გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12546-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - თ----- ფ-----ე
მოპასუხე - მ------ კ--–------ე, ე--------- ჩ-------ნი
წარმომადგენელი - ე-–--- ჩ------–---–ი
დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს მ------ კ--–------ესა და ე--------- ჩ-------ნს მოსარჩელე სს „თ-----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
1.1.1. 2016 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3192.41 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2753.93 ლარი, პროცენტი - 200.49 ლარი და ჯარიმა 237.99 ლარი.
1.1.2. 2018 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2753.93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 14.72% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 33.78 ლარს.
1.1.3. 2018 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2753.93 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 13.76 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----------ი’’ წარმოადგენს სს ,,ბ--------------–--ას’’ უფლებამონაცვლეს.
სს „ბ--------------–--ასა“ და მ------ კ--–------ეს შორის 2016 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3352 ლარი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.72%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 16 ნოემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ამას დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
2016 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბ--------------–--ასა” და ე--------- ჩ-------ნს შორის 2016 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 4500 ლარით.
მოპასუხეთა მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები 2017 წლის ნოემბერში და აღარ მომხდარა გადახდა. ამასთან, მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას.
სესხის დასაფარად, საერთო ჯამში, გადახდილია 1123.79 ლარი, საიდანაც 598.07 ლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, 432.24 ლარით - პროცენტი, ხოლო 93.48 ლარით - ჯარიმა.
2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეებს 2016 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 3192.41 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2753.93 ლარი, პროცენტი - 200.49 ლარი და ჯარიმა 237.99 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ------ კ--–------ემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სასარჩელო მოთხოვნის 1.1 პუნქტის (2016 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3192.41 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2753.93 ლარი, პროცენტი - 200.49 ლარი და ჯარიმა 237.99 ლარი) ნაწილში.
2.2. მოპასუხე ე--------- ჩ-------ნს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ბ--------------–--ასა“ და მ------ კ--–------ეს (პირველი მოპასუხე, მსესხებელი) შორის 2016 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3352 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14.72%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 16 ნოემბრამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ამას დამატებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.1.2. 2016 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ,,ბ--------------–--ასა” და ე--------- ჩ-------ნს (მორე მოპასუხე, თავდები) შორის 2016 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 4500 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- თავდებობის ხელშეკრულება.
3.1.3. სს „ბ---------------–--ას“ მიერ 16.11.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხები მსესხებელმა აითვისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა;
- გადახდების ისტორია.
3.1.4. მსესხებელს 2017 წლის ნოემბრიდან აღარ გადაუხდია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადახდების ისტორია.
3.1.5 2018 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მსესხებელს 2016 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 3192.41 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2753.93 ლარი, პროცენტი - 200.49 ლარი და ჯარიმა 237.99 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დავალიანების ცნობა;
- გადახდების ისტორია.
3.1.6. სს „თ----------ი“ არის სს „ბ--------------–--ის“ უფლებამონაცვლე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა 2018 წლის 12 აპრილს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებული საბანკო კრედიტის ვადამდე შეწყვეტის პირობები (გადახდის ვადის ზედიზედ ორჯერ გადაცილების შემდგომ მოვალის გაფრთხილება და ორკვირიანი ვადის მიცემა).
მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელშეკრულება შეწყდა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტიდან. სასამართლო ხელშეკრულებას შეწყვეტილად მიიჩნევს 12.04.2018 წლიდან - დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტიდან, ვინაიდან ამ დროისათვის ხელშეკრულებაზე ზედიზედ ორჯერ დარღვეული იყო გადახდის გრაფიკი (მოპასუხეებს 2017 წლის ნოემბრიდან აღარ გადაუხდიათ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები) და ბანკს წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, გარდა ამისა, სესხის სარგებელი დაანგარიშებულია სწორედ ამ თარიღამდე.
3.2.2 მსესხებელს არ ეკისრება ზიანის სახით სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ეს ნორმა განამტკიცებს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის ერთ-ერთი პირობაა, რომ მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამდასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელე თავად არის იმ რისკის მატარებელი, რაც მისთვის ხელსაყრელი ფაქტების მიუთითებლობას მოჰყვება, თუ სრულყოფილად და ამომწურავად არ მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს და არ წარმოდგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 11 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2753.93 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 14.72% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 33.78 ლარს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ხოლო ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი, ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს, რის გამოც, უფლებამოსილია, მოითხოვოს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვალდებულების შესრულებამდე სარგებლის გადახდას, როგორც მიუღებელი შემოსავლის.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეცვალა მოთხოვნის საფუძველი, მიუთითა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირველ გვერდზე საპროცენტო სარგებლის გრაფაში არსებულ ჩანაწერზე და მიუთითა, რომ მხარეები შეთანხმებულები იყვნენ გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდაზე. ამდენად, მოსარჩელემ მოთხოვნა დაამყარა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლზე და მიუთითა ამ ნორმით განსაზღვრულ მოთხოვნის წინაპირობაზე - შეთანხმებაზე ვადის გადაცილების შემთხვევაში პროცენტის გადახდის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.
ამავე კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს მოპასუხის წინასწარი თანხმობა სარჩელის საფუძვლის შეცვლის შესახებ, გარდა ამისა, მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია ახალი ფაქტობრივი გარემოებების მითითების საპატიო მიზეზი, ამდენად, სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს მთავარ სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას.
რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, სასამართლო განმარტავს, რომ სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).
მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებული არ არის, რამდენადაც სს „თ----------ი“ ვერ ასაბუთებს, რომ მიიღებდა იმავე ოდენობის შემოსავალს: იმავე საპროცენტო განაკვეთში გაცემულ იმავე ოდენობის კრედიტის თანხაზე დარიცხულ სარგებელს მოცემულ შემთხვევაში გაცემული კრედიტის ვადით, მით უფრო რომ შეუძლებელია წინასწარი განსაზღვრა კონკრეტული ვადისა, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს. სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მისი მიუღებელი შემოსავალი ძირითადი დავალიანების წლიური 14.72%-ის ტოლი იქნებოდა და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე მითითებით. შესაბამისი მტკიცებულებები კი, წარმოდგენილი არ არის, რაც გამორიცხავს მოპასუხის ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლის სახით გადაიხადოს ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვალდებულების შესრულებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----------ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე, 873-ე, 361-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
დადგენილია, რომ ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება, კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო, თავის მხრივ, მსესხებელმა იკისრეს ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში, ნაწილ-ნაწილ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
დადგენილია, რომ სს „ბ--------------–--ასა“ და მ------ კ--–------ეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მოპასუხე ე--------- ჩ-------ნის სოლიდარული თავდებობით (იხ. ზევით 3.1.2 პუნქტი). აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სასარჩელო მოთხოვნის 1.1. პუნქტის ნაწილში - ანუ 3192.41 ლარის ნაწილში, საიდანაც ძირითადი თანხაა 2753.93 ლარი, პროცენტი 200.49 ლარი და ჯარიმა 237.99 ლარი, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2016 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14.72%.
სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის გადახდის ვალდებულება არსებობს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ამის თაობაზე შეთანხმებული არიან (იხ. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლით განსაზღვრული სარგებელი, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტის გამცემს აქვს, არის არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი, არამედ მიუღებელი შემოსავალი. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. შესაბამისად, განსხვავებულია მათი მტკიცების ფარგლებიც. მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება (იხ. სუსგ №ას-932-882-2015).
დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეწყდა 12.04.2018 წელს, შესაბამისად, ამ მომენტიდან კრედიტორს გააჩნია არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის, არამედ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება. მოსარჩელე არის კომერციული ბანკი და იგი შემოსავალს იღებს მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაცემის გზით, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებას საჭიროებს არა მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის არსებობა, არამედ მისი ოდენობაც. მიუღებელი შემოსავალი ერთ-ერთი სახეა ზიანისა. იგი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ, სუსგ №ას-459-438-2015, 2015 წლის 07 ოქტომბერი). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ Nას-307-291-2011). მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები იყო პერიოდულად შესასრულებელი, რაც ნიშნავს, რომ მოვალეს ვალდებულება გარკვეული პერიოდების ინტერვალით და გარკვეული მოცულობით უნდა შეესრულებინა ყოველ ჯერზე გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხის, საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობების გადახდით, კრედიტის ვადის განმავლობაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებული არ არის, რამდენადაც სს „თ----------ი“ ვერ ასაბუთებს, რომ მიიღებდა იმავე ოდენობის შემოსავალს: იმავე საპროცენტო განაკვეთში გაცემულ იმავე ოდენობის კრედიტის თანხაზე დარიცხულ სარგებელს მოცემულ შემთხვევაში გაცემული კრედიტის ვადით, მით უფრო რომ შეუძლებელია წინასწარი განსაზღვრა კონკრეტული ვადისა, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს. სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მისი მიუღებელი შემოსავალი ძირითადი დავალიანების წლიური 14.72%-ის ტოლი იქნებოდა და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე მითითებით.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისაგან კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა ხელშეკრულების შეწყვეტის მდგომარეობით.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).
16.11.2016 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დრეზე ო,5%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის დაკისრებას.
სასამართლო, დარღვეული ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ეს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, ნაცვლად 0.5%-ისა განისაზღვროს 0.25%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1300 ლარისა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მ------ კ--–------ესა და ე--------- ჩ--------ს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 177.25 ლარიდან - 39 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 100 ლარის გადახდა;
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელის ცნობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 თანახმად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 96 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამდენად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.04.2018 წლის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება, რადგან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების დაცვის აუცილებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხეების - მ------ კ--–------ისა და ე--------- ჩ-------ნის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მ------ კ--–------ესა და ე--------- ჩ-------ნს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 16.11.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3192,41 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2753,93 ლარი, პროცენტი 200,49 ლარი და ჯარიმა 237,99 ლარი;
3. მ------ კ--–------ესა და ე--------- ჩ-------ნს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 11 აპრილიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 16.11.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გადაუხდელი ძირითადი თანხის 2753,93 ლარის 0,25%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1300 ლარის გადახდა;
4. დანარჩენ ნაწილში სს „თ----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. მ------ კ--–------ესა და ე--------- ჩ-------ნს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 177,25 ლარიდან - 39 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 100 ლარის გადახდა;
6. სს „თ----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 96 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა 27.04.2018 წლის N-- საგადასახადო დავალებით შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია