედაც განმარტებულ იქნა, რომ მერია ვერ უზრუნველყოფდა ჩაწერას, შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო და მას შეეძლო თვითონ მოეხდინა სხდომის ჩაწერა. ლე-–---------–-----ის განმარტებით, იგი ვერ უზრუნველყოფდა სხდომის მიმდინარეობის ჩაწერას.

 

ლე-–---------–-----მა თავის გამოსვლაში აღნიშნა, 2016 წლის 8 ნოემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამჯერ გამოცხადდა რეორგანიზაცია. გეგმის მიხედვით რეორგანიზაცია უნდა დამთავრებულიყო 2017 წლის 30 აპრილს, ხოლო საშტატო ნუსხის და დებულების პროექტის მომზადება და მიღება უნდა დამთავრებულიყო 2017 წლის 15 აპრილს. გამგებლის წერილის საფუძველზე მოწვეული იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, მაგრამ საკითხი ვერ მომზადდა და სხდომა არ შედგა. 27 აპრილს ჩატარდა საკრებულოს სხდომა სადაც დაამტკიცეს გამგეობის და სამსახურების დებულებები, გააუქმეს 2015 წლის საშტატო ნუსხა. დღის წესრიგში არ იყო შეტანილი ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცება, საკრებულომ კანონდარღვევით გამოიტანა განკარგულება შტატების დამტკიცების შესახებ განკარგულებაში ძალაში შესვლის თარიღად მითითებულია 2017 წლის 1 მაისი. სამსახურში არ მომხდარა შტატების შემცირების გამო 30 დღით ადრე თანამშრომელთა გაფრთხილება. აღნიშნული რეორგანიზაცია ჩატარდა კანონდარღვევით. 2017 წლის 20 აპრილს განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა გამგეობის დებულების 34-ე მუხლში დაშვებული შეცდომა გამოსწორებულიყო და გაუქმებულიყო საკრებულოს 2017 წლის 21 მარტის N16 დადგენილება. საკრებულოს თავმჯდომარემ არ გაიტანა საკრებულოზე აღნიშნული საკითხი, ხოლო განცხადებაზე მიღებულ იქნა პასუხი, რომ მიემართა სასამართლოსთვის. ლე-–---------–-----ის განმარტებით, გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის N576 დადგენილება, რომლის შესაბამისად მოხდა სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატის გაუქმება, გამგეობამ კი არასწორად გამოიყნა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. ვინაიდან გამგეობამ რეორგანიზაციისას, იხელმძღვანელა აღნიშნული დადგენილებით, ასეთ შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის გაუქმებასთან ერთად უნდა გაუქმებულიყო მესამე მოადგილის შტატიც, რაც არ გაუქმებულა და აღნიშნული მოსარჩელის მიერ მიჩნეულ იქნა დისკრიმინაციად.

 

ნი----------ემ ( წევრი) განმარტა: "გამგებლის 2017 წლის 23 მარტის N514 ბრძანება, სადაც მითითებულია საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ 108-ე მუხლის პირველი პუნქტი სადაც წერია (მოხელეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაცია, თანამდებობის შემცირების ან ატესტაციის არადამაკამყოფილებელი შედეგის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ) გაცნობილი აქვს ყველა თანამშრომელს, მათ შორის ქალბატონ ლელასაც. ბრძანების მეორე მხარეს ხელი აქვს მოწერილი 2017 წლის 27 მარტს, შესაბამისად, იმის განმარტება, რომ არ იყო გაფრთხილებული 30 დღით ადრე არ შეესაბამებოდა სინამდვილეს."

 

ლე-–---------–-----ის განმარტებით 1 მაისს საღამოს შეუტანეს განთავისუფლების ბრძანება, რომელიც არ ჩაიბარა, 29 მაისს დაიბარა იურიდიული განყოფილების უფროსმა და უთხრა - თუ თანახმა იქნებოდა 17 მაისიდან გაფორმდებოდა სამსახურში, სხვა თანამდებობაზე. ელოდებოდა გამგებელს 31 მაისამდე, შეხვედრა ვერ მოხერხდა, რის შემდგომაც სარჩელი შეიტანა სასამართლოში.

 

ლე-–---------–-----ის მიერ მოთხოვნილ იქნა სხდომაზე საკრებულოს წარმომადგენლის მოწვევა. სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ იქნა, რომ დამატებით ეცნობებოდა სხდომის დღე. სხდომა ჩანიშნულ იქნა 2018 წლის 03 მაისს.

 

2018 წლის 03 მაისს სხდომის მდივანს თამარი ხაჩიძეს ლე-–---------–-----ი დაუკავშირდა ტელეფონით 8--------, აცნობა, რომ ცუდად ყოფნის გამო ვერ შეძლებდა სხდომაზე გამოცხადებას და მოითხოვა სხდომის გადადება. სხდომა გადაიდო 2018 წლის 14 მაისისთვის.

 

სხდომა გაგრძელდა 2018 წლის 14 მაისს. ზემოაღნიშნულ სხდომაზე განიმარტა შემდეგი:

ლე-–---------–-----ის მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვაზე საკრებულოს წარმომადგენელმა ნ. შ-----–---–-ა განმარტა, რომ საკრებულოში შესული დოკუმენტის განხილვის დრო არ იყო საკმარისი, რაც აცნობეს გამგებელს, ამავე დროს ისაუბრეს ხარვეზებზე 27 აპრილის სხდომაზე. ასევე განმარტა, რომ ყოფილიყო კანონდარღვევა, სასამართლო ცნობდა ბათილად. მისი განმარტებით, რეგლამენტი აძლევს საშუალებას რიგგარეშე სხდომის 7 დღის ვადაში მოწვევის თაობაზე და არა 7 დღის გასვლის შემდეგ. გამომდინარე აქედან, 27 აპრილს მათ ჰქონდათ რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება. საერთოდ, სასამართლოს მიერ საკრებულოს არცერთი აქტი არ ყოფილა ბათილად ცნობილი, ეს იმას ამტკიცებს რომ კანონის სრული დაცვით იყო მიღებული საკრებულოს აქტები.

 

ლე-–---------–-----ის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ მოადგილეების შტატები უნდა გადაკეთებულიყო მთავარ სპეციალისტის შტატად. ასევე, მთავარი სპეციალისტის ადგილს სთავაზობდნენ, მაგრამ არ დაასაქმეს, ბოლოს მოსთხოვეს კონკურსში მონაწილეობის მიღება, სადაც აიღო 48 ქულა.

 

ზემოაღნიშნულ სხდომაზე, კენჭისყრით გადაწყვეტილ იქნა, რომ ლე-–---------–-----ის განთავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან იყო კანონიერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის ოქმი N1 (ს.ფ 89-97)

 

3.2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის ოქმი N1-ის შესაბამისად კომისიის წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს ლე-–---------–-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის N3/126-17 გადაწყვეტილების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით საქმის განხილვის ოქმი N1 (ს.ფ 89-97)

 

3.2.5. მოსარჩელე ლე-–---------–-----ის განმარტებით, სხდომაზე არ მომხდარა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება, რაც გადაწყვეტილების მიხედვით უნდა მომხდარიყო. სხდომაზე არ მოუსმენია არც კომისიის წევრთა მოსაზრებები, არც დადგენილებისა და გადაწყვეტილების პროექტები წარუდგენია ვინმეს და არც მათი კენჭისყრაზე დაყენება არ მომხდარა. კომისიის თავმჯდომარემ მოსარჩელეს არ მისცა კითხვების დასმის უფლება და შეკითხვაზე თუ როდის მიეცემოდა მათ შეხედულებებზე აზრის გამოთქმის საშუალება უთხრეს, რომ გაამზადებდნენ ოქმს, რომელსაც მერთან ერთად გადასცემდნენ მასაც და შემდგომ ექნებოდა საშუალება საბოპლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მერისთვის მიემართა წერილობით. მოსარჩელემ 14 მაისს მიმართა წერილობით მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა კანონიერი გადაწყვეტილების მიღება მისი სამსახურის აღდგენის, აუნაზღაურებელი შვებულებისა და სრული განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. მითითებულ წერილზე მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- CD დისკი; 2018 წლის 26 აპრილის N1 და 2018 წლის 14 მაისის ოქმები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ ლე-–---------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.

 

ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. A

 

6.4.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პირობებში, აქტის გამოცემის შემთხვევაშიც, შეზღუდული იყო კანონის მოთხოვნათა ფარგლებით, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამასთან საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

6.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტით მოხდა მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების (კერძოდ, შრომითი საქმიანობის სტაბილურად, უწყვეტად განხორციელების, ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლების, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების და ა.შ. ინტერესების) შეზღუდვა, იმისთვის, რომ შემოწმდეს შეზღუდვის კანონიერება იგი უნდა იყოს დასაბუთებული და შესაბამისად, კანონშესაბამისი. დასაბუთების ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ასევე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული აქტის კანონიერების შემოწმებისას, ვინაიდან, დასაბუთება იძლევა ამ აქტში გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს შემზღუდველი ხასიათის გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობის შემოწმების საფუძველს.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ’’წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული, ხოლო ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

6.9 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.

 

6.10. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 აპრილის N1717 ბრძანება უაკნონოდ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების შედეგად, დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება, რა დროსაც, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელებულ რეორგანიზაციას, შტატების შემცირება არ ახლდა თან, მოპასუხე მხარემ, ასევე, ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის განხორციელება.

 

მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ის მტკიცებულებები, რომელიც გაამყარებდა ვარაუდს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 აპრილის N1717 ბრძანება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. შრომითი დავის განხილვისას სასამართლო აფასებს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამათუიმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, დარღვეულია, თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ადგილი ხომ არ აქვს დისკრიმინაციის ფაქტს და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია დავის წარმოშობის მიზეზი. შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცულ უნდა იქნეს როგორც მითითებული, ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარი ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები როგორიცაა, შრომით ურთიერთობაში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვა, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების გამო. შესაბამისად, პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, აღნიშნულს საფუძვლად ხომ არ დაედო შრომის კოდექსის მე-2 მუხლით დისკრიმინაციულად მიჩნეული რომელიმე საფუძველი, ამასთან, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში დამსაქმებელს ეკისრება, კერძოდ, თუ დასაქმებული უთითებს, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დისკრიმინაციული ქმედება იყო, სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს საკუთარი ნების გამოვლენის მართლზომიერება და გათავისუფლების არადისკრიმინაციული საფუძვლის არსებობა.

 

6.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხე წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

6.13. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

6.14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

6.15 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის სადავო აქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით;

 

მოპასუხე მხარეებს არ წარმოუდგენიათ და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ასკ-ის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, ლე-–---------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 მაისის N1717 ბრძანება და დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის 24 აპრილის N1206 ბრძანებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება კანონით დადგენილი წესით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეები სოც. დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ლე-–---------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 28 მაისის N1717 ბრძანება და დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 2018 წლის 24 აპრილის N1206 ბრძანებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე დაწყებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გადაწყვეტილების მიღება კანონით დადგენილი წესით.

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟი გადახდისგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი